ვისთვის მიაქვს ვლად არამოვს ორლიტრიანი ყანწები ამერიკაში და რაზე გაცვალა მან საქართველოს შენელებული ტემპი
პაროდისტი და მომღერალი ვლად არამოვი, უკვე სამი წელია, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ამერიკულ სწრაფ ტემპს ადვილად აუღო ალღო და თავის შექმნილ ჯგუფთან ერთად, ხშირად იწვევენ კორპორატიულ საღამოებზე. უხარია, რომ მიუხედავად სამწლიანი განშორებისა, მას უცხო ადამიანები, თბილისის ქუჩებში ისევ ცნობენ, აფასებენ და ეფერებიან. თუ რისთვის დაბრუნდა ის დროებით, რას გეგმავს და რატომ ვერ მოახერხა უახლოესი მეგობრების მონახულება-მოსიყვარულება, ამაზე თავად გესაუბრებათ.
ვლად არამოვი: 27 ივნისს მქონდა დაბადების დღე, ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი და ჩამოვედი საქართველოში ოჯახთან ერთად. თან, სამი წელია, აქ არ ვყოფილვარ და მონატრებული ვიყავი, თან ბავშვების ნათლობაც დავგეგმე თბილისში. ასე რომ, ამ ცოტა ხანში ბევრი საქმის მოსწრებას ვაპირებ. ოთხი კაცი ჩამოვედით და რვა „ჩემოდანი” ჩამოვიტანეთ (იცინის). ნათესაობა იცინოდა, მგონი, აღარ აპირებთ უკან დაბრუნებასო. რა იცოდნენ, რომ ეს მათი საჩუქრები იყო. არავინ დამვიწყებია. სამი წელი დიდი დრო არ არის, მაგრამ ნოსტალგია ისევ მაქვს, ჩემი საყვარელი ქალაქის მიმართ. მიხარია, ქუჩაში რომ დავდივარ და ისევ მცნობენ, გაკვირვებული მიყურებენ, მეფერებიან, მეკითხებიან, როდის დაგვიბრუნდებიო. თვითმფრინავიდან რომ გადმოვდგი ფეხი, მივხვდი, სახლში ვიყავი და ისეთი გრძნობა მქონდა, ამას ენით ვერ აგიწერთ. თბილისი ხომ მოვიარე, რუსთავშიც ხომ მოვესიყვარულე ახლობლებს და ოჯახის წევრებს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სკოლაშიც კი მივედი, სადაც ვსწავლობდი. რაც ჩამოვედი, ფაქტობრივად, არ მძინებია, არ მინდა, ძილში დრო დავკარგო (იცინის). სამწუხაროდ, ბევრი ჩემი ახლო მეგობარი თბილისში არ დამხვდა – მამუკა ონაშვილი და ზურა დოიჯაშვილი მოსკოვში არიან, დანარჩენები დასასვენებლად და ასე შემდეგ.
– სად გადაიხადე დაბადების დღე?
– ერთ-ერთ ბარში გადავიხადე და ბავშვობის ყველა ის მეგობარი დავპატიჟე, ვისთანაც მოგონებები მაკავშირებს.
– შვილების ნათლობა მაინცდამაინც თბილისში რატომ დაგეგმე?
– იმიტომ, რომ აქ მყავს მე ახლობელ-ნათესავ-ოჯახის წევრები, ვის გვერდითაც მიხარია ყოფნა და ასეთი ღირსშესანიშნავი დღეების გატარება. ამერიკაში კი ამას ვერ მოვახერხებდი. მე სომეხი კაცი ვარ, გრიგორიანელი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ამერიკაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მინდა, ეს „კარენოი” ამერიკელები – ხუთი წლის ნიკოლოზი და რვა თვის ნატალია, საქართვლოში გრიგორიანულად, ავლაბრის სომხურ ეკლესიაში მოვნათლო. სხვათა შორის, მინდოდა, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, მამუკა ონაშვილი ყოფილიყო ერთ-ერთის ნათლია, მაგრამ აქ არ არის და თან, არც გრიგორიანელია (იცინის).
– მახსოვს, როცა ამერიკაში მიდიოდი, ამბობდი, დროებით წავალ და აუცილებლად დავბრუნდებიო.
– მართლაც ასე ვფიქრობდი. ცოლ-შვილი იქ ცხოვრობდა, ვიფიქრე წავალ, ვნახავ და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, იქ უფრო მეტი გასაქანი მაქვს. თან, ცოლ-შვილის გვერდით ყოფნა მირჩევნია. თქვენ რა გგონიათ, რადგან ამერიკაში ვცხოვრობ, საქართველოში რა ხდება არ ვიცი? მაღაზიებში იყიდება ჟურნალი „თბილისელები”. ყოველ კვირას ვყიდულობ და გულდასმით ვკითხულობ. ბრუკლინში ვცხოვრობ, ჩემს სახლთან ახლოს, უბანში, ორი ქართული თონეა გახსნილი. ერთი ქართული რესტორანიცაა და ასე რომ, თონის პური, „თბილისელები”, კუპატი და ხინკალი, შორეულ ამერიკაშიც არ მაკლია (იცინის). მართალია, გემო ისეთი არ აქვს, როგორიც აქ, მაგრამ მაინც ქართული ჰქვია. მე ენაც არ ვიცოდი, მაგრამ რომ ჩავედი, მეგონა, დროის მანქანით ვიმოგზაურე და ოცდაათი წლის წინანდელ საბჭოთა კავშირში დავბრუნდი (იცინის). სულ რუსული ენა მესმოდა და მაღაზიებიც რუსებს ჰქონდათ გახსნილი. თუ რუსული იცი, ინგლისურს სანამ ისწავლი, პრობლემა არ შეგექმნება ენის მხრივ. მერე, კარგად რომ დავცქვიტე ყურები, ქართულიც გავიგონე, ახლა ინგლისურიც მესმის და სამივე ენაზე მიწევს ლაპარაკი. დამიჯერეთ, ბრუკლინში რომ მოხვდებით, ვერ გააცნობიერებთ, რომ ამერიკაში ხართ. თავი რუსეთში გეგონებათ, სანამ ბროდვეიზე არ გაივლი. ნამდვილი ამერიკა იქ არის. აქ რომ ჩამოვედი ყველაფერი შენელებული მეჩვენება, ამერიკაში ისეთი სწრაფი ტემპია. სამმა წელმა ისე სწრაფად გაიარა, ვხუმრობ ხოლმე, მგონი დაბერებას ვერ მოვასწრებ-მეთქი. აქ რომ ვარ, არ მინდა ამერიკაში წასვლა, იქ რომ ვარ, სულ დაბრუნებაზე ვფიქრობ, თან ფეხი უკან მრჩება. გაორებული ვარ, უფრო სწორად „გაჭედილი” ამერიკასა და საქართველოს შორის.
– ყველაზე მეტად რა გენატრება ხოლმე საქართველოდან შორს?
– სულგუნი (იცინის). რომ ჩამოვედი, ეგრევე ბაზარში გავიქეცი, სამი თავი სულგუნი ვიყიდე და გიჟივით ვჭამე. ამერიკაში სულგუნს, ტყემალსა და ღვინოს წავიღებ, თუ გამატანეს, ოჯახი რომ ცოტა ხნით გამოვკვებო (იცინის).
– აქ ცნობილი სახე იყავი, იქ კი თავიდან დაიწყე კარიერა. ეს რთული და სარისკო არ იყო?
– რასაკვირველია, ამერიკა უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ ახალი და მივხვდი, იქ აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავი და ცხოვრება შემეცვალა, მის ფეხის ნაბიჯს ავყოლოდი. ამერიკა მსოფლიოსკენ გიხსნის გზას, მთავარია, მის ტემპს არ ჩამორჩე და აჰყვე. ახლა მოქალაქეობას ველოდები და მერე უფრო თამამად გამეხსნება გზა. სხვათა შორის, რომ ამბობთ, აქ ცნობილი იყავიო, იქაც კი მცნობენ. ხომ გითხარით, იმდენი რუსი და ქართველი ცხოვრობს, თავი საკუთარ სახლში გეგონება. მე ამერიკამ ვერ შემცვალა, იგივე დავრჩი, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით, გემოვნება დამიხვეწა.
– როგორც ვიცი, საკუთარი მუსიკალური ბენდიც შექმენი, რომელსაც დაარქვი: „მესამე ზედმეტია”. სად გამოდიხართ?
– ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე გვიწვევენ და ანაზღაურებასაც არ ვუჩივით. აქ რასაც ვაკეთებდი, თითქმის იგივეს ვაკეთებ, ოღონდ სხვადასხვა ეროვნებაზეა გათვლილი. ყველაზე ხშირად „თბილისოს” შესრულებას გვთხოვენ, ეს სიმღერა მსოფლიოში ძალიან ცნობილია და მეც ძალიან მიყვარს. უნდა ნახოთ, ამერიკელები როგორ ღიღინებენ მელოდიას, აბა, სიტყვებს ვერ გამოთქვამენ და (იცინის)...
– მცხეთაში, დაცვის პოლიციის დაბადების დღეზე შეგნიშნეს. იქ ვინ მიგიპატიჟა?
– დათო როსტომაშვილი იყო თამადა და მეც დაცვის პოლიციის თანამშრომლების გვერდით ვიყავი. სწორედ იქ ვნახე ბევრი მეგობარი მომღერალი, რომლებიც სამი წელია, არ მინახავს და ერთდროულად მოვესიყვარულე ყველას. მინი-კონცერტიც გავმართეთ. ვხუმრობდი, მე ვინ რას მეტყვის, ზედმეტს ვინ გამიბედავს, მთელი დაცვის პოლიციის სამინისტრო მიცავს-მეთქი (იცინის). დამიჯერეთ, ის გრძნობა, რითაც საქართველოში დავიმუხტე, დიდხანს გამყვება ამერიკაში. აქ სხვანაირად თბილი ხალხი ცხოვრობს. ვაპირებ, ორლიტრიანი ყანწები ვიყიდო, წავიღო ამერიკაში და ამ ყანწებით ვაქეიფო ამერიკელები. ქართული სული ხომ უნდა ჩავიტანო ამერიკაში, ხომ უნდა „გავგუდო” და ვასწავლო ნამდვილი სმა-ქეიფი? (იცინის).