რატომ არის რთული აჩიკო მეფარიძესთან ურთიერთობა და რა აკავშირებს მას რეპერ გურუსთან
მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ რუსულ შოუ-ბიზნესში გადაინაცვლა და იქ განაგრძობს მოღვაწეობას. მართალია, ჩვენს რესპონდენტს როგორც მომღერალს ისე იცნობენ, მაგრამ მან გასულ წელს კიდევ ერთი პროფესია, პროდიუსერობა შეითავსა. ცოტა ხნის წინ საქართველოში თავისი პროექტის პრეზენტაციაც გამართა და ქართველ მსმენელს მაიკლ გური, იგივე რეპერი გურუ წარუდგინა. როგორც მისგან გავიგეთ, გეგმები დიდი და გრანდიოზული აქვთ. ასე რომ, იმედია, მალე ბევრ კარგ სიახლეს შევიტყობთ აჩიკოსა და გურისგან.
– აჩიკო, ახალი პროფესია შეითავსე, გურუს პროდიუსერი გახდი. წარმატებული აღმოჩნდა ეს ცდა თქვენთვის?
აჩიკო მეფარიძე: როცა მელ გიბსონს და ბენ აფლეკს ჯერ ფილმებში იღებდნენ, შემდეგ კი თავადაც დაიწყეს ფილმების გადაღება, მეც ვიფიქრე, რატომაც არა. მეც ხომ მყავდა პროდიუსერი და ხომ შეიძლება, მეც გავხდე ნიჭიერი ადამიანის პროდიუსერი-მეთქი. პრინციპში, მე ამას სხვადასხვა მომღერლისთვის დიდი ხანია, ვაკეთებ, მაგრამ ამჯერად უკვე ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივეცი. მოსკოვში გავხსენი კომპანია „ლაიფ თაიმ” და ჩემი პირველი პროექტია გურუ, რომელიც ძალიან ნიჭიერი, ენერგიული და კარგი რეპერია. მუშაობა დავიწყეთ და პრინციპში, ამ ეტაპზე უკვე ძალიან კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. ერთ წელიწადში დავაგროვეთ სიმღერების გარკვეული რაოდენობა, ასევე გამზადებული გვაქვს სამი მუსიკალური კლიპი და პიარს ვიწყებთ საქართველოდან. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არა, რომ პატარა ტერიტორიაა და რეკლამისთვის კარგია. საქართველო ჩემი სამშობლოა და ასევე, გურუს მშობლებისაც, რომლებიც წარმოშობით თბილისიდან არიან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ, რასაც ვაკეთებთ, ჯერ აქ ვუჩვენოთ ხალხს და მერე გავიტანოთ საქართველოს გარეთ.
– მართალია, შენი მშობლების სამშობლო საქართველოა, მაგრამ შენთვის რამდენად ახლობელია ის ხალხი, აქ რომ ცხოვრობს? ასევე მაინტერესებს, ხშირად თუ ჩამოდიხარ ჩვენს ქვეყანაში?
გურუ: აქედან რამდენიმე წლის წინ წავედი, თუმცა ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება. მშობლებს ვეხვეწებოდი, დავრჩები-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა. რაც შეეხება ხალხს, ძალიან მიყვარს. ძალიან თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. შეიძლება ითქვას, თბილისზე ვაფრენ, ის ჩემი ქალაქია.
– გარეპვა როდის დაიწყე?
– 11 წლიდან. თავიდან ჩემს ხმას კომპიუტერში ვიწერდი და მეგობრებს ვასმენინებდი. მათ მოსწონდათ და მეგობრებში ძალიან პოპულარული ბიჭიც ვიყავი.
– აჩიკო, საქართველოში ყოველთვის პოპულარული შემსრულებელი იყავით, შემდეგ რუსეთში გადაინაცვლეთ და მოსკოვში უკვე პოპმომღერლობიდან ჯაზში გადაინაცვლეთ. გავიდა დრო და უცებ რეპერის პროდიუსერი გახდით.
აჩიკო: ჩემი ბიოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ მე თვითონ არ მიკვირს, პროდიუსერობა რომ გადავწყვიტე. პროფესიით ექიმი ვარ, ქირურგი, ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, მერე უცებ მომღერლობა გადავწყვიტე, ახლა კი გურუს პროდიუსერობას მოვკიდე ხელი. მასში დიდი პოტენციალი დავინახე, ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდაა, თვითონ წერს რუსულ და ინგლისურ ენებზე ტექსტებს. საკმაოდ კარგად შევისწავლე რეპკულტურა და მივხვდი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეპში ტექსტის შინაარსს, რაც მოქმედებს ფანებსა და გულშემატკივრებზე. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ემოციას, რასაც ტექსტში დებ. ამაში კი გურუ ძალიან ძლიერია. შემიძლია, ერთი საიდუმლოც გაგანდოთ. გურუ იმდენად კარგად სწავლობდა, რომ სკოლა ორი წლით ადრე დაამთავრა. ასევე, ძალიან კარგად თამაშობდა კალათბურთს.
– კალათბურთელიც იყავი?
გურუ: აქტიურად აღარ ვარ ჩართული, მაგრამ, როცა კალათბურთელი ხარ, ბოლომდე კალათბურთელად რჩები.
– თბილისიდან მოსკოვში მიემგზავრებით, როგორც ვიცი.
აჩიკო: არა მარტო. გურუ ესპანეთში, მარბელიაშია მიწვეული, სადაც უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ფესტივალი ბანდერასის დაარსებულია და მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ბევრი ცნობილი მომღერალი იღებს მასში მონაწილეობას. მაგალითად, ენრიკე იგლესიასი, პაკო დელუსია, ჯეიმი კულუმი და ასე შემდეგ. წელს პირველად ამ ფესტივალზე რუსეთს მისცეს ორი დღე, ეს არის 6-7 აგვისტო. ორივე დღეს გურუ ევროპის წინაშე პირველად წარდგება. ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელია, თვითონაც ძალიან ნერვიულობს. ძნელია, ნახევარსაათიანი პროგრამით წარდგე 5 000 მაყურებლის წინაშე.
– გურუ, რეპის გარდა ამ ეტაპზე კიდევ რით ხარ დაკავებული? სწავლა სად განაგრძე?
გურუ: უმაღლესში აკადემიური მაქვს აღებული, რადგან მინდა, ბოლომდე ვიყო მუსიკაში ჩართული. მხოლოდ ასე თუ მივაღწევ რამეს.
– აჩიკო, დამყოლი პროდიუსერი ხართ, ანუ იოლია თქვენთან მუშაობა? იგივეს ვკითხავ გურუსაც.
აჩიკო: მე დამყოლი პროდიუსერი ნამდვილად არ ვარ, პირიქით, ძალიან მძიმე და რთული ვარ. გურუს მართლა კარგი ნერვები აქვს, რადგან ჩემი გაძლება იოლი არ არის. თუმცა, იმასაც გეტყვი, რომ თვითონ გურუც ბევრ პრობლემას მიქმნის.
– მაგალითად...
– ძალიან პუნქტუალური ვარ და როცა იგვიანებს, ეს უკვე ჩემთვის პრობლემაა. თუმცა გურუს ასაკი მეც გავიარე და ვიცი, ეს რაც არის. სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. მართლა ძალიან დიდი პოტენციალია მასში. იმისთვის, რომ შედეგი კარგი ყოფილიყო, როგორც თავად აღნიშნა, აკადემიურის აღებაც კი მოუწია. ერთი წლის განმავლობაში ვოკალის გაკვეთილები გაიარა, ასევე დღის გრაფიკში იყო: ტრენაჟორები, ცეკვისა და პლასტიკის კურსები. მოკლედ, სრულყოფილი შედეგის მისაღებად 24-საათიანი შრომაა საჭირო.
– გურუ, პირველი კონცერტი როდის გქონდა ამ გადატვირთული ერთწლიანი მუშაობის შემდეგ?
გურუ: პირველი კონცერტი 15 ივნისს მოსკოვის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბში მქონდა. მართალია, ვნერვიულობდი, მაგრამ ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა. რაც მთავარია, ხალხს მოეწონა. ის გრძნობები, რაც ხალხს გადავეცი, მიიღეს.
– მართალია, გურუს პროდიუსერი ხართ, მაგრამ მაინც გკითხავთ, დუეტის ჩაწერაზე არ გიფიქრიათ? ბოლო დროს ძალიან აქტუალურია პოპ და რეპშემსრულებელთა დუეტები.
აჩიკო: ჯერჯერობით დუეტის ჩაწერა არ იგეგმება. ერთ რამეს გულწრფელად გეტყვით, ჩვენგან ძალიან ბევრ და დიდ სიურპრიზს ელოდეთ მსოფლიოს მასშტაბით, რაც არცთუ ისე შორსაა. ძალიან კარგი გეგმები გვაქვს, პროექტში კიდევ ბევრი რამ დევს, რაც ჯერ არ გვიჩვენებია. ესპანეთის ფესტივალის შემდეგ კიდევ გაიგებთ ახალ რამეს. გურუ ძალიან ცნობილ მომღერალთან წერს დუეტს, თუ ვინ არის ის, ამას თავის დროზე აუცილებლად შეიტყობთ.
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარხართ ყველა. გპირდებით, სანამ მე ვსუნთქავ, საქართველოსთვის, რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. გურუც სწორედ იმავე განწყობთ არის, ისევე როგორც მისი მშობლები, რადგან ჩვენ ყველას უზომოდ გვიყვარს საქართველო.