რით მკურნალობს ბიძინა გუჯაბიძე ნეპალში აზიელებს და როგორ გახდა მისი ცოლი მთამსვლელი
ინტერვიუებს არ იძლევა, ოღონდ, არა „პოზის” გამო, უბრალოდ, არ უყვარს რეგალიები და ეპითეტები... რაც უნდა უთხრა, მათ შორის ისიც – მსოფლიო დონის მთამსვლელი ხართ და მომავალმა თაობამ თქვენზე ბევრი უნდა იცოდესო, მაინც ძნელია მისი დათანხმება... მე გამიმართლა, ოღონდ, პირობა დამადებინა, კარგად მოვმზადებულიყავი, რადგან, ჩემი ალპინისტური განათლება ნესტორ ხერგიანს, ევერესტსა და მანასლუს ვერ სცილდებოდა, მთელი ღამე „გუგლში” ვიძრომიალე, თენსინგი და მესნერიც „დავიმატე” და ნანგა პარბატიც, სადაც სულ ახლახან მისი მეგობრები პაკისტანელი ტერორისტების მსხვერპლი გახდნენ, თვითონ კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა... მაინც ბევრჯერ „ჩამჭრა”. ტერმინი – „მწვერვალის დაპყრობა“ გააპროტესტა – ამას ჩვენში მთაზე ასვლა ჰქვია, „დაპყრობა” კი თქვენი, ჟურნალისტების მონაჩმახიაო. უჰ, რამდენი რამ „გვაბრალა” ჟურნალისტებს, მაგრამ, იხტიბარი არ გავიტეხე და ლირიკის გარევა ვცადე – იმ სიმაღლეებზე, სადაც ის ადის, ხომ მხოლოდ მაღალ იდეალებზე შეიძლება ფიქრი... მე ასე მეგონა, მაგრამ, თვითონ უფრო პროზაული ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდი, პროზაული, უცნაური და საინტერესო... სხვანაირი, ალბათ, ვერ იქნები, როცა იქ ხარ, სადაც მხოლოდ ძალიან მძიმე გზის შემდეგ შეიძლება მოხვდე... მოკლედ, ბიძინა გუჯაბიძე – ინტერვიუ ლირიკის გარეშე!
ბიძინა გუჯაბიძე: ბევრჯერ მაქვს ნათქვამი – ეს გზა დაიწყო სოფლის ბიბლიოთეკაში. დედაჩემი ბიბლიოთეკარი იყო, კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. ახლაც მახსოვს ახალგარემონტებული, წითლად შეღებილი იატაკის სუნი; ნათელი, ღია ფანჯრები. ფაქტობრივად იქ ვცხოვრობდი. მერე უკვე ჩემი გასაღებიც მქონდა. სულ იქ ვიყავი, გასაშლელი საწოლი – „ლეჟანკაც“ კი მედგა. ბევრ სათავგადასავლო წიგნს ვკითხულობდი. მაშინ გადავწყვიტე, ისეთი საქმისთვის მომეკიდა ხელი, რომელიც მოგზაურობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მამაჩემის ბიძა გეოლოგი იყო, მამიდაჩემი – სამთოელი და მეც გეოლოგიურზე ჩავაბარე, რომელსაც ახლდა ის რომანტიკა, რაც მე მჭირდებოდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გეოლოგია დიდად აღარ მაინტერესებდა. მეორე კურსზე ვიყავი, როცა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ალპინიადაზე მოვხვდი, ყაზბეგში. 1978 წელი იყო. მას მერე დავრჩი და დავრჩი... 1980-1981 წლებში ვიარე ზესხოს და აილამას ალპინისტურ ბანაკებში. 1982 წელს ვერსად ვერ წავედი, ინსტიტუტი დავამთავრე და სამხედრო შეკრებაზე ვიყავი ახალქალაქში. ერთი წლის შემდეგ ირაკლი გელდიაშვილთან ერთად გვქონდა ორი ექსპედიცია დაღესტანში, იარი დაგის ფანტასტიკურ კლდოვან რაიონში, რომელიც ძალიან საინტერესო მარშრუტი იყო მთამსვლელებისთვის. მასთან ერთად მთაში სიარული ცოტაჯერ მომიწია, ირაკლი 1984 წელს გარდაიცვალა.
– წლების მერე, მისი ხსოვნის პატივსაცემად, თქვენ ახვედით ზამთრის უშბაზე – მთაზე, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა.
– მე არ მიყვარს სახელების ასეთი დარქმევა – იმის ხსოვნისთვის, ამის ხსოვნისთვის... მე მიყვარს ეს საქმე, მიყვარს და პატივს ვცემ მათ, ვინც ამ საქმეს სცემდა პატივს. ეს მე ვიცი, რისთვის ვაკეთებ, სახალხოდ სახელებს ვერ ვარქმევ. „ხაროში ალპინისტ – ჟივოი ალპინისტ; ჟივოი აპლინისტ – ეტო ხადიაშჩი ალპინისტ”...
– ყველა ალპინისტს თავისი საოცნებო მთა აქვსო. თქვენთვის ასეთი რომელი იყო?
– განსაკუთრებული ოცნებები არ მაქვს, მე მაქვს გეგმები, რომლებსაც ვასრულებ. ზოგჯერ ხვდები, რომ რაღაცას ვეღარ ასწრებ. ჩემი ყველაზე დიდი გეგმა, შეიძლება, იყო ტრანოგო ტაუერი, რომელსაც, ალბათ, ვეღარ მოვასწრებ. კარგი მარშრუტია, შვიდი ათასამდე მეტრია სიმაღლე, მაგრამ, რთული და საინტერესო. ამაზე ვიღაცეები რაღაცეებს ალბათ ლამაზად ყვებიან: მეგობრობა, ერთი წინდა, საბანი და გობი – ისინი უფრო ლამაზად საუბრობენ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, წმიდა გიორგის ნათხილამურებზე, როგორც ჰქვია სვანურად „ირმის ნახტომს“. მე ასე ვიტყვი – ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც აირჩიე და რომელსაც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ვისაც ეს არ გაუვლია, ვერ გაიგებს. ეს მხოლოდ მას ესმის, ვინც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს და მას, ვინც რეალურად არის შენ გვერდით; და, სხვათა შორის – კარგი ცოლი ისეთივე მთამსვლელია, როგორიც შენ ხარ.
– თქვენს „ანგარიშზე” ექვსი რვაათასიანი მწვერვალია. ასეთ მწვერვალებს რომ დაიპყრობ და ისევ ის რთული გზა უნდა გამოიარო უკან დასაბრუნებლად, ცუდი განცდა იქნება.
– დაპყრობა? ჩვენთვის ამას ასვლა ჰქვია, ეს თქვენი, ჟურნალისტების მონაჩმახია, ისევე, როგორც – „აზარტი,“ „მთის მოფერება,“ ან – „ერთხელ თუ მოიწამლე მთით...“ მოფერება უნდა ქალს. მთას რომ მოეფერო, რა შეიცვლება? მთა წინააღმდეგობას არ გიწევს, არ გებრძვის, ფეხს არ გიდებს, მას კარგი ცოდნა უნდა, განწყობა და დამსახურებაც. შეიძლება, მთელი ცხოვრება ემზადებოდე ასვლისთვის, მაგრამ, როგორც კი ასვლა მთავრდება და ზემოთ ნაბიჯი აღარაა გადასადგმელი, ბედნიერი ხარ. მქონია კარგი ასვლები ტიანშანზე, მწვერვალ „პობედაზე“. ერთ თვეში ოთხი შვიდიათასიანი მაქვს გაკეთებული; უშბაზე ჩქაროსნული ასვლა მქონდა – 14 საათში ავედით და ჩამოვედით; ორჯერ ავედი ევერესტზე. ყველაზე ცუდი ისაა, როცა ცოტა გაქვს დარჩენილი, რაღაც ხდება და ვეღარ ადიხარ, მაგრამ, გაქვს იმედი, რომ კიდევ დაბრუნდები. უშბაზე ათჯერ ვარ ასული, მეთერთმეტეჯერ ვერ ავედი. სულ ოცდაერთი მცდელობა მქონდა. ყველაზე გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის მანასლუ, სადაც ორი ექსპედიცია გავაკეთეთ. მეორე ექსპედიციიის დროს ექვსი შტურმი მქონდა, მაგრამ, ვერ ავედი და მანასლუ ასე დარჩა ჯერჯერობით.
– ყველაზე მეტი ტკივილი რომელმა მთამ დაგიტოვათ?
– არ მაქვს ასეთი განცდა. მთას არაფერი უტკენია არც ჩემთვის, არც ჩემი მეგობრებისთვის. ყველაზე მძიმე ეს ბოლო ასვლა იყო. მთამსვლელთა გაძარცვის რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ, მკვლელობის შემთხვევა არასდროს ყოფილა. რამდენიმე ათეული კაცი შევარდა და ბანაკს ალყა შემოარტყა. მერე ნელ-ნელა გამოყარეს კარვებიდან ალპინისტები, გაკოჭეს, წაართვეს ფული და პასპორტები. ბოლოს ერთად შეაგროვეს მოედანზე და დახვრიტეს. ექვსი მეგობარი დამეღუპა ამ ტერორისტული აქტის დროს, დიდი ხნის მეგობრობა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გადავრჩით; ვინ გადარჩა და ვინ – არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ჩვენ დავრჩით ცოცხლები მხოლოდ იმის გამო, რომ ვიყავით მეორე ბანაკში, 6 100 მეტრზე. იმ ბიჭებმა, ვინც დაიღუპნენ, გაგვითავისუფლეს კარავი და ძირს დაეშვნენ, ჩვენ კი ზემოთ ავედით. მარშრუტის მოსამზადებელი გასვლა გვქონდა. ნანგა პარბატი სერიოზული მთაა. პირველად გვქონდა ასვლის მცდელობა. გეგმის მიხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ძალიან კარგი გუნდი იყო. თავიდანვე კარგად დაიწყო, სპონსორების მოძიება ხომ ძალიან რთულია: მე ორი-სამი თვით ადრე მოვიძიე სპონსორები – „სოკარი” და „ჰელისკირი”, ჩვენს გადაყვანას კი კატარის ავიახაზები უზრუნველყოფდა. სპონსორები ჩვენს საქმეში რთული თემაა, არადა, ამის გარეშე ექსპედიცია არ გამოდის. იცით, რა ღირს ევერესტზე ასვლის უფლება? ათი ათასი დოლარი. მანასლუ ცოტა უფრო იაფია. ფინანსების გამო, ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ვახერხებ დიდი ექსპედიციის გაკეთებას, თორემ, ისე მთელი წელი მთაში ვარ. ზამთარში გუდაურში ვმუშაობ მაშველად, მუდმივად მაქვს სავარჯიშო ასვლები. სავარჯიშოდ დავდივარ მყინვარწვერზე.
– აფი გიგანი მთაში თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია? თქვენ მასთან ერთად დადიხართ ყველაზე ხშირად.
– მე და აფი ახალგაზრდობიდან ერთად ავდივართ, ბევრი ასვლა გვაქვს ერთად გაკეთებული. რა თქმა უნდა, არაფერი ჯობია იმას, როცა ასეთი ერთგული ადამიანი გყავს გვერდით – უფრო მშვიდად ხარ. სიმაღლეზე აფი ყველაზე მაგარი და საიმედო პარტნიორია, მაგრამ, პროფესიონალისთვის ახლობლის ფაქტორს არ აქვს მთავარი მნიშვნელობა. ასვლის დროს ერთი დონის პროფესიონალებს ისე ესმით ერთმანეთის, თითქოს დიდი ხანია, ერთად არიან. მთამსვლელის ცხოვრება იქ მძიმეა, შეკუმშული. თუ გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, ვინც ნერვებს გიშლის, მასთან ერთად ძნელია. ზუზუნა, ბუზღუნა და დაღვრემილი სიფათის ადამიანის ატანა ქალაქშია ძნელი, მით უფრო იქ, სადაც მუდმივი შეხება, ერთ პატარა სივრცეში ცხოვრება, სუნი, საჭმლის ჭამის მანერა, თმა – ყველაფერი ერთმანეთში არეული, არაა მარტივი ამბავი. მაპატიეთ, მაგრამ, ხომ გაგიგიათ თეთრი და შავი უკანალისა და აბანოს ამბავი, მთაში უფრო დიდხანს ჩანს თეთრი და შავი... იქ უწესო კაცი ადვილად ჩანს, თვითონაც ვერც ჩერდება იქ.
– იმ სიმაღლეებზე ამსვლელი უფრო რომანტიკული მეგონეთ.
– მე ძალიან პროზაული ვარ. არ ვიცი, რა სიტყვებით გადმოგცეთ, რასაც მე განვიცდი. ამას ვერავინ ვერ მიხვდება. წარმოიდგინეთ, აქედან, სადაც ჩვენ ვართ, ტელეპორტაციით, თუ, როგორც ჰქვია, იქ უცებ რომ მოხვდეს ადამიანი, სადაც მე ვარ ხოლმე, მაშინვე მოკვდება, შიშით გული გაუსკდება. იმ მდგომარეობაში როგორ მიგიყვანოთ? ეს შეუძლებელია. ეს საქმე ეხება სიკვდილ-სიცოცხლეს, ნებისმიერი პატარა შეცდომა შეიძლება გახდეს საბედისწერო, ამიტომაც იქ აისი და დაისი, წუხელ რა გესიზმრა, თმა როგორ დაგითრთვილა თოვლმა, როგორ გშია და ერთი ლუკმაა გასაყოფი – რომანტიკად აღარ მოჩანს. იქ ხომ არაა იმის საშუალება, გახსნა სათადარიგო პარაშუტი და თქვა – აღარ მინდა თამაში და გავდივარო. შედიხარ და უნდა გამოხვიდე, უკან გამოსასვლელი ძალა უნდა გეყოს, ამიტომაც, ყოველი ნაბიჯი ისე უნდა გათვალო, ნახევარი ენერგია დაიტოვო იმ გზის უკან გამოსავლელად. ეს გზა ბევრჯერ სიცოცხლის ხაზს ზემოთაა. იქ არის წესები, რომლებიც არ უნდა დაარღვიო, მაგალითად, არ უნდა გადააფსა ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით; წყალი რომ დალიო, არ უნდა გაადნო ყვითელი თოვლი (იცინის).
– მთაში საჭირო უნარ-ჩვევები ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც გადმოდის?
– ალპინისტს ყველაფერი პრაქტიციზმში აქვს გადასული: ზედმეტი არაფერი – არც თმა, არც წვერი. ჩემი ცოლი ამბობს ხოლმე: რომ კითხვაზე როგორ ხარ? მოსიმაღლის ცოლები უნდა პასუხობდნენ: ნელა-ნელაო. მოსიმაღლე ყველაფერს ნელა აკეთებს ცხოვრებაში. როცა მთიდან ჩამოვდივარ, ძალიან შენელებული ვარ-ხოლმე (იცინის). ჩემი ცოლი იმასაც ხუმრობს, გრამებს მისთვის ისეთი მნიშვნელობა აქვს, ხილს ხელში რომ აიღებს, ხვდება რამდენი გრამიაო. აბა რა, იქ ლამის „ელვა შესაკრავს“ ეგრეთ წოდებულ „ზმეიკას“ რკინასაც ვაძრობთ, რომ შემსუბუქდე და რაღაცის დამატების საშუალება მოგეცეს, თუნდაც პურის, რომელიც იქ ოქროზე ძვირია, რადგან, არ იყიდება. თუ მოგშივდა, შეიძლება, სამი დღე ასკილიც ჭამო – ასეთი შემთხვევაც მქონია. იქ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
– თქვენი მეუღლე როგორ უძლებს თქვენი ცხოვრების ასეთ წესს?
– თუ გიყვარს, უძლებ კიდეც. როცა ოჯახს ქმნი, ბევრ რამეზე გიწევს პასუხისმგებლობა, უნდა გაიზიარო შეხედულებები. მარინა პროფესიით ფილოლოგია, მეცნიერი, მაგრამ, მთამსვლელობაშიც კარგად ერკვევა და საერთაშორისო სპორტის ოსტატია მოლოდინში...
– შვილები როგორ გაიმეტეთ ამ რთული საქმისთვის?
– ეს მათი არჩევანი იყო. ირაკლი პროფესიონალი მთამსვლელია. ბიჭები სულ ვარჯიშობენ. ჩემი გოგონა, ბაისო, მცოცავი იყო, მაგრამ, მთაში არ ასულა. მთელი ოჯახი ამით ვცხოვრობთ.
– მთამსვლელები ცრუმორწმუნე ხალხიაო – ესეც ჟურნალისტების მოგონილია? მაგალითად, ისეთი თუ ვერ იყო აისი, როგორც წარმოგედგინა, შეიძლება, შტურმი არ დაგეგმო?
– არა, მე არ ვარ ცრუმორწმუნე, ასეთი რაღაცეები ჩემთვის სისულელეა. ვიღაც, შეიძლება, არის ასეთი, მაგრამ, ის ჩემ ირგვლივ ვერ იქნება. აღმოსავლეთში ევროპელს რომ გხედავენ, წამალს გთხოვენ – ჩვეულებრივს, გამაყუჩებელს. ფიქრობენ, რადგან ევროპიდან ხარ, მაგარი ხარისხის წამალი გექნება. რა უნდა მივცე? მაქვს ასკორბინი, რომელიც ფეხსაც „შველის,” კუჭსაც და რჩებიან ხოლმე ფსიქოლოგიურად (იცინის).
– იქ, დიდ სიმაღლეზე, მაშინ, როცა ასვლას არ ცდილობთ, დრო როგორ გადის?
– დღიურებს ვწერ ხოლმე. თავიდან ცოლისთვის ვწერდი, მერე სხვებიც დაინტერესდნენ. „24 საათში” ვაქვეყნებ ჩემს ჩანაწერებს. მთაზეც ჩვეულებრივად ცხოვრობ – გიყვარს, გენატრება, უბრალოდ, უფრო ბევრ რამესთან გიწევს შეხება და ისე არაა, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში – იმუშავე, წახვედი სახლში, ტელევიზორთან ლუდი დალიე და დაიძინე. იქ სხვაა – მთაში მხოლოდ იმას იღებ, რაც „გეკუთვნის”...