რატომ არის ვიცე-სპიკერზე შეძლებული მისი უმუშევარი მეუღლე
მანანა კობახიძე – ზაზა გოგიჩაიშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილი 1966 წელსაა დაბადებული თბილისში. თუმცა უძრავ ქონებას მხოლოდ ქ-ნი კობახიძე ფლობს: ბინას თბილისში, ბერბუკის ქუჩაზე (180 კვადრატული მეტრი ფართობის) და ბინას, ასევე, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე (95 კვადრატული მეტრი ფართობის), მისი მეუღლის ქონებრივ ანგარიშზე კი მხოლოდ 2000 წლის გამოშვების „ჰონდაა“. დეკლარაციის შევსების დროს ქ-ნი კობახიძის მეუღლეს ნაღდი ფულის სახით 48 000 ლარი ჰქონდა. ის ინდივიდუალური მეწარმეა, თუმცა 2011 წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ მიუღია. სამაგიეროდ, ქ-ნმა კობახიძემ, როგორც ადვოკატმა – 22 554 ლარი მიიღო ანაზღაურების სახით; როგორც კონსტიტუციის 42-ე მუხლის პროექტის დირექტორმა – 2 428 ლარი, ხოლო, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა – 4 837 ლარი.
თინათინ ბოკუჩავა
ხალხის რჩეული თინათინ ბოკუჩავა 1983 წლის მაისშია დაბადებული თბილისში. განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, კერძოდ, ბოსტონში, ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (იქ სულ რაღაც 8 თვეს ისწავლა, სხვა უმაღლესი სასწავლებელი მის შრომით ბიოგრაფიაში მითითებული არ არის). ქ-ნი თინათის სპეციალობაა: დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი. მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა, მისი შრომითი ბიოგრაფია საკმაოდ დატვირთულია. სახელდობრ, როგორც კი 8-თვიანი სწავლა-განათლება დაასრულა, 2009 წლის მარტშივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, ოღონდ ვაშინგტონში დაიწყო მუშაობა (6 თვეს), შემდეგ კი NDI-ს თბილისურ ოფისში განაგრძო შრომა 2011 წლის მარტამდე. მარტშივე დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. თუმცა იქ მხოლოდ 4 თვეს შეყოვნდა, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის აპრილის ჩათვლით ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა დესპანად. აპრილიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იღვწოდა, თვით გენერალური აუდიტის მოადგილედ (შესაბამისად, დაწვრილებით უნდა იცოდეს წინასაარჩევნო პერიოდში ქ-ნი მოგელაძის მუშაობის მეთოდები). ამდენად, დეკლარაციაც 2012 წელს კონტროლის პალატის თანამშრომლის რანგში შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა მხოლოდ ბებია: ქალბატონი მედეა ვარდოსანიძე, რომელიც გორში ცხოვრობს და რომლის სახელზეცაა თინათინ ბოკუჩავას იმხანად ერთადერთი უძრავი ქონება: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (130 კვადრატული მეტრი ფართობის). თუმცა ქ-ნი ბოკუჩავას „თი ბი სი ბანკში“ ანაბარიც ჰქონდა, რომელზეც 27 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. რაც შეეხება მის მიერ 2011 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს: როგორც დესპანმა ექვსი თვის განმავლობაში 21 139 ევრო აიღო; როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, 4 თვის განმავლობაში, 5 631 ლარი, ხოლო, როგორც NDI-თ ოფიცერმა – 14 973 ლარი. 2013 წლის დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ ქ-ნ თინათინს საცხოვრებელი სახლი შეუძენია თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე – 53 000 აშშ დოლარად და არც ანაბარი აღარ აქვს. რაც შეეხება 2012 წლის განმავლობაში მის მიერ მიღებულ შემოსავლებს: 4 თვის განმავლობაში, როგორც დესპანს 12 037 ევრო აუღია, როგორც გენერალური აუდიტორის დირექტორის მოადგილეს, 5 თვის განმავლობაში, 26 850 ლარი, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრს, ორ-ნახევარი თვის განმავლობაში – 14 727 ლარი.