როგორ მოახერხეს განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის თარიღის გადაწევა და რატომ ცოცხლობენ თეთრკანიანები ფერადკანიანებზე დიდხანს
იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ლეტალური ფინალი გარდაუვალია, ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლებელია და ეს, უპირველესად, იმ ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული, რომლის მოქალაქეობაც გერგოთ. შესაბამისად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსახლეობა გაცილებით დიდხანსაც ცოცხლობს და შეუდარებლად ჯანმრთელადაც გრძნობს თავს, ვიდრე დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში, თუმცა, როგორც ირკვევა, სიკვდილის მიზეზები ადამის ძეთა და ასულთათვის ყველა ქვეყანაში მაინც ერთნაირია. კერძოდ, დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს, 19 კლასადაა დანაწილებული. ძირითადად, რა დაავადებები იწვევს საქართველოს მოქალაქეების სიკვდილს, როგორია მოკვდაობის მაჩვენებელი ქალებსა და მამაკაცებში და რატომ განსხვავდება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთმანეთისგან – ამ კითხვებზე პასუხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დემოგრაფი გია წულაძე გაგვცემს.
– საქართველოში ძირითადად რა დაავადებები იწვევს სიკვდილს და როგორია ყოველწლიური მაჩვენებელი?
– 2012 წელს, თუ დავამრგვალებთ, 50 000 ადამიანი გარდაიცვალა და ამის ძირითადი მიზეზებია სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და ახალწარმონაქმნები, ანუ, ონკოლოგიური დაავადებები. კერძოდ, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების გამო დაიღუპა 20 000 ადამიანი, ხოლო ახალწარმონაქმნებით – 5 212, მაგრამ, შეინიშნება ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია: ძალიან დიდია დაუდგენელი დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა. ამ დიაგნოზით 2012 წელს გარდაცვლილია 16 675 ადამიანი, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 20 000-ზე მეტი იყო, ხოლო 2010 წელს – 26 332, მაშინ, როცა 2000 წელს გაურკვეველი დიაგნოზით 1 590 ადამიანი გარდაიცვალა.
– რისი ბრალია, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების მიზეზის დადგენა? 2012 წელს, გამოდის, რომ გარდაცვლილთა მესამედზე მეტი გაურკვეველი მიზეზითაა დაღუპული.
– „საქსტატს“ ვერაფერს დავაბრალებთ და ვერც პრეტენზია გვექნება მათთან, რადგან, ისინი აფიქსირებენ იმ მონაცემს, რასაც იღებენ. თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ ციფრებს: თუ 2000 წელს ხერხდებოდა დადგენა, რა მოხდა 10 წელიწადში ისეთი, რომ დადგენა ვერ ხერხდება?! ამას გარდა, რადგან ასეთი დიდია დაუდგენელი დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა, ეს გავლენას ახდენს დანარჩენ მონაცემებზეც, რადგან, ჩვენ რომ ვიცოდეთ ამ ადამიანების გარდაცვალების რეალური მიზეზები, მაშინ ეს მონაცემი – 16 000 – გადანაწილდებოდა დანარჩენ დაავადებებზე, რაც მთლიანად შეცვლიდა სურათს. ხელოვნურად ამ მონაცემს ვერ გადავანაწილებთ, თუმცა, ჩვენ ვაკეთებთ მოდელირებას მეტ-ნაკლებად რეალური სურათის მისაღებად, მაგრამ, მთლიანობაში ეს მაინც არასასურველია. ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში გარდაცვალების ძირითადი მიზეზებია: სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და ონკოლოგიური დაავადებები.
– დაავადებათა გარდა ამ ორი ჯგუფისა, კიდევ რა დაავადებებია წამყვანი?
– ენდოკრინული სისტემის, კვების მოშლილობისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დაავადებებით 2012 წელს 1 231 ადამიანი დაიღუპა; ნერვული სისტემის დაავადებით – 579; სუნთქვის ორგანოების დაავადებებით – 1 025 ადამიანი; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით – 1 189; შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებებით – 364; განვითარების თანდაყოლილი ანომალიებით – 105; ინფექციური და პარაზიტული დაავადებებით – 502; პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის გამო – 445; ტრავმების, მოწამვლებისა და სხვა გარეშე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად 2012 წელს 1 715 ადამიანი გარდაიცვალა.
– ქვეყნებს შორის არის განსხვავება მათი მოქალაქეების სიკვდილის მიზეზების მიხედვით?
– შეერთებულ შტატებს ძალიან კარგი და სრულყოფილი სტატისტიკა აქვს. ისინი ყოველწლიურად სხვადასხვა ნიშნით აფასებენ გარდაცვალების მიზეზებს და ამ ნიშნებს შორის არის რასობრივი ნიშანიც. სხვათა შორის, ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია თეთრკანიანებში, ვიდრე ფერადკანიანებში. მეტიც, ფერადკანიანებს შორისაცაა განსხვავება კანის ფერის მიხედვით. წარმოიდგინეთ, ერთი ქვეყნის შიგნითაც კი არის განსხვავებები და, მით უმეტეს, იქნება განსხვავებები ქვეყნებს შორის. ასეთი განსხვავებები ჩვენთანაც არის, საქართველოში.
– სქესის მიხედვით როგორი მაჩვენებელი გვაქვს?
– „საქსტატის“ მონაცემებით, მამაკაცები და ქალები თანაბარი რაოდენობით იხოცებიან, რაც, მე, როგორც ექსპერტს, მიმაჩნია, რომ გასასწორებელია, რადგან, წესით, უნდა იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებები.
– ქალები სიკვდილსაც სჯობნიან?
– გამომდინარე იქიდან, რომ ქალებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო დიდია და მამაკაცებში – ნაკლები, ამდენად, განსხვავება უნდა იყოს ქალებისა და მამაკაცების მოკვდაობის მაჩვენებელშიც. მამაკაცები 5-6 წლით უფრო ნაკლებს ვცოცხლობთ, ეს კი მცირე განსხვავება არ არის, ამასთან, სიკვდილიანობა მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. როდესაც ეს მაჩვენებელი არ ჯდება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში, ესე იგი, მონაცემები გასასწორებელია. თუმცა, ვერც ამას დავაბრალებთ „საქსტატს“, რადგან, ის გვაძლევს იმ მონაცემს, რასაც აწვდიან. მე ვერ გეტყვით, რატომ არ აწვდიან შესაბამისი ორგანოები სტატისტიკის სამსახურს სრულყოფილ მონაცემებს, რა პრობლემაა, დაადგინო, რით გარდაიცვალა ადამიანი – კუჭი აწუხებდა თუ გული? და რა სქესისაა?! მაგრამ, ეს პრობლემაა. მით უფრო, რომ, თუ ათი წლის წინათ მხოლოდ 1 500 შემთხვევაში ვერ დადგინდა გარდაცვალების მიზეზი, რატომ გაიზარდა ასეთთა რაოდენობა ახლა 10-ჯერ?!
– წლების მიხედვით თუ გადავხედავთ სტატისტიკას, გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შემცირდა თუ სტაბილურია? მიზეზები იგივეა თუ შეიცვალა?
– სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები იგივეა, ყოველთვის იყო ორი ძირითადი: სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და ონკოდაავადებები. ბუნებრივია, შიგნით მიდის სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ, როგორც წესი, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები პირველ ადგილზეა. უხეშად ვიტყვი, 70 პროცენტამდე მოდის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზე და 12-15 პროცენტი – ონკოდაავადებებზე.
– ეს გენეტიკურია, გარემოს ბრალია თუ რა არის მიზეზი?
– მთელ მსოფლიოში ასეა, ეს ორი მიზეზია მსოფლიო ტენდენცია. მართალია, ქვეყნების მიხედვით, არის პროცენტული განსხვავებები, მაგრამ, ზოგადი სურათი ყველა ქვეყანაში, ევროპასა თუ ამერიკაში ასეთია.
– რა უცნაურია.
– რატომ არის უცნაური?
– სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულადაა დაცული მოქალაქეების ჯანმრთელობა, განსხვავებული სოციალური დაცვის მექანიზმებია, არადა, ადამიანები, თურმე, მაინც ერთი და იმავე მიზეზებით იღუპებიან?
– მაგრამ, ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია გარდაცვლილთა ასაკობრივი სტრუქტურა. გასაგებია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია, ვიდრე საქართველოში, თან – საგრძნობლად მეტი. მეორე მომენტია პროცედურული რეგლამენტი: ვინ როდის კვდება. რას ნიშნავს სიცოცხლის ხანგრძლივობა? რომ უფრო დიდხანს ცოცხლობ და გვიან მოკვდები. ადამიანი უკვდავი არ არის, მაგრამ, მთავარია, როდის კვდება ის. ჩვენთან, სამწუხაროდ, ვკვდებით უფრო ადრე, იქ – უფრო გვიან, მაგრამ, ეს არ ცვლის სიკვდილის მიზეზების სტრუქტურას. ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში არაფერი საოცარი არ არის. უბრალოდ, ჩვენთან რაღაც არ არის ბოლომდე მოწესრიგებული.
– თუ სწორად გავიგე, განვითარებად ქვეყანაში კონკრეტული დაავადება ვიღაცას 60 წლის ასაკში უღებს ბოლოს, ამერიკის შერთებულ შტატებში – 80 წლის ასაკში?
– დიახ, გადატანილია სიკვდილის თარიღი. თუ მე რაღაც დაავადება მაწუხებს, ადრე თუ გვიან, რაღაც მომივა, მაგრამ, მთავარია, როდის მომივა. განვითარებულ ქვეყნებში ეს უფრო გვიან მოსდით.
ჩვენთან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 70 წლის ფარგლებში. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ჩვენთან თითქოს ცოტა მეტია, მაგრამ, მე, როგორც ექსპერტი, ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, 70 წლის ფარგლებშია. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წლის ფარგლებშია. ამ 10 წელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ბოლოს და ბოლოს, რამდენ წელს ვცოცხლობთ ადამიანები?! 100 წელსაც ვერა, ამიტომ, ეს 10 წელი საკმაოდ დიდი რიცხვია. მაგალითად, იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია.
საერთოდ, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული აღრიცხვაზე: ჩვენთან ეს მონაცემები არასრულყოფილია, რაც არასრულყოფილი დასკვნების გაკეთების საფუძველს გვაძლევს. ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი უნდა შემცირებულიყო, თუმცა, „საქსტატის“ მონაცემებით, თითქოს იზრდება მოკვდაობის მაჩვენებელი. ჩემი აზრით, წესით, უნდა მცირდებოდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, იმიტომ, რომ მცირდება ჩვილთა მოკვდაობა და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
– რა გაძლევთ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს?
– ეს არის მსოფლიო ტენდენცია და, არ მგონია, საქართველო გამონაკლისი იყოს. ჩვენთანაც ის ტენდენციები უნდა მოქმედებდეს, რაც დანარჩენ მსოფლიოშია, მაგრამ, იმ მონაცემებით, რომლებსაც „საქსტატი“ იძლევა, ზუსტად ვერ გამოგვაქვს დასკვნა. ასეა თუ ისე, მაგალითად, 2005 წელს დაიღუპა 40 721 ადამიანი, 2008-ში – 43 011; 2009 წელს – 46 625 ადამიანი; 2011 წელს – 49 818; 2012-ში, როგორც მოგახსენეთ – 49 348.
– რომელ ასაკობრივ ჯგუფშია სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი?
– დაბალ ასაკში, ვგულისხმობ ჩვილთა მოკვდაობას და 60 წლის ზემოთ. წარმოიდგინეთ, „საქსტატის“ მაჩვენებლით, ყოველ 1 000 დაბადებულზე 15 ჩვილი იღუპება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ახალდაბადებულზე მხოლოდ 3 იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ, ვეჭვობ, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 15-ზე მეტია (ამას ქალთა რეპროდუქციული კვლევები აჩვენებს), მაგრამ, ეს თხუთმეტიც ძალიან დიდი მაჩვენებელია, ანუ, შორს ვართ განვითარებული ქვეყნებისგან.
– რომელი ასაკიდან იწყება სიკვდილიანობა?
– ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. ბუნებრივია, 15 წლის ასაკში ნაკლებია, ვიდრე 50 წლის ასაკში, მაგრამ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს გარღვევა და, საერთო ჯამში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია.
– თუ გაქვთ დათვლილი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი?
– ჩვეულებრივ, დიდი განსხვავებები არ არის. ერთადერთი, იმის თქმა შეიძლება, რომ მოკვდაობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო ქართველ და სომეხ მოსახლეობაში და უმნიშვნელოდ იყო აწეული აზერბაიჯანელ მოსახლეობაში. ასევე, ყველაზე მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი რუს და უკრაინელ მოსახლეობაში, მაგრამ, ამას აქვს თავისი მიზეზი: ჩვენთან ეთნიკურად რუსი და უკრაინელი მოსახლეობა დაბერებულია, რადგან, ახალგაზრდები წავიდნენ ქვეყნიდან.
– რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის სიკვდილის მიზეზების ცოდნა?
– როგორ უნდა გაატარო ეფექტიანი ჯანდაცვის პოლიტიკა, თუ სიკვდილის მიზეზები არ იცი?! არადა, არ იცი, რით იღუპება შენი მოსახლეობის მესამედი. ამ ფონზე რა ჯანდაცვის პოლიტიკაზეა საუბარი?! ჯერ აღრიცხვა უნდა მოაწესრიგო, რაშიც მე, დემოგრაფი, ვერ დავეხმარები სახელმწიფოს.
– ამჟამად როგორია საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა?
– დაახლოებით, უხეშად რომ დავამრგვალოთ, ასეთი სურათია: მოსახლეობის 85 პროცენტს შეადგენენ ეთნიკური ქართველები, დანარჩენი ეთნოსები – 15 პროცენტია. მართალია, ქართველებიც გადიან ქვეყნიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ეროვნებების წარმომადგენლები უფრო მეტნი გავიდნენ. ვფიქრობ, 2014 წლის აღწერაც ამ მონაცემს დაადასტურებს: ეთნიკური ქართველების რაოდენობა 85 პროცენტია.
– მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პროცენტები არ შეიცვლება, როდესაც ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დაბრუნდებიან?
– ძირითადად, მაინც ქართველი მოსახლეობა ბრუნდება, არაქართველი მოსახლეობა – ნაკლებად.
– რა ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები არიან გასული?
– ძირითადად, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა, სხვადასხვა მონაცემია სქესზე. ზოგიერთი კვლევით, თანაბარი რაოდენობით არიან გასული ქალებიც და მამაკაცებიც; ზოგიერთი მონაცემით – ქალები სჭარბობენ მამაკაცებს; ზოგი კვლევით – პირიქით, მამაკაცები სჭარბობენ ქალებს. მე მგონია, რომ სქესის მიხედვით დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.