აზრებათამაშებული
„იგი სხვაა, კაკო სხვაა…“
თუკი აქამომდე საკუთარ და ჩემს კოლეგებთან კუნთების შეთამაშებით გვამახსოვრებდა თავს (ოღონდ, ეს მაშინ იყო, როდესაც ბ-ნი ბობოხიძის მშობელი პარტია უმრავლესობას წარმოადგენდა), საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, აწი, შესაძლოა, მისი მუშტის ძალა თანაპარტიელებმაც იწვნიონ.
პირი უჩანს, რადგან, გასულ კვირას ბ-ნმა ბობოხიძემ ბრძანა, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილმა კი გენმდივნის პოსტი უნდა დატოვონ. მოტივაცია კი შემდეგნაირი აქვს (ციტატას მოვიხმობ): „პარტიის ხელმძღვანელობა უნდა გადახალისდეს, იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გამომდინარე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ პირებს გვეკისრება იმ შეცდომებზე, რომლებიც, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო დაშვებული.“
ოღონდ, ბ-ნი ბობოხიძე არც ისე გულქვაა, ზემოხსენებულ პატიოსან გვამებს (სააკაშვილსა და მერაბიშვილს) პარტიის დატოვება მოსთხოვოს (დიდსულოვნად ბრძანებს, დარჩნენ რიგით წევრებადო). მეტიც, „ნაცმოძრაობის“ დატოვებას არც თავად გეგმავს, პირიქით, გაშმაგებით იბრძოლებს გადახალისებული „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებისთვის!
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, ისმენენ თუ არა ადრესატები ბ-ნი ბობოხიძის შეგონებას და, არც ის, უწერიათ თუ არა გამარჯვება, თუმცა, ბ-ნი გოკა გაბაშვილი გვარწმუნებს, რომ ეს მხოლოდ აკაკი ბობოხიძის აზრია.
ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა განმარტებები არ გაკეთებულა, შესაძლოა, ბ-ნ გაბაშვილს ეჭვი აქვს, რომ ჩვენ არა მხოლოდ დემოკრატიასა და დიქტატურას ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან, არამედ – თვით აკაკი ბობოხიძეც, შეიძლება, აგვერიოს აკაკი წერეთელში?!