გზაგაყრილები
ჩაილურის წყალს დაწაფებული
მაშინ, როდესაც შტეფან ფულე ბათუმში კონფერენციას ესწრებოდა, ზედაც, სიტყვით გამოდიოდა, საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას სტუმრობდა, ზედაც, ისიც სიტყვას ამბობდა. ნებსით თუ უნებლიეთ, ორივენიცა ქართულ დემოკრატიას აფასებდნენ, თუმცა, ფრიად განსხვავებულად.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ქართული დემოკრატია სამარდება და მისი ამდენი წლის შრომა ჩაილურის წყალსაა დაწაფებული, ხოლო, ევროკომისარი შტეფან ფულე (ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში) ფრიად ოპტიმისტურად უბნობდა: „საქართველოდან მივდივარ უფრო მეტი იმედით, რომ ჩვენი ამბიციების მიღწევას უფრო მეტად შევძლებთ.“ ამბიციები კი შემდეგნაირია: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.
მეტიც, ევროკომისარი განმარტავს, რომ მითი საქართველოს არადემოკრატიულობისა უნდა გაიფანტოს. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვუწყით, რით დააჯერა მმართველმა კოალიციამ ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხში (ისიცაა, ამ დონის ევროპოლიტიკოსი რომ გეტყვის, ბუხარი ხართ, ბოლი უნდა გამოუშვა), თუმცა, აშკარაა, რომ დააჯერა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ფულეს გამოსვლას „ნაცმოძრაობის“ არც ერთი დეპუტატი არ დასწრებია და, ამას, ზედაც, პრეზიდენტის მოლდოვაში გამოსვლას დავამატებთ, საქართველოსა და ევროკავშირის გზების გაყრისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ევროკავშირისა და „ნაცმოძრაობის“ გზები აშკარად გაყრილია.