ჩამოპრარაბებული
„მიყვარს ღამე მუშაობა, სულ მთლად გადარეული ვარ“
მართალია, არც უენერგიობას უჩიოდა და ვერც სიტყვაძუნწობას დასწამებდი (რაც უნდა ბოროტი ყოფილიყავი), თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დაისზე ენერგიის უჩვეულო მოზღვავებაც იგრძნობა და მის მიერ ნასროლ სიტყვათა სიმრავლესაც მხოლოდ ზღვაში ქვიშას თუ შეადარებ.
როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას კვლავაც პირველმა პირმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა მოინახულა, ყოფილ ელჩებთან შეხვედრაზე კი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა, რასაც ლაიტმოტივად (ჩემმა უკვდავმა და შეუცვლელმა მუზამ) გულდაწყვეტა გააყოლა
არ დაუმალავს, რომ ყარსი-ახალქალაქი მისი საყვარელი პროექტი იყო და არც ის, რომ მის გახსნას თავისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის ბოლო წამს გეგმავდა („ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს უნდა გამეხსნა, როგორც მიყვარდა ხოლმე, ჩავჯდებოდი მატარებელში მემანქანესთან ერთად…“). თან, განა მხოლოდ ჩაჯდებოდა, რაკი მემანქანეობას სწავლობდა, მატარებელს თავადვე წაიყვანდა (ჩუქუ-ჩუქუ…).
მაგრამ ბედისა თუ ამომრჩევლის სიმუხთლის გამო, ოცნებები წყალში ჩაიყარა, ვინაიდან, რკინიგზა ორიოდე წლის შემდეგ თუ გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის გათვლებით. მომყავს ციტატა: „მე ვერ მომატყუებენ, ბოლო წლებში „პრარაბადაც“ ჩამოვყალიბდი. დავდივარ და ყველაფერს ვხედავ (ჩვენ პრეზიდენტად ავირჩიეთ, ის კი „ჩამოპრარაბებულა“?!).
იქვე პრეზიდენტმა, ისე, რომ სახელი არ უხსენებია, მაგრამ, ჩვენს ახალ „კოლმეურნეობის თავმჯდომარეს“ ადრე დაძინება დაუწუნა, რადგან, „ჩვენ ყოველდღე ვმუშაობდით დღე და ღამე და მშენებლობებიც ამ გრაფიკს იყო მორგებული.“
ერთი სიტყვით, „მიყვარს ღამე სიარული (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მუშაობა), სულ მთლად გადარეული ვარ“?!