კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-25(651) 

ამას წინათ ჩემი „ჯიპით“ სახლში ვბრუნდებოდი. შუაღამეს კარგა ხნის გადაშორებული  იყო. ავლაბრიდან რომ ჩომოვუხვიე და ბარათაშვილის ხიდზე შევედი, დავინახე, რომ ჩემგან ხელმარცხნივ, ხიდის შუაში, მოაჯირზე გოგონა იჯდა. გულმა ცუდი მიგრძნო და მანქანა შუა ხიდზე გავაჩერე, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, არც მანქანები დადიოდნენ და არც საპატრულო პოლიცია ჩანდა. შემოდგომის მიუხედავად, არ ციოდა. მანქანიდან უჩუმრად გადმოვედი, რომ გოგონას უკნიდან წამოვდგომოდი და მოაჯირიდან მომეხსნა, რადგან, ინტუიცია მკარნახობდა, ის მდინარეში გადახტომას აპირებდა. კატასავით სწრაფად და ჩუმად ვმოძრაობდი  და თითქმის მივაღწიე კიდეც მიზანს, მაგრამ, გოგონა მოაჯირს მოსწყდა და წყლისკენ დაეშვა... ფიქრის დრო არ იყო. ადიდებული მტკვარი საკმაოდ სწრაფად მოედინებოდა. მე პერანგზე პულოვერი მეცვა ზემოდან, რადგან, პიჯაკი მანქანაში დავტოვე. არც კი დავფიქრებულვარ, ისე გადავეშვი წყალში და მე და ის გოგონა თითქმის ერთდროულად ჩავცვივდით მდინარეში. მარცხენა ხელი ჩავავლე თმაში, რომ წყალს არ გაეტაცა, მარჯვენათი კი წყლის წინააღმდეგობის დაძლევას შევუდექი. ჯერ წონასწორობაში მოვიყვანე გოგონა და ჩემი თავი, შემდეგ კი წყალზე დავწექი, დინებას მივყევი და, თან, მძღოლები რომ იტყვიან, სულ მარჯვნივ და მარჯვნივ „ავიღე“. ნახევარკილომეტრიანი ცურვის შემდეგ კი, მეტეხის წინ, აბანოებთან მოვახერხეთ ამოსვლა. სანამ წყალში ვიმყოფებოდით, გოგონას კრინტიც არ დაუძრავს, თითქმის არც კი განძრეულა. წყლიდან რომ ამოვედით და თვალებში ჩავხედე, ნაღვლიანად შემომხედა და მისაყვედურა: 

 – რატომ გადამარჩინეთ?

გოგონასთვის პასუხი არ გამიცია, ხელი ჩავკიდე და გზაზე ავედით. ქუჩაში მხოლოდ ტაქსები მოჩანდა კანტიკუნტად. ერთ-ერთ მათგანს ხელი დავუქნიე და გავაჩერე. ტაქსისტმა ვერ დააფიქსირა, რომ სველები ვიყავით. მე ჯერ გოგონას ვუბიძგე ხელი და უკანა სავარძელზე მივაგდე, შემდეგ თავადაც ჩავჯექი და მხოლოდ მაშინ შეამჩნია მძღოლმა, რომ სველები ვიყავით და აყროყინდა:

– გიჟები ხართ? ჩქარა, მანქანიდან გადადით, პოლსა და კრესლოებს დამისველებთ!

– ნუ ჩხუბობ, ასლარიანს გადაგიხდი და ყველაფერი რიგზე იქნება. წავედით, – ვუთხარი ტაქსისტს.

ასლარიანის ხსენებაზე, მძღოლმა ტონი შეარბილა და მკითხა:

– წვიმაში მოყევით?

– მტკვრიდან ამოვედით. მიდი, დაიძარი!

მძღოლმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა ჩემი სიტყვები, ირონიულად ჩაეცინა და მკითხა:

– სად წავიდე?

– ბარათაშვილის ხიდზე, – მშვიდად მივუგე მძღოლს.

ჩემმა სიტყვებმა ტაქსისტი უკიდურესად გააღიზიანა, შემომიტრიალდა, ხელების ქნევა დამიწყო და მიღრიალა:

– შენ, რა, დამცინი? ბარათაშვილის ხიდამდე ასლარიანს მიხდი? გიჟი ხარ, თუ მე გგონივარ გიჟი? ჩქარა გადადით მანქანიდან, თქვენი თავი არ მაქვს!

– დამშვიდდი, მეგობარო, მართლა გადაგიხდი ასლარიანს, დაიძარი, – მშვიდად მივუგე მძღოლს. მან კი მითხრა:

– მომეცი და წაგიყვანთ.

– აქ არ მაქვს, საფულე მანქანაში დავტოვე და, რომ მივალთ, მოგცემ, – კვლავ აუღელვებლად ვუთხარი ტაქსისტს.

ტაქსისტი წამით გაირინდა – როგორც მივხვდი, ჩემს სიტყვებს იაზრებდა ბარათაშვილის ხიდზე დატოვებულ მანქანასა და საფულეზე, რაც საკმაოდ არარეალური ჩანდა. ამიტომ, სახე აელეწა, ორივე ხელი სახესთან მომიტანა და მთელი ხმით მიღრიალა:

– ჩქარა, მანქანიდან გადაეთრიეთ, თორემ, მე თვითონ გადაგათრევთ!

დაყვავების დრო აღარ იყო. ამიტომ, მძღოლს მარცხენა ხელით ორივე ხელის ორ-ორი თითი მაგრად დავუჭირე, ისე გადავუგრიხე, რომ არ მოსტეხოდა, მაგრამ, ტკივილი ეგრძნო და ცივი ხმით ვუთხარი:

– ან ბარათაშვილის ხიდთან მიგვიყვან და ასლარიანს მიიღებ, ან მტკვარში გადაგაგდებ და მე თვითონ წავიყვან მანქანას. გასაგებია?

– გასაგებია, უფროსო, – მომიგო მძღოლმა, – ხელი გამიშვი, რომ მანქანა დავქოქო.

ტაქსისტს ხელი გავუშვა და, თან მანქანა ადგილიდან დაძრა, თან სარკიდან გვითვალთვალებდა – ეტყობოდა, შეშლილები ვეგონეთ.

ჩემდა საბედნიეროდ, ხიდზე კვლავ არავინ ჭაჭანებდა და, რაც მთავარია, არც პოლიცია ჩანდა. ჩემი „ჯიპიც“ იქვე იდგა. ჯერ გოგონა ჩავსვი უკანა სავარძელზე, შემდეგ პიჯაკიდან საფულე ამოვიღე, გავხსენი, ასლარიანი ამოვაცურე, მძღოლს გავუწოდე და ვუთხარი:

– აი, მიიღე დანაპირები. დიდი მადლობა.

მძღოლმა ფული გამომართვა და მითხრა:

– ბოდიში, ბიძაჩემო, რომ ცუდად გელაპარაკე. რა მოხდა?

– წვიმაში მოვყევით. მშვიდობით, – მივუგე მძღოლს, „ჯიპი“ ადგილიდან დავძარი და სახლისკენ გავემართე.

გოგონას მთელი გზა ხმა არ ამოუღია და მისი გამომეტყველებიდან მივხვდი, ცდილობდა გაეგო, ვინ ვიყავი და გონებაში ჩემს საქციელს იაზრებდა. კორპუსთან რომ მივედით, მანქანა სადგომზე გავაჩერე, გოგონა სახლში ავიყვანე, სავარძელში ჩავსვი, ცხელი ყავა მივუტანე და ვუთხარი:

– დალიე. მე სულ ხუთი წუთი მჭირდება, რომ შხაპი მივიღო და გამოვიცვალო, შემდეგ შენც მოწესრიგდი და დაისვენე.

სააბაზანოდან რომ გამოვედი, გოგონამ გამიღიმა და მკითხა:

– რა გქვიათ?

– კოკი.

– გმადლობთ, ბატონო კოკი, სიკვდილს რომ გადამარჩინეთ. მე თამთა მქვია, – მითხრა გოგონამ, შემდეგ მოიწყინა და დაამატა, – ღირდა კი ჩემი გადარჩენა?

– თამთა, მოდი, მოწესრიგდი. აი, იმ სააბაზანოში შედი, – გოგონას ხელით მივანიშნე სტუმრებისთვის განკუთვნილი სააბაზანოსკენ და დავამატე: – იქ ახალი ტანსაცმელია და ჩაიცვი. ხოლო ღირებულებებზე, მოგვიანებით ვისაუბროთ.

თამთა ოციოდე წლის, ლამაზი, ტანწერწეტა გოგონა იყო. მომწვანო თვალები და ქათქათა კბილები ჰქონდა. სააბაზანოდან რომ გამოვიდა, გამიღიმა და მითხრა:

– ბოდიში, რომ ამდენი უსიამოვნება მოგაყენეთ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემი გადარჩენისთვის.

– მოდი, ვივახშმოთ, – ვუთხარი თამთას და გორგოლაჭიან მაგიდაზე გაშლილი სუფრა ახლოს მივუწიე. ამ დროს კედლის საათმა ოთხჯერ დარეკა და მეც დავამატე, – თუმცა, ეს ადრეული საუზმე უფროა, ვიდრე ვახშამი.

თამთა მადიანად შეექცეოდა და ჭამა რომ დაასრულა, მითხრა:

– დიდი მადლობა. სუფრას ავალაგებ.

– თამთა, მოდი, ასე ვქნათ, – გავუღიმე გოგონას, – წადი და კარგად გამოიძინე. დილით საქმეზე უნდა წავიდე და ვეცდები, მალე დავბრუნდე უკან. თუ ჩემს მოსვლამდე გაიღვიძებ, აბაზანა და სამზარეულო შენს განკარგულებაშია და ნურაფრის მოგერიდება, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლში. ახლა კი – ძილი. ტკბილ ძილს გისურვებ!

თამთა სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში მოვათავსე და მე ჩემს საძინებელში სამიოდე საათით მოვატყუე თვალი. შემდეგ ავდექი, ჯერ კონსპირაციულ ბინაში წავედი და საიმედოდ შევინიღბე, შემდეგ ერთი შეკვეთა შევასრულე და იმავე მარშრუტით სახლში დავბრუნდი. ბინაში რომ შევედი, თამთა უკვე გაღვიძებული და მოწესრიგებული დამხვდა. მას თავისი სველი სამოსი გაერეცხა, დაეუთოებინა და ჩაეცვა. როდესაც დამინახა, მორცხვად გამიღიმა და მითხრა:

– თქვენი სარეცხი მანქანა და უთო ვიხმარე.

– ძალიან კარგი გიქნია, – ღიმილითვე მივუგე თამთას და ვკითხე, – ისაუზმე?

– არა, – გმადლობთ, არ მშია. მე წავალ, – მითხრა გოგონამ.

– ძალიან მშია. მოდი, ვჭამოთ რამე და მერე შენი ამბავიც მომიყევი, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნება... მოდი, სუფრა სამზარეულოში გაშალე და მადიანად შევექცეთ.

ჭამის შემდეგ, კვლავ სასტუმრო ოთახში დავბრუნდით, სავარძელში მოვკალათდით და გოგონამ მითხრა:

– ბატონო კოკი, ყველაფრისთვის გულწრფელ და უღრმეს მადლობას გიხდით. რომ არა თქვენ, ახლა, ალბათ, უსულოდ ვეგდებოდი მტკვრის ფსკერზე.

– მთავარია, რომ ცოცხალი ხარ და თუ საიდუმლო არაა და დიდ ტკივილს არ მოგანიჭებს, იქნებ მომიყვე, რატომ იკლავდი თავს?

თამთას თვალზე ცრემლი მოადგა და მითხრა:

– შარშან მშობლები დამეღუპნენ საავტომობილო კატასტროფაში და მარტო დავრჩი. ამქვეყნად ახლო ნათესავი არ მყავს. ძალიან ცუდად ვიყავი და მშობლების ორმოცი გასული არ იყო, რომ ცხოვრების ყოველგვარი აზრი დავკარგე, თავის მოკვლა გადავწყვიტე. ჩემი ჩანაფიქრით, მშობლების საფლავზე უნდა ავსულიყავი, ვენები გადამეჭრა და ამგვარად გამესწორებინა სიცოცხლისთვის ანგარიში. საამისოდ კი სამართებელივით მჭრელი დანა შევიძინე და ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად მუხათგვერდის სასაფლაოზე ავედი, სადაც ჩემი დედ-მამაა დაკრძალული. სანთლები დავანთე, ვილოცე, ღმერთს პატიება ვთხოვე და დანა ამოვაცურე, რომ ვენები გადამეჭრა. ამ დროს მომესმა:

– უკაცრავად, ქალიშვილო, ხელი ხომ არ შეგიშალეთ, მაგრამ, იქნებ დანა მათხოვოთ.

– დანა? – შევცბი მე და მთხოვნელისთვის არც კი შემიხედავს, ისე გავუწოდე თავის მოსაკლავად ნაყიდი ნივთი და ვუთხარი, – აი, ინებეთ.

მე მუხლმოყრილი ვიდექი ჩემი მშობლების საფლავზე და ღმერთს გულმხურვალე მადლობას ვუხდიდი, რომ ვიღაც უცნობი მომივლინა, რომელმაც დანა გამომართვა და ამით სიკვდილს გადამარჩინა. თავის მოკვლა უკვე აღარ მსურდა და ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ საქმეში ღმერთის ხელი ერია.

– ინებეთ, დიდი მადლობა. ბრიტვასავით მჭრელი დანა კი გქონიათ. მხოლოდ, ოდნავ შემეხო კანზე და ღრმად ჩამიჭრა, – მომესმა მთხოვნელის ხმა, რომელიც საფლავის ღობესთან იდგა და დანას მაწვდიდა.

ღრმა ჭრილობის ხსენებაზე შევცბი, მკვეთრად მარჯვნივ შევტრიალდი და გავშეშდი... ჩემ წინ ულამაზესი ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელიც მომხიბვლელად მიღიმოდა. დანას მაწვდიდა, მარცხენა ხელის ცერი თითიდან კი თქრიალით მოსდიოდა სისხლი. მე ისე დავიბენი, რომ საფლავის ღობემდე მუხლისჩოქით მივედი. ბიჭს მარცხენა ხელის მტევანში ხელი ჩავავლე და ვუთხარი:

– როგორ მოთქრიალებს სისხლი. მოდი, შეგიხვევთ.

– არა უშავს, სახლში რომ მივალ, მე თვითონ შევიხვევ, თქვენ ნუ შეწუხდებით, –  მომიგო ბიჭმა, მაგრამ მე ფეხზე წამოვდექი, ცხვირსახოცი ამოვიღე ჩანთიდან, შუაზე გავხიე, ბინტივით დავახვიე და ბიჭს თითი შევუხვიე, თან ვუთხარი:

– სახლში რომ მიხვალთ, ცოლს უთხარით, რომ ჭრილობა დაგიმუშაოთ და ბინტით შეგიხვიოთ.

– ცოლი არ მყავს.

– მაშინ, დედას ან დას უთხარით.

– და, არასოდეს მყოლია, დედ-მამა კი შარშან ავტოავარიაში გარდამეცვალა და მათ საფლავზე ამოვედი, – მითხრა ბიჭმა.

საოცარი დამთხვევა იყო. ბიჭიც ზუსტად ჩემნაირ დღეში იყო და არც მას გააჩნდა ახლო ნათესავი. ღვთის ნებად მივიჩნიე, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, თანაც სასაფლაოზე და ბიჭს ვუთხარი:

– მეც ჩემი მშობლების საფლავზე ვარ ამოსული და ისინიც ავტოავარიაში დაიღუპნენ. მე თამთა მქვია.

– ნოდარი, – მომიგო ბიჭმა, ხელზე მემთხვია და შემომთავაზა, – უკვე გვიანია და ალბათ, ფეხით ხართ ამოსული. მე მანქანით ვარ და თუ არ მიწყენთ, მაშინ სახლში მიგიყვანთ.

ნოდარი პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. თანაც, ეტყობოდა, რომ სუფთა კაცი იყო და უარს როგორ ვეტყოდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთი სიტყვით, მე და ნოდარს უზომოდ შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჯვრისწერის დღეც დავთქვით და ჩემი დედ-მამის დაღუპვის წლისთავიდან ათი დღის შემდეგ, სამებაში უნდა შემდგარიყო ცერემონიალი. თუმცა, ვნებებს ვერ გავუძელით და ჯვრისწერამდე სამი თვით ადრე ჯვარდაუწერელნი გავხდით ცოლ-ქმარი... როგორც ეტყობა, ამით ღმერთი განვარისხეთ. ერთი თვის წინ ნოდარი მანქანით ამობრუნდა იგოეთთან და ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, კომაში ჩავარდა. აქაურმა ექიმებმა ვერაფერი მოუხერხეს და მირჩიეს, სასწრაფოდ გერმანიაში წამეყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გადაარჩენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარის გადარჩენას ორას ოთხმოცი ათასი დოლარი სჭირდებოდა, საჭირო თანხა მაინც ვიშოვე. ჩემი სახლი და სამკაულები გავყიდე, ნოდარის ბინა დავაგირავე და მთელი ფული მურადი ექიმს ჩავაბარე, რომელიც გერმანიაში უნდა მხლებოდა, როგორც კონსულტანტი. ის კი, მთელი ფულით გაუჩინარდა და ხახამშრალი დაგვტოვა. გერმანიაში სამკურნალო ფული კი არა და, კლინიკაში გადასახდელი ფულიც აღარ დამრჩა. მთავარმა ექიმმა მითხრა, თუ ფულს დროზე არ გადაიხდი, ნოდარს აპარატიდან მოხსნიან და მოკვდებაო. თანხის გადახდის ვადა გუშინ ამოიწურა და ნოდართან რომ უფულოდ მივედი, კლინიკაში არც კი შემიშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმედ ვარ, თავის მოკვლა გადავწყვიტე. ამ დროს კი, თქვენ გამოჩნდით და მტკვრიდან ამომათრიეთ.

– ფეხმძიმედ ხარ? – აღვშფოთდი მე და დავამატე: – რამ გადაგრია, შვილს როგორ კლავდი. წუხელ რატომ არ მომიყევი ეს ყველაფერი. ჩქარა, წავედით, იქნებ ცოცხალს მივუსწროთ ნოდარს!

გაოგნებული თამთა ლამის ძალით ჩავათრიე ქვევით. „ჯიპში“ სწრაფად ჩავსხედით, მანქანა გიჟივით მოვწყვიტე ადგილს და კლინიკისკენ გავქანდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთბაშად ოთხი საპატრულო მანქანა მომდევდა უკან და ჩემს გაჩერებას ცდილობდნენ, „კაგებეში“ ნასწავლ მძღოლს, აბა, როგორ მომიხელთებდნენ. სულ ადვილად გავექეცი მათ, კლინიკის ეზოში შევვარდი და მისაღებში მთავარ ექიმთან დაკავშირება მოვითხოვე.

– საღამომდე არ იქნება! – ცივად მითხრა მორიგე გოგონამ, რომელმაც, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თამთა იცნო.

– ჩვენ, ნოდარის ამბავი გვაინტერესებს, – ვუთხარი მორიგე გოგონას – ცოცხალია?

– მთავარი ექიმი საღამოს იქნება და იმას ჰკითხეთ, ჩვენ კი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს, – კვლავ ცივად მიპასუხა გაზეპირებული სიტყვებით მორიგე გოგონამ.

– ვინმეს დაურეკეთ განყოფილებაში და ჰკითხეთ. ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და არა მატლის... – ვუთხარი გოგონას, მას კი მოთმინების ფიალა აევსო და მიღრიალა:

– ეს კერძო საკუთრებაა. თუ ახლავე არ წახვალთ, დაცვას გამოვუძახებ!

დაცვას არ დასჭირდა გამოძიება. სამი თავგასიებული „ვერზილა“, ძუნძულით მომიახლოვდა და ჩემი და თამთას ძალით გაყვანა სცადეს. მაგრამ, სამივეს თითო-თითო „ვწყვიტე“, იასონი რომ ამბობს: „ნახევარი ძალით...“ იქვე დავყარე და თამთას ვკითხე:

– სად წევს?

– თუ ცოცხალია, მესამე სართულზე, – მომიგო ცოცხალ-მკვდარმა გოგონამ. მე მას მაჯაში ჩავავლე ხელი, ელექტრონულ შლაგბაუმს წიხლი ვკარი, გავანგრიე და მესამე სართულისკენ დავიძარით...

საბედნიეროდ, ნოდარი კვლავ სასუნთქ აპარატზე შეერთებული დაგვხვდა. თავის ადგილზე იყო მთავარი ექიმიც და როგორც გაირკვა, მორიგე გოგონა გვატყუებდა, როცა გვითხრა: ადგილზე არ არის და საღამოს იქნებაო.

– ჩვენ კიდევ ოცდაოთხ საათს ვაძლევთ ავადმყოფის პატრონს და თუკი არც ამ ვადებში შემოიტანს ფულს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვთიშავთ აპარატს, – საზეიმოდ გვაუწყა მთავარმა ექიმმა, საათზე დაიხედა და დაამატა: – კიდევ ექვსი საათი გაქვთ. ასე რომ, დროს ნუ კარგავთ.

ამ სატანური სიტყვების ავტორი საკმაოდ ცნობილი ქართველი ექიმია და საზოგადოებაში კარგი რეპუტაცია აქვს. თუმცა, მანვე ნათლად მიჩვენა, რომ სრული ნაგავია და, ჩემი აზრით,  ასეთი სუბიექტები სიკვდილის ღირსნი არიან... იმ მომენტში დიდი სურვილი გამიჩნდა, მას ხორხში ვწვდომოდი და ერთი მოძრაობით გამეგზავნა ჯოჯოხეთში, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი ნაძირლები სწორედ ჯოჯოხეთში ხვდებიან. თუმცა, თავი შევიკავე და ექიმს ვკითხე:

– რამდენია გადასახდელი?

– ორი ათასი ლარი.

– და ამ წვრილმანის გამო კლავდი ადამიანს?

– თუ გერმანიაში არ წაიყვანთ, ის მაინც ვერ იცოცხლებს, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მთავარმა ექიმმა და ურცხვად დაამატა:  ამ ქალბატონს გუშინწინ ყველაფერი ავუხსენი, საქმის კურსში ჩავაყენე და ეს ამბავი მოულოდნელი არ უნდა იყოს. რას იზამ, მეგობარო, ასეთი დროა. ჩვენ კერძო კლინიკა ვართ და ასეთი მძიმე პაციენტის შენახვა ერთი დღით ორასი ლარი ჯდება. ისედაც ათ დღეზე მეტია, უფასოდ ვმკურნალობთ და მეტი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.

– თქვენნაირებს სიამოვნებით ამოვხდიდი წამებით სულს და წარბსაც არ შევიხრიდი, – ვუთხარი მთავარ ექიმს, ასლარიანების დასტა ამოვაცურე ჯიბიდან, მაგიდაზე დავუგდე და დავამატე: – აქ ორიათას ხუთასი ლარია. რამდენიმე საათში, პაციენტი გერმანიაში მიგვყავს. ყველა საჭირო დოკუმენტაცია გაამზადეთ და თვალის ჩინივით გაუფრთხილდით, თორემ ჩემს სიტყვებს სრულად აგიხდენთ.

სანამ აქვითინებული თამთა ნოდარის პალატაში იმყოფებოდა და მას ეფერებოდა, დერეფანში პატრულის რვა თანამშრომელი და ჩემ მიერ გალახული სამი „ვაჟკაცი“ გამოჩნდნენ. მათ დანახვაზე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მთავრობის წევრის ნომერი ავკრიფე ჩემს მობილურზე და ყოველი შემთხვევისთვის, საჩხუბრად მოვემზადე. პატრულის ყველაზე მხარბეჭიანმა თანამშრომელმა, რომელსაც კაპიტნის სამხრეები ეკეთა, მოახლოებისას კოპებშეკრულმა მითხრა:

– სასწრაფოდ ქვემოთ ჩამობრძანდით!

– უფროსო, ამას, გოგოც ახლდა, – შეახსენა კაპიტანს ერთ-ერთმა ნაცემმა და მთავარ ექიმს შეხედა, რომელიც თავისი კაბინეტის წინ იდგა და ინტერესით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.

ამასობაში ზარი გავიდა, ჩემმა ახლობელმა მაღალჩინოსანმა პასუხი გამცა, რომელსაც ყოველგვარი მისალმების გარეშე ვუთხარი:

– ბევრი ლაპარაკის დრო არ მაქვს. ადამიანი მყავს გადასარჩენი და რამდენიმე საათში გერმანიაში უნდა გავფრინდე. აქაურობა პოლიციითაა სავსე და უთხარი, რომ შემეშვან.

– ყველაზე უფროსს დამალაპარაკე, – მითხრა მაღალჩინოსანმა.

მე მაღალ ხმაზე ჩავრთე ტელეფონი, რომ ყველას გაეგო, კაპიტანს მივაწოდე და ვუთხარი:

– მინისტრის მოადგილეა, ოთარი და ელაპარაკე.

– გისმენთ, – შიშნარევი სიამაყით უპასუხა მინისტრის მოადგილეს კაპიტანმა, რომელსაც ბოლომდე არ სჯეროდა, რომ თავისი უწყების მეორე პირს, გენერალს ელაპარაკებოდა.

– სახელი, გვარი და წოდება? – თქვა გენერალმა.

პატრულმა მისი ხმა იცნო, გაიჯგიმა და სხაპასხუპით მიუგო:

– პოლიციის კაპიტანი ანზორ გაბაძე!

– კაპიტანო გაბაძე, მე არ ვიცი, რა მოხდა მანდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგ კაცი უდანაშაულოა. ამიტომ, თავი დაანებეთ და თუკი დახმარება შეგიძლიათ, დაეხმარეთ. გასაგებია?

– გასაგებია, ბატონო გენერალო!

– ძალიან კარგი. ახლა კი კოკისთან დამალაპარაკე.

კაპიტანმა ანზორ გაბაძემ ტელეფონი დამიბრუნა და გენერალს ვუპასუხე:

– ბატონო.

– კოკი. მე ახლა გერმანიაში ვარ საგანგებო მივლინებით და თუ რამეში გჭირდები, ჩემი თავი შემოგევლოს.

– ჯერჯერობით არა, მაგრამ, თუ დამჭირდები, აუცილებლად დაგირეკავ.

– კარგი. წავედი. შეხვედრაზე მაგვიანდება. წარმატებას გისურვებ, – მითხრა გენერალმა და ტელეფონი გათიშა.

ჩემი და მაღალჩინოსნის საუბარი თამთას გარდა ყველამ გაიგონა. თამთა კი იმ დროს გამოვიდა პალატიდან, როდესაც დერეფანში მყოფი პოლიციელები, კლინიკის დაცვა, მთავარი ექიმი და ორიოდე მისი კოლეგა, თავისდაუნებურად ორ მწკრივად, გაჯგიმულები იდგნენ და შემომცქეროდნენ.

– ბატონო კოკი, მე ნოდართან დავრჩები, თუ, რა თქმა უნდა, არ გამაგდებენ, – მითხრა თამთამ, რომელმაც, რა თქმა უნდა, მოისმინა ჩემი ლაპარაკის შინაარსი მთავარი ექიმის კაბინეტში, მაგრამ მისი საქციელიდან ნათელი იყო, რომ შინაარსს ბოლომდე ვერ ჩასწვდა. ვერ წარმოიდგინა, რომ მე ნოდარის მკურნალობას დავაფინანსებდი გერმანიაში.

– არა, ამის დრო სად გვაქვს. გერმანიაში გასამგზავრებლად უნდა მოვემზადოთ. წამო, წამო, ნოდარს ექიმები მიხედავენ, ჩვენ კი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი, – ვუთხარი თამთას, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან დაბნეული იყო. ხელი ჩავავლე მაჯაში და კიბეებზე დავეშვით.

პოლიციელები ავტომატურად აგვედევნენ უკან და როდესაც „ჯიპში“ ვჯდებოდი, ანზორ გაბაძე მომიახლოვდა, „ჩესტი“ ამიღო და მითხრა:

– ბატონო კოკი, რას მიბრძანებთ, ჩვენგან რა არის საჭირო?

გაბაძე ცნობილი პლეხანოველი მილიციელის შვილი აღმოჩნდა, რომელიც ცემა-ტყეპით იყო სახელგანთქმული. მასთან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მქონდა შეხება. მე გამეცინა და კაპიტანს მივუგე:

– არა. დიდი მადლობა. მამათქვენი პლეხანოვის მილიციაში ხომ არ მუშაობდა?

– დიახ. თქვენ რა იცით?

– მქონდა პატივი, მცნობოდა. ხომ ცოცხალია?

– დიახ. კაჟივითაა.

– მომიკითხეთ, გაეხარდება, – ვუთხარი გაბაძეს, გამოვემშვიდობე და „ჯიპი“ ადგილიდან დავძარი.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3