კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბავშვის გამშვილებელი დედა მისი შვილის გამზრდელს საიდუმლოს გამჟღავნების მუქარით აშანტაჟებდა

23 წლის გურამ უ., რომელიც დედის დაჭრის გამო ციხეში აღმოჩნდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად პოლიციამ დედამისი მარინა გ. აიყვანა თავის საყვარელთან ერთად, რადგან უტყუარად დადგინდა, რომ დედა, რომელმაც შვილი, ანუ გურამ უ. გააშვილა, მის გამზრდელს აშანტაჟებდა – საიდუმლოს გამჟღავნების მუქარით, ის ქალს ფულს სძალავდა, რის გამოც მასა და მის საყვარელს ბრალი თანხის გამოძალვასა და მუქარაში დაედოთ.

დედების დაპირისპირებას გურამ უ. შემთხვევით შეესწრო და იძულებული გახდა, გამზრდელი დედა დაეცვა. მან ბიოლოგიურ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ დანით დაჭრა. დაჭრილი პოლიციის საქმის კურსში ჩაყენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოვლენები თავისთავად განვითარდა – პოლიციამ გურამ უ. დააკავა. საინტერესო დეტალი: გურამ უ-მ მხოლოდ ინციდენტის შემდეგ გაიგო, რომ ქალი, რომელიც დედამისს უპირისპირდებოდა, მისი ბიოლოგიური დედა იყო. 

გაშვილებული ბავშვის ისტორია

საქმის მასალებით გაირკვა, რომ გურამ უ-ს ბიოლოგიური დედა მარინა გ. 17 წლის ასაკში გათხოვდა და გოგონა შეეძინა, თუმცა მალე ქმარს გასცილდა და როგორც ჩვენებაში თავადაც არ მალავს, უწესო ცხოვრებას ეწეოდა. მისი თქმით, არაერთი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მერაბ ბ. შეუყვარდა, რომლის სახითაც ნამდვილი სიყვარული იპოვა. რომანი მასთან გააბა, თუმცა, ვინაიდან მარინა შვილიანი იყო, ბიჭის მშობლები მათი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ და მშობლებმა შვილი სხვა ქვეყანაში გაგზავნეს, რის შემდეგაც, მარინა ისევ მარტო დარჩა. მისი თქმით, ამის შემდეგ ის კვლავ უწესოდ ცხოვრობდა. რამდენიმე თვეში კი გაირკვა, რომ ორსულად იყო და გადაწყვიტა, ბავშვი მოეცილებინა, თუმცა უკვე 4 თვის იყო. მისთვის მუცლის მოშლა დაგვიანებულად ითვლებოდა, ამასთან, სარისკოც. სხვა გზა არ დარჩა, იძულებული გახდა, ბავშვი გაეჩინა.

ბრალდებულის ჩვენებით, უკვე მეცხრე თვეში იყო, როდესაც საბერძნეთიდან მერაბი დაუკავშირდა, უთხრა, რომ უყვარდა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მასთან მივიდოდა. სწორედ ამიტომ, მარინა გ-ს თქმით, მან გადაწყვიტა, ბავშვი გაეშვილებინა, დარწმუნებული იყო, რომ მით უმეტეს ორი ბავშვით, მერაბი არ მიიღებდა. მან მხოლოდ პირველი ბავშვის შესახებ იცოდა, თუმცა, მისი პირველი შვილი მარინას მშობლებთან იზრდებოდა. 

როდესაც მარინამ ბავშვის გაშვილება გადაწყვიტა, იმ პერიოდში ის ქირით ცხოვრობდა, ეკონომიურად ძალიან უჭირდა და უმეტესად მეზობლები, მათ შორის, ლიკა ს. და მისი ოჯახი პატრონობდა. მარტოხელა დედას ხელს უწყობდნენ, რომ როგორმე ბავშვი გაეზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მარინა უწესო ცხოვრებას განაგრძობდა. რამდენიმე დღით იკარგებოდა, რა პერიოდშიც ბავშვს ლიკა პატრონობდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მან ბავშვის გაშვილება გადაწყვიტა, მთელი უბანი ცდილობდა, ბავშვი ნორმალურ ოჯახში მოხვედრილიყო. საბოლოოდ კი, მოხდა სასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ლიკა გასათხოვარი იყო, მასაც და მის ოჯახსაც პატარა იმდენად შეუყვარდათ, რომ ბავშვი მათ იშვილეს. ამ დღის შემდეგ დედას შვილისთვის აღარ მიუკითხავს. ლიკა ს. კი, დაცული რომ ყოფილიყო, შვილთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში, ნათესავებთან წავიდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო. მანამდე კი დოკუმენტაცია მოაწესრიგა, რომ პრობლემები არ შექმნოდა.

დაახლოებით 3 წლის შემდეგ ლიკა ს. ისრაელში გათხოვდა და დიდი შემოსავალიც ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა, მისი შვილის დედა მოეძებნა და გარკვეული თანხა მიეცა. ივარაუდა, რომ ის ეკონომიურად ისევ გაჭირვებული იქნებოდა. მან კითხვა-კითხვით იპოვა მარინა და 5 ათასი დოლარი სხვისი ხელით გაუგზავნა, რითაც მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა. 

ლიკა ს. საქართველოში დედის გარდაცვალების შემდეგ შვილთან, ანუ გურამ უ-სთან ერთად დაბრუნდა. იმ პერიოდში გურამი უკვე 22 წლის იყო. დედა-შვილი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უზრუნველად ცხოვრობდნენ, ვიდრე ოჯახში მოულოდნელად სატელეფონო ზარები არ დაიწყო. დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, მათი სახლის ტელეფონზე ვიღაც რეკავდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. ქალი იმდენად შეწუხდა, ზარების ავტორის დადგენა დაიწყო, მაგრამ  შესაბამის სამსახურში განუცხადეს, რომ ამონაწერის საფუძველზე ზარების დადგენას ერთი თვის შემდეგ შეძლებდნენ. სამი კვირის შემდეგ ზარები შეწყდა, თუმცა ერთ დღეს, როდესაც ლიკა სახლში მარტო იმყოფებოდა, სრულიად უცნობმა მამაკაცმა მიაკითხა და სასწრაფოდ 500 ლარი მოსთხოვა. ქალი პოლიციის გამოძახებას აპირებდა, მაგრამ უცნობმა ურჩია, რომ მისთვის აჯობებდა, ხმა არავისთან ამოეღო, რადგან შესაძლოა. ვიღაცას მისი შვილისთვის ეთქვა, რომ ის მისი ნამდვილი დედა არ იყო.

ლიკა ს-ს ჩვენებიდან: „მეგონა, რომ ჩემი ბავშვის აყვანის ამბავი ყველამ დაივიწყა და როდესაც სრულიად უცნობმა ეს ამბავი გამახსენა, ძალიან შევწუხდი. ვკითხე, ვინ იყო და რა უნდოდა ჩვენგან, რაზეც მიპასუხა, რომ ჩვენი ოჯახის კეთილის მსურველი იყო და გვიცავდა. დაცვა კი იმით გამოიხატებოდა, რომ მისთვის 500 ლარი უნდა მიმეცა, რადგან სასწრაფოდ ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი და სხვანაირად საქმე ცუდად წაუვიდოდა. ვიცოდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ფული მაინც მივეცი. საღამოს გურამმა შემატყო უხასიათობა და მკითხა, რა მჭირდა. მისთვის არაფერი მითქვამს. დაახლოებით ერთ კვირაში შიშმა გამიარა, მაგრამ მალე უცნობი კიდევ გამოჩნდა და ამჯერად 200 დოლარი მომთხოვა. მიცემას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენად არაადეკვატური იყო, მინდოდა, რაც შეიძლება მალე მომეცილებინა თავიდან. ჩემი ვარაუდით, ის ან ლოთი იყო, ან ნარკომანი. გადავწყვიტე, შვილისთვის ყველაფერი მომეყოლა და შესაბამის მომენტს ვეძებდი. ამასობაში კი უცნობი მესამედ გამომეცხადა. ამჯერად 600 ლარს მთხოვდა და მპირდებოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში მეტჯერ აღარ გამოჩნდებოდა“, – აცხადებდა დაზარალებული, რომელმაც შვილს სიმართლე იმიტომ ვერ უთხრა, რომ იმ მომენტში გურამთანაც უთანხმოება ჰქონდა. ლიკა ს-ს თქმით, მის შვილს მისთვის უცნობ, ვიღაც უზრდელ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა და იმ გოგონას წაქეზებით შვილიც ბევრ ფულს სთხოვდა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გოგონა, რომელთანაც გურამ ს-ს ურთიერთობა ჰქონდა, მასთან შეგნებულად იყო მიგზავნილი, რაც მისი ბიოლოგიური დედის და მისი საყვარლის ჩარევით ხდებოდა.

22 სექტემბერს ლიკა ს-ს უცნობ მამაკაცთან ერთად უკვე მისი შვილის დედაც გამოეცხადა და მუქარითა და შანტაჟით ქალისთვის 2 000 დოლარის გამოძალვას ცდილობდა. როგორც ლიკა ს. ამბობს, ასეთ რამეს არ ელოდა და მარინას დანახვაზე შოკში ჩავარდა. საბოლოოდ, მარინას საყვარელი გაიპარა, ქალებს შორის კი ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რასაც გურამ უ. შემთხვევით შეესწრო. მან დაინახა, რომ ქალს, რომელიც დედამისს ეჩხუბებოდა, ხელში დანა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან დედამისს საფრთხე ელოდა, მან მისთვის უცნობი ქალის გაკავება სცადა, რა დროსაც ქალი საკუთარ დანას შემთხვევით წამოეგო. ჭრილობა ძალიან მსუბუქი იყო, თუმცა მომხდარზე ატეხილი წივილ-კივილის გამო, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი გურამ უ. დააკავა. 

სენსაციური აღმოჩნდა ბრალდებულის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, თითქოს გურამის მამა მას ლიკა ს-მ გააცნო და სწორედ ამიტომ დაუტოვა მას ბავშვი, რაც სიმართლე არ იყო. მისივე განცხადებით, ლიკას მისთვის არც 5 000 დოლარი გადაუხდია, მის საყვარელს კი ფული არავისთვის გამოუძალავს. თუმცა მისგან განსხვავებით, მარინა გ-ს საყვარელმა აღიარა, რომ ფულის გამოძალვის გეგმა მან და მარინამ ერთობლივად მოიფიქრეს. კერძოდ, მარინამ წააქეზა, რომ ისრაელიდან დაბრუნებულ ლიკა ს-ს ბევრი ფული ჰქონდა და დაგეგმეს, საიდუმლოს გამჟღავნების მუქარით, ფული გამოეძალათ. როგორც ბრალდებული ირწმუნებოდა, მან არ იცოდა, რომ გურამ უ. მარინას შვილი იყო. მარინას არ უთქვამს, რომ საქმე მის შვილს ეხებოდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ამბავი გაიგო, ბრალდებულის თქმით, ძალიან გაბრაზდა და ამიტომ გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა...

საბოლოოდ გაირკვა ისიც, რომ გურამ უ-მ იცოდა, რომ ლიკა მისი ნამდვილი დედა არ იყო. თუმცა, როგორც მან პროცესზე განაცხადა, მარინა თუ მისი ბიოლოგიური დედა იყო, ეს არ იცოდა...

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შანტაჟისა და მუქარისთვის მარინა გ-სა და მის თანამზრახველს 5-5 წელი მიესაჯათ. მათვე დაეკისრათ იმ თანხის დაბრუნება, რომელიც ლიკა ს-ს გამოსძალეს.   

скачать dle 11.3