რატომ მოაჭრეს თავი ქალაქ სოჭის სამძებროს უფროსის მოადგილეს
თავანი
ტყუპები – პეტრე და პავლე ზარანდიები თბილისში ცხოვრობდნენ. პეტრე, მეტსახელად „ცხვირა“, კანონიერი ქურდი იყო. პავლეს კი „ქარბორბალას“ სახელით იცნობდნენ და ქურდული ტიტულის მოპოვებაში ის უშლიდა ხელს, რომ ჯარში იყო ნამსახურები. თუმცა, კანონიერი ქურდები მას დიდ პატივს სცემდნენ და არა ძმის გამო, არამედ იმიტომ, რომ საკმაო დამსახურება ჰქონდა ქურდული სამყაროს წინაშე. ქარბორბალა მაღალი კლასის შემსრულებელი იყო და თანაბარი ოსტატობით მონაწილეობდა ქურდობა-ძარცვაში და არც ფულის გამოძალვაში ჰყავდა ბადალი – ვერც ერთი ქართველი „ცეხავიკი“ ვერ ბედავდა მისთვის უარის თქმას. ძმები მარტოხელები იყვნენ და ერთმანეთის გარდა, ამქვეყნად არავინ გააჩნდათ. ამიტომ, მათ მიერ ნაშოვნი ფულის 80 პროცენტი ქურდულ სალაროში მიდიოდა და თავისთვის მიზერულ თანხას იტოვებდნენ. სამოციანი წლების დასაწყისში ტყუპებმა ერთ-ერთი ურჩი „ცეხავიკის“ ბინა გაქურდეს და სასამართლომ მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ძმები რეციდივისტები იყვნენ, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებად ითვლებოდნენ, ამიტომ მთავრობამ ისინი თავიდან მოიშორა და ციმბირში, კოლიმის მეშვიდე კოლონიაში გაგზავნა, სადაც ქურდები და სხვა საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს.
ცხვირამ და ქარბორბალამ ზონაში კუთვნილი ადგილი დაიკავეს და დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს პატიმართა შორის. ამ ფაქტმა „ბურატინოს“ უკმაყოფილება გამოიწვია და ძმების დაშოშმინება გადაწყვიტა. ბურატინო, ანუ მარლენ გორგილაძე კანონიერი ქურდი იყო და ზონას უყურებდა. ის თბილისში იყო დაბადებული და 10 წლამდე იქ იზრდებოდა. შემდეგ მისი ოჯახი სოჭში გადასახლდა და ქურდად ის რუსეთში ჩამოყალიბდა. ქართულად თითქმის არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა. ამის გამო მას ცხვირა ხშირად დასცინოდა და ბურატინოს ეს ხინჯიც გულში ედო. ცხვირა აზარტული მოთამაშეც იყო. ბურატინომ მშვენივრად იცოდა ცხვირას ეს სისუსტე და ამის გამოყენება გადაწყვიტა, რამდენიმე ქურდი მალულად შეკრიბა და უთხრა:
– ზარანდიები თუ არ მოვკვეთეთ, ძალაუფლებას ისინი აიღებენ ზონაში და ჩვენ გვერდზე გაგვწევენ. ცხვირა უნდა გავაფუჭოთ, ქარბორბალას კი თავისთავად დაეკარგება ძალა.
– კი, მაგრამ, როგორ? – დაინტერესდა „ვენია ტუზი“, რომელიც ქურდიც იყო და შულერიც. თუმცა, ამის შესახებ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და მათ შორის ბურატინომაც.
– როგორ და თამაშში უნდა ჩავრთოთ. ბლოკი შევუკრათ და იმხელა თანხა წავაგებინოთ, რომ ვერ ჩააბაროს. ამის შემდეგ მას თავიდან მოვიშორებთ. ამ საქმეში მთავარი როლი შენ გეკისრება, – თქვა ბურატინომ. შემდეგ ქურდებმა დეტალური გეგმა შეიმუშავეს და დაიშალნენ. თამაში ხუთი დღის შემდეგ გაიმართა და ვენია ტუზმა ცხვირას 650 ათასი მანეთი მოუგო.
– მოიგე. მეყოფა თამაში, – თქვა ცხვირამ და კარტი მაგიდაზე დაყარა. შემდეგ წამოდგა და წელში გაიმართა.
– ბევრი წააგე, ცხვირა. არ გინდა, რომ გაქვითო, ან ფოსტა შეამცირო? – მლიქვნელურად ჰკითხა ბურატინომ.
– კმარა. დღეს არ მიმართლებს.
– მოგებულს როგორ მივიღებ? – ჰკითხა ვენია ტუზმა ცხვირას.
– როგორც მოვილაპარაკეთ, სამ კვირაში, – მშვიდად მიუგო ცხვირამ და ბარაკიდან გავიდა.
შეთქმული ქურდები ხარობდნენ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ სამი კვირის გასვლას, რომ ცხვირა გაეფუჭებინათ. მან კი საქართველოში „ქსივა“ აფრინა და საიმედო ხალხს თავანის შეგროვება და კოლიმაზე დროულად ჩამოტანა დაავალა. ეს საქმე ზაზა კიკაბიძემ, მეტსახელად „კოღომ“ ითავა. მან 2 კვირის განმავლობაში ცეხავიკებისგან 700 ათასი მანეთი შეაგროვა და უსაფრთხოების მიზნით, კოლიმაზე მატარებლით გაემგზავრა. მართალია, თვითმფრინავით ის უფრო მალე ჩაფრინდებოდა, მაგრამ ფულის აღმოჩენის შეეშინდა და რკინიგზა ამიტომ აირჩია. გამგზავრებამდე კოღომ ცხვირას ქსივა გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „ყველაფერი რიგზეა, მატარებლით მოვდივარ. არ ინერვიულო“.
დანიშნულ დროს კოღო ზონაში არ გამოჩენილა. ცხვირა თავის ბარაკში იწვა და მოუთმენლად ელოდა კოღოს. თუმცა, თავანის ჩაბარების ვადა რომ ამოიწურა, მან პირჯვარი გადაიწერა, კაპრონის თოკი ჩამოკიდა ხის კოჭზე და თავი ჩამოიხრჩო. ქარბორბალა ამ დროს ზონაში იყო გასული და ძმის თვითმკვლელობის ამბავი მას ქურდებმა შეატყობინეს.
– ღირსეული კაცი იყო ცხვირა და ამქვეყნიდანაც კაცურად წავიდა, – მიუსამძიმრა ბურატინომ ქარბორბალას.
კოლონიის ადმინისტრაციას ცხვირას დასაფლავება პატიმართა სასაფლაოზე უნდოდა, მაგრამ ქურდებმა ფული გადაიხადეს, თბილისში გადაასვენეს და იქ დაასაფლავეს.
ქურდის დაღუპვის გამო ქურდული სამყარო ფეხზე დადგა – გაუჩინარებულ კოღოს ეძებდნენ. საბოლოოდ, ის სოჭის გზაზე, ერთ-ერთ სარკინიგზო გვირაბში აღმოაჩინეს. კოღოს ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი თავში და აშკარა იყო, ჯერ მატარებელში მოკლეს, შემდეგ კი გადააგდეს.
– ესე იგი, ყველაფერი მოწყობილი იყო და კოღო პატიოსანი კაცია. ღმერთმა აცხონოს, – ჩაილაპარაკა ქარბორბალამ, როდესაც მას კოღოს ამბავი აცნობეს ზონაში გაგზავნილი ქსივით.
ქარბორბალა ყოფილი სპეცმეომარი იყო და საბრძოლო თვისებების გარდა, გონებაც კარგად უჭრიდა. ის ვარაუდით მიხვდა, თუ სად უნდა ეძებნა ძმის მკვლელი და შესაბამის მომენტს დაელოდა. ერთ მშვენიერ დღეს, მან ტუზი მიტოვებულ საამქროში შეათრია და ყველაფერში გამოტეხა. ტუზი დიდხანს ჯიუტობდა, მაგრამ სკალპის ახდას ვერ გაუძლო და სიკვდილის წინ თქვა:
– ყველაფერი ბურატინომ მოაწყო. მან ჯერ ბლოკი შეგვაკვრევინა ცხვირასთვის, შემდეგ კი თავის ხალხს სოჭში შეატყობინა კოღოს შესახებ, მოაკვლევინა ის და ფული გადაამალვინა.
ქარბორბალას და ტუზის დიალოგს შემთხვევით ერთ-ერთმა ქურდმა და ქათამმა მოჰკრეს ყური, რომლებიც საამქროში სექსისთვის იყვნენ შესულები. ის ქურდი, მეტსახელად „ბასრი,“ ცხვირას წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობდა და ყველაფერი ბურატინოს შეატყობინა. შეთქმულმა ქურდებმა ქარბორბალას მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მან სამი ქურდი გამოასალმა სიცოცხლეს და ერთ-ერთი ბარაკის სახურავზე მოკალათდა. ბადრაგმა ის სახურავიდან ჩამოიყვანა და მკაცრ იზოლაციაში მოაქცია. ბურატინომ, გათქმის შიშით, ზონა ააბუნტა და ამ არეულობაში ქარბორბალას მოკვლა სცადა. თუმცა, ამ ბუნტით ყველაზე უკეთ თავად ქარბორბალამ ისარგებლა და ზონიდან გაიქცა.
მარტოხელა
კოლიმის ზონიდან ქარბორბალა 11 ივლისს გაიქცა. მდევარი მას მხოლოდ 12 საათის შემდეგ დაადევნეს, მაგრამ პავლე ზარანდია ვერ შეიპყრეს და ხელმოცარული დაბრუნდნენ უკან. 12 ივლისს ქარბორბალაზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და მისი სურათები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააგზავნეს.
– თუ ტაიგას გადაურჩა, მაშინ აუცილებლად სამშობლოში დაბრუნდებოდა და ჩასაფრება თბილისში მოვუწყოთ, – უთხრა ტელეფონით დოდენკომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. დოდენკო მაშინ საკავშირო სამძებრო სამმართველოს ხელმძღვანელობდა და ქარბორბალას შეპყრობა პრესტიჟის საქმედ მიაჩნდა.
გაქცეულ ბოროტმოქმედს ქურდებიც ეძებდნენ.
ბურატინომ გამჟღავნების შიშით ქარბორბალაზე ნადირობა გამოაცხადა და საბაბად სამი ქურდის მკვლელობა დაასახელა.
„ვინც მაგ მარტორქას გააჩერებს, ის ჩვენი ძმა გახდება“, – წერდა სხვადასხვა ქალაქში გაგზავნილ ქსივებში ბურატინო.
ამასობაში ქარბორბალამ სოჭამდე ჩააღწია და ძველ ქურდს, მეტსახელად „ნეპმანს“ შეხვდა.
– აქ მოსვლა როგორ გაბედე? – ჰკითხა 70 წლის ნეპმანმა ქარბორბალას, – შენ სიკვდილი გაქვს მისჯილი ჩვენი საძმოსგან და რომ შემეძლოს, სიამოვნებით ავასრულებდი განაჩენს.
ქარბორბალამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ნეპმანს და დაამატა:
– აქ იმიტომ მოვედი, რომ საქმის კურსში ჩაგაყენო. სამივე ქურდი სიკვდილის ღირსი იყო, თუმცა მე მათი მოკვლა არ მინდოდა და ასე გამოვიდა.
– თუ არ ტყუიხარ, მაშინ ყველას თავისი მიეზღვება, მაგრამ სიმართლის დამტკიცება ძალიან გაგიჭირდება.
– ნეპმანო, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და სიტყვა მომეცი, თუ, ამაში დარწმუნდები, შენს ქურდულ სიტყვას იტყვი და უღირსებს მკაცრად დასჯი.
– სიტყვას გაძლევ.
ქარბორბალა სოჭში დარჩა და გაიგო, რომ კოღოს მკვლელობის საქმეს კაპიტანი იური ბოჩაოროვი იძიებდა. პავლე ზარანდიამ მისი მისამართი შეიტყო და კაპიტანს პირდაპირ სახლში ესტუმრა. ბოჩაროვი მარტოხელა იყო და ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა.
–მე ქარბორბალა ვარ და მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია მეძებს. უკან დასახევი გზა არ მაქვს. მითხარით, ვინ მოკლა კოღო და სად შეიძლება მკვლელების პოვნა, – ჰკითხა ქარბორბალამ კაპიტანს და იარაღი მიუშვირა.
– კოღო, „კლოუნმა“ და „ბიძამ“ მოკლეს. ისინი ამჟამად იმალებიან და თქვენ უფრო ადვილად იპოვით.
ქარბორბალამ 10 ათასი მანეთი დაუტოვა კაპიტანს. შემდეგ იარაღი დაუბრუნა და წავიდა.
იმავე ღამეს დაბა ხოსტაში ქარბორბალამ კლოუნი და ბიძა იპოვა, რომლებიც ექთანი გოგონას სახლში იმალებოდნენ. ექთანი კლოუნის საყვარელი იყო და ქარბორბალამ ეს ერთ-ერთი სოჭელისგან შეიტყო, რომელიც ცხვირასთან მეგობრობდა.
ქარბორბალამ სამივე გაკოჭა. შემდეგ სოჭში გაემგზავრა და ნეპმანი ხოსტაში წაიყვანა.
– აი, ნეპმანო, კოღოს მკვლელები და თქვან, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ დაავალა მათ კოღოს მოკვლა.
კლოუნი და ბიძა ლაპარაკს არ აცდიდნენ ერთმანეთს.
– კოღოს სოხუმში ჩავუსაფრდით, სოჭამდე მოვკალით და გვირაბში გადავაგდეთ. 700 ათასი მანეთი კი აი, ამ ბუფეტის უკანაა დამალული, – თქვა კლოუნმა.
ფული მართლა ადგილზე აღმოჩნდა. ნეპმანმა იკითხა:
– ვინ დაგავალათ ეს საქმე?
– ბურატინომ! – ერთხმად უპასუხეს გაკოჭილებმა.
– ახლა ყველაფრის მჯერა. დღესვე დავწერ ქსივებს, ყველგან გავგზავნი და ბურატინოსა და მის შაიკას საკადრისად დასჯიან, – თქვა ნეპმანმა.
– ნება მიბოძე, ჩემი ძმის მკვლელები მე დავსაჯო, – თქვა ქარბორბალამ.
– კი, მაგრამ, როგორ? შენ ხომ აქ ხარ, ისინი კი – კოლიმაზე?
– აი, ამის საშუალებით, – თქვა ქარბორბალამ და ნეპმანს ფულით სავსე ჩანთა დაანახვა.
განაჩენი
ქარბორბალას მარტო მოქმედება ძალიან გაუჭირდებოდა, ამიტომ მას ოთხი თავისი ძველი თანამებრძოლი ეხმარებოდა. პავლეს მსგავსად, ისინიც ძველი მეგობრები იყვნენ და ბრწყინვალე სამხედრო სპეცმომზადება ჰქონდათ გავლილი. ქარბორბალას ჯერ კიდევ ცხვირას სიცოცხლეში ჰქონდა ჩაფიქრებული ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა და საამისოდ ის ძველ თანამებრძოლებს ეძებდა.
700 ათასი მანეთიდან 100 ათასი კოღოს ოჯახს გაუგზავნეს. 100 ათასი – ნეპმანს გადასცეს, 100 ათასი დაიტოვეს, 400 ათასი კი ¹7-ე კოლონიაში წაიღო ივანე პრონინმა.
– ვანია, – უთხრა ქარბორბალამ პრონინს, – ეს ფული მაიორ სტუკაჩოვს გადაეცით. ის რეჟიმის უფროსია და გაქცევა მან მომიწყო. ის გამოგატანთ ბურატინოს და სხვა ძუკნებს.
ორი კვირის შემდეგ პრონინმა, ქარბორბალამ და დაჯგუფების კიდევ სამმა წევრმა სოჭში ბურატინო, „ბაღლინჯო,“ „შავი“ და „ნიკალაშკა“ ჩამოიყვანეს. მაიორმა ოთხივე დააძინა და ქარბორბალას ძმაკაცებს გადასცა. 12 საათის შემდეგ კი ზონაში განგაში ატყდა – ისინი გაქცეულებად გამოცხადდნენ და ტაიგაში მდევარი დაადევნეს.
3 აგვისტოს ხოსტაში, კლოუნის საყვარლის, ექთნის სახლში ქურდული სასამართლო გაიმართა. მას ნეპმანის გარდა, კიდევ ექვსი ქურდი ესწრებოდა. ბრალდებულებს ყველამ სიკვდილი მიუსაჯა.
– ახლა ისინი შენს განკარგულებაში არიან და შეგიძლია, გასაკეთებელი გააკეთო. ჩვენ შენთან არანაირი პრეტენზია არ გვექნება, – უთხრა ქარბორბალას ნეპმანმა და წამოდგა, – მხოლოდ, ჯერ ჩვენ წავალთ და მერე კი, შენ იცი.
ქურდები რომ წავიდნენ, ქარბორბალამ ექთანი გაუშვა. შემდეგ ბურატინო და მისი დამქაშები სათითაოდ ახსნა და ორ-ორი გასროლით დახოცა.
– მორჩა, ცხვირას მკვლელები საიქიოს გავისტუმრე, – თქვა ქარბორბალამ და იქაურობას ჯერ ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ანთებული ასანთი გადააგდო...
სისხლიანი შეტაკება
ელდარ ზუევი სოჭის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე და მარლენ გორგილაძის, იგივე ბურატინოს ალალი დეიდაშვილი იყო. თავისი აგენტების მეშვეობით, მან უახლოესი ნათესავის მკვლელის ვინაობა დაადგინა და ქარბორბალაზე ნადირობა გამოაცხადა. მანამდე კი სოჭში ნეპმანი მოაკვლევინა.
მაიორი ზუევი ქარბორბალას კვალს პირადად დაადგა და თავის „გალავარეზებთან“ ერთად, სოჭში, ქართველთა დასახლება პლასტუნკაში მოიხელთა მეგობრებითურთ.
მილიციის თორმეტკაციანმა რაზმმა ხუთი ყოფილი სპეცრაზმელი იური აბესაძის სახლში ალყაში მოაქცია და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ცეცხლი გახსნა. თითქმის ერთსაათიანი შეტაკების შემდეგ, ექვსი მილიციელი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა, ქარბორბალას კი სამი მეგობარი მოუკლეს – მხოლოდ მან და ვანია პრონინმა მოახერხეს გაქცევა.
– ეშმაკის კერძი! – ღრიალებდა ზუევი, – ის, ისევ დაგვისხლტა ხელიდან, ახლა ეძიე ნემსი თივის ზვინში!
უთავო მაიორი
ზუევი დარწმუნებული იყო, რომ ქარბორბალამ მას საქართველოში გაასწრო და იქ მისი დევნა ვეღარ გაბედა.
– არა უშავს, – ბუტბუტებდა მაიორი, – მასზე ძებნაა გამოცხადებული და სადმე ძაღლივით ჩაკლავენ.
სისხლიანი შეტაკებიდან სამი კვირის შემდეგ, მაიორი ზუევი რესტორანში ქეიფის შემდეგ სახლში დაბრუნდა და თავისი ბინის კარს რომ მიაწვა, კეფაზე ცივი ლულა იგრძნო.
– არ გაინძრე, შე ბოზო! – მოესმა ზუევს და ვიღაცის ძლიერმა ხელმა ის ბინაში შეაგდო.
ქარბორბალამ და ვანია პრონინმა მაიორს ჯერ ჩოგბურთის ბურთი ჩატენეს პირში, შემდეგ ზურგსუკან ხელები შეუკრეს და რკინის საწოლის თავზე დაადებინეს თავი.
– ჩაძაღლდი, შე ნაბოზარო! – თქვა ქარბორბალამ და მაიორს სამართებელივით ალესილი ხანჯლით თავი მოაჭრა. შემდეგ ის რადიომიმღებზე დადო და პრონინთან ერთად იქიდან გაუჩინარდა.
უთავო მაიორის ცხედარი მისმა მძღოლმა აღმოაჩინა, რადიომიმღებზე დადებული თავი კი მოგვიანებით შეამჩნია.
პრონინი მილიციამ კრასნოდარში მოკლა. ქარბორბალა კი მძიმედ დაჭრილი შეიპყრეს და როგორც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, მოსკოვში გადაიყვანეს, გაასამართლეს და დახვრიტეს.