სექსუალური ენერგიის არასწორად ხარჯვა, ორგანიზმში კოსმიური ენერგიების შემოდინებას აფერხებს
ყველასთვის აუცილებელია იმ ძალების აღდგენა, დედამიწიდან და კოსმოსიდან რომ მოდის ჩვენამდე, გვავსებს და გვამარაგებს სასიცოცხლოდ საჭირო, აუცილებელი ენერგიებით. ყველას სჭირდება ბუნებრივი ენერგიის წყარო, ანუ „დედამიწის ძალა“. სწორედ ამის საშუალებით კვებავს თითოეული ჩვენგანი თავის ნერვულ სისტემას და შიდა ორგანოებს. ბუნების ძალები სამ კატეგორიად იყოფა: უნივერსალური, დედამიწისა და კოსმიური ძალები. უნივერსალური ვლინდება, როგორც პლანეტებისა და გალაქტიკის ერთობლივი ენერგია. ეს ძალა კვებავს სამყაროში ყველაფერს, მათ შორის – ადამიანის გონებას და სამყაროში მის ყველა გამოვლინებას უწყობს ხელს. ადამიანები ამ ენერგიებს მხოლოდ ზედა კოსმოსური ხვრელიდან იღებენ. მას „ადამიანის გონების ენერგიასაც“ უწოდებენ. დედამიწასა და მთვარეს შორის არსებობს უდიდესი მიზიდულობის ძალა. ამით იქმნება ერთიანი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწისკენ მიმართავს ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ენერგიას და ის ადამიანის ერთიან ენერგეტიკულ ველზე უდიდეს გავლენას ახდენს.
დედამიწის ძალა შეიცავს მცენარეების, ცხოველებისა და დედამიწის ყველა ბუნებრივი მინარევის ენერგიას ერთიანად. როცა მცენარე ზრდის დროს ზევით მიიწევს, ამით კოსმიურ ენერგიას შთანთქავს და ზრდის პროცესსა და კვებას განაგრძობს. ცხოველები კი, ბალახისა და სხვა მცენარეების საშუალებით იღებენ ამ კოსმიურ ენერგიას. რაც შეეხება ადამიანს, დედამიწის ძალას ის ფეხისგულში მდებარე წერტილებიდან იღებს, შემდეგ ჭიპის ქვედა მხარეს ათავსებს და ასე იზოგავს მას. თუ გსურთ, სასიცოცხლო ენერგია აღიდგინოთ, მოიხსნათ სტრესი, იგრძნოთ შვება და დედამიწის ენერგიით დაიმუხტოთ, ხშირად იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა.
რაც შეეხება მესამე კოსმიურ ძალას, მას „ადამიანის სასიცოცხლო ძალასაც“ უწოდებენ. ის უნივერსალურ ძალთა ნაწილია და მთელ კოსმოსს ავსებს ამ ძალებით. ყოველი ჩვენგანი კოსმიური ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. ის ამ ენერგიას მედიტაციისა და სასუნთქი აპარატის, ანუ ცხვირისა და ფილტვების მეშვეობით ითვისებს და შეიწოვს, რითაც შემდეგ ენერგიის საწყის წყაროს უკანვე აბრუნებს. ადრე ჩვენი კანის უჯრედებს შეეძლო, შთაენთქა და ენერგიულ საკვებად გამოეყენებინა კოსმიური და სინათლის ენერგიის დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი. შემდგომ კი ადამიანმა დაიწყო სექსუალური ენერგიის არასწორად გამოყენება, რასაც მისი უჯრედების დეგრადირება და გადაგვარება მოჰყვა. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს კოსმიური ენერგიის მხოლოდ ათი პროცენტის გამოყენება შეგვიძლია. ადამიანები ბუნებრივი ცხოვრების წესის გამო დაშორდნენ თავიანთ შინაგან „მეს“, გონება სხვა სფეროებით გადაიტვირთა და, ამიტომ, სულ უფრო დავშორდით კოსმიურ ძალებთან კონტაქტს. საჭირო ენერგიას კი ადამიანი იღებს მცენარეებით, ბოსტნეულით, მინერალებით, ცხოველის ხორცით. ასეთი საკვების მიღებით გამოფიტული ორგანიზმი კოსმიური ენერგიით ივსება. ამიტომ, ეცადეთ ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, ახლოს იყოთ ხეებთან, ბალახთან, მიწასთან და ასე დაიმუხტოთ „დედამიწის ძალით“. ასე, თქვენს ორგანიზმს მისცემთ საშუალებას, გაძლიერდეს და მეტად შეძლოს კოსმოსიდან წამოსული სასიკეთო ენერგიებით მომარაგება.
ასევე, ირგვლივ არსებული ნივთი თუ მიმდინარე უამრავი მოვლენა – მაგალითად, არასწორად შერჩეული ნივთი, გამჭოლი მზერა, ბედში ხელოვნური ჩარევა და ასე შემდეგ, იწვევს ჩვენი აურის დაზიანებას, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასში, რაც, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერისთვის. ზოგჯერ ადამიანს უეცარი ტკივილი ეწყება სხეულის კონკრეტულ ადგილას და ვერ ხვდება, რისი ბრალია. შესაძლოა, ექიმმაც ვერ დაადგინოს, რა მიზეზით არის ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი გამოწვეული. რეალურად კი ეს, შესაძლოა, დაზიანებული აურის ბრალი იყოს. ნორმალური აურა, ადვილად იცავს ადამიანს გარემოს საშიში ზემოქმედებისგან. აურის გასაფართოებლად აუცილებელია ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებს ადვილად აარიდოთ თავი. კერძოდ: თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა დაჰყოთ. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით „გვტუმბავენ”. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა, გაშალეთ მიწაზე პლედი, წამოწექით და უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ უცნაურ ხმებს, მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები და განიტვირთეთ. ეს ემოცია, მერწმუნეთ, დიდხანს გაგყვებათ და დაგიცავთ უარყოფითი ზეგავლენისგან.
არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ, ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება. ასევე, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი, შემდეგ კი ხდება მისი გაძლიერება. საერთოდ, რაც უფრო განიერია ბიოველი, მეტ წინააღმდეგობას უწევს უარყოფით ენერგიას და ისიც ძნელად აღწევს სხეულში. ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს, კერძოდ, – უარყოფითი ან დადებითი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს და, შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობენ და კამათობენ, შვილსაც უზიანდება აურა. ზოგჯერ ადამიანი სხვასთან ურთიერთობის შემდეგ, იფიტება, გრძნობს სისუსტეს და ეწყება თავის ტკივილი. ამ დროს უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი. ეს უარყოფითი ენერგიის დაბლოკვის ერთ-ერთი მეთოდია. დაბინძურებულმა აურამ, შესაძლოა, ადამიანს ის ორგანო დაუავადოს, რომელიც შედარებით სუსტი აქვს. ძლიერად დაზიანებული ორგანოს გამოჯანმრთელება კი, შეიძლება, აურის გაწმენდის შემდეგაც ვეღარ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით და სახით არის აურა დაზიანებული. მისი გასუფთავებითა და გაძლიერებით ხდება უარყოფითი ენერგიის გაუვნებელყოფა, რადგან, ძლიერი დამცავი შრე, ანუ აურა შიგნით არ უშვებს ცუდ ენერგიებს და ასუსტებს მის ზეგავლენას ორგანიზმზე. არსებობს პერიოდი, როცა თავად შეგიძლიათ აურის გაძლიერება, კერძოდ, როცა მთვარე კლებას იწყებს. ამ დროს აქტიურად უნდა დაძაბოთ გონება და იფიქროთ ბედნიერ მომავალსა და იმაზე, რომ ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ; ხართ ყველაზე წარმატებული ადამიანი და ვერავინ შეძლებს თქვენთვის ცუდის გაკეთებას; იფიქრეთ იმაზე, რომ ძლიერი პიროვნება ხართ და სპეტაკი ზრახვები გაქვთ სხვების მიმართ.