რაზეა დამოკიდებული ბედისწერა და რატომ არ უნდა დაგავოთ იატაკი, როცა ოჯახის წევრი გზაშია
ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, დალაგებული, უპრობლემო და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, თუმცა, ეს არც ისე ადვილია. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, ცხოვრების ასაწყობად თავად უნდა მივიღოთ ზომები: სწორად დავგეგმოთ ყოველი ქცევა თუ მოქმედება და ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ მოვლენები.
მანანა: ყველა თავის წილ დარდს, საიდუმლოსა და ტკივილს დაატარებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, სახალისო, ბედნიერი და წარმატებული თავადვე გავხადოთ. კერძოდ, არსებობს წესები, ყველა ოჯახში რომ უნდა დაიცვან. ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას აიცილებენ თავიდან. ასეთი წესები კი არც ისე ბევრია და მათი შესრულება თუ გათვალისწინება აუცილებელია. მაგალითად, საღამოს მაგიდაზე თავღია ჭურჭლის დატოვებამ ღამით საცხოვრებელში ბოროტების გავრცელება იცის; გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას უბედურება მოაქვს; ღამით მაგიდაზე დანის ან რაიმე მჭრელი საგნის დატოვებას უსიამოვნებები მოსდევს ოჯახის წევრებს შორის; სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარებამ ბედის შეცვლა იცის; ნუ დაგვით იატაკს, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია; ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი – ის ბედზე ცუდად აისახება და არ არის გამორიცხული, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ასეთი უამრავი რჩევაა და ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასევე, გეტყვით, რომ ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებსა და თილისმებზე.
– თილისმასა და ავგაროზს შორის რა განსხვავებაა?
– თილისმა არის ნივთი, რომელიც რაიმე კონკრეტული შემთხვევისთვისაა შექმნილი. მისი დამზადებისას გათვალისწინებულია ფორმა, მასალა და შეფერილობა. ამის შემდეგ, თილისმა იწყებს საჭირო ენერგიის გადმოფრქვევას იმაზე, ვინც მას ატარებს. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს. თუ მას დადებითი ენერგიით დამუხტავთ, ის კოსმიურ პროგრამირებასთან დაგაკავშირებთ, ანუ – ბედისწერასთან. დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია, კერძოდ რისთვის არის მისი ტარება სასურველი. მაგალითად: ბედის გასახსნელად, სიყვარულის საპოვნელად, ოჯახის გასამყარებლად, მატერიალური კეთილდღეობისთვის თუ კარიერის მოსაწყობად. გაფრთხილებთ, მათი გაუთვითცნობიერებლად შეძენა და ტარება საშიშია და არა ბედნიერების მომტანი ან დაცვის ძალის მატარებელი. არასწორად შერჩეული ავგაროზი არღვევს კავშირს ბედისწერასთან და მისი გავლენა, შესაძლოა, უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთი რამეების მეტად სჯერათ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ბიზნესის დამცავ ავგაროზზე. ბიზნესმენი, რომელიც ასეთ ნივთს ატარებს, მას თავისთავად მუხტავს თავისი ენერგიით, ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რომლებიც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი. ჩვენთან ავგაროზები კუსტარულად მზადდება და მას არანაირი დანიშნულება არ აქვს. უცხოეთში კი ამაზე პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა მთელი ჯგუფი მუშაობს.
– როგორ უნდა ატაროს ადამიანმა ავგაროზი, რომ მან სიკეთე და ბედნიერება მოუტანოს პატრონს?
– ავგაროზი მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ. ავგაროზი, რომელიც წარმატებების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, მეორისთვის, შესაძლოა, სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ – ის ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს. ბევრი მეკითხება, იქნებ, დაგვაკვალიანოთ და მოგვცეთ რჩევა, როგორ შევარჩიოთ სწორად ავგაროზი, რომ მან მთელი წლის განმავლობაში წარმატება და ბედნიერება მოგვიტანოსო. ახლა მეძლევა საშუალება, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან გავცე მათ პასუხი: ავგაროზის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, უმჯობესია, ის გლუვი იყოს და მახვილი კუთხეები არ ჰქონდეს. მახვილი კუთხეები ხელს უწყობს ნივთიდან ენერგიის გამოდინებას. აუცილებელია, რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება და შეხება – ასე მისი დამუხტვაც ადვილად ხდება, რადგან, ენერგეტიკული კავშირი მყარდება ნივთსა და თქვენ შორის. ავგაროზი იოლად იმუხტება, თუ ის სხეულს ეხება. ამიტომ, უმჯობესია, ის გულზე დაიკიდოთ. ძილის წინ ადამიანი კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს, საკუთარ თავში იკეტება, აკეთებს ანალიზს, აწყობს გეგმებს; ძილის დროს კი ქვეცნობიერი განაგრძობს ამაზე მუშაობას და გულზე დაკიდებული ავგაროზი ნელ-ნელა იმუხტება. დილით მას სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია მისი მფლობელისთვის. ასე რომ, ავგაროზსა და ბედისწერას შორის უდიდესი კავშირია და ეს უნდა გახსოვდეთ.
– თილისმის ფერსაც აქვს მნიშვნელობა?
– თილისმის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. უძველესი მაგიური ფერებია ცისფერი და წითელი. რუსეთის ზოგ სოფელში წითელი და ცისფერი ლენტებით დღესაც რთავენ ცხოველებსა და ბოსტანში დარგულ მცენარეებს – ფიქრობენ, რომ ასე იცავენ მათ საშიშროებისგან. გათვალვის საწინააღმდეგოდ კი გამოიყენებოდა თეთრი და შავი ფერები. უფრო რთულად იყო საქმე ყვითელ ფერთან. გადმოცემის თანახმად, ადამიანი, რომელიც ოკულტური გავლენისადმი მგრძნობიარეა და ადვილად იღებს თვალს, არ იცვამს ყვითელ ტანსაცმელს; უფრო მეტიც – ყვითელი ფერის საგნების გარემოცვაში თავს მოუსვენრად გრძნობს. ძველად საქართველოში მიაჩნდათ, რომ ხმაურით ავ და ბოროტ სულებს ადვილად დააფრთხობდნენ. კერძოდ, ხმაურის საშუალებით ადვილად აძევებდნენ ბოროტ ძალას და მის ავ საქმეებს უშლიდნენ ხელს. ასევე, ბოროტებას ადვილად აფრთხობს ხელების ტკაცუნი და ძაღლის ყეფა.
– გათვალვის არიდება უფრო ადვილია თუ მისგან განკურნება?
– რასაკვირველია, გათვალვის არიდება უფრო იოლია, ვიდრე მისგან განკურნება – ასეთი დაავადება ხომ ჩვეულებრივი წამლებით არ იკურნება! ამიტომაც, გათვალული ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ავი თვალი აიღეს და ამის გამო ცხოვრებაში სირთულეები შეექმნათ ან ბედი ჩაეკეტათ, მაშინვე მიმართავდნენ უძველეს მეთოდს, კერძოდ, წყლის, ნახშირისა და დანის საშუალებით ცდილობდნენ პრობლემის მოგვარებას. სხვათა შორის, ამ მეთოდს დღესაც იყენებენ ჩვენს მთიან სოფლებში, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი – ჩვილი ბავშვის დასამშვიდებლად, ხოლო მოზარდებში – ღამის ძილის მოსაწესრიგებლად.
– ძილში მართლაც არის შესაძლებელი ადამიანის ბედისწერის შეცვლა?
– ძილი არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უხილავ ენერგეტიკულ სამყაროსთან აახლოებს და აკავშირებს. ამ ყველაფერს კი რეალურ, ფიზიკურ ცხოვრებასთან მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს. ბედის შეცვლა სიზმარში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს ფხიზელი ცნობიერების შენარჩუნება შეუძლია, რაც ყველას როდი ძალუძს. სანამ დაძინებას გადაწყვეტთ, დადექით ონკანთან და გამდინარე წყალს დააკვირდით, შემდეგ ფანჯარასთან მიდით, მოდუნდით და ცას უყურეთ რამდენიმე წუთი. რამდენჯერმე გააკეთეთ ასე და, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენს ბედში სასიკეთო ძვრები მოხდება, სასიამოვნო სიზმრებიც გარანტირებული გექნებათ და დილით კარგ განწყობაზეც გაიღვიძებთ. საერთოდ, როცა ადამიანს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, ბოღმა და სამაგიეროს გადახდის სურვილი არ აქვს ქვეცნობიერში ჩადებული, კოშმარული სიზმრები არ ესიზმრება.