ატამი ღვიძლისთვის, გარგარი კი გულისთვის სასარგებლო ხილია
ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გარგარი დაგეხმარებათ. ას გრამ გარგარში იმდენი სასარგებლო ნივთიერება შედის, რამდენიც 250 გრამ საქონლის ღვიძლში ან ერთ კილოგრამ ვაშლში.
გარგარი მდიდარია კალიუმის მარილებით, რაც შესანიშნავად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ასევე, გარგარში ბევრია A ვიტამინი, რომელიც აუცილებელია თვალისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
ატამი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ცხიმიანი და მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტის სმა კარგია თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების, აგრეთვე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს.
ატმის ნაყოფი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს და კუჭის დაავადებებისას.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ატამი იწვევს აღგზნებას და ვისაც ნერვული სისტემა სუსტი აქვს, მის ზედმეტ ჭამას უნდა მოერიდოს. ასევე, კარგი არ არის მისი მიღება ჭარბი წონისა და დიაბეტით დაავადებულთათვის.
ვაშლის წვენი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა
ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინითა და ვიტამინებით. ის საუკეთესო დიეტური პროდუქტია. მასში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას, ხოლო ნორმალური ბიოლოგიური მიკროფლორა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას.
ვაშლი ამცირებს ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაცაა. სასარგებლოა შეშუპების, დიათეზის, ნიკრისის ქარის დროს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას. ის დიეტური ხილია, მის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უკუჩვენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
ორგანიზმის შეშუპების შემთხვევაში, კარგია შემდეგი სახის ნაყენის მომზადება: გახეხეთ ერთი ვაშლი და გაწურეთ მარლაში. მიღებულ სითხეს დაამატეთ იმდენივე რაოდენობის წყალი და დაახლოებით 5 გრამი სტაფილოს დაჩეჩქვილი თესლი. მიიღეთ დილით, რადგან საღამოს მისი მიღება გახშირებულ შარდვასაც გამოიწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის. რეკომენდებულია მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში.
რაზე მეტყველებს სახეზე გაჩენილი გამონაყარი
სახის თითოეული ნაწილი ორგანიზმის გარკვეულ ორგანოს უკავშირდება, კერძოდ: სახის ქვედა ნაწილში გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია; ასევე, შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ასეთი დარღვევები ამ ორგანოების დაძაბვაზე მეტყველებს.
თუ გამონაყარი შუბლზე, ცხვირზე ან ზედა ტუჩზე გამოგდით ხშირად, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. ამიტომ, თუ ნაწლავის პრობლემებს დროულად მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.
თვალის უპეების შესიება საშარდე ბუშტის ანთებას მოასწავებს. თვალების ქვემოთ შავი რგოლები ღვიძლის პრობლემების ბრალია, ხოლო ქვედა ქუთუთოებთან მოლურჯო შეფერილობის რგოლები – თირკმელების დაავადების ნიშანი.
სხეულზე გამონაყარიც გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის: ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი მიანიშნებს იმას, რომ წესრიგში არ არის ლიმფური ქსოვილები; გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში – ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს. ღამის განმავლობაში ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ ეს ტოქსინები ხდება გამონაყარისა და სახის ფერის ცვლილების მიზეზი. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას.
დილით მინერალური წყლის დალევა კი, უბრალოდ, აუცილებელია.
რომელი პროდუქტია ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო და აუცილებელი
დიდი ხნის კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პროდუქტების სასარგებლო და აუცილებელი მნიშვნელობა, ადამიანმა რეგულარულად რომ უნდა მიიღოს, რათა მთელი რიგი დაავადებები აიცილოს თავიდან და ჯანმრთელობა და სიმხნევე დიდხანს შეინარჩუნოს. კერძოდ:
ისპანახი მდიდარია რკინითა და ბევრი სასარგებლო ნაერთით. ის ამაგრებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის თვალის ბადურის დაშრევებას. ასევე, დაბალკალორიულია.
ნიორი იცავს გულს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსუქნის წარმოქმნასა და განვითარებას. თუმცა, მისი ჭამა მათ ეკრძალებათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, რადგან ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტური ლიკოპენითა და C ვიტამინით. ის ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების განვითარებას. კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები პომიდვრის ჭამას უნდა მოერიდონ.
კომბოსტო და სატაცური მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
მოცვი აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.
თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. გულისთვის კი ეს პროდუქტი უებარი საშუალებაა.
თევზი ომეგა 3-ის წყაროა, რომელიც გულს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტისა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას.
როგორ ვითარდება თიაქარი და რა გამოვლინებები ახასიათებს მას
თიაქარი ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი, მაგალითად, მუცლის, შინაგანი ორგანოების, მუცლის კედლის, მენჯის, დიაფრაგმისა და ასე შემდეგ. ამ დაავადებას იწვევს ასაკი, მემკვიდრეობა, სიმსუქნე, მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები და სხვა. ასევე, დაავადების გამომწვევია ყველა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს მუცლის შიდა წნევის მომატებას. ამას მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ხანგრძლივი ხველა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობა, რადგან ამ დროს, მუცლის ღრუში წნევის მკვეთრ გაძლიერებასთან ერთად, მუცლის პრესი დუნდება და თხელდება. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ასაკში ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ფაღარათი, შეკრულობა, ყივანახველა, თიაქრის განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის. გარდა ამისა, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს თანდაყოლილი მანკი. გვხვდება მუცლის შიგნითა და გარეთა, ასევე, თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი. ძირითადად, მამაკაცებში ჭარბობს საზარდულის, ხოლო ქალებში კი ჭიპისა და ბარძაყის თიაქარი. ამ დაავადების მქონე ადამიანს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. აგრეთვე, თიაქარს ახასიათებს გამობერვა და ტკივილი თიაქრის მიდამოებში. სხვათა შორის, თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მისი გართულებებიდან აღსანიშნავია ანთება და ჩაჭედვა. ჩაჭედვის შემთხვევაში, მუცლის ღრუში წნევის უეცარი აწევის გამო თიაქრის პარკში ჩვეულებრივზე მეტი ორგანო ჩამოდის. ამ დროს თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭირება პარკში მდებარე ორგანოებს და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ახშობს მათ სისხლძარღვებს. თიაქრის ჩაჭედვის დროს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ამ დროს დაუშვებელია, მუცლის ღრუში მისი შესწორება. ამ მძიმე დაავადებისგან რომ დაიზღვიოთ თავი, აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზედმიწევნით დაცვა. თიაქრის განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, რომელიც მუცლის კედლის კუნთებს ამაგრებს. ასევე, აუცილებელია შრომის სწორად გადანაწილება, ორსულობის დროს კი – მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, მშობიარობის შემდეგ მუცლის მასაჟი და ვარჯიში. ბავშვებისთვის აუცილებელია რაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ჭინთვები. გაითვალისწინეთ ეს ყოველივე და ამ საშიში დაავადებისგან დროულად დაიცავით თავი.
რომელ დაავადებებს ამწვავებს ზაფხულის სიცხე
ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ. მაგალითად, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, აჩქარება და ასე შემდეგ. ერიდეთ დახუთულ ოთახში ყოფნას და მზეზე დგომას.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სასმელებს. ორგანიზმის მარილოვანი ცვლის აღსადგენად, სვით მინერალური წყლები.
სიცხეში წყურვილს ტკბილი და გაზიანი სასმლით ნუ მოიკლავთ. სითხე სისხლიდან ქსოვილებში გადავა და ხელ-ფეხის ან სახის შესიებას გამოიწვევს. მიღებული სითხის ხარჯზე იმატებს სისხლის ცირკულაცია, რაც იწვევს წნევის აწევასაც.
ასევე, სიცხე ქრონიკული დაავადების სახიფათო მტერია. ამ დროს ყველა ქრონიკული დაავადება მწვავდება. მზის აბაზანების ბოროტად გამოყენებისას კი მაღალია ბრონქული ასთმისა და კუჭის წყლულის შეტევის ალბათობა. ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, განსაკუთრებით ცხელ პერიოდში.
ჭამის წინ დალეული ერთი ჭიქა მინერალური წყალი, შიმშილის გრძნობას თრგუნავს
სწორი კვება ნიშნავს, საკვებიდან მიიღოთ ჭეშმარიტი სიამოვნება, შეინარჩუნოთ შესანიშნავი გუნება-განწყობა, ადვილად გადაწყვიტოთ ჭარბი წონის პრობლემა. სასურველია, დაახლოებით, ყოველ სამ საათში პატარა ულუფებით წაიხემსოთ. ეს სასიკეთოდ აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. ამასთან, სისხლის მიმოქცევის სისტემა ძალიან არ დაიტვირთება და ორგანიზმი ვიტამინებსა და მინერალებს მშვენივრად შეითვისებს. არც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მადას გააკონტროლებთ და ზომიერებას დაიცავთ. შედეგად კი არ შეიძენთ ზედმეტ კალორიებს და ჭარბი წონისგანაც თავს დაიზღვევთ. თუ დააკვირდებით, სწორი კვებით თვეში ორ კილოგრამსაც კი დაიკლებთ.
მსუბუქი წახემსებისთვის ყველაზე კარგია ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, იოგურტი, სალათის ფოთლები, უცხიმო ყველი, მოხარშული კარტოფილი, ბულიონი, ფინჯანი ჩაი ან ყავა.
დილით კარგია ნიგოზი, უცხიმო ხაჭო, ხილი ან ბოსტნეულის სალათა.
სადილის ან ვახშმის მომზადებისას შეარჩიეთ გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები.
ჭამეთ ყველაფერი, რაც გნებავთ, მაგრამ ცოტ-ცოტა. საკვები ნელა და გულმოდგინედ ღეჭეთ. ლუკმის დიდხანს ღეჭვისას საკვები მოცულობაში გაიზრდება და კუჭში დიდ ადგილს დაიკავებს, დანაყრების შეგრძნებაც დაგეუფლებათ.
ჭამის დროს კითხვა, ტელევიზორის ყურება, გამაღიზიანებელი საუბარი არ ღირს. როცა თავის ტვინში სხვა ცენტრები აღიგზნება, საჭმლის მომნელებელი პროცესი უარესდება.
ჭამის წინ, ათი წუთით ადრე, ერთი ჭიქა მინერალური წყალი დალიეთ. ის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და შიმშილის გრძნობას თრგუნავს.
დროდადრო კარგია, თუ მიირთმევთ ცივ საკვებს. გახსოვდეთ, კუჭი არასოდეს ამუშავებს საკვებს, რომლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. მას ჯერ გაათბობს, ამაზე კი ზედმეტი კალორიები იხარჯება.