როგორ ჩამოდიოდა დასასვენებლად კანარის კუნძულებიდან თბილისში გრიგოლ შვანგირაძე და როგორ აღმოჩნდა ის ესპანეთის პრესტიჟულ საკალათბურთო კლუბებში
გრიგოლ (იგივე ნიკუშა) შვანგირაძე ერთ-ერთია იმ ქართველ სპორტსმენთაგან, რომელიც ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში თამაშობდა. 15 წლის ასაკში ის თავად ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ესპანური საკალათბურთო კლუბ „არონას” პრეზიდენტმა შეარჩია, როცა მისი თამაში ნახა თბილისში. გრიგოლის მეუღლე ასევე წარმატებული სპორტსმენია კანარის კუნძულებიდან – მშვენიერი აინოა ერნანდეს ერნანდესი, ფრენბურთელი. ის ისეთ ცნობილ კლუბში თამაშობდა, როგორიცაა „ტენერიფე“. წყვილმა ერთმანეთი კანარის კუნძულებზე გაიცნო და ამჟამად პირველ შვილს ელოდებიან.
გრიგოლ (ნიკა) შვანგირაძე: კალათბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე, შემდეგ გადავედი ვაჟა კვარაცხელიასთან „კოლხაში”. 2 წლის შემდეგ გამოჩნდა შესაძლებლობა, წავსულიყავი ესპანეთში და იქ მეთამაშა ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში. საკალათბურთო აგენტი – თვით კლუბ „არონას” პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში, რომელმაც რამდენიმე ბიჭი შეგვარჩია ესპანეთში სათამაშოდ. „არონა” საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბია. ყოველთვის მინდოდა უცხოეთში თამაში. სხვათა შორის, ჩემი უფროსი ძმაც კალათბურთს თამაშობდა, მერე ფრენბურთში გააგრძელა ვარჯიში და ირანში წავიდა სათამაშოდ. მამაჩემი მეცნიერია და დიდი სურვილი ჰქონდა, მეც მეცნიერი გავმხდარიყავი. იყო კიდეც ამის შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ კალათბურთელობა გადავწყვიტე. მამა ჩვენი აქტიური გულშემატკივარია, ამიტომ ჩემს არჩევანს პატივი სცა და 15 წლის ასაკში ესპანეთში გამიშვეს. კი, ნერვიულობდნენ ძალიან, იყო სახლში განსჯა და ამბავი, მაგრამ საბოლოოდ, ჩავალაგე ბარგი და წავედი. მამა ზედმეტად კრიტიკული არასდროს ყოფილა, პირიქით გვარიგებდა და მხარს გვიჭერდა.
15 წლის ვიყავი და პირველად წავედი უცხოეთში მარტო. ძალიან კი გამიჭირდა, მაგრმ იქ სხვა ქართველებიც იყვნენ და ნელ-ნელა შევეჩვიე. ძირითადი სირთულე ის იყო, რომ ესპანურის აზრზე არ ვიყავი. რომ წავედი, ვიცოდი ინგლისური და ესპანეთში ინგლისური ცუდად იციან. მეტოქეობის ამბავია და არ მიაჩნიათ საჭიროდ ინგლისურის სწავლა – საერთაშორისო ენაა ესპანურიო. მწვრთნელს ინგლისურად ვეკონტაქტებოდი, თანაგუნდელებს სასაცილოდ – ხელებით და ფეხებით, რაღაცნაირად ვაგებინებდი. დავდიოდი სპეციალურ სკოლაში ერთ წელს, სადაც უცხოელებისთვის ესპანურს გაძლიერებულად ასწავლიან და ასე, ნელ-ნელა ვისწავლე. ენების ნიჭი მაქვს, როგორც ჩანს (იცინის). ყველაფრის ფულს გუნდი გვიხდიდა – კვებისას, ტანსაცმლისას და სტიპენდიაც მქონდა დანიშნული. „არონაში” საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზე. ჯერ კუნძულის ჩემპიონები გავხდით, მერე კანარის მთლიანად და ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ. ჩემთვის, პირადად, ძალიან წარმატებული სეზონი იყო. სხვათა შორის, იქ ხალხს ხშირად ესპანელი ვეგონე. ამბობენ, რომ ვგავარ მათ.
– თანაგუნდელ ბიჭებს როგორ შეეწყვე?
– რა ვიცი, ხომ გეუბნები, ხელებით და ფეხებით ვეკონტაქტებოდი, სასაცილო სიტუაციებშიც ხშირად ჩავვარდნილვარ. თვითონაც სასაცილო, დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობდნენ და იმათთვისაც სტიმული იყო, რომ ინგლისური ესწავლათ (იცინის). ზოგჯერ იქაურები მწვრთნელს ესპანურად ელაპარაკებოდნენ, ჩვენ ვისხედით დებილებივით და არაფერი გვესმოდა (იცინის). სხვათა შორის, ენის კომპლექსი არ მქონია და არც იმათ ჰქონდათ დაცინვის მომენტი. ძალიან მიყვარს ესპანეთი, მაგრამ ესპანეთი სხვაა და კანარის კუნძულები სხვა. კანარის არქიპელაგი აფრიკასთან ახლოსაა და ტროპიკული კლიმატია. წელიწადის 12 თვე სულ სიცხეა, პლაჟი, მშვენიერი წყალი... ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. მეგობრები დამცინოდნენ, კანარის კუნძულებიდან თბილისში ჩამოდიხარ დასასვენებლადო (იცინის). მართლა ეგრე გამოვიდა. ხალხი იქ წასვლაზე ოცნებობს და მე იქიდან კიდევ ზაფხულში თბილისში ჩამოვდიოდი.
– რის დათვალიერება მოასწარი ესპანეთში?
– მადრიდი ვნახე, მადრიდი ძალიან მომწონს, ულამაზესი არქიტექტურაა. კანარის 5 კუნძული, ალმერია, სევილია, ბარსელონა, ანდალუსია, გრანადა... ძირითადად, თამაშებზე მიწევდა იქ ჩასვლა. სანტიაგო ბერნაბეუზეც ვიყავი, რეალის სტადიონზე.
– შენს სპორტულ კარიერაზე გვიამბე.
– „არონადან” რამდენიმე წლის შემდეგ გადავედი „ტენერიფეში”, რომელიც როგორც კანარის კუნძულების, ასევე მთელი ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მაღალ კატეგორიაში თამაშობს. იქ კანარის ჩემპიონატზე ვთამაშობდით, თუმცა სამწუხაროდ, ჩემპიონები ვერ გავხდით. ტენერიფედან გადავედი „ტაკორონტაში”, პროფესიულ NBA ლიგაში. თავიდან გამიჭირდა, პირველი წელი რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელით და უმაღლეს ლიგაში გადავედით. ფინალშიც გავედით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. ეს გუნდი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა და შემდეგ ადგილობრივ კლუბ „სან ისიდოროში” გადავედი. ყველაზე წარმატებული სეზონი ჩემთვის ტიტულების მხრივ ალბათ, მაინც „ტაკორონტეში” იყო. ტენერიფეში გუნდმა ვერ მიაღწია წარმატებებს, მაგრამ პერსონალურად საკმაოდ მაღალი შედეგი მქონდა. 5 წელი ვითამაშე ესპანეთში, თავიდან 2 წელი საერთოდ არ ჩამოვსულვარ საქართველოში. იქაც ფინანსური კრიზისი დაიწყო და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი. ამჟამად საკალათბურთო კლუბ „სოხუმში” ვთამაშობ და წელს ისევ აქ დავრჩები. ზოგადად, ესპანეთში მაქვს გადაწყვეტილი დაბრუნება, თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან მექნება შემოთავაზება, არ ვიცი, შეიძლება, დავთანხმდე. საქართველოს საკალათბურთო ლიგაშიც აშკარა პროგრესია. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ცოტა ნაკლები გუნდია ლიგაში. უკეთესია, მეტი გუნდი იყოს.
– აინოასაც ვკითხოთ ახლა, ის პროფესიონალი ფრენბურთელია, როგორ დაინტერესდა ამ სპორტით?
აინოა ერნანდეს ერნანდესი: ფრენბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე სკოლის გუნდში, შემდეგ გავიარე გამოცდა ესპანეთის ყველაზე ტიტულოვან საფრენბურთო კლუბ „ტენერიფეში” და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვდიოდი – ჯუნიორებშიც ვთამაშობდი და პროფესიულ ლიგაშიც.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
გრიგოლი: „ტენერიფეში” რომ ვთამაშობდი, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. იქ შევამჩნიე და მომეწონა. შორიდან ვუყურებდით ერთმანეთს და ორივე ვგრძნობდით სიმპათიებს. მაგრამ, მაშინ არ გაგვიცნია ერთმანეთი. ვერ ვბედავდი დასალაპარაკებლად მისვლას. მალულად გავარკვიე, რომ ფრენბურთელი იყო, იმანაც გაიგო, კალათბურთელი რომ ვიყავი. მალულად შევაგროვეთ ერთმანეთზე ცნობები (იცინის). ვეპრანჭებოდი, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით. საერთო მეგობრები გვყავდა და იქ გავიცანით ერთმანეთი, როგორც იქნა. თითქმის იმ დღიდან ერთად ვართ, სიყვარული ძალიან მალე ავუხსენი.
– აინოა, რით მოგხიბლა გრიგოლმა?
აინოა: ფიზიკურობით, რა თქმა უნდა. „სილამაზით” (ქართულად ამბობს – ავტორი). (იცინიან).
გრიგოლი: ჰო, აბა, გარეგნობით მოვეწონე, თორემ ისე ხომ არც შემომხედავდა და არც დამელაპარაკებოდა. ენობრივი ბარიერი აღარ მქონდა უკვე. რომ გავიცანი, ძალიან კარგად ვიცოდი ესპანური. აპრილის ბოლოს დაიწყო ყველაფერი, მაგრამ მაისში წამოსვლა მიწევდა 2 თვით და რომ დავბრუნდი, უკვე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ხასიათით კარგად ვეწყობით ერთმანეთს, თითქმის არ ვჩხუბობთ, მარტო „ბარსა“-„რეალის“ თამაშებზე.
– და საქართველოზე იცოდა რამე, სანამ შენ გაგიცნობდა?
– საერთოდ არაფერი, გაგებულიც კი არ ჰქონდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. მერე მამამისს ჰკითხა და იმან იცოდა თურმე, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა. პირველად შარშან, იანვარში ჩამოვიდა საქართველოში ერთი თვით. ბოლო წელს სუპერლიგის საუკეთესო გუნდში თამაშობდა, სადაც ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგი გაუწყდა და საოპერაციო გახდა. სანამ ოპერაციას დაუნიშნავდნენ, შუალედში თბილისში ჩამოვიდა. მე აქ ვიყავი, აინოა – ესპანეთში. ძალიან გვიჭირდა უერთმანეთოდ. რომ ჩამოვიდა, გაიყინა საწყალი (იცინის). კანარის კუნძულებიდან ზამთარში აქ ჩამოსვლა წარმოგიდგენია? ისე, ძალიან მოეწონა აქაურობა. ნელ-ნელა დაიწყო ქართულის სწავლა, ესმის, რუსულიც ესმის. ყ-ს ჭ-ს და ასეთ ბგერებს ვერ გამოთქვამს (იცინიან). მე ვარ ამათი თარჯიმანი ოჯახში. სხვათა შორის, ბორშჩი, ხინკალი, მწვადი და აჭარული ხაჭაპური უყვარს, ქაბაბიც.
– ერთმანეთის სპორტს თუ ქომაგობთ?
– მე ფრენბურთი ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა, ჩემი ძმა ფრენბურთელი იყო. აინოას არ უყვარდა კალათბურთი, მაგრამ ჩემი ხათრით უყურებს და წესებიც ისწავლა. ერთმანეთის თამაშებზეც დავდივართ.