ჭეშმარიტი სარწმუნოება
* ერთხელ ტაძარში ერთი სემინარიელი შევიდა, ყურადღებით უსმენდა წირვას. გვერდით მდგომმა ნაცნობმა ჰკითხა: „რას გასწავლიან სემინარიაში?“ მან არ უპასუხა. მეზობელი კი არ ცხრებოდა – „რას გასწავლიან სემინარიაში?“ და ისევ ვერ მიიღო პასუხი. მესამეჯერ ჰკითხა: „შენ გეუბნები, რას გასწავლიან-მეთქი სემინარიაში?“ „იმას, რომ ეკლესიაში არ ვილაქლაქოთ“, – იყო პასუხი.
* იყო ორი ძმა, მეთევზეები. კვირადღეს ერთმა უთხრა მეორეს: „მე წავალ ეკლესიაში, შენ კი დარჩი. მიხედე ბადეებსა და ანკესებს, თევზს უდარაჯე“. ასეც მოიქცნენ. უფროსი ეკლესიაში წავიდა, უმცროსი კი დარჩა, მაგრამ გონებით ის ეკლესიაში იყო. ნავში მჯდომი წარმოიდგენდა, თუ როგორ გალობენ „ღირს არსს“. გალობდა თვითონაც და აი, მივიდნენ „აქებდით“-ამდე. აქებდა ისიც. დადგა დიდების დრო, იგი პირჯვარს იწერდა და გალობდა. აი, ახლა კი აღავლენენ: „კურთხეულ არს მეუფება“... ასე ფიქრით მიჰყვებოდა ის წირვის მსვლელობას.
უფროსი ძმა კი ეკლესიაში წირვაზე იდგა, მაგრამ გონებით ნავში იყო ძმასთან და თევზთან. გამუდმებით ფიქრობდა: „გაართმევს თუ არა ჩემი ძმა საქმეს თავს? გადააგდებს ბადეს? ვაითუ თევზი არ მოჰყვეს?“
ვინ მიიღო სარგებელი ღვთის მსახურებისაგან?
***
ნეტარ ლუკას ჰყავდა ღვიძლი ძმა, მონაზონი, რომელიც საკუთარ სულზე ნაკლებად ზრუნავდა. როდესაც იგი გარდაიცვალა, მის სენაკში იპოვეს საკმაოდ ბევრი ფული და ნეტარი ლუკა გაანაწყენა იმ ამბავმა, რომ მისმა ძმამ უპოვარების მონაზვნური აღთქმა დაარღვია. მთელი ნაპოვნი ქონება ბერმა ძმის სულის საოხად გასცა.
ლოცვის დროს ნეტარი ლუკა ხშირად ევედრებოდა უფალს, მისთვის ძმის ხვედრი ეუწყებინა. ბოლოს მას ჰქონდა ხილვა და დაინახა, როგორ ედავებოდნენ დემონები მისი ძმის სულს ანგელოზებს. ანგელოზები პასუხობდნენ, რომ სული მისთვის გაღებულმა მოწყალებამ გადაარჩინა.
„დიახ, მე ნამდვილად გავიღე მოწყალება ჩემი ცოდვილი ძმის სულისთვის“, – თქვა ნეტარმა და ხილვა გაქრა.
***
ერთი აზნაური ეტლით მიდიოდა და გზაზე ქვეითად მიმავალი კეთილმსახური მგზავრი დაინახა, ეტლში ჩაისვა და წაიყვანა. ისინი სადილის საჭმელად მახლობელ სასტუმროში გაჩერდნენ. სადილზე აზნაურმა ხუმრობა დაიწყო კეთილმსახურებაზე და თავის თანამგზავრს ჰკითხა:
– რას ფიქრობთ მომავალ ცხოვრებაზე?
– თქვენთან მოგზაურობა სადგურიდან სადგურამდე არაა საშიში და სასიამოვნოც არის, მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრებიდან საუკუნო ცხოვრებაში გადასვლას თქვენთან ერთად ერთი გზით არ ვისურვებ, – უპასუხა მგზავრმა.
***
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი მოგვითხრობს:
„– მოძღვრისგან ერთხელ ასეთი მონათხრობი მოვისმინე: „ერთ მდიდარ კაცს გზად ერთი მათხოვარი შეხვდა. მათხოვარმა მას თავისი უბედურების შესახებ უამბო, მდიდარს შეებრალა იგი და იმ შვიდი ლირიდან, რომელიც თან ჰქონდა, ორი უწილადა. მას შემდეგ, რაც მათხოვარმა თავის სხვა უბედურებებზეც მოუთხრო, კიდევ ორი ლირა მიიღო. წყაროსთან მისულებმა წახემსება გადაწყვიტეს. მდიდარმა ღარიბს თავისი საგზალი გაუყო და მოისმინა რა ახალი ისტორია მისი ცხოვრებიდან, კიდევ ორი ლირა მისცა. ამდენად, მოწყალე იყო! მათხოვარმა ექვსი ლირა რომ მიიღო, მადლიერების ნაცვლად, უეცრად ტანსაცმელში დამალული დანა ამოიღო და მეშვიდე ლირა მოითხოვა. საარაკო უმადურობაა! რისი ღირსია იგი? – დაასრულა თავისი ამბავი მოძღვარმა.
– სიკვდილის! – შესძახეს მისმა მსმენელებმა.
– თქვენც ასეთივე მკაცრ სასჯელს იმსახურებთ, – უთხრა მოძღვარმა მათ, – სწორედ თქვენა ხართ ის უმადური მათხოვარი. ღმერთმა ექვსი დღე მოგცათ და თავისთვის მხოლოდ ერთი დაიტოვა, თქვენ კი ის ერთი დღეც მოსტაცეთ!“