რატომ დაანგრიეს ლავრენტი ბერიას ბრძანებით თამამშევის ქარვასლა-თეატრის შენობა და რა ისტორიები უკავშირდება „ტილიპუჭურას“ დუქანს
1874 წლის 11 ოქტომბერს თბილისში არნახული მასშტაბის ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ალში იყო გახვეული ქალაქის მშვენება, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით, იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტითა და მეცენატ გაბრიელ თამამშევის ფულით აშენებული ოპერა-თეატრი, რომელსაც თბილისელები „თამამშევის ქარვასლა-თეატრს“ უწოდებდნენ.
ხანძარი თამამშევის ქარვასლა-თეატრში
გრიგოლ ორბელიანი წერდა: „დაიწვა თამამშევის ქარვასლა და მასთან – ჩვენი თეატრი. მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვეთ, რომ თბილისში არ ყოფილა „პაჟარნი კამანდა“. შეგროვდა მრავალი ხალხი და მწუხარებით შეჰყურებდა, როგორ ადიოდა ალი ვარსკვლავებამდის”. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „1874 წლის 11 ოქტომბერს „ერევანსკის მოედნის“ მახლობლად დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ამ საღამოს თეატრში უნდა დაედგათ „ნორმა“. არტისტებს უკვე გრიმი ჰქონდათ გაკეთებული, რომ უცბად ქარვასლის შენობაში გაჩნდა ცეცხლი. პირველი ალი ამოვარდნილა ყაზაროვის მაღაზიიდან. ეს ყველას უკვირდა, რადგან მაღაზიები ადრე იკეტებოდა და მთავრობის განკარგულებით, არასდროს სანთელანთებულნი არ ვაჭრობდნენ. როგორც შემდგომ გამოძიებამ დაამტკიცა, ქარვასლის ვაჭრებს არ ეპიტნავებოდათ სავაჭრო სახლის შუაგულში თეატრის არსებობა. თურმე გაკოტრების მიზნით ვინმე ყაზაროვს (მეორე ვერსიით – ლაზარევს) თავის სავაჭროში შუქი განზრახ დაუტოვებია. გაზეთი „დროება“ წერდა: „გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ცეცხლი თამამშევის ქარვასლას თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია. ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე.“ სასამართლომ ლაზარევს ან ყაზაროვს განაჩენი გამოუტანა და მიუსაჯა ცხრაწლიანი კატორღა და შემდეგ – სამუდამო გადასახლება ციმბირში. ცეცხლთან მებრძოლი რაზმი, რომელიც ალმოდებული შენობის პირდაპირ იყო განლაგებული, მაშინვე გაჩნდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაფერისი ხელსაწყო-იარაღი, არ იყო სახანძრო კიბე. მოედნის შუაგულში მდებარე აუზი კი ამომშრალი იყო და მეხანძრეები იძულებულნი იყვნენ, პოლიციის დახმარებით მოერეკათ თბილისის თულუხჩები და მტკვრიდან წყალი ამოეტანათ. მეთულუხჩეების 16-საათიანი შრომის მიუხედავად, ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ამ პერიოდში მოედანზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი და უყურებდნენ, თუ როგორ ნადგურდებოდა თეატრის შენობა, რომლის დაწვის შემდეგ, თბილისურ საზოგადოებას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, აღედგინა ოპერის შენობა. მეცენატმა თამამშევმა უარი განაცხადა ხელახლა გამოეყო ფული ოპერის ასაშენებლად, თანაც იმ დროისთვის ოპერის აშენების მთავარი ინიციატორი – გრაფი ვორონცოვი ცოცხალი აღარ იყო და თამამშევს ვერავინ დააძალა ფული ჩაედო. ერევნელი სომხებიც ეხვეწებოდნენ, ჩვენთანაც ააშენე ოპერაო ან ფულით დაეხმარე წარმატებულ სომეხ ახალგაზრდობას კულტურის ამბავშიო, მაგრამ კულტურული ცხოვრება თამამშევს არ აინტერესებდა. მისი მთავარი ამოცანა იყო ფინანსური მოგება მიეღო და სწორედ ამის გამო აღარ აღადგინეს ოპერა, სამაგიეროდ, აღადგინეს მხოლოდ მაღაზიები და დუქნები.
თამამშევის ქარვასლის მაღაზიები
ცნობილია მაღაზიების მფლობელების ჩამონათვალი: ავეტისიანის, ალიხზანოვის, ანდრიასოვის, ბაღდასაროვის, ბერიძის, ერამოვის, ტერ-გუკასოვის, ზედგენიძის, კოვალიოვის, ელიზის, ყაზაროვის, კონდახჩევის, მურადოვის, ნერსესოვის, ტიევის, სუღინოვის, ტერ-აბრამოვის, ძმებ ხარაზოვების, ძმებ იარალოვების და სხვათა საგალანტერეო მაღაზიები. დოღონიძის, იოსიფოვის, ნასიბოვის, ტერ-ავეტისიანის და შიოშვილის ქალთა ტანსაცმლის მაღაზიები და რაბინოვიჩის ოქროს ნაკეთობათა საიუველირო მაღაზია. აგრეთვე, იქ იყო სხვადასხვა სახელოსნო, მეწაღეებისა და მკერავების სამუშაო ადგილები. ქარვასლაში იყო გახსნილი ცნობილი საყვავილე, რომელიც მეყვავილე მიხეილ მამულაშვილს ეკუთვნოდა. ყვავილების მაღაზიის სახელი იყო „სოლეიდორი“ ანუ „ოქროს მზე“. სულ ქარვასლაში გახსნილი იყო 266 მცირე და საშუალო ზომის მაღაზია. 1895 წელს ქალაქის მეორე ელექტროსადგურმა სწორედ თამამშევების ქარვასლაში დაიწყო მუშაობა.
დუქნები
თამამშევის თეატრ-ქარვასლაში რამდენიმე დუქანი იყო გახსნილი, მათ შორის ყველაზე ცნობილი – „ტილიპუჭურას“ დუქანი, რომლის სახელს რამდენიმე საინტერესო ისტორია უკავშირდება. „ტილიპუჭურას“ მფლობელი იყო ვინმე არტემ ქამელოვი, სომეხი მედუქნე. მაშინდელ თბილისში ძალიან იაფი და ძალიან პოპულარული დუქანი იყო. უამრავი ადამიანი სტუმრობდა ამ დუქანს, მათ შორის პოლიცმაისტერები. დუქანს თავისი სასტუმრო ჰქონდა, სადაც დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ქალაქის სტუმრები ჩერდებოდნენ. იაფიანი იყო, თუმცა კეთილმოწყობილი. კაი ხანს აკაკი წერეთელი იყო გაჩერებული ამ სასტუმროში, რამდენიმე თვე იცხოვრა და გადმოცემით ამბობენ, რომ სწორედ აქ დაასრულა მან რომანის „ბაში-აჩუკის“ დაწერა. ამბობენ, რომ წერეთელი ფულს არ უხდიდა ამ მედუქნეს და ბოლოს, რის ვაი-ვაგლახით, სხვების შეგროვილი ფულით გაუსტუმრა ვალი ქამელოვს. კიდევ ერთი ისტორია: ალექსანდრე ყაზბეგი მავან ყმაწვილკაცებს მაგრად უცემიათ ამ „ტილიპუჭურას“ დუქანში. ცუდი სიმთვრალე ჰქონია და ამის გამო. ქარვასლაში კიდევ ერთი ცნობილი დუქანი იყო, სახელად „ფანტაზია“, თუმცა თბილისში კიდევ ერთი რესტორანი იყო ამ სახელწოდებით, რომელიც კოჯრის გზაზე იყო გახსნილი. „ტილიპუჭურას“ დუქანს უკავშირდება კიდევ ერთი ლეგენდა: თითქოს სტალინი და კამო სწორედ ამ დუქნიდან გამოცვივდნენ და თავს დაესხნენ კავკასიის ფოსტის ეტლს, რომელსაც ფული გადაჰქონდა.
1934 წელს გასაბჭოებული საქართველოს სათავეში მოსულმა ლავრენტი ბერიამ მაშინდელ ზაკფედერაციის და ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე არსებული თამამშევის ქარვასლის შენობის დანგრევის და მოედნის სივრცის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ისტორიული შენობა კომუნისტებმა მიწასთან გაასწორეს და მის ადგილზე მარმარილოს ტრიბუნა ააგეს. შემდგომ ეს ტრიბუნა ვლადიმირ ლენინის ძეგლმა ჩაანაცვლა, ხოლო ამჟამად ქარვასლის ადგილზე ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის მონუმენტი დგას.