კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააწყო პირადი ცხოვრება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მიშა ცაგარელმა

ცნობილი ადამიანების მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის იყო და იქნება. როგორები არიან ისინი რეალობაში, როგორ ცხოვრობენ, რა ყოფითი პრობლემები აქვთ, რა უჭირთ და რა ულხინთ. ეს ყველას ძალიან გვაინტერესებს. ამ დღეში არიან მათი მეორენახევრებიც, რომლებიც პოპულარული მეუღლეების გვერდით, ძალაუნებურად, ჭორებისა და კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან. დღეს ხალხისთვის იმედის მიმცემისა და საყვარელი ასტროლოგის, მიშა ცაგარელის მეუღლეს გაგაცნობთ.      

– ქალბატონო ნანა, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი-მეთქი არ გკითხავთ. ვიცი, რომ ერთმანეთს გვიან შეხვდით, 30 წელს რომ გადაცილდით, თან, იმ დროს უკვე მიშა ცოლს გაცილებული იყო. ხომ არ იყო თქვენთვის რაღაც მომენტში ხელისშემშლელი ფაქტორი ის, რომ მას უკვე ჰქონდა ოჯახი?        

– მიშიკო სტუდენტი იყო, როცა დაქორწინდა და ძალიან მალე დაშორდნენ, ერთმანეთს. მრავალი წლის მერე კი მე შევხვდი. რა თქმა უნდა, რომ გავიცანი და სერიოზულად დავახლოვდით, ყველაფერი ვიცოდი. დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობდით და ბავშვი მამასთან, ბებია-ბაბუასთან ხშირად მოდიოდა. იმდენად კარგი პიროვნება იყო მიშიკო, იმდენად არაორდინარული (განსხვავდებოდა ჩემ ირგვლივ მყოფი მამაკაცებისგან, მეგობრების ქმრებისგან), რომ ეს მომენტი ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. ქალისთვის ხომ მთავარი ოჯახია. მე შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც უზომოდ შეუძლია სიკეთის გაკეთება, სიყვარული. ყველაფერია ამ კაცში და ის, რომ მას უკვე ჰქონდა ოჯახი და ეს იყო, როგორც თვითონ ამბობს ახალგაზრდული შეცდომა, ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.  

– ჩვენთან ინტერვიუში თქვენი მეუღლე ამბობს: „მეორე ოჯახს რომ ვქმნიდი, მაშინ ჩემი დამოკიდებულება უკვე საკმაოდ გააზრებული იყო. ვგრძნობდი, რომ ჩემი მუხრუჭები კარგად მუშაობდა, ვიცოდი ზოდიაქოს ნიშანთა თავსებადობაც, ისიც, რა პერიოდში შეიძლებოდა მომხდარიყო კონფლიქტი, როგორ უნდა ამევლო გვერდი პრობლემისთვის. მეორე ოჯახთან – დღემდე მომყვება სტაბილურობა” თქვენ თუ ფიქრობდით, ზოდიაქოს რა ნიშნის შეიძლებოდა, ყოფილიყო თქვენი მომავალი მეუღლე, შეეთავსებოდით ერთმანეთს, არ შეეთავსებოდით?..     

– მე მაინც არ მიმაჩნია, რომ ამ ნიშნით შემარჩია, იმიტომ რომ მაშინ მიშიკო არ იყო კარგად ჩახედული ასტროლოგიაში. შეიძლება თავისთვის ჩუმად რაღაცეებს არკვევდა და გაუხარდა, რომ „ქალწული” შეხვდა, მაგრამ არა მგონია, ამიტომ შევერთე. არც მე გამითვლია. ისიც კი არ ვიცოდი, „კურო” რომ იყო და „ქალწული” „კუროსთან” ასპროცენტიანი შეთანხმებაა. მაშინ, საერთოდ არაფერი ვიცოდი ასტროლოგიაზე. მერე, უკვე მოგვიანებით, როცა მიშიკომ სერიოზულად მოკიდა ხელი ამ საქმეს, თავისი სპეციალობის პარალელურად, მაშინ იმდენი რაღაც გახდა ჩემთვის ნათელი – ვიგრძენი, რომ იმ დღიდან ყველაფერს ვუყურებ მიშიკოს თვალით. როდის რა გავაკეთო, როგორ წარიმართება ჩემთვის დღე... ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ამის მიხედვით ვცხოვრობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.  

– გაფრთხილებთ ხოლმე როგორი დღე გექნებათ? 

– საჭესთან ვზივარ და რომ მეტყვის, დღეს ცუდი დღე გაქვს, ავარიული, სახლში ვტოვებ მანქანას და ტაქსით მივდივარ. პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუსმენ და ძალიან  მჯერა, იმიტომ რომ ბევრჯერ წავიმტვრიე კისერი. 

– მაინც როგორია თქვენი ვარსკვლავური წყვილი?

– იდეალური შეთანხმება გვაქვს. „ქალწული” ცოტა ისეთი ნიშანია – პედანტური, მომთხოვნი, მაგრამ მომთხოვნი არა წვრილმანებში, რაც შეიძლება კაცს აღიზიანებდეს. მიშიკო ძალიან  მომთმენი, თბილია, ყველაფერს გიადვილებს. ჩვენ პეკინზე ვცხოვრობდით და გაგვქურდეს. წაიღეს ყველაფერი, რაც კი გვქონდა – დაწყებული სამკაულებიდან. ცხადია, გული დამწყდა. აი, ეს მომენტი ისე გამიადვილა, ვერ წარმოიდგინეთ. ეს ყველაფერი ახლა ხელზე რომ გკეთებოდა, ღამე, სამსახურიდან დაბრუნებული სადარბაზოში შემოსულიყავი და ვიღაც დაგსხმოდა და თავში ჩაერტყა, ის გერჩივნა, თუ ასე, უმტკივნეულოდ რომ წაიღესო – ძალიან მშვიდად და დინჯად მითხრა. მიშიკოსთვის ძვიფასეულობას, სიმდიდრეს არავითარი ფასი არ აქვს. ელემენტარულად, ლარნაკი ვიყიდე. მიშიკო ხომ ლამაზია? – ვკითხე. კი – მოკლედ მითხრა და მორჩა. ხომ არიან მამაკაცები ფული აქვთ, წავლენ იყიდიან ოქროს ან რამე ძვირფას ნივთს, დადებენ. ბევრი ვიცი ასეთი. მიშიკოს ამის არანაირი მოთხოვნილება არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ „კუროა” და მოსწონს სილამაზე. მისთვის მთავარია დასვენება, ჯანმრთელობა და კარგი ურთიერთობები. 

– როცა პრეტენზია თუ შენიშვნა გინდათ წაუყენოთ ქმარს, როგორ ეუბნებით – პირდაპირ, საქციელით აგრძნობინებთ, შეპარვით თუ მოფერებით? 

– შენიშვნა შეიძლება ბავშვს მისცე, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს მეუღლეს სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, მე მას ვაძლევ არჩევნის საშუალებას – ეს რომ არ ვარგა ასე, სხვა რა ალტერნატივა არსებობს, რომ უკეთესად გავაკეთოთ? „ქალწული” ვარ და კარგად შემიძლია ლავირება. 

– რით მოგხიბლათ მიშა ცაგარელმა თავიდან? თან, იმ დროს არც იყო საზოგადოებაში ასე ცნობილი. 

– როცა ერთმანეთს შევხვდით, როგორც გითხარით,  მომხიბლა თავისი აზრებით, ერუდიციით, სითბოთი. ვიფიქრე, არ შეიძლება, ამ კაცთან რაღაც შემეშალოს, ზედმეტი მომივიდეს. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩვენ ერთად ვართ, არანაირი ბზარი არ გაგვჩენია ურთიერთობაში. ხომ არის მომენტები, როცა ქალი რაღაცას ნანობს, ეს ვის გავყევი, ეს რა ყოფილა და არ ვიცოდიო. ამდენი წელია, ერთად ვართ და გულის კუნჭულში ერთი პატარა წყენაც არ მაქვს. მინდა გითხრათ, რომ სულ გვენატრება ერთმანეთი და სულ ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ როგორც პირველ დღეს. ამხელა ქალი ვარ, ცოტა მერიდება ამის თქმა, მაგრამ ასეა. სახლიდან ისე არ გავა, რომ ლოყაზე არ მაკოცოს და არ შემოვა, რომ არ ჩამეხუტოს. ძალიან უშუალო, ბავშვურია – მოფერებით ყველაფერს რომ გააკეთებინებ. მე გაბრაზებული მიშიკო ჯერ არ მინახავს. მეც ძალიან თბილი ვარ ურთიერთობაში და მიყვარს, როცა ჩემდამი იჩენენ სითბოს. 

– არ გსიამოვნებთ, როცა გარეთ პოპულარული ქმრის გვერდით გადიხართ. დარწმუნებული ვარ, ამ დროს ყველა გიყურებთ.   

– ადრე, სანამ ჩვენთან, პეკინზე მაღაზიები გაიხსნებოდა, ბაზრობაზე მივდიოდით და იქ ვყიდულობდით ბავშვისთვის რაღაცეებს. იქედან ვეღარ გამოვდიოდით – ბატონო მიხეილ, დღეს როგორი დღე მექნება, მითხარით... ყველა რომ გაჩერებს და რაღაცას გეუბნება, როგორია?! აი, მაშინ მართლა ვიღლებოდი. ახლა, ეს სიამოვნება მომაკლდა. ისე, პოპულარობა ახალგაზრდობაში არც მე მაკლდა. უცხო ენათა ინსტიტუტში ვსწავლობდი, ინსტიტუტში საესტრადო ჯგუფი იყო შექმნილი, დავდიოდით გასტროლებზე, ყოველკვირა საესტრადო პანორამა იყო და ხშირად აშუქებდნენ ჩვენს კონცერტებს. მერე, მიშიკოს რომ გავყევი, მოსკოვში გვქონდა გასტროლები, სადაც ერთად გამოვდიოდით. ამიტომ, ამის პოპულარობა თითქოს დაბალანსებულად მოხდა, დიდად არაფერი შეცვლილა. 

– თქვენს პირად ცხოვრებაში ისე დალაგებული ყოფილა ყველაფერი, მართლა ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტან. გამოდის, რომ ამბობენ, იდეალური წყვილი არ არსებობსო, თურმე  არსებობს  

– ალბათ, აქ მაინც ძალიან დიდ როლს თამაშობს ასტროლოგია. ჩვენ, რომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, ეს იყო ასპროცენტიანი შეთანხმება. ვინც გვიცნობს და გვიცნობს თითქმის ნახევარი საქართველო, ყველა აღიარებს, რომ მე და მიშა ცაგარელს გვაქვს იდეალური ოჯახი. 

– მიშა ცაგარელი ის მამაკაცია, ვინც თქვენ წარმოგედგინათ გვერდით?      

–  ასეთი ნამდვილად ვერ წარმომედგინა, ვერ დავხატავდი ჩემს წარმოსახვაში. წარმომედგინა კაცი, რომელიც არ სვამს, არ ეწევა – რასაც მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი, განათლებულია, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ოჯახის მოყვარული. ჩემს წარმოდგენაში გარეგნობით საერთოდ არ ჰგავდა ჩემი მომავალი მეუღლე მიშას და ახლა, ჩემს ქმარზე ლამაზი არავინ მგონია. მელოტ კაცებს ვერ ვიტანდი. საერთოდ, უნდა აგრძნობინო, რომ სადავეები მას  უკავია. შეიძლება, ჩვენ ერთ დონეზე ვართ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახში წამყვანი ძალა კაცია.  

– ქალი, რომ მთელი დღე გასულია სახლიდან, დატვირთულია, სახლშიც იმდენი საქმე აქვს, მაგას რაღა ჰქვია აბა?   

 – ჩვენ ბინა შევიძინეთ და ცოტა ვალი დაგვრჩა. ამიტომ, რამდენიმე სამსახურში ვარ. მიშაც მუშაობს და წარმოიდგინეთ, ორშაბათი დღე რომ იწყება, მთელი კვირა ასე გრძელდება –  მოვდივარ სკოლიდან, მერე მივდივარ მეორე სამსახურში, მერე – მესამეში. სალომე ბებიასთან არის ამ დროს, რომელიც აქვეა, ახლოს. ღამე რომ ვბრუნდები სახლში, საწოლთან მისული არ ვარ, რომ მეძინება. ხუთზე, ექვსზე ვწვები დასაძინებლად. ოჯახში დამხმარე არ მყავს, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. ხანდახან ისე ყოფილა, არც გამომიცვლია ტანზე, დავმჯარვარ მიმუშავია, ტესტები მომაქვს სკოლიდან და ვასწორებ. დილით კი სამსახურში წავსულვარ. ერთ-ერთ გადაცემაში შეკითხვა დამისვეს – თქვენი ჰობიო და ვუპასუხე სამზარეულო-მეთქი. რა ჯობია, როცა სახლში ხარ, აცხობ ნაირნაირ ნამცხვარს, აკეთებ საჭმელს. გაგიჟდა ის ქალი, რომ მისმენდა. ეს გაუშვეს. რამდენი დამცინებდა, წარმომიდგენია – ამ ქალს რა ენატრებაო. ყველაფერს ღამე ვაკეთებ. ერთი სული მაქვს, როდის გავალ პენსიაზე.

– წეღან კი შეგაქეთ იდეალური წყვილი ხართ-მეთქი, მაგრამ როგორც ყველა მამაკაცს, ალბათ, მასაც აქვს ისეთი მხარე, რაც არ შეიძლება, არ დაინახოთ, თუ „არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ,“ – ამ პოზიციაში ხართ?    

– ახალგაზრდობაში უფრო მქონდა ეს მომენტი, როცა ვეჭვიანობდი. ბევრი რეკავდა ჩემდამი აგრესიით, იმიტომ რომ  მოსწონდათ, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა. მიშიკოს ვერ ვეუბნებოდი და ჩემს დედამთილს ვუშლიდი გულს. დედამთილთან  ყოველთვის ძალიან მეგობრულად ვიყავი. თვითონ ისეთი ტიპაჟია, რომ არ შეიძლება, მასზე იეჭვიანო. უნდა იცნობდე კაცს, რომ ეს გრძნობა გაგიჩნდეს. ასი და ორასი პროცენტით დავდებ თავს მის ერთგულებაზე. მიშიკო, რაღაც არაამქვეყნიური, სულ სხვანაირია. ძალიან განსხვავდება ირგვლივ ჩემი ნაცნობი მამაკაცებისგან, ჩემი მეგობრების ქმრებისგან.  

скачать dle 11.3