კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დემნა გვასალია „ლუი ვიტონის“ კომპანიის დიზაინერი და რა გამოცდილება მიიღო მან მეისონ მარტინ მარჯიელასთან მუშაობისას

დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერია, ამის დასტურად კი მისი სამუშაოდან მხოლოდ ორის დასახელებაც საკმარისია: 2009-2013 წლებში იყო ცნობილი დიზაინერის‚ მაისონ მარტინ მარჯიელას ქალის ტანსაცმლის  მთავარი დიზაინერი, ახლა კი კომპანია „ლუი ვიტონში“ მუშაობს. თუმცა, მანამდე იყო სოხუმი-თბილისი‚ შემდეგ გერმანია და ბოლოს ბელგია, ანტვერპენი – ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საუკეთესო აკადემია მოდის სფეროში. 80-იანი წლების ბოლოს, აკადემიის ექვსმა კურსდამთავრებულმა მეგობარმა, რომლებსაც შემდეგში „ანტვერპენის ექვსეული“ უწოდეს, მოდის სფეროში ფურორი მოახდინეს და აკადემია მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეს. ანტვერპენმა დემნას შემოქმედებაზე, პირად ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა, პირველი სერიოზული პრიზებიც სწორედ იქ აიღო. ახლა კი პარიზში ცხოვრობს. მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების დაგროვებაზე ფიქრობს... მისი მთავარი მიზანია: იპოვოს ბალანსი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის,  ჰყავდეს შვილები და იყოს ბედნიერი...

დემნა გვასალია: გავიზარდე დიდ სახლში მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვაკეთებდი ბევრ სასაცილო, ბავშვურ რაღაცეებს: ვცდილობდი დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ვცდილობდი ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ბებიასთვის ვაწყობდი ჩემს ბიძაშვილთან ერთად მუსიკალურ, იმიტირებულ კონცერტებს, ეზოში ვიპარავდი  საკუთარ მარწყვს... დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც უნდა გაზრდილიყო და ეცხოვრა ადამიანს.

– თუმცა‚ მოგიწიათ სოხუმის იძულებით დატოვება. შემდეგ იყო თბილისი, ოდესა და გერმანია, სადაც უკვე ოჯახთან ერთად გადახვედი. ბოლოს ანტვერპენი... შენი ცხოვრების თითოეული ეტაპი‚ ალბათ, გამორჩეული იყო – მნიშვნელოვანი, სასიხარულო თუ არასასიამოვნო მომენტებით...

– ომის შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო მთელი ჩვენი ოჯახისთვის: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება... მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, შევხვედროდით არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს, ცხოვრების საშუალებებს და გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი. და ეს გეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული. ირგვლივ ამდენმა მოძრაობამ გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ... შესაბამისად‚ კმაყოფილი ვარ ჩემი ბედის, ცხოვრების, რომელმაც ეს შანსები მომცა. 

– მშობლების გადაწყვეტილებით‚ სკოლის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარე. იქ მიღებული ცოდნა დღეს‚ როგორც დიზაინერს‚ თუ ეხმარება ცოტათი მაინც? 

– მე გავყევი იმ ტენდენციებს, რომელიც მაშინ იყო საქართველოში. მშობლების რჩევით‚ ჩავაბარე ეკონომიურ ფაკულტეტზე, ვისწავლე ეკონომიკა 4 წლის განმავლობაში. ეს‚ რა თქმა უნდა‚ რთული იყო და იმავდროულად, გარკვეული გამოწვევაც... თუმცა‚ მივიღე უმაღლესი განათლება, თან‚ ძალიან წარმატებულად, ისე, რომ სტიპენდიაც შემომთავაზეს. მაგრამ, იმ პერიოდში გადავწყვიტე‚ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავსულიყავი და დამეწყო ახალი ცხოვრება. ვფიქრობ, ჩემი ეკონომიური განათლება, ანუ ის ბეგრაუნდი, რაც ამ სფეროში მივიღე, მოდის ბიზნესში მუშაობაში დამეხმარა. რადგან ეს ცოდნა საბოლოოდ, გაძლევს იმის საშუალებას, უკეთესად გაუგო კლიენტს, გეხმარება ბრენდირებასა და მარკეტინგში. თუმცა ხანდახან ვცილობ‚ ყოველივე ეს დავივიწყო, რადგან ხშირად შემოქმედებით მხარეს ხელს უშლის, რომელიც‚ ჩემი აზრით‚ უნდა იყოს მოდაში წამყვანი ძალა. 

– მიუხედავად იმისა, რომ არ გქონდა დიზაინის სფეროში ცოდნა,  გამოცდილება, თბილისში მოაწყვე შენი პირველი ჩვენება. 

– რა თქმა უნდა‚ კოლექცია, რომელიც საქართველოში გავაკეთე, არაპროფესიონალური იყო, მაგრამ დღეს ეს ძალიან მიმზიდველად მიმაჩნია, რადგან იმ დროს ძალიან ვეცადე‚ საკუთარი თავი გამომეხატა მოდაში – ყოველგვარი ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების  გარეშე. როგორც ჩანს, ხალხს მოეწონა, ისიამოვნეს. ზოგიერთ ქალს დღემდე აქვს ეს ტანსაცმელი და მოხარული ვარ, რომ მაშინ ეს გავაკეთე. რაც მთავარია‚ ამ ყველაფერმა დამანახვა, რომ  უფრო მეტი უნდა მეკეთებინა ამ საქმეში, ვიდრე საერთაშორისო ეკონომიკაში. 

 – ანტვერპენი... ალბათ‚ ეს არის ქალაქი, რომელმაც  უფრო მეტი თავისუფლება, ხალისი, თავდაჯერებულობა  მოგცა, რადგან სწორედ აქ აირჩიე ის საქმე, რომელსაც დღემდე წარმატებულად მიჰყვები.

– ანტვერპენმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჩემს შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაზე. ის გახდა ჩემი მეორე, მშობლიური ქალაქი, რადგან იქ გავატარე მნიშვნელოვანი წლები და შეიძლება ითქვას, იქ გავხდი ზრდასრული ადამიანი. თან, ანტვერპენშია ჩემი პირველი საკუთარი სახლი. მყავს მეგობრები, მქონია ბევრი უძილო ღამე, თარგების გამოჭრა, კერვა, ცრემლები, მხიარულება, სიყვარული და ასე შემდეგ. რამდენჯერაც უნდა ჩავიდე ანტვერპენში, ყოველთვის ვგრძნობ და მაქვს იმის განცდა, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი. 

– ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემია, ეს არის აკადემია, სადაც სწავლა‚ ალბათ‚ ძალიან ბევრ დიზაინერს სურს. როგორი იყო სწავლის პროცესი უდიდესი ავანგარდისტების, „ანტვერპენის ექვსეულის“ გვერდით? 

– როდესაც ვაბარებდი ანტვერპენის სასწავლებელში, წარმოდგენაც კი არ მქონდა ბელგიურ მოდაზე და‚ საერთოდ‚ ამ აკადემიის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, ჩემი ასეთი არაინფორმირება დამეხმარა იმაში, რომ არ მქონოდა შიში და პროფესორებთან ინტერვიუზე გულწრფელი ვიყავი. დღეს ვფიქრობ, რომ‚ ალბათ‚ ეს ყველაფერი დამეხმარა წარმატებით ჩაბარებაში, თუმცა ძალიან რთული იყო აკადემიაში გატარებული 4 წელი. ზოგადად‚ რთულია‚ ისწავლო ამ აკადემიაში, მაგრამ ეს არის კარგი სკოლა იმათთვის, ვისაც არ ეშინია რთული, მძიმე სამუშაოსი. დღეს, ეს აკადემია, მიმართულების შეცვლის შემდეგ, მოდასთან დაკავშირებით ცოტა უფრო არარეალური გახდა, მაგრამ მე‚ საბედნიეროდ‚ გამიმართლა და იქ ძალიან კარგ მომენტში მოვხვდი. „ანტვერპენის ექვსეული“ მართლაც დიდებულია და მათ დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე მოდაზე. მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მე არაფერი მსმენია მათ შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკვე დადგა ახალი თაობის დრო. 

– როგორც ვიცი‚ ბელგიაში პირველად მამაკაცის კოლექცია გააკეთე, ახლა „ლუი ვიტონთან“ ქალის კოლექციაზე მუშაობ. თუ გააგრძელებ მომავალში მამაკაცის კოლექციაზე მუშაობას?

– დიახ, მე დავიწყე მამაკაცის კოლექციით და ამან საფუძველი დაუდო ჩემს ახლანდელ შემოქმედებით ხედვას. მიყვარს მამაკაცის სამოსის კონსტრუირება, მაგრამ ამ ეტაპზე ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა‚ ვაკეთო ქალის ტანსაცმელი, რომელიც უფრო მეტად თავისუფალი, უსაზღვრო და ამაღელვებელია. 

– არაერთ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, თან‚ ძალიან წარმატებულად. იტალიაში ITS-ის კონკურსში მეორე კურსის სტუდენტს პირველი პრიზი გადმოგცეს. ასევე‚ ხარ ძალიან საინტერესო პარფიუმერიული პროექტის გამარჯვებული: ეს იყო საათი-სუნამო.

– თქვენ ძალიან კარგად ხართ ინფორმირებული. ITS-ის კონკურსი იტალიაში იყო ძალიან ადრე, სადაც გამოვედი აკადემიისთვის გაკეთებული ჩემი პირველი კოლექციით. ეს იყო დიდი გამოცდილება. თავიდან იქ იმიტომ წავედი, რომ გავრთობილიყავი, გამეცნო ხალხი. ალბათ‚ ცოტათი საშიშიც კი იყო მეფიქრა გამარჯვებაზე, მთავარ პრიზზე ხომ არაფერს ვამბობ. საოცარი იყო ის‚ რაც მოხდა... რაც შეეხება პარფიუმის პროექტს, მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც საჭიროებდა განსხვავებულ შემოქმედებით მიდგომას, ვიდრე სამოსის შექმნაა. მე მქონდა საშუალება‚ შევხვედროდი ნიუ-იორკში პარფიუმის სფეროში ძალიან მაღალ პროფესიონალებს და წარმედგინა მათთვის სუნამოს პროექტი. ეს იყო საათი, რომელიც დროის ჩვენებისას მთელი დღის განმავლობაში გამოსცემდა 24 სხვადასხვა სურნელს. 

– თბილისში შექმნილმა შენმა ფეხსაცმელმა საუკეთესო, ყველაზე კრეატიული ფეხსაცმლის პრიზი მიიღო და ის ანტვერპენის პრესტიჟულ მაღაზია Coccodrillo-ში გამოფინეს. ამის შემდეგ, არასდროს გიფიქრია ფეხსაცმლის დიზაინერობაზე?

– ძალიან მიყვარს ფეხსაცმლის დიზაინი, მაგრამ ჩემგან ის უფრო შორს არის, ვიდრე ტანსაცმლის დიზაინი. ის უფრო ფოკუსირებული და ობიექტური დიზაინია. ამიტომაც ვამჯობინებ‚ ვიმუშაო ისეთ საქმეზე, რომელიც თავის გამოხატულებას ჰპოვებს შემოქმედებაში და მასში ჩართული იქნება მოდის ყველა ასპექტი. 

– პარიზში შენი გადმოსვლა დიზაინერ მეისონ მარტინ მარჯიელასთან მუშაობას უკავშირდება. „მარჯიელას“ ქალის ტანსაცმლის  კოლექციის მთავარი დიზაინერი იყავი, ასევე‚ პასუხისმგებელი – „მარჯიელასა“ და „ეიჩ ენდ ემის“ ერთობლივ კოლექციის დიზაინზე. ეს‚ ალბათ‚ იყო ოთხწლიანი საოცარი გამოცდილება.

– მეისონ მარტინ მარჯიელასთან მუშაობა იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი სამუშაო, რის გამოც 2009 წელს პარიზში გადავედი. რა თქმა უნდა‚ ეს გახდა ჩემთვის უნიკალური გამოცდილება, რადგან ვიმუშავე მოდის სახლთან, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედებითი წარსული. 4 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი ვიყავი ქალის სამოსის კოლექციის ჩვენებაზე, ხოლო გასულ წელს ვხელმძღვანელობდი მის კოლაბორაციას „ეიჩ ენდ ემთან“. მეისონ მარტინ მარჯიელას დატოვებულმა მემკვიდრეობამ დიდი გავლენა მოახდინა მოდის დიზაინერების თაობებზე. ვფიქრობ, რომ სამუშაომ, რომელიც მარჯიელამ გასწია, მოდის ისტორიაში დაიკავა დიდი სივრცე, ისევე როგორც „შანელმა“ და „დიორმა“...

გასული წლის ბოლოს „ლუი ვიტონთან“ მუშაობის შემოთავაზება მივიღე. ვფიქრობდი, მარჯიელასთან 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემთვის დადგა დრო, წავსულიყავი უფრო წინ და აღმომეჩინა ახალი კონტრასტული სივრცეები. ეს არის ნამდვილი მდიდრული სახლი გლობალური მასშტაბებით და აქ მუშაობა‚ ვფიქრობ‚ ჩემი მომავალი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შევისწავლი ამ ინდუსტრიის ძალიან განსხვავებულ ნაწილს, რომელიც ტანსაცმელში ჰპოვებს კრეატიულ გამოხატულებას. 

– როგორც ვიცი, „ლუი ვიტონთან“ ადრეც გქონდა შეხება – ჯერ კიდევ სტუდენტი‚ მისთვის ჩანთის დიზაინზე მუშაობდი. შენი ნამუშევარი ფინალში გავიდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. ერთგან ამოვიკითხე, რომ ამაზე მაინცდამაინც არ გწყდებოდა გული, რადგან „ლუი ვიტონი“ დიდად არ მოგწონდა და ამ პროექტზე სახალისოდ იმუშავე. ახლა, როდესაც ლუი ვიტონთან მუშაობ, თუ შეიცვალა მისადმი შენი დამოკიდებულება?

– დღეს ამაზე მეცინება... ახლა, უკვე „ლუი ვიტონთან“ მუშაობისას, მეტი პროფესიონალიზმით უნდა შევქმნა კომერციული, მდიდრული პროდუქტი და‚ პარალელურად‚ უნდა ვიფიქრო იმაზე, როდესაც ეს სამოსი მაღაზიებში გამოჩნდება, ხალხმა მათში ძალიან მაღალი ფასი დაუნანებლად გადაიხადოს. მე ვმუშაობ მარკ ჯეიკობსთან და არცთუ ისე დიდ გუნდთან ერთად. ამ კომპანიაში მუშაობა დიდი ფუფუნებაა და გარდა ამისა‚ ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ყველაფერს, რაც კი ქალის სამოსს უკავშირდება და ვზრუნავთ მასზე. „ლუი ვიტონის“ კომპანიაში ძალიან პოზიტიური, სასიამოვნო ატმოსფეროა. მარკი ძალიან მეგობრული და არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. 

скачать dle 11.3