რომელ ცნობილ მუზეუმებსა და დაწესებულებებშია დაცული ლევან მოსიაშვილის ნახატები
პროფესიით მეტყევემ და რეჟისორმა ლევან მოსიაშვილმა საერთაშორისო აღიარება მხატვობაში მოიპოვა. მისი შემოქმედების საიდუმლო კახურ ზეთთან არის დაკავშირებული. წარმატების მიზეზს კი მხატვარი ქართულ სულში ხედავს. ლევან მოსიაშვილი დღეს ჩვენი რესპონდენტია.
ლევან მოსიაშვილი: ფერწერაში პროფესიული განათლება არ მაქვს მიღებული. ეს, ეტყობა, სულის მოწოდება იყო.
დავიწყოთ იმით, რომ დედ-მამით კახელი ვარ, წარმოშობით თელავიდან, კერძოდ – შილდიდან, იმ უძველესი მიწიდან, სადაც იშვა ფიროსმანი, ასევე, ჩვენი დიდი მეცნიერები, ხელოვანები, მომღერლები. ძალიან შემაყვარეს ჩემი დედულეთი და მამულეთი ჩემმა დიდმა მშობლებმა.
– როდის დაიწყეთ მხატვრის ცხოვრება?
– მხატვრის ცხოვრება 1993 წლიდან დავიწყე. ჩემი მეგობრები ქვეყნის დასაცავად ავტომატებით წავიდნენ. ბევრი მათგანი უკან ვეღარ დაბრუნდა. მე კი ქვეყნის დაცვა ფუნჯებით ვცადე. შედეგი სახეზეა – მგონი, დღესაც ვიცავ, თუმცა, ოცი წლის დაგვიანებით. ჩემი რეტროსპექტივა შედგა 18 აპრილს, როცა აქ გამოვფინე ნამუშევრები. ზუსტად 1993 წლის 18 აპრილს დავიწყე ხატვა.
მივდივარ სადღაც, უცხო ქვეყნებში. ჩიტივით ვარ, რომლებიც შემოდგომით მიფრინავენ და გაზაფხულზე ბრუნდებიან. მეც ასე დავბრუნდი გაზაფხულზე და, გპირდებით, მომავალშიც ახალი გამოფენით დავბრუნდები. მე ომს პროტესტი გამოვუცხადე. ძმათამკვლელ ომს ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. არ ვარ პაციფისტი, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი კაცი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი სამშობლო, თავისი დედულეთი და მამულეთი – კახეთი; ის ემოცია და სიყვარული, რაც დამიდეს საფუძვლად და მომყვება, ის ღვინის ფერები, ჩემში ნელ-ნელა პროფესიონალიზმად გარდაიქმნა. ასე მეუბნებიან, მაგარი ხარო. მე კი არ ვარ მაგარი, – თქვენ ხართ, რომ შემაყვარეთ, მაიძულეთ, რომ ასე ჩიტივით უკან ვბრუნდებოდე, მომქონდეს ეს ნახელავი, გეფერებოდეთ.
– თქვენი სიტყვების მიღმა ემიგრანტის სული ირეკლება, განცდა, ემოცია. რატომ წახვედით აქედან?
– 1998 წლამდე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში მომიწია მონაწილეობის მიღება. გაგიკვირდებათ, მაგრამ, სატყეო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მეორადი ფაკულტეტი – სარეჟისორო დავამთავრე, ბატონი გოგი თოდაძის კლასი. რამდენიმე ფესტივალზე დამპატიჟეს, რომ მონაწილეობა მიმეღო დეკორაციის გაკეთებაში, რეჟისურის განხრით, მსახიობადაც. რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე კიდეც. წარმატება ხვდა წილად ჩემს ქართულ ხელოვნებას. თან მიმქონდა ჩემი ნახატებიც – მაინტერესებდა, თუ რა ემოციას აღძრავდნენ ისინი.
1998 წელს თბილისის ძველ უბანში მოწყობილ ერთ-ერთ გამოფენაზე. ჩემი ხელოვნებით ძალიან დაინტერესდნენ ფრანგები. ისინი აღმოჩნდნენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები. ელჩმა რამდენიმე ნამუშევარს მოჰხვია ხელი და მითხრა: ლევან, შენში რაღაც იდუმალებაა, ქართული სულიერება და საკრალური. მინდა, რომ ეს ყველაფერი საფრანგეთს ვანახო და გავაცნო. ამჟამად მარსელში საერთაშორისო კონკურსი ტარდება, ხომ არ გინდა, მასში მონაწილეობა მიიღოო. ვენდე მის სიტყვას. გავატანე ნამუშევრები. ორი კვირის შემდეგ ჩემს ნახატებთან ერთად უკან დამიბრუნდა ჯილდო და 3 აღიარება: პირველი ადგილი, საპატიო დიპლომი და საფრანგეთის პრესის თასი. საფრანგეთის პრესამ აღიარა და უცბად აიტაცა ეს ყველაფერი. წერდნენ, რომ გამოჩნდა ახალი შაგალი, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა. ჩემთვის ეს დიდი სტიმული იყო, რომ მეხატა. როგორ გითხრათ, ინტერვიუებით გათამამებული უფრო უცხოეთში ვარ, ქართულმა პუბლიკამ მხოლოდ მეოთხე დღეა, რაც ამიტაცა. 1993 წლიდან მოყოლებული, ალბათ 50-ოდე კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მათგან ნახევარზე მეტში აღიარება მერგო წილად. მათ უამრავი გრანპრი, მიპატიჟება, პერსონალური გამოფენები და შეძენა, განვრცობა მოჰყვა – მე არ მიყვარს სიტყვა „გაყიდვა”.
– მაგრამ, იმისთვის, რომ შექმნა ახალი, ალბათ, საჭიროა, რომ რაღაცას შეელიო.
– მტკივნეული მომენტია ჩემთვის, როდესაც მეუბნებიან: „ვყიდულობ”. მე მესმის, რომ ეს აუცილებლობით არის გამოწვეული. მაქვს რაღაცა პერიოდი ისეთი, რომ აღარ ვყიდი. მე მინდა, რომ, ამ გამოფენით დაწყებული, შევქმნა კოლექცია, რომელიც საქართველოში, ჩემს სამშობლოში დარჩება. აღარ გავყიდი იმ კოლექციას. დაე, შთამომავლობამ განსაჯოს, ვინ ვიყავით ჩვენ.
– ჩემთვის ცნობილია, რომ არაერთ ცნობილი პიროვნების კოლექციასა თუ ორგანიზაციაშია დაცული თქვენი ნამუშევრები.
– ვაშინგტონში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში, პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, საფრანგეთის უამრავ მერიაშია გამოფენილი ჩემი ნახატები, იტალიის პარლამენტის წევრებსაც აქვთ შეძენილი; ასევე, ვალერი მელაძეს, ირაკლი ფირცხალავას ჩემი ორი ნამუშევარი დაბადების დღეზე მიართვეს; სელინ დიონს თავის პირად თვითმფრინავში აქვს ჩემი ნახატი გამოფენილი. კარგი ნამუშევრები კარგ ხალხთან მოხვდა, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა ინკოგნიტოდ მოინდომა დარჩენა.
მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს – უკვე იჩემებენ მოსიაშვილს. რუსები წერენ, მოსიაშვილი რუსიაო. რამდენჯერმე ასეთი უცნაური რამაც დაწერეს, რაც მე დეკემბერში გავაპროტესტე: ლტოლვილებს საქართველოდან და, მოსიაშვილიც მოახვედრეს ამ სიაში, – თითქოს რუსეთმა შეუწყო ხელი მათი ხელოვნების განვითარებასა და განვრცობას. საფრანგეთი ცალკე იჩემებს, იმიტომ რომ საფრანგეთის მოქალაქე ვარ. ახლა უკვე მიჭირს იმის თქმა, თუ ვისი ვარ. საბედნიეროდ, დღეს ფულით აღარ ვწყვეტ. 41 წლის ასაკში ვაღიარებ, რომ ხელოვანმა უნდა იცხოვრო ხელოვნებისთვის, იმ ძირისთვის, საიდანაც წამოხვედი და რისთვისაც ქმნი.
– დამისახელებთ ყველაზე დიდ თანხას, რომლის სანაცვლოდაც თქვენი ტილო გასხვისდა.
– სანკტ-პეტერბურგში, ერთ-ერთმა ცნობილმა ინდოელმა ბიზნესმენმა 18 ათას დოლარად შეიძინა ჩემი ნახატი. „სამსუნგის“ ოფისში, სამხრეთ კორეაშიც არის გამოფენილი ჩემი ნამუშევარი, ესტონეთის პარლამენტში. ბევრი ნამუშევარი მიმოფანტულია, რადგან, არ ვიცი, ვინ შეიძინა. ამას აკეთებენ და აკეთებდნენ მენეჯერები.
– ძალიან ბევრი ცნობილი მხატვარია მსოფლიოში, რომელთა ნამუშევრების გვერდით გამოიფინა თქვენი ნახატებიც. როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ მათ თქვენი ტილოები?
– მე ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. თუ ვინ ვის გვერდით იფინება, ამას სპეციალური ჟიური წყვეტს. ალბათ, ხედავენ ქართულ სულს და ეს მოსწონთ ჩემში. ძირი და საფუძველი ჩემს ხელოვნებას ტექნიკურადაც ქართული აქვს – ის საქართველოში დამუშავებული ზეთით იქმნება. ხოლო, ეს საკრალური და ეს უნივერსალური ისე მიჰყვება თან ამ ნამუშევრებს, თითქოს გეძახიან: „მოდი და მნახე! მოდი და შემაფასე! მოდი და შემიყვარე!“ როცა ვხედავთ ამ ნამუშევრებს თითქოს ნიკალა ცოცხლდება და გუდიაშვილი ცეკვავს. ელენე ახვლედიანის თბილისები მაგონდება ხანდახან. მე ყველა ჩემში ჩავდე და შევიყვარე. ერთი დიდი სუფრა გავშალე, ყველა დავლოცე და შემდეგ მათმა სულებმა თავისი საქმე ქნეს: ზოგმა ფერი მომცა, ზოგმა – ხაზი, ზოგმა კიდევ, ბატკანივით სუფთა, უშფოთველი და უპრეტენზიო ჟღერადობა შესძინა ჩემს ნამუშევრებს. ეს სული და მოტივები თან გაჰყვება ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებას. აღიარებისთვის არასოდეს დავხატავ, დაკვეთებსაც გავურბივარ. მე, უბრალოდ, ჩემთვის ვღიღინებ.