რის გამო არ დასთანხმდება მერყევი ხასიათის ნანა შონია კულტურის მინისტრის მოადგილეობას და რატომ ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას ნათესავები
მსახიობმა ნანა შონიამ ტელევიზიაში წამყვანის როლი საკმაოდ კომფორტულად მოირგო და როგორც თავად ამბობს, ამ ამპლუაში მას, სცენისგან განსხვავებით, თამაში არ უწევს. მას „მეცხრე არხზე” მიჰყავს გადაცემა „რაც დარჩა სათქმელი” და საკმაოდ საინტერესო, ცნობილი და საყვარელი ადამიანების ცხოვრების ისეთ დეტალებს გვაცნობს, დღემდე ჩვენთვის უცნობი, ან მივიწყებული რომ იყო. ნანა, წლების განმავლობაში თავისი თამამი, ოპოზიციური განწყობით გამოირჩეოდა. არასდროს მალავდა საკუთარ განწყობას და ცდილობდა, უსამართლობაზე თვალი არ დაეხუჭა. დღეს ის, გარდა ტელევიზიისა, სპექტაკლებში თამაშობს, სერიალის გადაღებებისთვისაც ემზადება და ოჯახისთვისაც იცლის.
– იმის გამო, რომ თქვენს პოზიციას, ყოველთვის თამამად აფიქსირებდით, ამბობდნენ, ნანა „გაქანებული” ოპოზიციონერიაო. დღეს, კი ამბობენ, პოლიტიკურად დამშვიდებული ჩანსო. ასეა?
– პოლიტიკურად ნამდვილად დავმშვიდდი, თუმცა პოლიტიკურად აქტიური ნამდვილად არ ვყოფილვარ. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებდი. თორემ, პოლიტიკოსობის ამბიცია ნამდვილად არ გამაჩნია. უსამართლობის წინააღმდეგ თუ ხმა აიმაღლე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აღგზნებული ხარ. მაშინ ისეთი დრო იყო, გვერდზე ყოფნა და თვალის დახუჭვა არ შეიძლებოდა, თორემ თანამდებობის პრეტენზია კი არ მქონდა. მე პარლამენტში რა მინდა? ჩემს სათქმელს სცენიდანაც დამაჯერებლად ვამბობ და ეს უფრო სასარგებლოა. წყობიდან რომ გამოხვალ ადამიანი, ხმასაც ამოიღებ და შენს სათქმელსაც თამამად იტყვი. თორემ, მე არავინ მეკიდებოდა ენაზე, არიქა, გამოდი და რამე თქვიო. მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. მე არავინ შემხებია, არც ჩემი ოჯახის წევრი ყოფილა დაჭერილი და არც მე ვყოფილვარ უმუშევარი, მაგრამ ქვეყანა ჩემით ხომ არ იზომება? ვერავინ მეტყვის, რამე არასწორად გააკეთეო. მე, წყნარად მინდოდა ჩემი საქმე მეკეთებინა, ქვეყანა კი თავზე გვენგრეოდა, ახლაც ნანგრევებში ვართ მოყოლილი. ხილს ვყიდულობდი, ვიღაც ქალმა ჩამიარა და წაილაპარაკა, ამ მსახიობებს ჰგონიათ, ბიძინა ააშენებთო. ვერ ვიგებ მსგავს პოლიტიკას და მწყინს. ბიძინა ჩემთვის ძალიან „სერიოზული ფენომენია” და მე ამას არასოდეს დავმალავ. ელემენტარულად, ჩემი სტუმრობისაც ეშინოდათ. არ დამავიწყდება, ნათესავთან მივედი და ისე მოიქცა, მაგრძნობინა, იქ მეტი აღარ მივსულიყავი. მეტი რა გითხრათ. ეს პოლიტიკური შეხედულების გამო ჩაიდინა. ელემენტარულად თეატრში, შტატშიც არ ჩამსვეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო, თეატრში ვინმემ გამომარჩია-მეთქი. ეს ტყუილი იქნება. ექვსი წელი უშტატო მსახიობი ვიყავი თუმანიშვილის თეატრში, თუმცა ამის გამო პრეტენზიაც არ გამომითქვამს. სტუმრად, მიწვეული მსახიობის სტატუსით ყოფნა, კომფორტულიც კია. თუმცა, მე დამწყები მსახიობი ხომ არ ვარ?
– პროფესიული იმედგაცრუების გამო ხომ არ არჩიეთ ტელევიზია თეატრს?
– არა, რატომ? პირიქით, მსახიობისთვის სატელევიზიო საქმიანობაც ისეთივე საინტერესოა, როგორც თეატრი. ეს ბევრ რამეს მაძლევს, ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა, მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. მე რადიოშიც მქონდა გადაცემა. ექსპერიმენტებს არასოდეს ვერიდები.
– რამდენად გიადვილდებათ, რესპონდენტების გახსნა, მათთან ურთიერთობა. არ არის რთული, ათქმევინო ის, რაც სათქმელი დარჩათ?
– არასდროს ჩავეძიები ადამიანს იმაზე, რისი თქმაც არ სურს. პირადზე ჩაძიება არ მიყვარს, უფრო მეტად ძვირფასი მომენტებიც არის ცხოვრებაში, რაც შეიძლება გაამხილო და მოსასმენად უფრო საინტერესო იყოს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, საინტერესო და სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება. თუ გინდა, გახსნა რესპონდენტი, მას ინდივიდუალურად და სწორად უნდა მიუდგე. ნაკლებად ველაპარაკები პირადზე და თუ თავად გაუჩნდათ სურვილი, თამამად ყვებიან. მე არ ჩავეძიები. შეიძლება ცნობილი ადამიანის წარსულის შესახებ ვიცოდეთ რაიმე ფაქტი, მაგრამ წლების შემდეგ, მან ეს ისე მოყვეს, რომ სულ სხვანაირად აღიქვა და გაიხსენო. რაც დარჩათ სათქმელი, ვიბრძვი, რომ ის ვათქმევინო. მე კამერის წინ არ ვთამაშობ, სათამაშოდ სცენა მაქვს. ტელევიზია შენგან სინამდვილეს მოითხოვს და არა თამაშს.
– ყველაზე რთულად „გასახსნელი” რომელი რესპონდენტი აღმოჩნდა?
– რთულად „გასახსნელი” რესპონდენტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თემურ ჩხეიძე იყო ძალიან „გასახსნელი” და ისეთი რაღაცეები მოყვა, რაც ჩემთვის ძალიან ახალი იყო. მერაბ ნინიძე ჩემი მეგობარია, მაგრამ გადაცემაში ისეთი რამეები თქვა, მეც რომ არ მცოდნია.
– ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ დავით აქუბარდია ჩაწერეთ. ის, თითქმის არც ერთ ტელევიზიაში არ მიდის და არც ჟურნალ-გაზეთებს სწყალობს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გადაცემაში, საკმაოდ ენაწყლიანი და გახსნილია. მისი დაყოლიება როგორ შეძელით?
– ძალიან საინტერესო ადამიანია. გარდა იმისა, რომ საოცრად კოლორიტულია და გააჩნია თავისი ხედვა და გადაცემის წაყვანის სტილი, ამის მიღმა ძალიან განათლებულია. შეუძლია, ნებისმიერ თემაზე საუბარი, მსუბუქი ფორმით ისეთ თემებზე საუბრობს, რაც განასხვავებს სხვისგან. ეს მისი სტილი კი არა, ჟანრია. მართალია, ასეთი სახის ინტერვიუ მისთვის პირველი იყო და მაგრამ, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. აბსოლუტურად სხვა ადამიანი იჯდა ჩემ წინ – არ მეგონა, ეს ის თუ იყო, ვისაც წლების განმავლობაში ტელევიზიით ვუყურებ. ეს ჩემთვის აღმოჩენა გახლდათ და უცბად, გახდა ჩემიანი. კონკურენცია მისთვის არ არსებობს, „აქუ“ არის „აქუ“ (იცინის).
– პირადად, თუ იცნობ ბიძინა ივანიშვილს და ხომ არ გეგმავ მის მოწვევას გადაცემაში, სადაც იმას იტყვის, რაც დარჩა სათქმელი?
– რასაკვირველია, მისი გადაცემაში სტუმრობა და მასთან საუბარი, ძალიან საინტერესო იქნება. მე მას პირადად არ ვიცნობ, უბრალოდ, შეხვედრებზე ვხვდებით ერთმანეთს. ძალიან საინტერესო რესპონდენტი იქნება, დარწმუნებული ვარ. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ადამიანი. წლების წინ, როცა მისი არსებობა გავიგე, დამაინტერესა, ასე უჩუმრად, როგორ შეიძლება, ადამიანმა აკეთოს ამდენი კეთილი საქმე. ეს იშვიათობაა და ქართულ რეალობაში ანალოგი არ გააჩნია.
– თავად რომ რესპონდენტის სკამზე აღმოჩნდე გადაცემაში „რაც დარჩა სათქმელი”, პირადი ცხოვრების დამალულ დეტალებს მოყვებოდი?
– ხომ გაგიგონიათ, ყველას თავისი ჩონჩხი ჰყავს დამალული კარადაშიო (იცინის), ამ ჩონჩხების გამოყრა კი, არავის სიამოვნებს იმ კარადიდან. მირჩევნია, მთავარზე ვისაუბრო და არა პირადზე.
– მერყევი ხასიათი თუ გაქვს და სანამ ნაბიჯს გადადგამ, ბევრს ფიქრობ?
– მერყევი ხასიათი ნამდვილად მაქვს და სანამ რაიმეს გადავწყვეტ ბევრს ვფიქრობ. ზედმეტად არაკონფლიქტური ვარ და ვცდილობ, ადამიანებს შორის ურთიერთობები დავაბალანსო. ლავირების უნარი, ნამდვილად მაქვს. ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური ვარ. ვერ ვიტან უსამართლობას და თავხედობას. ამას წყობიდან გამოვყავარ და მერე ამ წყობიდან გამოსვლასაც განვიცდი. სულ განცდებში ვარ (იცინის). ხისტიც არ ვარ და მოქნილი ხასიათიც მაქვს – ეს მეგრული გენის დამსახურებაა.
– ამბობენ თითქოს, კულტურის მინისტრის მოადგილეობას გთავაზობენ. ეს ჭორია თუ სიმართლე?
– ეს ჭორი მეც გავიგე, თითქოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მნიშნავენ. ეს სისულელე საიდან მოიტანეს, არ ვიცი. ამ რანგში, ჩემი თავი, ვერც წარმომიდგენია. ეს ტყუილია. რომც შემომთავაზონ, არ დავთანხმდები. მე მირჩევნია, ხალხს ჩემი ნახვა სცენაზე უნდოდეს, ვიდრე კაბინეტში.