კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ასწავლიდა მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ამერიკელ პოლიტოლოგებს ჭკუას, რატომ ჩამოწერა ის ვაშინგტონმა და რა იქცა მის საბედისწერო შეცდომად

შესაძლოა, თანაბარი წონის მოთამაშეები არ ვართ, მაგრამ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სამკუთხედში – საქართველო-აშშ-რფ – გრძნობები ოდნავ გადასხვაფერდა. არსებულის შედეგებსა და ვექტორების სამომავლო განაწილებაზე ვაშინგტონში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.

– პირველ ოქტომბრამდე აშკარა იყო, რომ საქართველო რუსეთისა და შეერთებული შტატების დაპირისპირების ერთგვარ პლაცდარმს წარმოადგენდა. შორიდან როგორ ჩანდა ეს და რომელ მხარეს მოუტანა ამან შედეგი?

– კითხვა კარგია, მაგრამ საიდან დავიწყოთ ამ გორგლის გახსნა: ჩვენს პოლიტიკურ ანალიტიკასა და ჟურნალისტიკაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ პოსტსაბჭოთა ტერიტორია არის აშშ-სა და რუსეთს შორის წინააღმდეგობის ტერიტორია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა რეალურად, მით უფრო, მიუღებლად მიმაჩნია ამის შეფასება „ცივი ომის“ ტერმინებში. ფაქტობრივად, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზით, ცდილობს, ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა როგორც აშშ-თან, ისე რუსეთთან. მიხეილ სააკაშვილის საქართველო იყო ერთადერთი გამონაკლისი ამ წესიდან. სააკაშვილი შეეცადა, ვითარება გაეუბრალოებინა და ისე წარმოეჩინა, რომ არათუ რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ თვით აშშ-სა და რუსეთს შორის იყო კონფლიქტი. სააკაშვილის ფუნდამენტური შეცდომა, ჩემი აზრით, იყო ის, რომ მან ჯეროვნად ვერ შეაფასა აშშ-სა და „ნატოს“ ინტერესი რუსეთისადმი. თუ შევხედავთ ავღანურ ტრანზიტს, ვნახავთ, რომ ტვირთების 40 პროცენტი მიდის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის დერეფნით.

– ანუ რუსეთის გავლით?

– დიახ. ქართველი პოლიტიკოსები ხშირად ჩამოდიან ვაშინგტონში და ამბობენ, რომ ავღანეთში 1 600 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა. ეს შესანიშნავია, მაგრამ რა ვუყოთ იმ 4 500 რეისს, რომელიც რუსეთის გავლით მიდის ყოველწლიურად ავღანეთში?! თან, რუსეთი არ არის „ნატოს“ წევრი. რა ვუყოთ ავღანელი მფრინავების სწავლების პროგრამას? ერთობლივ ანტინარკოტიკულ პროგრამას? უამრავი სფეროა, სადაც „ნატო“ და რუსეთი თანამშრომლობენ და იმის მცდელობით, რომ გაემარტივებინა სიტუაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა.

– მიუხედავად პრეტენზიებისა სააკაშვილისადმი, რთული წარმოსადგენია, მას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გაერისკა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება.

– პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი პრობლემაა იმის გაგება, თუ რა არის ამერიკული პოზიცია. განსაკუთრებით, ეს აქედან ჩანს კარგად. როდესაც გამოდის რომელიმე ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და რაღაცას ამბობს, მის ნათქვამს აშშ-ის პოზიციად აღიქვამენ, მაგრამ ეს არ არის აშშ-ის სახელმწიფოს პოზიცია, ეს არის კონკრეტული ექსპერტის აზრი. როდესაც ომამდე კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა საქართველოში და თქვა, ჩვენ მხარს დავუჭერთ მეგობრებსო, ეს არ ნიშნავდა, მხარს დავუჭერთ საქართველოს ცხინვალზე შეტევასო.

– კონდოლიზა რაისმა დაწერა შემდეგ, რომ მან მკაცრად გააფრთხილა სააკაშვილი, არ წამოგებულიყო პროვოკაციაზე და არავითარ შემთხვევაში არ ჩაბმულიყო ომში. ანუ არ დაუჯერა?

– დღეს ბევრს უნდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის აღქმა „ცივი ომის“ კონტექსტში, რაც არასწორია. „ცივი ომი“ იყო იდეოლოგიური წინააღმდეგობა. დღეს რუსეთში არანაირი კომუნიზმი არ არის, პირიქით, სახელმწიფო თავიდან იცილებს სოციალურ ვალდებულებებს. პოლიტიკურად ქვეყანაში არის ჰიბრიდული რეჟიმი ძლიერი ავტორიტარული მმართველით, მაგრამ ეკონომიკა ლიბერალურია. ამიტომ დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ს შორის აღარ არის იდეოლოგიური, სინამდვილეში ეს არის ინტერესების კონფლიქტი. ამდენად, არ მგონია, პირდაპირი ბიძგი ყოფილიყო ომისკენ. უფრო სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. მე უფრო სხვა რამ მგონია: ამდენი პრობლემის მქონე საქართველოს „ნატოში“ მიღება იქნებოდა ბიძგი ბირთვულ „დერჟავასთან“ ომისკენ. პოლიტიკოსი ხშირად ხდება თავისი მისწრაფებების მძევალი. სააკაშვილმა, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მიზნად დაისახა მიწების შეგროვება, დაიწყო აჭარით და რაღაც მომენტში კრიტიკულად აღარ შეაფასა ვითარება. მიზნის ჰიპერბოლიზაცია მოხდა და როდესაც ხდები რაღაც იდეის მძევალი, ამას მოსდევს არცთუ ადეკვატური ნაბიჯები. სააკაშვილის პასუხისმგებლობა ისაა, რომ რიტორიკით გაერთო: ჰქონდათ რა რუსეთთან თავიანთი ინტერესი და დამოკიდებულება, ჰაერზე ისროდნენ ბევრ შეფასებასა და ფრაზას, რომლებიც თბილისში მარტივად აღიქმებოდა. თავიანთ სიტყვებზე არ აგებდნენ პასუხს, აბუქებდნენ რუსეთისგან მტრის ხატს, იცოდნენ რა, რომ რუსეთი არ გადავიდოდა წითელ ხაზებს და იცოდნენ რა, რომ თვითონაც დამოკიდებულები იყვნენ რუსეთზე. ავღანეთის გარდა, ამერიკასა და რუსეთს აერთიანებდა ირანის, კორეის პრობლემები, სპეცსამსახურები თანამშრომლობდნენ ტერორიზმის კუთხით, მაგრამ ამ ყველაფრის მიწოდება ისე ხდებოდა, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და მას ბევრ რამეს ჩამოაწერენ. მართლაც, ქვეყნის შიგნით ბევრი რამ ჩამოაწერეს.

– საკმაოდ ბევრი. საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, რა დემოკრატიაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, თუმცა დასავლეთის ინტონაცია შეიცვალა პირველი ოქტომბრის შემდეგ. ისინი აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია, რაც სამართლიან აგრესიას იწვევს საზოგადოების ნაწილში. დასავლეთი არაადეკვატურია თავის შეფასებებში, თუ უბრალოდ არ აინტერესებს ქართველი საზოგადოების შეფასებები?

– ჩემი აზრით, ერთიც არის და მეორეც. საქმე ის არის, რომ დასავლეთში „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული, საკმაოდ მარტივი მიდგომა იყო: ყველაფერი, რაც კომუნისტების წინააღმდეგაა მიმართული, არის დემოკრატია. შემდეგ ეს გავრცელდა ავტომატურად რუსეთზე: თუ პოლიტიკოსი რუსეთის წინააღმდეგაა და აკრიტიკებს, დემოკრატია.

– თუმცა საკუთარ დემოკრატიულობას დასავლეთი, კერძოდ, ევროპა ამ პარამეტრით არ ზომავს?

– ევროპის მიდგომა გასაგებია. არსებობს ექსპერტებისა და დიპლომატების რაღაც გარკვეული ენა: თუ პოლიტიკოსი დისტანცირდება რუსეთისგან და ამბობს, რომ აქვს „ნატოსა“ და ევროპული ორიენტაცია, ის დემოკრატია, არადა, ბევრი რამის თქმა შეიძლება და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დემოკრატი ხარ, მაგრამ ასეთი გამარტივებული სურათი ისევ რჩება.

– მეორე მხრივ, დასავლეთი მუდმივად მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ, თუ დემოკრატებად დარჩენისთვის რუსეთის ლანძღვაა აუცილებელი? მეორე რეკომენდაცია არ მოდის წინააღმდეგობაში ამასთან?

– დასავლეთი ბევრ რამეში ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. თან, დასავლეთს ხომ თავისი შეხედულება და ინტერესები აქვს?! მათ დაინახეს, რომ სააკაშვილი ხშირად იყენებს დასავლეთს საკუთარ ინტერესებში. იმიტომ რომ ეს მისთვის იყო პური. მას ეგონა, რომ ამ გლობალური დაპირისპირებით აამაღლებდა საქართველოს როლს, თუკი გამოიყვანდა „ცივი ომის“ დაპირისპირების არენად. მე ის ვნახე აქ ერთი წლის წინათ, როდესაც  ჩამოვიდა. დარწმუნებული იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებდა და ძალიან უცნაურად იქცეოდა.

– კერძოდ?

– მაგალითად, ის იჯდა ფეონა ჰილის გვერდით, რომელიც საკმაოდ ცნობილი პოლიტოლოგია. სააკაშვილი აწყვეტინებდა მას საუბარს და ჭკუას ასწავლიდა. ეუბნებოდა, ჩვენ შეგვიძლია, ვასწავლოთ ეგვიპტელებს, როგორ ააშენონ დემოკრატიაო. ჩემი ამერიკელი კოლეგები, რომელთანაც ერთად ვისხედით, მხრებს იჩეჩავდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა გოგონამ ჰკითხა, ჩვენ, ამერიკელებსაც, ხომ არ გვასწავლით, როგორ ავაშენოთ დემოკრატიაო, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, თქვენც გასწავლითო. მოკლედ, „კაპიტალნო პონესლო“. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში მან დაკარგა კრიტიკული თვითშეფასება და დაიჯერა, რომ დასავლეთი მას ნებისმიერ რამეს აპატიებდა და ნებისმიერ რამეში დაუჭერდა მხარს. არადა, მე ვიცოდი, რომ ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ობამამ მას მკაფიოდ უთხრა: პირადად თქვენ მხარს აღარ დაგიჭერთ, საქართველოს კი, როგორც პარტნიორს, არ დავაჩაგვრინებთ რუსეთს; ასე რომ, დემოკრატიულად ჩაატარეთ არჩვენები, არ შეცვალოთ საგარეო ვექტორი და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პიროვნულად მმართველიო. ობამას ადმინისტრაცია, ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ფსონს დებს საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე და არა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილზე. როგორც ჩანს, ამას სააკაშვილი გვიან მიხვდა. ჩემთვის მარკერი გახდა, როდესაც მან მერაბიშვილი დანიშნა პრემიერად და მერაბიშვილმა პირველივე გამოსვლაში თქვა არატიპური რამ, რომ მთავარია სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, პენსიონერების უზრუნველყოფა, არადა, ორი-სამი წლით ადრე ამბობდნენ, რომ ასეთი მიდგომა კომუნიზმია. მიხვდნენ, მაგრამ გვიან.

– თუმცა დასავლეთი მაინც უჭერს მხარს სააკაშვილს, როდესაც პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს ახალაიას, მერაბიშვილის დაკავებას, ყოფილი ჩინოვნიკების დაკითხვებზე დაბარებებს. ქართველი საზოგადოება უფრო მკაფიო ზომებს ითხოვს „ოცნებისგან“, დასავლეთი კი იმას, რასაც აკეთებს „ოცნება“, აფასებს პოლიტიკურ რევანშად. დასავლეთი ისევ არაადეკვატურია თუ რა ხდება?

– ამერიკიდან ვხედავ, რომ სააკაშვილისადმი ინტერესი ძალიან დაეცა. ბევრი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ სააკაშვილის დემოკრატიით, ახლა ჩუმად არიან ეს თემა აქ აღარ განიხილება.

– იმიტომ რომ სააკაშვილმა წააგო თუ თქვენი ნაცნობი ამერიკელები „პრაზრელი“?

– იმიტომ რომ წააგო... ჩვენთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო ასეთი წარმოდგენა: საბჭოთა ხალხი იდეოლოგიზებული და ბრიყვია, დასავლეთში კი ნამდვილი მცოდნეები ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში აქაც ხომ ძალიან ბევრი ადამიანია იდეოლოგიზებული?! თუმცა ისე ხისტად არა, როგორც საბჭოთა კავშირში. ამიტომ, რადგან ითქვა, რომ საქართველოში არის დემოკრატია, ესენიც იმეორებენ, რადგან დემოკრატიული საქართველოსთვის მისცემენ გრანტებს, დაუფინანსებენ პროექტებს. თუ დემოკრატია არ იქნა საქართველოში, მაშინ არც ეს ყველაფერი იქნება. ამდენად, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ის, რომ სააკაშვილმა წააგო, ეს შოკი იყო. მე მქონდა მიმოწერა თომას დევაალთან, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი სააკაშვილისადმი, რის გამოც არ უყვარდა თქვენს ყოფილ ელჩს იაკობაშვილს, რომელიც მეც რუსეთის აგენტს მიწოდებდა და მოითხოვდა, რომ ამერიკიდან გავეგდეთ. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ციფრები, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი შედეგი აჩვენა არჩევნებში, ხოლო მათთვის, ვისაც ესიმპათიურებოდა სააკაშვილი, ეს იყო სრული შოკი. ამის შემდეგ საქართველოს თემისადმი ინტერესი დაეცა.

– პროცესებს შიგნიდან ეტყობოდა, რომ სააკაშვილს გაუჭირდებოდა გამარჯვება. იმის თქმა გინდათ, რომ აშშ-ის სახდეპარტამენტს არ ჰქონდა ინფორმაცია? თუ ისინი შოკში იყვნენ, ეს უკვე მე მაგდებს შოკში, რადგან ნიშნავს, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას.

– არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკისთვის პრიორიტეტი აღარ არის პოსტსაბჭოთა სივრცე. თავის დროზე სახდეპარტამენტის რუსულ განყოფილებაში უდიდესი პროფესიონალები მუშაობდნენ, ახლა იქ მეტწილად შემთხვევითი ხალხია. რაც შეეხება სახდეპარტამენტს, მათ უფრო ადეკვატური ინფორმაცია ჰქონდათ.

– იმედია, ისინი შოკში არ იყვნენ.

– არც შოკში იყვნენ და არც ფრუსტრირებულები. ვინ შესთავაზა ობამას ის მესიჯები, რაც მან სააკაშვილს უთხრა? გასაგებია, რომ სახდეპარტამენტმა. როგორც ჩემი გამოცდილება მიჩვენებს, მგონი, ყველაზე ადეკვატური დაზვერვის უწყების წარმომადგენლები არიან. მათ არ აქვთ იდეოლოგიური პრესი და რეალურად აფასებენ ვითარებას. სააკაშვილის დამარცხება უფრო ამერიკელი პოლიტოლოგებისთვის იყო შოკი, რომლებიც საუბრობდნენ საქართველოს დემოკრატიასა და სააკაშვილის დემოკრატობაზე.

–  იგრძნობა, რომ ივანიშვილთან მიმართებაში ფრთხილობენ? პრორუსი ჰგონიათ?

– მისი პრორუსულობის შესახებ საუბრები უფრო არჩევნების პერიოდში იყო, როდესაც ივანიშვილი მაკკეინს შეხვდა და მან თქვა, მე მჯერა ივანიშვილისო. მაკკეინი მნიშვნელოვანი ადამიანია ამერიკულ ისტებლიშმენტში. პრორუსულობის შეფასებებიც გაქრა. აქ უფრო სკეფსისია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა შეიძლება, შეარბილოს პროდასავლური ვექტორი, მაგრამ, რადგან ივანიშვილი ამბობს, რომ პრიორიტეტია „ნატოსთან“ და ევროკავშირთან ინტეგრაცია, დიდი შიშები არ არის.

– იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი მხარს უჭერს სააკაშვილს. ამ მხარდაჭერით დასავლეთი თავის თავს უჭერს მხარს იმის გასამართლებლად, თუ რატომ უჭერდა თავის დროზე მხარს?

– არ მგონია, დასავლეთი სააკაშვილს უჭერდეს მხარს. ჩემი შეფასებით, მისი თანდათანობითი უტილიზაციის პროცესი მიდის. ჩემი შთაბეჭდილებით, რაც ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან კონტაქტით შემექმნა, მიდის „პროცეს ოკურატნოი სდაჩი“.

– და ამ აკურატული ჩაბარების პროცესს ხომ არ გადაჰყვება აშშ-ის ინტერესი საქართველოსადმი?

– ცინიკურად ვიტყვი: უამრავი  ამერიკელისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ავღანეთში ჯარისკაცების მიმწოდებლის ვინაობას. მე მახსოვს 80-იანი წლების დისკუსია, რომ მარაზმატიკი ბრეჟნევის გამო ავღანეთში იღუპებიან ქართველი ბიჭები. ბრეჟნევი 1982 წელს გარდაიცვალა, ქართველი ბიჭები კი ისევ იხოცებიან ავღანეთში. უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთს აქვს თავისი ინტერესები და ის არ გავა რაღაც ჩარჩოებიდან. რუსულ-ამერიკული ურთიერთობა ისეთი არ არის, როგორც ეს პრესით ჩანს. მათ აკავშირებთ ბიზნესი, ავღანეთი, ირანი, სპეცსამსახურების თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ამერიკელებს რუსეთისადმი თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და ის არ არის ისეთი, როგორიც წარმოიდგინა სააკაშვილმა და შემდეგ თავი დაიჯერა ამაში. ამის შედეგად მივიღეთ 2008 წელი და, თუკი 2008 წლამდე საქართველო აკონტროლებდა „იუჟნაია ოსეტიას“ ნახევარს, პლუს კოდორის ხეობას და იყო აფხაზებთან მოლაპარაკების საშუალება, სიტუაცია ისე შორს წავიდა, რომ დღეს არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა კომპრომისული წერტილების მოძებნა.

скачать dle 11.3