უპატარძლო ქორწილი
ანუ „ბოლო ბანაობა“
მაშინ, როდესაც ახალი „ნაციონალი“ „მოქკავშირიდან“ გადმოყოლილს ხელში არ აიყვანს, საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარი-ტრენინგის ჩატარებას გეგმავს, ზედაც, ამ საქმისთვის 180 000 ლარის დახარჯვასაც – ცხადია, მე და თქვენი, ანუ ბიუჯეტის ფულით.
ამ გეგმის შესახებ ფართო საზოგადოებამ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადებიდან შეიტყო. სულ ზღვის სანაპიროსა და სუფთა ჰაერზე 300 თავმჯდომარე უნდა დატრენინგდეს.
მართალია, ტრენინგის კონკრეტული შინაარსი უცნობია, მაგრამ, სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ ის სრულ სამ დღე-ღამეს უნდა გაგრძელდეს სასტუმროში, რომელიც ორადგილიანი ნომრებით, სამჯერადი კვებით, ე. წ. „ქოფი ბრეიქით“ იქნება აღჭურვილი და, რაც მთავარია, არანაკლებ 200-კაციანი საკონფერენციო დარბაზითაც დამშვენებული (ისე, თუ დასატრენინგებელი 300-ია, ვითომ 200-კაციანი დარბაზი ეყოფათ?!);
თუმცა სატენდერო განცხადებაში გასამართი სემინარის დისლოკაციის ადგილი დაკონკრეტებული არ არის, „ინტერპრესნიუსი“ გვარწმუნებს, რომ მისი ჩატარება თურქეთში, ანტალიის სანაპიროზე იგეგმება და მონაწილეებიც წინასწარვე არიან შერჩეულნი მეტად კონკრეტული ნიშნით – კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაში ბიუჯეტის ფულით ამხანაგობების მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი თავმჯდომარეები იჭყუმპალავებენ.
ჩვენ არ ვიცით, გაუხსნის თუ არა დაგეგმილი ღონისძიება მეორე სუნთქვას ამხანაგობების იმ თავმჯდომარეებს (თუ ეს „ბოლო ბანაობა“ იქნება), რომლებიც ზემოხსენებულ სემინარზე მოხვდებიან, მაგრამ, თუ „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შექმნილ ვითარებას გავიხსენებთ, ეს ის შემთხვევა უნდა იყოს – „ქვეყანა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარტია) იქცეოდა, ტურა ქორწილს შვებოდაო“! –