პროფესია – მოძალადე
ანუ კაცები „გადამალეთ, ყიზილბაშები მოდიან“
თუმცა ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების რეკომენდაციები, როგორც წესი, ქვეყანაში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული, როგორც აღმოჩნდა, საუბედუროდ, ამ ჩვენს პატრიარქალურ ქვეყანაში არანაკლები (თუ მეტი არა) სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცია (აი, ის კი არ ვიცი, აქვთ თუ არა ჩვენს პარტნიორ-მეგობრებს სახელდობრ ამ სფეროსთვის გამზადებული რეკომენდაციები, თუ ჩვენ გავუხსნით მუზას?!).
შესაბამისად, ვფიქრობ, ეს კონკრეტული ინფორმაცია შესაძლოა, ორმხრივ გამოგვადგეს. კერძოდ, ვინმე სონეტ ელერსმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა აფრიკაში მოხალისედ, ამ პრობლემის გასაღებს მიაგნო.
რაკი საკუთარი თვალებით ნახა, რომ სამხრეთ აფრიკაში ქალების გაუპატიურების სტატისტიკა საგანგაშოა, ქალებისთვის სპეციალური პრეზერვატივიც გამოიგონა, რომელიც მათ გაუპატიურებისგან დაიცავს.
მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, იგეგმება თუ არა დანარჩენ სამყაროში სექსუალური ძალადობისგან დამცავი ამ საშუალების მასობრივი წარმოება, მაგრამ, ვფიქრობ, ცნობილ მიზეზთა გამო, ჩვენ კი აუცილებლად უნდა მივყოთ ხელი მის დამზადებას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მოძალადეთა თანაგუნდელები კვლავაც გონორზე არიან და ჯერჯერობით არც არავინ დასჯილა (მხოლოდ სადო-მაზო ჩანაწერებით ვიხეთქავთ გულებს), იქნებ, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად სქესისა, სავალდებულო წესით, ქ-ნი ელერსის გამოგონებით აღგვეჭურვა, რადგან მარცხიც ელანძეა და, ვგონებ, თვით შსს-მაც არ იცის დაზუსტებით, ჩვენს ნაცნობებს შორის, რომელია პროფესიონალი მოძალადე.