რატომ გახდა ამერიკელი ტომას ჩარლსონი თამაზ კარლსონაძე და რატომ გეგმავს ის ნიუ-იორკიდან საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლას
მსოფლიოში წარმატებულმა ახალგაზრდა ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა – ანიტა რაჭველიშვილმა თამაზ კარლსონაძე ერთ-ერთ ინტერვიუში განსაკუთრებულად თბილად მოიხსენია... თამაზ კარლსონაძე სინამდვილეში ტომას ჩარლსონია. ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და ქართველი არავინ ჰყოლია, მაგრამ საქართველოს სიყვარულით ქართული სახელი და გვარი დაირქვა – ამბობს, რომ საქართველო მისთვის ყველაფერია... თამაზ კარლსონაძე ბროდვეიზე მუშაობს კოსტიუმების დეპარტამენტში და მრავალი ქართველი მეგობარი ჰყავს.
თამაზ კარლსონაძე: მე მიყვარს საქართველო, ქართული კულტურა, ისტორია და ენა, დაახლოებით 45 წელია. ჩემი პირველი რეალური შეხება ქართულ კულტურასთან კი იყო 1978 წელს, როდესაც შევიძინე ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. იმ წუთიდან, როგორც კი ეს ოპერა მოვისმინე, მე ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო მანამდე, ვიდრე იარსებებდა პირადი კომპიუტერი, ინტერნეტი და ასე შემდეგ... ამიტომაც, უმეტეს თავისუფალ დროს ვატარებდი საქართველოს კვლევაში ყველა ასპექტით ნიუ-იორკის სხვადასხვა ბიბლიოთეკაში. გავეცანი შესანიშნავ ისტორიას, კულტურას, კოსტიუმებს და გასაკუთრებით, ენას. მე გავატარე ბევრად მეტი დრო იმისთვის, რომ მეკეთებინა ეს საქმე, ვიდრე შემეძლო... საბოლოოდ, 2002 წელს შევძელი ერთი თვით საქართველოში ჩამოსვლა და სინამდვილეში ვიგრძენი ქართველი ხალხის, ქართული ცეკვისა და მუსიკის სიყვარული... შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხნით ჩამოვედი და შევძელი, უფრო გამეფართოებინა ჩემი სიყვარული და ინტერესი... როდესაც მომიხდა ამერიკაში დაბრუნება, მივხვდი, რომ მე ისევ მსურდა, ჩემს საყვარელ საქართველოში დავბრუნებულიყავი... ვიმედოვნებ, ამ სურვილს წელს ან გაისად აუცილებლად ავისრულებ. მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა და მისი ნამუშევრები. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ნამუშევრებს ორიგინალში, ქართულად წავიკითხავ.
ანიტა რაჭველიშვილი: ჩვენ თეატრში, სპექტაკლის მერე შევხვდით ერთმანეთს და ერთად წავედით ყავის დასალევად. სწორედ მაშინ მიამბო ტომმა, ანუ თამაზმა მისი სიყვარულის შესახებ საქართველოსადმი!... თამაზ კარლსონაძე გავიცანი 2011 წელს. ზუსტად არ მახსოვს, ჯერ მომწერა „ფეისბუქში“ და მერე შევხვდით „მეტროპოლიტან“ ოპერაში, თუ პირიქით... საოცრად თბილი ადამიანია და ძალიან კარგი მეგობარი. „მეტროპოლიტან“ ოპერაში რომ შევხვდით, იმის მერე კიდევ უფრო მეტი მიმოწერა დავიწყეთ „ფეისბუქით.“ მე და ჩემს მეუღლეს გამუდმებით გვამარაგებდა იმ ოპერების ჩანაწერებით, რომლებიც ჩვენს რეპერტუარშია. ძალიან დაგვეხმარა, რადგან ზოგიერთი ძველი ჩანაწერი იყო და საშუალება მოგვეცა, სხვადასხვა ნაწარმოები მოგვესმინა არაჩვეულებრივი მომღერლების შესრულებით. მე ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს, ვინც უზომოდ არის შეყვარებული ჩვენს კულტურასა და სამზარეულოზე, მაგრამ თამაზი, გამორჩეულია. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ ქართული სახელი და გვარი სათანადოდ შეარჩია. ასევე, სახლი სავსე აქვს ქართული წიგნებით და ცდილობს, ენა ისწავლოს. როდესაც ჩანაწერებს ფოსტით მიგზავნიდა, ყოველთვის ქართულადაც აწერდა ჩემს სახელს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებდა! ქართული ასოებით ცდილობს, დაწეროს და წაიკითხოს! ასევე ცდილობს, ქართულად თქვას ერთი ფრაზა მაინც. მისი სიყვარული საქართველოსადმი საოცარია. საოცარი ნოსტალგიით საუბრობს ჩვენს სამშობლოზე, ისევე როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველები. საუბრობს ნოსტალგიითა და სიყვარულით სვანეთზე, რაჭაზე. სულ იმეორებს, პენსიაში რომ გავალ, სვანეთში უნდა გადავსახლდე და იქ გავატარო დარჩენილი ცხოვრებაო. საოცრებაა, მის „ფეისბუქის“ გვერდს რომ გადახედოთ, სულ საქართველოს ამა თუ იმ კუთხის სურათებია და უწერია: „ჩემი თბილისი”, ან „ჩემი საქართველო”. მეგონა ასეთი სიყვარული მხოლოდ ჩვენ, ქართველებს გვახასიათებდა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა თურმე.
თამარ ივერი: თამაზ კარლსონაძეს თავიდან „ფეისბუქით“ ვიცნობდი. ანიტას უწერდა კომენტარებს. მერე რამდენჯერმე მეც დამიწერა. დიდი მადლობა ვუთხარი, უცნაური გვარი კი გაქვთ-მეთქი. მითხრა, თქვენს ხელოვნებას შესანიშნავად ვიცნობო და ამის მერე დავმეგობრდით. თავიდან მას გაამერიკელებულ ქართველად აღვიქვამდი. ერთხელაც მივწერე, ამ დღეებში ნიუ-იორკში ჩამოვდივარ-მეთქი. მახსოვს, ჩემმა აგენტმა ბილეთები მომცა ანიტას „კარმენზე,“ რადგან ანიტაც მათთან მუშაობს და სწორედ მაშინ შევთავაზე თამაზს სპექტაკლზე წამოსვლა. მას ძალიან გაეხარდა და რომ დავინახე, ვიფიქრე, ალბათ, ვინმე ჰყავდა ქართველი... რადგან სუფთა ამერიკულით ლაპარაკობდა უაქცენტოდ და „ფეისბუქზეც“ რაღაც ქართულ წინადადებებს მიწერდა.... მაგრამ, თან ვფიქრობდი, ვინ შეიძლება ჰყოლოდა ქართველი...საერთოდ არ ჰგავს ქართველს-მეთქი. ბოლოს ვკითხე, ვინ გყავთ ქართველი-მეთქი და მითხრა... არავინ, მე სულით ვარ ქართველი, საქართველო ჩემთვის ყველაფერია. ამ ქვეყანაში ვიყავი, იქ ვმუშაობდი და მასზე შეყვარებული ვარ. ისე, ტომას ჩარლსონი ვარ და საქართველოსადმი სიყვარულით თამაზ კარლსონაძედ გადავკეთდიო. კინაღამ ცრემლები წამომივიდა და მივხვდი, რამდენი სითბო და დიდი გული იდო ამ ადამიანში. ჩვენი ყველა დიდი მწერალი, პოეტი და მგოსანი ზეპირად იცის. ჩვენი მუსიკოსების დიდი გულშემატკივარია. შემდგომ დავესწარით ანიტას გენიალურ სპექტაკლს, სადაც მან შესანიშნავად იმღერა კარმენი და მერწმუნეთ, თამაზი ჩემზე ნაკლებად არ ამაყობდა, მიუხედავად მისი არაქართველობისა.
შემდეგ, რადგან ის ანიტასგან გავიცანით, სამივე კაფეში წავედით, სადაც მან მე და ანიტა დაგვპატიჟა. ბევრი ვისაუბრეთ... მან ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა თავისი დიდი ადამიანობით, უდიდესი სიყვარულით საქართველოსადმი და თავისი ჰუმანურობით. ადრე მზიურის ბავშვებზე ამბობდნენ: აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო... მე კი იგივეს ვიტყოდი ამ ადამიანზე: აჩვენეთ თამაზ კარლსონაძისნაირი ადამიანები მსოფლიოს და აღარც ომი იქნება და დედამიწაც უფრო ლამაზი და ჰუმანური გახდება.
ეკა ქარდავა: მე თამაზის მეგობარი ვარ. მას საქართველოდან ვიცნობ და მისი მეგობრული მოწვევის წერილით ჩამოვედი ამერიკაში. ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია და უსაზღვროდ შეყვარებული საქართველოზე. ის თავს უფრო ქართველად მიიჩნევს, ვიდრე ამერიკელად. რამდენჯერაც ვნახავ, ჩანთაში სულ ქართული წიგნები უდევს და ცდილობს, წერა-კითხვა ისწავლოს, რაც შესანიშნავად გამოსდის. არაჩვეულებრივად კეთილშობილი ადამიანია და ყველას ეხმარება როგორც შეუძლია. ერთ-ერთი ოპერის მომღერალთან ჩემი შუამავლობით გაგზავნილი აქვს უამრავი საოპერო მასალა. მისი სურვილია, რომ იცხოვროს საქართველოში – სვანეთში. ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოს ასეთი გულშემატკივრები და მოყვარე ადამიანები როგორიც ტომას ჩარლსონია.