კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უზრდის მამუკა ღლონტს ცოლი სხვის შვილებს და ვინ იცავს მათ ოჯახში სქესობრივ ბალანსს

ნატო ღლონტი მამუკა ღლონტის ცხოვრების თანამგზავრი 27 წლის წინ გახდა. პროფესიით ექიმმა, წლების შემდეგ პროფესიული არჩევანი შეიცვალა და ახლა „მაესტროს“ სკოლა-სახელოსნოში იმ საქმეს ემსახურება, რაც მამუკა ღლონტის ცხოვრების წესად დიდი ხანია, იქცა. ნატო ღლონტი ქმარს სამ ქალიშვილთან ერთად „სხვის შვილებსაც“ უზრდის. ლიბერალი ქმარი „ხელქვეით“ ცოლთან არ უფროსობს, უფრო მეტიც, მათი პირადი და საქმიანი ურთიერთობა ერთმანეთში არ ირევა. „მის გვერდით ცხოვრება ძალიან საინტერესოა“, – ამბობს ნატო, რომელიც ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ის ერთად გატარებული წლების და ღლონტების ოჯახის ცხოვრების წესის შესახებ გვიმხელს.

– თქვენი მეუღლე  ცნობილი და  წარმატებული ადამიანია, მისგან განსხვავებით,  თქვენ  იშვიათად ჩნდებით საზოგადოებაში და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებთ,  რატომ?

–  ჩვენი ოჯახი ასეთია – ერთი პოპულარულიც გვეყოფა,  თან მას ეს კარგად გამოსდის. მეც და ჩემს შვილებსაც მშვიდად, ჩვეულებრივი ცხოვრება გვირჩევნია. ჩვენი სამივე ქალიშვილი წარმატებული კარიერის  დასაწყისში არიან,  თუმცა ამის აფიშირებას არ ვახდენთ. ჩვენ გვაქვს მთავარი, რაც აუცილებელია კარგი ოჯახისთვის – ყველა ერთად ვართ ყველგან, ჭირსა და ლხინში. ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ერთმანეთი მარტო. მამუკა 25 წლის იყო, როცა მამუკამ მოსკოვში ცვილის ფიგურების გამოფენა მოაწყო.  მეც თან წამიყვანა.  მაშინ ძალიან კარგი შემოსავალი ჰქონდა, 7-8 წელი იქიდან გამოგზავნილი თანხებით ვცხოვრობდით. მერე „პასეანსი“ დაიწყო, მერე რეალითი შოუები, მოკლედ, სულ სიახლეებს ეძებს, ძალიან იდეური ადამიანია. მამუკას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. მე ჩუმად, მშვიდად  ვაკეთებ ჩემს საქმეს – სკოლა-სახელოსნო „მაესტროში” ვზრდი ახალ თაობას: ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ამით ვფიქრობ, რომ ჩემს მეუღლეს კარგ სამსახურს ვუწევ. მინდა, ძალიან კარგი ნაკადი შეემატოს არა მარტო „მაესტროს”, არამედ ყველა სხვა ტელევიზიას.

– ანუ, მეუღლეს  სამ შვილთან ერთად, სხვის შვილებსაც უზრდით. როგორც ჩანს, აქტიური საქმიანი შეხებაც გაქვთ ცოლ-ქმარს. 

– ასე გამოდის, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, ერთმანეთთან რაც შეიძლება ნაკლები საქმიანი შეხება გვქონდეს. შეიძლება, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მამუკას ხელქვეითად ვითვლები, მაგრამ ნამდვილად  არ „უფროსობს,” (იცინის). ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ბევრ თემას, თუმცა მამუკა ისეთი ადამიანია, ბევრი რამ, ალბათ არ ვიცი – არ უნდა, რომ ზედმეტი ინფორმაციით  ჩემი სიმშვიდე დაარღვიოს. ზოგადად, მე ვფიქრობ, როცა ცოლ-ქმარი 24 საათი ერთად მუშაობს, მათ ურთიერთობაში ინტერესი იკარგება. 

– თქვენი პროფესიული კარიერა მეუღლის წარმატებებს შეეწირა?

– არა, ჩემი კარიერა შეეწირა ჩვენს რეჟიმს და პოლიტიკურ ცხოვრებას. მე პროფესიით ექიმი ვარ, ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ყველაფერი გააუქმეს, სადაც კი მუშაობა დავიწყე. ინგლისური და კომპიუტერი ვიცოდი და როცა საჭირო გახდა, გავაკეთე კომპიუტერული ცენტრი. იმ პერიოდში, კომპიუტერი უცხო ხილი იყო ჯერ კიდევ. მე ვიყავი ამ ცენტრის ხელმძღვანელი და პედაგოგი, კომპიუტერულ პროგრამებს დღემდე მე ვასწავლი. იმ პერიოდში ჩემი შვილი აბიტურიენტი იყო, ოჯახის ყველა ხარჯს მე ვიღებდი. ასე გადავიტანეთ ის მძიმე წლები,  თუმცა მორალურად  მამუკას გვერდით არ გამჭირვებია.  რომ არა დიდი სიყვარული, იმ მძიმე წლების გაძლება ძალიან რთული იქნებოდა.  მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული როლი მიმიძღვის მამუკას წარმატებებში, თუმცა ყოველთვის, ყველა სიტუაციაში  მის გვერდით ვიყავი. ეს კი ცოტას არ ნიშნავს. 27 წელია, რაც ერთად ვართ. ჩვენ  პატარები ვიყავით როცა დავქორწინდით.  23 წლის ასაკში მამუკა ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. იმის მიუხედავად,  რომ ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი მყავდა და მათგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით, ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად.  ამან ჩვენი სიყვარული უფრო გააძლიერა და განამტკიცა. მამუკას გვერდით გატარებული წლები ძალიან საინტერესო იყო.

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია? 

– ეს იყო ბედისწერა. მე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი, მამუკა პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტს ამთავრებდა. იმ პერიოდში მამუკა სპექტაკლების, „სკეტჩების“ დადგმით იყო გატაცებული. ამ მიზნით მოვიდა ჩვენთან. მე მაშინ ცეკვაზე დავდიოდი, ერთი კვირა ცეკვების გაცდენა მომიწია, რადგან ავად გავხდი. ამის გამო ცეკვის ჯგუფიდან ამოვვარდი და მოვხვდი მამუკას სპექტაკლში. მამუკამ სტუდენტი გოგონას როლი მომცა, იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ექვს თვეში  დავქორწინდით. მე წავედი საცხოვრებლად რუსთავში ისე, ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო.   არ ვიცი, სკეტჩის  როლში როგორ გავუმართლე, მაგრამ მთავარ „როლში,” მგონი,  ნამდვილად გავუმართლე (იცინის).   

– რთული ასატანია სახლში?

– არა. მართალია, ძალიან ემოციური ადამიანია და მშვიდად  იშვიათად არის, მაგრამ ეს არ გვიქმნის პრობლემებს.  ტიპური გურულია.       მოთხოვნები, რა თქმა უნდა, აქვს – სახლში პედანტია, განსაკუთრებულ წესრიგს ითხოვს, გურმანია და უყვარს კარგი კვება. სუფრა უნდა გაუწყო, მოემსახურო. როცა სახლში ოთხი ქალია, აქვს კიდეც უფლება, ეს მოითხოვოს.  მას სუპზე ვერ გადაატარებ, თუმცა ამის გამო რთული ასატანი ნამდვილად არაა. მასთან ხმაურიანი ვერ იქნები. არ მახსოვს, მასთან ჩხუბით რამე გამომსვლოდა. მე საერთოდ არ ვარ კონფლიქტური, მით უმეტეს მამუკასთან. როცა გაბრაზებულია  უნდა მოუსმინო,  გაუგო, მოეფერო. ეს  გურულ კაცზე ყველაზე კარგად „ჭრის” (იცინის). მე რაჭველი ვარ და მამუკას გურულ ხასიათს, ალბათ,  რაჭული სიდინჯით ვაბალანსებ.  ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის.  ხომ არიან ქალები, რომლებიც იმის გამო, რომ ქმარს ქორწინების დღე დაავიწყდა და ყვავილები არ მიართვა, სკანდალს მოაწყობენ. მამუკამ  შეიძლება, განსაკუთრებული რომანტიკულობით არ გამოიჩინოს თავი, მაგრამ ისეთ სიურპრიზს მომიწყობს ხოლმე, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი.  წელს საერთოდ არ გახსენებია ჩემი დაბადების დღე,  მაგრამ წინა წელს  ანტალიაში, საოცარ ადგილას წამიყვანა მოულოდნელად, იმის წინა წელს – პარიზში. ასე რომ, მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობა კარგად გამოსდის. 

– როგორც ვიცი, ოჯახში ოთხი ქალი  კარგად ანებივრებთ. 

–  ასე გამოდის. თუმცა, თვითონაც ძალიან თბილი და ყურადღებიანია ყველასთან, განსაკუთრებით შვილებთან. ბავშვებიც, მამას რომ დაინახავენ, მაშინვე მის მოფერებას იწყებენ.  მართალია, ოჯახში  გენდერული ბალანსი კი გვაქვს დარღვეული, მაგრამ სამაგიეროდ ცხოველები გვყავს მამრი სქესობრივი ბალანსის დასაცავად (იცინის).  

– როგორც ვიცი, მამუკა მთელ დღეებს შეკვეთილში ატარებს, სადაც საკუთარი იდილია შეიქმნა.

–  გიჟდება შეკვეთილზე. ზაფხულში შეკვეთილს არ შორდება, გურულია თავიდან ბოლომდე. მთელი ზაფხული  იქიდან აგვარებს საქმეებს. ჩვენც  თითქმის სულ იქ ვართ. მე და  გოგოები „ვმორიგეობთ”, მამუკას მარტო ვერ ვტოვებთ.  დიდი აგარაკი არაა, პატარა კოტეჯია ნაძვნარის ზონაში. არქიტექტორი თვითონ  მამუკა იყო. ჩვენ პირველი მობინადრეები ვიყავით. ხშირად გვყავს სტუმრები. ჯანსაღი, სპორტული წესით ვცხოვრობთ.  იქ მანქანამ ფუნქცია დაკარგა.  შეკვეთილში გვაქვს  ველოსიპედები, მოტო, იქ მხოლოდ ველო და მოტოტრანსპორტით ვმოძრაობთ. მამუკა უკვე პროფესიონალი ბაიკერია, ძალიან უყვარს მოტოციკლი. მე მხოლოდ შეკვეთილში ვხდები ბაიკერი, თბილისში, სადაც ასეთი აქტიური მოძრაობაა, ვერ გავბედავ.  ორივეს გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, სკაფანდრები.  ხშირად ვსეირნობთ ერთად შეკვეთილში. ბათუმშიც მივდივართ ხოლმე ერთად.  ჩვენთან ხომ ძირითადად ასეა – თუ ფული გაქვს, აუცილებლად შავი, დაბურული „ჯიპით“ უნდა იარო. ჩვენ ამგვარი სნობიზმისგან შორს ვართ. მამუკას ძალიან შეუყვარდა ჩვენი ეზო, სადაც ბევრი ყვავილია. ჭრის ბალახს, ლამაზი მოლი გვაქვს. ჯერჯერობით ბოსტანი არ გვაქვს, მაგრამ ამის გაკეთებაც არაა რთული. გვიყვარს შეკვეთილი.  როცა კარგი ამინდია, მთელ დღეებს ზღვაზე ვატარებთ. მამუკას უყვარს ზღვა. შეკვეთილში მშვიდი ცხოვრება გვაქვს, ასე  ვისვენებთ ქალაქის დამღლელი რიტმისგან.  

скачать dle 11.3