რომელ ცნობილ ფილმში თამაშზე უარის თქმას ნანობს უილ სმიტი, რომელი ფილმისთვის წარადგინეს ის პირველად „ოსკარის” ნომინაციაზე და რამდენ მილიონ დოლარს შეადგენდა მისი ჰონორარი ფილმის – „ადამიანები შავებში” სამივე ეპიზოდისთვის
„ოსკარის” ორგზის ნომინანტი, პრემია „გრემის” მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, ჰიპ-ჰოპისა და ჰოლივუდის ვარსკვლავი უილ სმიტი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია, რომელიც ბოლო წლებია, ეკრანზე თავის ვაჟთან, ჯეიდენ სმიტთან ერთად ჩნდება. სულ ახლახან მსოფლიო კინოთეატრებში შედგა ნაით შიამალანის აპოკალიპსური დრამის – „დედამიწის შემდეგ” პრემიერა. ფილმი უკვე გახდა ზაფხულის კინოგაქირავების ლიდერი, უილ სმიტმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერბლოკბასტერებში თამაში მისი მოწოდებაა.
* უილარდ კრისტოფერ სმიტ-უმცროსი დაიბადა 1968 წლის 25 სექტემბერს, ფილადელფიაში. დედა – კეროლაინი, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მამა – უილარდ კრისტოფერ სმიტი კი ინჟინერი გახლდათ. როდესაც უილი 13 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ.
* 1980-იანი წლების ბოლოს უილ სმიტმა მუსიკოს ჯეფ ტაუნსთან ერთად ჩამოაყალიბა ჰიპ-ჰოპ დუეტი – „დიჯეი ჯეზი ჯეფი ენდ ფრეშ პრინცი”. დუეტმა „გრემის” არსებობის ისტორიაში პირველმა მიიღო ჯილდო ნომინაციაში „წლის რეპ-შესრულება”. უილ სმიტი ამერიკელებმა სწორედ „ფრეშ პრინცის” ფსევდონიმით გაიცნეს.
* 90-იანი წლების შუა პერიოდისთვის უილ სმიტის ჰიპ-ჰოპ კარიერა დაღმართისკენ მიექანებოდა და იგი ნელი ტემპით კარგავდა პოპულარობას ახალგაზრდებში, თუმცა, რეჟისორმა მაიკლ ბეიმ მისი კარიერის სრული რეანიმაცია მოახდინა: მან სმიტი და მარტინ ლოურენსი მძაფრსიუჟეტიან ფილმში – „ცუდი ბიჭები” მთავარი როლების შესასრულებლად მიიწვია. 23-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმ წლის ბლოკბასტერად დასახელდა, ხოლო უილ სმიტისა და მარტინ ლოურენსის დუეტი „ცუდი ბიჭების” მეორე სერიაშიც შედგა.
* 1999 წელს უილ სმიტმა უარი განაცხადა მთავარ როლზე, ფილმში „მატრიცა” და როლი კიანუ რივზს შეხვდა, თავად კი „ველურ, ველურ უესტში” ამჯობინა თამაში. ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა, ხოლო უილ სმიტმა შემდგომ ინტერვიუებში აღიარა, რომ ნანობდა „მატრიცაზე” უარის თქმის გამო.
* პირველ მეუღლეს, შერი ზამპინოს, უილ სმიტი 1995 წელს, სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მისი პირველი შვილი, უილარდ კრისტოფერ სმიტ-მესამე დედასთან დარჩა. 1997 წლის 31 დეკემბერს უილ სმიტი მეორედ დაქორწინდა მსახიობ ჯადა პინკეტზე. ჯადასგან უილს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი – ჯეიდენი და ქალიშვილი – უილოუ.
* უილ სმიტის შვილები მამასთან ერთად თამაშობენ ფილმებში: უილოუ – „მე, ლეგენდა”, ხოლო ჯეიდენ სმიტი – „ბედნიერების ძიება” და „დედამიწის შემდეგ“.
* 2008 წელს უილ სმიტი „ფორბსის” მიერ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც მსახიობად დასახელდა – მისი წლიური შემოსავალი 80 მილიონი დოლარი იყო. სმიტი გახდა, ასევე, პირველი მსახიობი ჰოლივუდში, რომლის ზედიზედ რვა ფილმის შემოსავალი კინოგაქირავებაში 100 მილიონ დოლარს ასცდა.
* 1998 წელს უილ სმიტი ჟურნალმა „ფიფლმა” პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის მოიხსენია.
* მუჰამედ ალის როლის შესრულებისთვის უილ სმიტი 2001 წელს „ოსკარზე” იყო წარდგენილი მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში.
* უილ სმიტის დაბადების დღე ემთხვევა მაიკლ დუგლასის, კეტრინ ზეტა-ჯონსის, მაიკლ მედსენისა და ჰიზერ ლოკლირის დაბადების დღის თარიღს.
* უილ სმიტს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, კენჭი იყაროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე.
* უილ სმიტს არ გააჩნია პროფესიული სამსახიობო განათლება, მას საშუალო სკოლის დამთავრებისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიპლომები აქვს.
* უილ სმიტი ჭადრაკის დიდი მოყვარულია.
* უილ სმიტმა არ იცის ცურვა.
* ფილმში „მისტერ და მისის სმიტები” თავდაპირველად, მისტერ სმიტის როლზე უილ სმიტი განიხილებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს როლი ბრედ პიტს ხვდა წილად.
* უილ სმიტის სიმაღლე 188 სანტიმეტრია.
* უილ სმიტი თავისუფლად ფლობს ესპანურ ენას.
* უილ სმიტი კომპიუტერული თამაშის „თრუ ქრაიმ: ნიუ-იორკი” მთავარი გმირის პროტოტიპია.
* სმიტი ყველაზე გავრცელებული გვარია ამერიკის შეერტებულ შტატებში.
* სკოლაში, სწავლის პერიოდში უილ სმიტს მეტსახელად „პრინცი” შეარქვეს, რადგან, ის ნებისმიერი არასასიამოვნო სიტუაციიდან ახერხებდა თავაწეული გამოძრომას.
* 2012 წლის მონაცემებით, უილ სმიტის ფილმებს, საერთო ჯამში, კინოგაქირავებაში 6 მილიარდი დოლარი აქვს აღებული.
* ფილმში „სახელმწიფოს მტერი” მთავარ როლზე თავდაპირველად მელ გიბსონისა და ტომ კრუზის კანდიდატურები განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მთავარი როლი უილ სმიტს ერგო.
* თავისი მომავალი მეუღლე, ჯადა პინკეტი, უილ სმიტმა 1990 წელს, ტელესერიალ „ფრეშ პრინც ბელ ეირის” გადასაღებ მოედანზე გაიცნო და თავდაპირველად ისინი მხოლოდ მეგობრობდნენ.
* უილ სმიტის საყვარელი კინოგმირი „ვარსკვლავურ ომებში” ჰარისონ ფორდის მიერ განსახიერებული ჰან-სოლოა.
* უილ სმიტი შვედური ჰევი-მეტალ ჯგუფის – „სოილუორქის” მსმენელია.
* შერი ზამპინოსთან დაშორება უილ სმიტს 900 ათასი დოლარი დაუჯდა; გარდა ამისა, ალიმენტების სახით ის თვეში 24 ათას დოლარს იხდის.
* ფილმში „ადამიანები შავებში” უილ სმიტის მიერ შესრულებული აგენტ ჯეის როლი, სცენარის თანახმად, სულაც არ იყო გამიზნული შავკანიან მსახიობზე; თავდაპირველად ამ როლზე კრის ო’დონელი და დევიდ შვიმერი ისინჯებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, რეჟისორმა ბარი ზონენფელდმა როლზე უილ სმიტის კანდიდატურა დაამტკიცა.
* 20 წლის ასაკში უილ სმიტს უკვე ოფიციალური მილიონერის სტატუსი ჰქონდა.
* უილ სმიტს თაგვების ეშინია.
* ამერიკული პრესა უილ სმიტს ხშირად უწოდებს „მისტერ ივლისს,” რადგან, მსახიობის ფილმების უმრავლესობის პრემიერა სწორედ ივლისში ეწყობა.
* ფილმში „პიკის საათი” აგენტ კარტერის როლი სპეციალურად უილ სმიტისთვის დაიწერა, თუმცა, მან უარი განაცხადა ფილმში თამაშზე და ჯეკი ჩანის პარტნიორი ნაკლებად ცნობილი კრის ტაკერი გახდა.
* უილ სმიტის საყვარელი ფილმია 1957 წელს გადაღებული „ხიდი მდინარე კვაიზე”.
* უილ სმიტის ჰონორარები ფილმების მიხედვით: „ცუდი ბიჭები” – 2 მილიონი დოლარი; „დამოუკიდებლობის დღე” – 5 მილიონი დოლარი; „ადამიანები შავებში” – 5 მილიონი დოლარი; „ალი” – 20 მილიონი დოლარი; „ადამიანები შავებში 2” – 20 მილიონი დოლარი + შემოსავლის 10 პროცენტი; „მე, რობოტი” – 28 მილიონი დოლარი; „ადამიანები შავებში 3” – 20 მილიონი დოლარი.