მკვდარი ვერსია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N7-24(650)
ნიკამ თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან გაატარა. საჭირო იყო ბოლო ხანებში მოპოვებული მონაცემების ერთად თავმოყრა, შეჯერება და სასამართლოში შესატანი საჩივრის მომზადება. ნანა გაოცებული ადევნებდა თვალს საქმეში მთლიანად ჩაფლულ მასპინძელს. ეჩვენებოდა, რომ ის ვერაფერს ამჩნევდა თავის გარშემო. ნიკა დროდადრო კი მუშაობას თავს ანებებდა, სიგარეტს უკიდებდა და კომპიუტერის მონიტორზე აკრეფილი ტექსტის თავიდან კითხვას იწყებდა. დროდადრო დიდი ხნის განმავლობაში იჯდა ჩაფიქრებული. შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა და ეშინია არ დამავიწყდესო, მაგიდისკენ მიიწეოდა და კომპიუტერის კლავიატურაზე სწრაფად აამოძრავებდა თითებს.
დღის მიწურულს ნიკამ კომპიუტერში აკრეფილი ტექსტები პრინტერით ფურცლებზე გადაიტანა. შემდეგ ფურცლები აკინძა, საქაღალდეებში დაანაწილა და დასასვენებლად დივანზე წამოწვა. ამ დროს მოჰკრა თვალი ნანას, რომელიც სანახევროდ ღია კარიდან ადევნებდა თვალს.
– მოიწყინე? – გაუღიმა ნიკამ.
– არა. საინტერესოც კი იყო შენი ყურება, – უპასუხა ნანამ და მის პირისპირ, სავარძელზე ჩამოჯდა, – მე სულ სხვანაირად წარმომედგინა შენი სამუშაო.
– მაინც როგორ?
– აი ისე, როგორც დეტექტივებშია. წვიმიან ღამეს ბოროტმოქმედების თვალთვალი, მანქანებით რბოლა, სროლა, ხელჩართული ბრძოლა... – დინჯად ჩამოთვალა ნანამ.
– მაშინ ჯეიმს ბონდი უნდა დაგექირავებინა, – გაეცინა ნიკას, – მე კი რიგითი ადვოკატი ვარ.
– დეტექტივიც ხომ ხარ! – შენიშნა ნანამ.
– დროდადრო... დღეს კი ადვოკატი ვიყავი და ვრცელი ტექსტებით ვებრძოდი ბოროტმოქმედებს.
– ვახშმობის დროა, – საათს გახედა ნანამ, – მთელი დღე ორი ფინჯანი ყავით გაატარე.
– ჯერ ერთი საქმე უნდა მოვაგვაროთ, – უპასუხა ნიკამ.
– რა უნდა გავაკეთოთ? – ჰკითხა ნანამ.
– შენ იცი, რომ პროკურატურამ უარი გვითხრა ძიების განახლებაზე. ამიტომ, იძულებული ვარ, სხვა გზით წავიდე.
– რას გულისხმობ?
– სასამართლოში ბანკის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ვაპირებ. ეს სამოქალაქო დავაა და პროკურატურა ვერაფრით შეგვიშლის ხელს, – უპასუხა ნიკამ.
– რას მოგვცემს ეს საჩივარი? – ჰკითხა ნანამ.
– ახლა ჩვენთვის მთავარია ამ სასამართლო განხილვის დაწყება. ბანკის წარმომადგენლები სასამართლოში თავხედობას ვერ გაბედავენ. ისინი იძულებულები იქნებიან, წარმოადგინონ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. შემდეგ კი ყველაფერი ჩემი ჩარევის გარეშე მოგვარდება. ჩანაწერები ნათელს გახდის, რომ ხელშეკრულების დადების დღეს, შენ საერთოდ არ ყოფილხარ ბანკში. აქედან გამომდინარე, სასამართლო ხელშეკრულებას ყალბად, ბანკს კი – აფერაში მონაწილე მხარედ ცნობს. ეს კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. სასამართლო თავად დაავალდებულებს პროკურატურას, განაახლოს ძიება. გასაგებად აგიხსენი?
– მესმის, – თავი დაუქნია ნანამ, – მაგრამ რამდენი დრო დასჭირდება ამას? კიდევ რამდენ ხანს მიმიწევს აქ ყოფნა?
– შენ გინდა თქვა, შინაპატიმრობაში?
– არა. თავს შინაპატიმრობაში არ ვგრძნობ. უფრო ნებაყოფლობითი პატიმრობაა, – უპასუხა ნანამ.
– ნებაყოფლობითი?! – გაუკვირდა ნიკას.
– ჰო, – დაუდასტურა ნანამ, – მე პატივს ვცემ შენს შრომას. ვხედავ, რომ შენ და ზურაბი ყველაფერს აკეთებთ ჩემს დასახმარებლად და არ მინდა, ჩემი უადგილო ჭირვეულობით შეგიშალოთ ხელი.
– გმადლობთ, – ხელზე მოეფერა ნიკა, – არა მგონია, დიდხანს გაგრძელდეს შენი „ნებაყოფლობითი” პატიმრობა. საჩივრის მიღების შემდეგ, სასამართლო პროკურატურას გაუგზავნის შეტყობინებას. იურისტები ბანკსაც ჰყავს და ლოგიკურად მათ არ უნდა დაუშვან წასაგებად განწირული საქმის არსებითი განხილვა. ჩემი აზრით, ბანკი თავად შემოგვთავაზებს შეთანხმებას.
– შენ ფიქრობ, რომ თავს გამანებებენ?
– არა... ყველაფერზე უარს არ იტყვიან. მანქანასა და ბინას მაინც წაიღებენ. მაგრამ, შენს საბანკო ანგარიშსა და წყნეთის აგარაკს ვეღარ შეეხებიან. გაწყობს დავის ასე დამთავრება?
– სავსებით... მაგრამ ბანკთან ურთიერთობის მოგვარებით, ანდროსა და ვაჟას მკვლელის ვინაობა ხომ არ გაირკვევა!
– ჩვენ ამ საკითხზეც ვმუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი მთავარი საზრუნავი შენ ხარ. როდესაც დავრწმუნდები, რომ შენ არაფერი გემუქრება, მთლიანად მაგ საქმეზე გადავერთვები, – უპასუხა ნიკამ და საქაღალდეს გადასწვდა, – ახლა რაც შეეხება საქმეს. სასამართლოში საჩივარს მე შევიტან. როგორც ადვოკატსა და შენს წარმომადგენელს მაქვს ამის უფლება. მაგრამ სასამართლო განხილვაზე შენც დაგკითხავენ. ამიტომ, კარგად უნდა იცნობდე საქმის ყოველ დეტალს. მე მინდა, რომ გულდასმით გაეცნო ყველა დოკუმენტს.
– ახლა? – ჰკითხა ნანამ.
– არა. ერთი საღამო ამისთვის საკმარისი არ არის. სასამართლო ერთ კვირაზე ადრე მაინც არ მოაწყობს საქმის პირველად განხილვას. ასე რომ, შენს განკარგულებაში მთელი კვირაა.
– გასაგებია, – უპასუხა ნანამ და საქაღალდე გამოართვა, – ახლა ხომ შეგვიძლია, ვივახშმოთ.
– ცოტას დავისვენებ.
– საჭმელი გაცივდება. იცი, რამდენი ხანი დამჭირდა მის მოსამზადებლად? – წყენით შეხედა ნანამ.
– ასეთი რა გააკეთე? – დაინტერესდა ნიკა.
– სიურპრიზია.
– არ მიყვარს სიურპრიზები. თუ არ მეტყვი, სამზარეულოში ვერ შემიტყუებ!
– შემწვარი ქათამი სულგუნის, პიტნისა და დარიჩინის სატენით, – უპასუხა ნანამ.
– საინტერესოა. ასეთი რამ არც კი მსმენია.
– რა თქმა უნდა, ამ გამოქვაბულში ხომ არასოდეს მზადდება ნორმალური საჭმელი.
– მართალი ხარ. არ მზადდება. მე პირველყოფილი ადამიანივით უმი ხორცით ვიკვებები, – გაიცინა ნიკამ და ადგა, – დღეს მაინც ვეზიარები მაღალ სამზარეულოს!
სამზარეულოში შემწვარი ქათმის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ნიკამ ღრმად შეისუნთქა მადისაღმძვრელი სურნელი და კარადას მიუბრუნდა, რომელშიც მუდამ ინახავდა რამდენიმე ბოთლ ღვინოს. კარადის დათვალიერების შემდეგ, მან მაგიდაზე ერთი ბოთლი წითელი ღვინო დადგა და ნანას უთხრა:
– ფრანგული კაბერნეა... წავა მაგ ქათამზე?
– წავა, – უპასუხა ნანამ და ქათმის დაჭრას შეუდგა.
* * *
ის იყო ნიკამ ქათმის ნაჭერი თეფშზე გადაიღო, რომ ბინაში ზარის ხმა გაისმა.
– ვინმეს ელოდები? – ნიკას გახედა ნანამ.
– არა... საძინებელში გადი, – უპასუხა მან და სწრაფად გავიდა სასტუმრო ოთახში.
ნიკამ ტუმბოს უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს და საჭვრეტში გაიხედა. სადარბაზოში ზურაბი იდგა. მისი მოულოდნელი სტუმრობით გაოცებულმა ნიკამ მაშინვე გააღო კარი.
– გაუმარჯოს, – დაღლილი ხმით თქვა ზურაბმა და ბინაში შევიდა.
– კარგ დროს მოხვედი. სწორედ ახლა ვაპირებდით ვახშმობას... წამოდი, – თქვა ნიკამ და სამზარეულოს მიუბრუნდა.
– არ ვარ მაგის ხასიათზე, – იუარა ზურაბმა.
– კარგი რა, – სწრაფად შემობრუნდა ნიკა, – თითო ჭიქა ღვინოც დავაყოლოთ.
– სასმელს მართლაც დავლევ, მაგრამ ღვინო არ მინდა. რამე უფრო მაგარი არ გაქვს?
– ვისკი მაქვს.
– სასტუმრო ოთახში გამოიტანე, – თქვა ზურაბმა და დერეფანს გაუყვა.
– მოიცადე, – დაადევნა ნიკამ.
ზურაბი შემობრუნდა. ნიკა მიუახლოვდა და ხმადაბლა უთხრა:
– გთხოვ... ჩემთვის – არა, ნანას გამო გააკეთე. დიდი ხანი ამზადებდა ვახშამს და უარი ეწყინება.
– შენ მე გამაგიჟებ. მართლაც ვნანობ ამ საქმეში ჩართვა რომ გთხოვე. უშენოდ უკეთ მოვაგვარებდი ყველაფერს, – ამოიოხრა ზურაბმა და სამზარეულოს მიაშურა.
ნიკას მალე ენიშნა ზურაბის უხასიათობა. ის ახლოსაც არ გაკარებია მაცდურად დაბრაწულ ქათმის ხორცის ნაჭერს, რომელიც ნანამ გადაუღო თეფშზე. ჩაფიქრებული იჯდა და დროდადრო ვისკის პატარა ყლუპებით სვამდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა მან და თეფში გვერდზე გადადო.
– საქმეზე ლაპარაკს თუ აპირებთ, მე საძინებელში გავალ, – ნანა სკამიდან წამოიწია.
– არა, დარჩი, ეს შენც გეხება და შენი აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, – ზურაბმა ისევ მოსვა ვისკი და ლაპარაკი განაგრძო, – ვითარება უფრო გართულდა. შენ ვეღარ დარჩები აქ!
– რატომ? – გაუკვირდა ნიკას.
– ეს სარისკოა, – უპასუხა ზურაბმა, – ერთ, თუნდაც მცირე შეცდომას, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს!
– დილით ასე არ ფიქრობდი. რა შეიცვალა რამდენიმე საათში?
ზურაბმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და უსიტყვოდ გაუწოდა. ნიკამ კონვერტი გახსნა. მასში რამდენიმე ფოტოსურათი აღმოჩნდა, რომლებზეც რაზმაძეს ცხედარი იყო აღბეჭდილი. ნიკამ ყურადღებით დაათვალიერა ფოტოები და იკითხა:
– რა არის ეს?
– ის, რაც რაზმაძისგან დარჩა! – ყრუდ ჩაილაპარაკა ზურაბმა.
– ეს რაზმაძეა?! – მოიღრუბლა ნიკა.
– ჰო, ისაა. ოფიციალური ამოცნობა ორი საათის წინ ჩავატარეთ. მისმა მეუღლემ დაადასტურა, რომ ცხედარი რაზმაძეს ეკუთვნის, – ზურაბმა ჭიქა ვისკით შეივსო და ლაპარაკი განაგრძო, – მძიმე სანახაობა იყო. მეგონა, რომ რაზმაძის მეუღლე გულწრფელად მეუბნებოდა: განქორწინებაზე უნდა შევიტანო განცხადება. მასთან ერთად ცხოვრებას აღარ ვაპირებო... სინამდვილეში კი... ექსპერტიზის თანამშრომლებს ორჯერ მოუხდათ მისი გონებაზე მოყვანა. ცოტაც და რუხაძეს ქეჩოთი მივათრევდი პროზექტურაში, იმ ამოცნობაზე დასასწრებად!
– სად აღმოაჩინეს?
– ფონიჭალის ბოლოში, მტკვარმა გამორიყა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ის დაახლოებით ათი-თორმეტი დღის წინ დაიღუპა. მეუღლის ცნობით კი, ის ზუსტად ცამეტი დღის წინ გავიდა სახლიდან. მას შემდეგ რაზმაძე არავის უნახავს.
– სიკვდილის მიზეზი? – განაგრძო ნიკამ.
– ექსპერტებმა სხეულიდან სამი ტყვია ამოიღეს. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ უკვე დაადგინა, რომ რაზმაძე და გაბისონია ერთი და იმავე იარაღით მოკლეს.
– ესე იგი საქმეები გაერთიანდება? – ჰკითხა ნიკამ.
– თავისთავად. მტკვრის პირას ცხედრის აღმოჩენის საქმეს უკვე იძიებდა კრწანისის რაიონი, მაგრამ ძიებამ ვერ შეძლო მისი ვინაობის დადგენა. ახლა საქმე მე გადმომეცემა.
– სხვა ვარიანტზე არ გიფიქრია?
– რომელ ვარიანტზე?
– საქმე ერთ ან ორ მკვლელობას აღარ ეხება. ვიღაც გეგმაზომიერად, მე ვიტყოდი, კონვეიერული მეთოდით ხოცავს ხალხს. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. არა მგონია, ასეთი საქმე პოლიციაში დატოვონ. დარწმუნებული ვარ, ძიებას პროკურატურა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს დაავალებს.
– შეიძლება, – დაეთანხმა ზურაბი, – მაგრამ საქმე მე აღვძარი. გაბისონიას მკვლელობაც ჩემს რაიონში მოხდა. ასე რომ, ჩემს ხალხს საგამოძიებო ჯგუფში ნებისმიერ შემთხვევაში ჩართავენ.
– ანდროსა და ვაჟას საქმეების ამ მკვლელობებისთვის მიბმა მაინც გაგიჭირდება. რუხაძე არასოდეს აღიარებს შეცდომას. დღესდღეობით კი შენ მხოლოდ ერთი არგუმენტი გაქვს, ამ საქმეების გასაერთიანებლად. სამ დაღუპულს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა „ინტელგრუპჯორჯიასთან”.
– ამაზეც ვიფიქრე. რუხაძის კეთილგონიერების იმედი ნამდვილად არ მაქვს. მაგრამ, არა მგონია, რომ პროკურატურამ „ინტელგრუპჯორჯიას” სამი აქციონერის ბუნდოვანი მკვლელობები დამთხვევად ჩათვალოს, – თქვა ზურაბმა, – ისე კი ამ ეტაპზე, საქმეების გაერთიანებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არც აქვს. რაზმაძისა და გაბისონიას მკვლელობის გახსნა, თავისთავად მიგვიყვანს იგივე ჯგუფთან.
– მე სხვა გეგმები მქონდა, – ჩაილაპარაკა ნიკამ.
– რა გეგმები? – ჰკითხა ზურაბმა.
– სასამართლოში შესატანი საჩივარი უკვე მოვამზადე. გადაწყვეტილი მაქვს, სასამართლოზე ბანკის აფერაში მონაწილეობა დავამტკიცო და შემდეგ ანდროსა და ვაჟას საქმეების ძიების განახლება მოვითხოვო, – უპასუხა ზურაბმა.
– სცადე. სასამართლო პროცესი მე არაფრით შემიშლის ხელს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნანას სხვა თავშესაფარი უნდა შევურჩიოთ და მცველებიც მივუჩინოთ. აქ მისი დარჩენა აღარ შეიძლება, – თქვა ზურაბმა.
– ჩემი იმედი არ გაქვს? – იწყინა ნიკამ.
– შენი იმედი რომ არ მქონოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. მაგრამ შენ სამუშაო გაქვს. ოცდაოთხი საათი სახლში ვერ იჯდები. ცოტა დრო პროკურატურისთვის აგორებულმა ჭორმა მოგაგებინა იმის შესახებ, რომ ამ საქმეს შეეშვი, მაგრამ, ხვალ სასამართლოში აპირებ მისვლას და ის, ვინც ნანას მოძებნითაა დაინტერესებული, შენს სიახლოვეს დაიწყებს მის ძებნას. გარდა ამისა, შენი დახმარება მეც დამჭირდება. აქედან გამომდინარე, სახლში ნაკლებ დროს გაატარებ.
– კარგი. ვთქვათ დაგთანხმდი. მაინც სად მოუნახავ თავშესაფარს ნანას? – ჰკითხა ნიკამ.
– ჩემი აზრი არ გაინტერესებთ? – საუბარში ჩაერია ნანა.
– რა თქმა უნდა, – გახედა ნიკამ.
– მე სახლში დავბრუნდები!
– არა... – სწრაფად თქვა ზურაბმა, – ასეთ რისკზე ვერ წავალთ.
– რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები მარტო. აქ თუ ჩემს ბინაში, – შენიშნა ნანამ.
– სადაც არ უნდა იყო, მარტოს მაინც არ დაგტოვებთ. სამინისტროს მივმართავ მცველების გამოყოფის მოთხოვნით. თუ ვერ დავითანხმე, შენი სააგენტოდან მოგვიწევს ბიჭების აყვანა, – ნიკას მიუბრუნდა ზურაბი.
– ესე იგი, სახლში დაბრუნება შემიძლია? – იკითხა ნანამ.
– თეორიულად, კი, – უხალისოდ უპასუხა ზურაბმა.
– რას ნიშნავს, თეორიულად? – ჩაეძია ნანა.
– ეს შენი უფლებაა. ძალით ვერ დაგაკავებთ. მაგრამ, საქმისთვის ჯობია, არ დაბრუნდე. სახლში ყველაზე იოლი მოსაძებნი იქნები. ოთხ კედელში ვერ გამოიკეტები. ვიღაც გესტუმრება, ვინმეს შენ თვითონ მოინახულებ. იმ არაკაცს, რომელიც ტელეფონით დაგიკავშირდა, მეორე დღესვე ეცოდინება, რომ სახლში ხარ! – თქვა ზურაბმა.
– მე იმედი მქონდა, რომ ვითარება ერთ ან ორ კვირაში მაინც გაირკვეოდა, – მძიმედ ჩაილაპარაკა ნანამ, – მაგრამ დრო გადის...
– შედეგი კი არ ჩანს!... ამის თქმა გინდა? – არ დაასრულებინა ზურაბმა.
– თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი ხანი მომიწევს ასე ცხოვრება?
– ვერა. ზოგი გამოძიება წლები გრძელდება, – უპასუხა ზურაბმა.
– წლები?! – ნანამ გაოცებული მზერა მიაპყრო ნიკას.
– ასეა, – დაუდასტურა მან, – მაგრამ ბანკის საკითხის გარკვევას ამდენი ხანი არ დასჭირდება.
– ბანკი მხოლოდ საქმის ნახევარია. ვიდრე ის ნაძირალა საბრალდებო სკამზე არ აღმოჩნდება, მშვიდად ვერავინ ვიგრძნობთ თავს. უპირველესად, ეს შენ გეხება, ნანა.
– მე მაინც სახლში დავბრუნდები, – გაიმეორა ნანამ, – რამდენიმე დღეში ჩემი მშობლები თბილისში დაბრუნდებიან. როგორ ავუხსნა მათ ჩემი აქ ყოფნა?
– რამეს მოვიფიქრებთ, – თქვა ნიკამ.
– არა... მოსაფიქრებელი არაფერია. მე სახლში ვბრუნდები!
– ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს ნახეთ, – თქვა ზურაბმა და კონვერტზე მიანიშნა, რომელშიც რაზმაძეს ცხედრის ამსახველი ფოტოსურათები ელაგა.
– არ არის საჭირო. მე მსგავსი სურათი საკუთარ ბინაში ვნახე! – ნანას არც კი გაუხედავს კონვერტისკენ.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ზურაბმა, – მაგრამ ორიოდ დღე მაინც უნდა მოითმინოთ, ვიდრე მცველების საკითხს მოვაგვარებ.
– მოვიცდი, – უპასუხა ნანამ.
– ესე იგი, შევთანხმდით, – თქვა ზურაბმა და ვისკის ბოთლს წაეტანა.
* * *
სასამართლოში წასვლის წინ ნიკამ ტრადიციულად გააფრთხილა ნანა: ორ საათში დავბრუნდები. ჩემს დაბრუნებამდე სახლიდან არ გახვიდე, ბინის ტელეფონს არ უპასუხო და რაც მთავარია, კარი არავის გაუღოო. მარტო დარჩენილმა ნანამ, მალე მოიწყინა. დროის მოსაკლავად, სავარძელში მოეწყო და ტელევიზორი ჩართო.
დრო მძიმედ მიიზლაზნებოდა. ნანა ვერც ერთმა გადაცემამ ვერ დააინტერესა. მან ტელევიზორი გამორთო და წიგნების თაროდან ფოტოსურათების ალბომი გადმოიღო. ალბომში ნიკას ბავშვობისა და სტუდენტობის პერიოდის ფოტოსურათები აღმოჩნდა. ერთ-ერთი ფოტო უნივერსიტეტის ბაღში იყო გადაღებული. მასზე ოცამდე ახალგაზრდა იყო აღბეჭდილი. ნანამ სწრაფად მოძებნა ახალგაზრდებს შორის ნიკა, რომელიც ტყავის მოკლე ქურთუკში იყო გამოწყობილი და ხელში მოტოციკლეტისტის ჩაფხუტი ეჭირა. მისმა ჩაცმულობამ, ჩაფხუტმა და დაუდევრად, შუბლზე ჩამოშლილმა თმამ ღიმილი მოჰგვარა ნანას.
ნეტავ, რომელია მათ შორის დოდო? – გაიფიქრა და შემდეგ ფოტოსურათზე აღბეჭდილი გოგონების თვალიერებას შეუდგა. ერთმა მათგანმა უმალ მიიპყრო მისი ყურადღება. ის ჯგუფის შუაში იდგა, მის გარშემო კი მხოლოდ ბიჭები იყვნენ, თითქოს ერთმანეთს ექიშპებოდნენ, რომელი მათგანი უფრო ახლოს დადგებოდა, ტანმაღალ, ქერათმიან და უჩვეულოდ ლამაზ გოგონასთან.
ალბათ, ისაა – გაიფიქრა ნანამ და შეეცადა წარმოედგინა, როგორ გამოიყურებოდა ამჟამად დოდო, – ლამაზია... მაღალი, ოდნავ თხელი ტანით და ნატიფი მკლავებით. მაგრამ ამ სურათზე ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის გოგონაა. ასეთი აღნაგობის ქალები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ სილამაზეს. ახლა დაქალდებოდა და უფრო მიმზიდველი გახდებოდა. უცნაური მზერა აქვს, გულგრილი. თითქოს საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება მის გვერდით. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში საერთოდ არ სურდა, სურათის გადაღება და თანაკურსელებმა დიდი ხვეწნით დაითანხმეს.
ზარის ხმამ ნანა ფიქრს მოსწყვიტა. მან ალბომი ჟურნალის მაგიდაზე დადო, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს და საჭვრეტში გაიხედა. სადარბაზოში ქერათმიანი ქალი იდგა. ნანას საოცრად ნაცნობი მოეჩვენა მისი სახე და ცისფერი თვალები.
ღმერთო ჩემო, ეს ხომ ის ქალია, წეღან ფოტოსურათზე რომ ვნახე... დოდო! – უეცრად გაუელვა გონებაში და კარს მოშორდა.
რა უნდა? რისთვის მოვიდა აქ? თუ ნიკას ნახვა უნდა, რატომ არ დაუკავშირდა ტელეფონით?.. ის ხომ ეტყოდა, რომ სახლში არ არის.
ამასობაში ზარი ისევ დაირეკა.
როგორ მოვიქცე?.. ნიკამ ხომ გამაფრთხილა: კარი არავის გაუღოო, მაგრამ ის თავის მეგობარ ქალს არ იგულისხმებდა. კარი უცნობ ადამიანს არ უნდა გავუღო. ის კი ნიკასთან მოვიდა, – გაიფიქრა ნანამ და საკეტი გადაატრიალა.
მისდა გასაოცრად დოდოს არ გაკვირვებია მისი ხილვა. ქალმა ინტერესით შეათვალიერა ნანა და თქვა:
– გამარჯობა. თქვენ ნანა ხართ?
– დიახ... მობრძანდით.
დოდო ბინაში შევიდა, კარი თვითონ მიხურა და შემდეგ ჰკითხა:
– სად არის ნიკა?
– სასამართლოში, მაგრამ მალე დაბრუნდება.
– აუცილებლად უნდა ვნახო... დაველოდები, – თქვა დოდომ.
– წამობრძანდით, – უპასუხა ნანამ და სასტუმრო ოთახისკენ გაუძღვა.
დოდო სავარძელზე დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, ინტერესით შეათვალიერა ოთახი და თქვა:
– არ მეგონა, ასე თუ ცხოვრობდა. ტიპური მარტოხელას ბინაა.
– თქვენ რა, პირველად ხართ აქ? – გაუკვირდა ნანას.
– ჰო, პირველად ვარ. შენ დამასწარი, – ირონიით უპასუხა დოდომ.
– მე... მე... – ნანამ არნახული უხერხულობა იგრძნო. დოდომ შეფარვით მიანიშნა, რომ მასში მეტოქეს ხედავდა.
– ვიცი... ვიცი... – გაეღიმა დოდოს, – შენ და ნიკას, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ!
– ნიკა ჩემს საქმეს იძიებს, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ.
– თქვენ კი ამ დროს მის ბინაში ცხოვრობთ... არ გიძნელდება?
– ძალიან, – გულწრფელად უპასუხა ნანამ.
– მესმის... მეც გამიძნელდებოდა ასეთ მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და ღამით სხვა საწოლში დაძინება. თუ... – ინტერესით შეათვალიერა დოდომ.
ნანამ ბრაზით შეხედა და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. დოდომ ჩაფიქრებული მზერით გააცილა და ჟურნალის მაგიდაზე დატოვებულ ალბომს გადასწვდა.
რამდენიმე წუთში ნანა უკან დაბრუნდა, მაგიდაზე ფინჯანი ყავა და ტკბილეულიანი თეფში დააწყო და დივანზე დაჯდა.
– შენთვის რატომ არ მოიმზადე ყავა? – ალბომისთვის თვალის მოუწყვეტლად ჰკითხა დოდომ.
– არ მინდა.
– ესე იგი, გეწყინა! – მშვიდად თქვა დოდომ, – გულწრფელად მითხარი, არ გსიამოვნებს ჩემი სტუმრობა?
– არა! – მოკლედ მოუჭრა ნანამ.
– ადამიანში ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ. მხოლოდ იმას ვერ ვხვდები, რა დაგიშავე? პირიქით, მგონი, მე უნდა ვიყო შენზე გაბრაზებული!
– რატომ?
– რატომ?! – დოდომ გვერდზე გადადო ალბომი, – თავად ვერ ხვდები, როგორ უშლის ხელს ჩემი და ნიკას ურთიერთობას შენი აქ ყოფნა?
– ნუ ღელავ. ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. უახლოეს მომავალში, ალბათ, ორ-სამ დღეში სახლში დავბრუნდები, – უპასუხა ნანამ.
– ასე ადვილად შეელევი ნიკას?!
– კმარა!.. იმაზე მეტი მოვითმინე, ვიდრე საჭირო იყო. ეს ნიკას ბინაა და აქედან წასვლას ვერ მოგთხოვ, მაგრამ შენს მოსმენასაც აღარ ვაპირებ! – ბრაზით თქვა ნანამ. მერე ფეხზე ადგა და კარისკენ წავიდა.
– მაპატიე!.. – სწრაფად დაადევნა დოდომ, – გთხოვ, ნუ წახვალ!
ნანა შემობრუნდა და გამომცდელად ჩააცქერდა სახეში.
– პირობას გაძლევ, რომ მსგავს სისულელეს აღარ გავიმეორებ... – დოდომ სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა, მაშინვე მეორე ღერს მოუკიდა და ლაპარაკი განაგრძო, – სწორად გამიგე, ნანა. არ ვიცი რა ბუზმა მიკბინა. ბოლო ხანებში საქმეები ამერია. სიმართლე გითხრა, ნიკასთანაც ვერ დავალაგე ურთიერთობა. ხან რამ შეგვიშალა ხელი, ხან – რამ. ამას შენ დაემატე. რაც შენ გამოჩნდი, უფრო და უფრო იშვიათად იცლის ჩემთვის... ალბათ, ჩვეულებრივი „სტერვა” გგონივარ, რომელიც არავის უთმობს თავის ახალ სათამაშოს?
– არა! – სწრაფად თქვა ნანამ.
– ნუ მოგერიდება. მართლაც ეჭვიანი „სტერვა” ვარ, – განაგრძო დოდომ, – მას, ვინც მომწონს, არავის დავუთმობ!
– მე არ გეცილები. ჩემს მდგომარეობაში სისულელეა ამაზე ფიქრი, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ნანამ, – ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს საქმე. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, მე ორიოდ დღეში წავალ აქედან და ალბათ, აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს.
– ესე იგი, ისე გაწყენინე, რომ ჩემთან შეხვედრა აღარ გინდა?! – გაეღიმა დოდოს, – მესმის, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნას ნუ გამოიტან. დღეს მართლაც გადავამლაშე. ისე კი არც ისე ცუდი გოგო ვარ. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ჩემი ნაცნობები. იმედია, შენც შეიცვლი აზრს ჩემს შესახებ.
– ნუ ვილაპარაკებთ ამაზე.
– კეთილი... ესე იგი, სახლში დაბრუნებას აპირებ?
– ვაპირებ.
– გამოდის, რომ კარგად ყოფილა საქმე.
– არც ისე. ნიკას მეგობარი დამპირდა, რომ მცველებს მომიჩენს, – თქვა ნანამ.
– ზურაბი? – სწრაფად ჰკითხა დოდომ.
– ჰო... იცნობ მას?
– ვიცნობ.. ჩანს, მართლაც ცუდად არის საქმე, თუ ნიკა თავს ვერ ართმევს შენს დაცვას.
– ზურაბი კიდევ ერთ მკვლელობაზე ლაპარაკობდა გუშინ, – თქვა ნანამ.
– ეს მკვლელობაც იგივე საქმეს უკავშირდება? – დაინტერესდა დოდო.
– ჰო... გარდაცვლილის გვარიც ახსენეს... რაზმაძე. ის დაახლოებით ორი კვირის წინ მოუკლავთ!
– კაკო მოკლეს?! – თვალები გაუფართოვდა დოდოს.
– ასე თქვა ზურაბმა, – დაუდასტურა ნინომ, – მასაც ხომ არ იცნობდით?
– ახლო ურთიერთობა გვქონდა. საწყალი... ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, – ხმა გაებზარა დოდოს, – საშინელებაა. წარმომიდგენია, რა ხდება მის ოჯახში!
– მისი გვამის აღმოჩენის შემდეგ გადაწყვიტა ზურაბმა ჩემთვის მცველების გამონახვა.
– ზურაბი ნამდვილი პროფესიონალია. რადგან ასე მიიჩნევს, ესე იგი, მართლაც ასეა საჭირო, – თქვა დოდომ და ყავა მოსვა, – უუ... შესანიშნავი ყავაა. საწყენია, რომ გაცივდა.
– სხვას მოგიმზადებ, – შესთავაზა ნინომ.
– მხლოდ ერთი პირობით. შენც დალევ ყავას.
– კეთილი, – გაუღიმა ნანამ და კარს მიაშურა.
როგორც კი ის ოთახიდან გავიდა, დოდო ადგა, ალბომი წიგნის თაროზე დააბრუნა, მცირე ხანს დარჩა კარადასთან და შემდეგ სწრაფად დაუბრუნდა სავარძელს.
ცოტა ხანში ოთახში ნანა დაბრუნდა და ჟურნალის მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა დადო. დოდომ მაშინვე მოსვა ყავა და მასპინძელი შეაქო.
– შესანიშნავია... ჭკუას ვკარგავ ცხელ ყავაზე. ნებისმიერ სხვა სასმელს მირჩევნია... ათბალიანი სისტემით რომ შევაფასო, ამ ყავას თერთმეტ ქულას დავუწერდი. მაინც როგორ აკეთებ ასეთ ყავას?
– ძალიან მარტივი რეცეპტია. ვხარშავ ყავას. შემდეგ ვატარებ საწურში და ვაშორებ ნალექს. ამ ნახარშში კი თავიდან ვხარშავ ყავას და ისევ ვაშორებ ნალექს.
– ორიგინალურია, – დოდომ ისევ მოსვა ყავა, – აუცილებლად ვცდი სახლში. ვნახოთ, რა გამომივა.
ნანა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს დერეფნის მხრიდან საკეტის ჩხაკუნისა და კარის გაღების ხმა გაისმა.
– ნიკა მოვიდა, – სწრაფად ჩაილაპარაკა ნანამ და ფეხზე ადგა.
– ერთი თხოვნა აქვს შენთან, – დაადევნა დოდომ, – ნიკას ნურაფერს ეტყვი იმ მცირე გაუგებრობის შესახებ...
– კეთილი, – თავი დაუქნია ნანამ და დერეფანს მიაშურა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში