კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განსაკუთრებული პროფესია

სტივს მიაჩნდა, რომ პროფესიონალი იყო თავის საქმეში. დიდხანს მუშაობდა ბარმენად და კლიენტების ტიპაჟებიც კარგად შეისწავლა. კლიენტურა ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ, ანუ – მეზობლები... სტივს ხშირად უწევდა ხან მთვრალის დაშოშმინება, ხან დეპრესიაში ჩავარდნილი ცოლის დამშვიდება, ხან ცოლ-ქმრის გაშველება და, ხანაც – ქმრისა და საყვარლის... დიახ, ასეთებიც ხდებოდა და ისეთებიც, როცა ბარმენს ცოლს, ქმარსა და ქმრის საყვარელს შორის უწევდა ჩადგომა. სტივი ამაყობდა იმით, რომ მის ბარში ინციდენტი ერთხელაც არ მომხდარა. დიახ, ყოველთვის ახერხებდა ყველაზე ცხელი სიტუაციის ჩაცხრომას. ხშირად ამბობდა: ნიჭი მაქვს და ჩემმა განსაკუთრებულმა პროფესიამ ადამიანებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მასწავლაო. შეიძლება, ასეც იყო. ყოველ შემთხვევაში, სტივისთვის პროფესიულ ალღოს არასდროს უღალატია. კლიენტის პროფესიაც კი გამოუცნია. არც ხულიგნების ამოცნობა ეშლებოდა... იმ დღეს ბარში სიხალვათე იყო. ან, უბრალოდ, ადრე იყო და მუდმივ კლიენტებს ჯერ დასალევად არ ეცალათ.

სტივმა ბარი დაალაგა. სალაროდან ფული ამოიღო, გადათვალა და ხუთასი დოლარი ცალკე შეინახა – ასეთი ფულისთვის დახლის ქვემოდან საგანგებო პატარა უჯრა ჰქონდა გაკეთებული – შეუმჩნეველი და კომპაქტური. მერე ტილო აიღო და ჭერზე ჩამოკიდებულ ჭიქებს დაუწყო წმენდა გულმოდგინედ.

კლიენტი ახალი იყო. მის ბარში აქამდე არ ყოფილა, ნამდვილად ჩამოსულიაო, – გაიფიქრა სტივმა. უცნობს საკმაოდ გემოვნებით ეცვა. მუქ ლურჯ კოსტიუმსა და ჰალსტუხში იყო გამოწყობილი. თმაც მოდურ სტილზე შეეჭრა. „ნამდვილად საქმიან შეხვედრაზე მიდის და ბარში დროის მოსაკლავად შემოირბინა“, – დაასკვნა სტივმა და სიამაყე მოეძალა – აქაოდა, როგორი ალღო მაქვსო; მერე ისიც იფიქრა, რა არის გასაკვირი, ყველაფერი ჩემი პროფესიიდან გამომდინარეაო. კლიენტს გაუღიმა და თავაზიანად სთხოვა, ორ წუთში თქვენს განკარგულებაში ვიქნებიო.

– არსად მეჩქარება, ჩემო კარგო, მშვიდად დაასრულეთ თქვენი საქმე და, როცა მორჩებით, ერთი ჭიქა ლუდი დამისხით, – უთხრა კლიენტმა.

სტივი ამან კიდევ უფრო დაარწმუნა, თავისი ვარაუდის სისწორეში. ლუდი ჩამოასხა და კლიენტს წინ დაუდგა... მერე თავისთვისაც დაისხა და ნელა დაიწყო წრუპვა.

– ამ ბარის მეპატრონე ხართ? – ჰკითხა კლიენტმა.

– დიახ და, დავიფიცებ, რომ ბარის მეპატრონეობა არაჩვეულებრივი პროფესიაა. პატარა ბარია, მაგრამ, კლიენტურა მყავს მუდმივი. თქვენ, ალბათ, კომერციულ სფეროში მოღვაწეობთ, ან რაღაც ამდაგვარია. გამოვიცანი?

– ვერა. მე ბიზნესით არ ვარ დაკავებული, არც ვაჭრობით... უბრალოდ, ვსეირნობდი და ლუდის დასალევად შემოვიარე.

– აჰა, გავიგე, – სტივს ეწყინა, რომ ვერ გამოიცნო – თითქოს პროფესიული ღირსება შეელახა. სალაპარაკო თემა ვეღარ გამონახა, ისევ დაასხა ორი ჭიქა ლუდი და გვერდზე გადგა. სწორედ ამ დროს მოხდა რაღაც სრულიად წარმოუდგენელი:

ბარში ვიღაც ტიპი შევიდა და მაშინვე დახლისკენ გაემართა. პრინციპში, ამაში არაფერი იყო უჩვეულო, ასეთი ახალგაზრდები, თითქმის ყოველდღე შედიოდნენ მის ბარში. ღია ფერის საზაფხულო კოსტიუმი ეცვა. კისერზე კი ჭრელი ხელსახოცი ჰქონდა შემოხვეული. სტივს მისი გამოხედვა არ მოეწონა, მაგრამ, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო – ახალგაზრდას ხელში პატარა პისტოლეტმა იელვა. საკმაოდ ორიგინალური ნივთი იყო და, რომ არა მისკენ მიმართული ლულა, სტივს, შეიძლება, მოსწონებოდა კიდეც.

– ახლავე მომეცი მთელი ფული, რაც გაქვს! ნუ გეშინია, თუ არ გამაბრაზებ, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

სტივმა შეხედა. ხელი, რომელშიც ტიპს პისტოლეტი ეჭირა, შესამჩნევად უკანკალებდა. სტივმა სალარო გახსნა და სპეციალურად მომზადებული ერთდოლარიანები ამოიღო.

– მორჩი ამ სისულელეს, შვილო, – მოულოდნელად ჩაერთო საქმეში პირველი კლიენტი.

ახალგაზრდამ თავი მოაბრუნა, თუმცა, პისტოლეტიანი ხელი ისევ სტივისკენ ჰქონდა მიმართული.

– შენ გირჩევნია, ლუდი დალიო და სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჩაყოფ, დიდხანს იცოცხლებ, – ახალგაზრდას უნდოდა, მკაცრი და მრისხანე ყოფილიყო, მაგრამ, ხელთან ერთად ხმაც აუკანკალდა, – გასროლას არ ვაპირებ. მართლა არ მინდა. ფრთხილად...

– მართალია, მგონი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის და, ჯობია, არ გავაღიზიანოთ, – უთხრა კლიენტს სტივმა.

– რომელი ნარკოტიკები... ეშინია... თანაც – ძალიან.

– მომისმინე, შვილო, არ ვიცი, რად გინდა ფული, მაგრამ, ბედნიერებას ნამდვილად არ მოგიტანს. შეგიძლია, მენდო. ამ ბარიდან გახვალ თუ არა, შენზე ნამდვილი ნადირობა დაიწყება. პოლიციელებს შენს აღწერილობას მივცემთ და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გიპოვიან. კიდევ უფრო უარესია, როცა თავს ხაფანგში გაბმული მხეცივით გრძნობ. დამიჯერე, ეს ფული ამად ნამდვილად არ ღირს. მთელ შენს ცხოვრებას უზარმაზარი დამღა დააჩნდება, იცი, რას ნიშნავს, როცა დაღდასმული ხარ?! ვეღარასოდეს მოისვენებ. მით უმეტეს, შენ, რომელიც აშკარად არ ხარ ამ საქმისთვის დაბადებული. შენი პისტოლეტი დატენილიც კი არ არის.

ბიჭმა გაოგნებულმა შეხედა ამ სიტყვების წარმომთქმელს, თავის პისტოლეტს დახედა და შეშლილივით გავარდა ბარიდან.

სტივმა აღფრთოვანებით შეხედა უცნაურ კლიენტს:

– ეს როგორ მოახერხეთ? როგორ გადააფიქრებინეთ ბარის გაძარცვა? ან, რა იცოდით, რომ მისი პისტოლეტი დატენილიც კი არ იყო?!

– პროფესიული ალღო, სხვა არაფერი, – მხრები ღიმილით აიჩეჩა კლიენტმა.

– როგორ ვერ გამოვიცანი... თქვენ, ალბათ, პოლიციელი ხართ ან ფსიქოლოგი – ხომ ასეა?

– არა, ქურდი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ქურდი, თანაც, საკმაოდ შთამბეჭდავი სტაჟით. ახლა კი, თუ არ შეწუხდებით, ფული მომეცით, რაც სალაროშია და ისიც, რაც დახლქვეშ გაქვთ, სპეციალურ სამალავში. დაუჩქარეთ, თუ შეიძლება. მერწმუნეთ, ჩემი პისტოლეტი ნამდვილად დატენილია და არც ხელი მიკანკალებს.

სტივმა დაინახა, როგორ ამოიღო კლიენტმა პიჯაკის შიდა ჯიბიდან უზარმაზარი, 45-კალიბრიანი რევოლვერი და ამოიოხრა...

скачать dle 11.3