კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა მეძავმა უკვე დახურული მკვლელობის საქმე

მსუბუქი ყოფაქცევის 23 წლის გოგონამ გამოძიების მიერ უკვე დახურული მკვლელობის საქმე გახსნა. მომხდარის შესახებ საიდუმლო მან შემთხვევით მოისმინა, რის გამოც პოლიციამ 34 წლის მამუკა კ. დააკავა. პირველ ეტაპზე გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა 5 ათასი დოლარის ვალს უკავშირდებოდა, მაგრამ ვერსია არ დადასტურდა. 

მამუკა კ-ს დაკავებამ მისი ახლობლები შოკში ჩაადგო, რადგან სანიმუშო რეპუტაციის გარდა, ბრალდებული გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარიც იყო. თუმცა, არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ მამუკა კ-ს დაკავებიდან მეორე დღეს, სამართალდამცველებმა გარდაცვლილისა და ბრალდებულის ასევე ახლო მეგობარი – მალხაზ ს. დააკავა. მას ბრალი დაედო დანაშაულის დაფარვაში. აღმოჩნდა, რომ მომხდარის  შესახებ იცოდა, მაგრამ არ განაცხადა. 

ფულით გაფუჭებული მეგობრობა

მოკლულ კახა ნ-ს, რომელიც ბიზნესით იყო დაკავებული, სავაჭრო ცენტრები ძირითადად ბაქოსა და რუსეთში ჰქონდა. როგორც ჩვენებებით ირკვევა, როდესაც კახას ბაქოში ერთ-ერთი საქმის წილში შესვლა შესთავაზეს, მას კაპიკიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ფული მეგობარმა, მამუკა კ-მ ასესხა. უფრო ზუსტად, იცოდა, რომ მამუკას ბინა ჰქონდა გაყიდული და ივარაუდა, ფულს აუცილებლად მისცემდა. ვარაუდი გამართლდა. მამუკამ ძმაკაცს უარი ვერ უთხრა და მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მძიმე ავადმყოფი იყო, მეგობარს 5 ათასი დოლარი ისე ასესხა, ოჯახს არც უთხრა. თუმცა, ძმაკაცმა დაარწმუნა, რომ 100-პროცენტიან ბიზნესს ჰკიდებდა ხელს და მოგების ნახევარს მას გაუყოფდა, მაგრამ მამუკა კ-მ ფული მას სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი წილში ჩაჯდომის გარეშე ასესხა.

ამის შემდეგ, კახა ნ. საქართველოდან წავიდა და მისი კვალი დაიკარგა. მამუკა კ-მ მისი ამბავი მხოლოდ 4 თვის შემდეგ, ისიც ინტერნეტით გაიგო. კახამ შეატყობინა, რომ ბიზნესი ვერ ააწყო, ფული დაკარგა და ბოდიშს უხდიდა, რომ ვალს, რომელიც ერთი თვით გამოართვა, ჯერ ვერ დაუბრუნებდა. თუმცა, დაჰპირდა, რომ ადრე თუ გვიან ფულს აუცილებლად მისცემდა.

მამუკა კ-მ მეგობარი დაამშვიდა. უთხრა, რომ სამსახური დაიწყო, ეკონომიურად აღარ უჭირდა და ურჩია, ფრთხილად ყოფილიყო, ვალის გამო სისულელე არ ჩაედინა. მამუკა კ-ს მეტი შეტყობინება აღარ მიუღია, რის გამოც მეგობარზე ძალიან ნერვიულობდა.

დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ კი, მამუკა კ-მ შემთხვევით შეიტყო, რომ მისმა დაკარგულმა მეგობარმა საიუველირო მაღაზია გახსნა. ძმაკაცის მდგომარეობა რომ იცოდა, ეს ამბავი არ დაიჯერა, მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა, რადგან ცოტა ხნით ადრე, ჭორი აგორდა – კახა ნ. რუსეთში მოკლესო. ცოტა ხანში კახა ნ. მას შემთხვევით პირადად შეხვდა და მამუკას მოატყუა, მაღაზია კი ჩემს სახელზეა, მაგრამ რეალურად, მე არ მეკუთვნისო. მისი განმარტებით, მაღაზია ბაქოში მცხოვრებ მის ნაცნობს ეკუთვნოდა, მაგრამ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ იყო, ზედმეტი ბიუროკრატიის თავიდან ასაცილებლად, მაღაზია კახას სახელზე გააფორმა. იქვე კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მისი ვალი ძალიან აწუხებდა და აუცილებლად დაუბრუნებდა. მამუკა კ-მ მეგობარი კვლავ დაამშვიდა, უთხრა, რომ ნორმალური შემოსავალი ჰქონდა, უფულობა არ აწუხებდა და როცა ექნებოდა, მაშინ დაებრუნებინა. თუმცა, მამუკა კ-ს ძალიან ეწყინა, როდესაც საერთო ნაცნობებისგან გაარკვია, რომ მაღაზია რეალურად, კახას ეკუთვნოდა. ზოგადადაც, მისი ძმაკაცი კი არ გაკოტრდა, დიდ ფულს ატრიალებდა და მისნაირად, სხვებიც ჰყავდა „გადაგდებული“... 

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ის ტყუილის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და მეგობრისგან ახსნა-განმარტებას ელოდებოდა. ის კი თავს არიდებდა. ბოლოს ერთმანეთს კაზინოში შეხვდნენ და ეს შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა.

საქმის მასალებით, მამუკა კ, რომელსაც იმ პერიოდში ფული არ აკლდა, სისტემატურად დადიოდა კაზინოში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სწორედ კაზინოში შეხვდა კახა ნ-ს, რომელიც სათამაშოდ ორ ქალთან ერთად იყო მისული. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ისინი ქალებთან ერთად სვამდნენ და თამაშობდნენ, რა დროსაც მამუკა კ-მ 570 დოლარი წააგო. ამის გამო, ნასვამი მამუკა გაბრაზდა და მეგობარს, რომელსაც ჯიბეში დაახლოებით 1 000 დოლარამდე ედო, სთხოვა 100 დოლარი ესესხებინა. მაგრამ, კახა ნ-მ ფული არ მისცა, რაც ძალიან ეწყინა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, კაზინოდან გასვლის შემდეგ, ქალები წავიდნენ, კახა ნ-მ კი მეგობარი ახლობლის ბინაში წასვლაზე დაიყოლია. სახლში მისვლისას კახა ნ-მ ისევ ქალების მოყვანა გადაწყვიტა და მეგობარს უთხრა, რომ სიურპრიზს უწყობდა. ვის დაურეკა, კახას არ უთქვამს, მაგრამ ბრალდებულის თქმით, გოგონების ნახვით სახტად დარჩა - ღამის დაახლოებით 2 საათზე ბინაში მისთვის უცნობ ნანასთან ერთად, მათი ახლო მეგობრის და, დარეჯან ს. მივიდა. 

„ძალიან მთვრალი ვიყავი, მაგრამ დარეჯანის დანახვაზე გამოვფხიზლდი. რომ ვკითხე, იქ რა უნდოდა, არაფერი მიპასუხა, კახას გადახედა. კახამ მოურიდებლად მითხრა, რომ ერთად იყვნენ, რაც არავის საქმე არ იყო და ჯობდა, მისი თანმხლები მეორე გოგონასთვის „მიმეხედა“. კახას ვუთხარი, რომ ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებდით, რადგან იცოდა, რომ დარეჯანი თავის დროზე სერიოზულად მომწონდა. თუმცა, იმწუთში არა ჩემს გრძნობებზე, მის ძმაზე უფრო ვფიქრობდი, რომელიც მეც და კახასაც, ალბათ, ბოლომდე გვენდობოდა. კახა და დარეჯანი სხვა ოთახში გავიდნენ და მარტოები დაგვტოვეს. მე კი უცნობს მხოლოდ და მხოლოდ ვესაუბრე. მისგან გავიგე, რომ დარეჯანი ქმარს კახას გამო გაცილდა. შევიტყვე ისიც, რომ ერთმანეთს აეროპორტში შემთხვევით შეხვდნენ და მას შემდეგ საყვარლები გახდნენ, თუმცა ეს ამბავი არავინ იცოდა. მისგანვე შევიტყვე, რომ კახას არაერთი მაღაზია ჰქონდა, ფულსაც ბევრს შოულობდა და კაზინოებსა და რესტორნებში ხარჯავდა. ყველაფერი ერთად გამახსენდა და ძალიან გავბრაზდი. ამასობაში კახაც შემოვიდა ოთახში და ფულზე დაიწყო ლაპარაკი. ამბობდა,  მისთვის ფული არაფერს ნიშნავდა, რადგან ძალიან ბევრი ჰქონდა. გამომწვევად იქცეოდა და ამიტომ, წასვლა ვარჩიე. სახლიდან გოგონებთან ერთად გავედი. ტაქსი გავაჩერე, გოგონები სახლში მივიყვანე და სახლისკენ ფეხით წავედი. ცოტა ხანში დედაჩემმა დამირეკა. აინტერესებდა, მალე მივიდოდი თუ არა, რადგან კახა მკითხულობდა. გამიკვირდა, კახამ სახლის ნომერზე რომ დარეკა და მობილურს დავხედე. კახას ნომერი რამდენჯერმე იყო დაფიქსირებული, ეტყობა, ზარი ვერ გავიგე. ამასობაში კახას ზარი ისევ შემოვიდა – აგრესიულად მითხრა, რომ მასთან მივბრუნებულიყავი. ახლაც ვერ ვხსნი, თითქმის სახლში მისული უკან რატომ გავტრიალდი. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. კახა სადარბაზოსთან შემხვდა და მისვლისთანავე ჩხუბი დამიწყო. მისი აზრით, რადგან დარეჯანი მომწონდა, იმიტომ წავედი მასთან ერთად, რომ მასთან დავწოლილიყავი. ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი რომ მისნაირი არ ვიყავი. მან კი დანა ამოიღო და გინებით ჩემკენ წამოვიდა. პირველი მოქნევა ავიცილე. სიმთვრალის გამო ფეხზე ძლივს იდგა. მეორე მოქნევისას, დაეცა... რა დაემართა არ ვიცი, მე სირბილით წამოვედი, ტაქსი გავაჩერე და სახლში დავბრუნდი. ოჯახში არ მითქვამს, რომ კახასთან ვიყავი. მეორე დღეს გავიგე, რომ კახა გარდაიცვალა, მიზეზი კი მისი დავარდნა იყო. როგორც აღმოჩნდა, დაცემისას თავი ძლიერად დაარტყა... ” – განაცხადა ბრალდებულმა, რომელიც თავს დამნაშავედ მხოლოდ იმაში ცნობდა, რომ მთვრალი მეგობარი მიატოვა.

გამოძიებას მამუკა კ-ზე ეჭვი არც ერთ ეტაპზე არ მიუტანია, რადგან, ინციდენტის ადგილზე მცხოვრებმა მეზობლებმა განაცხადეს, რომ ქუჩაში გინების ხმა შემოესმათ, მაგრამ მათ მეტი არაფერი იცოდნენ...

რაც შეეხება საქმის გახსნას, ცხადია, მომხდარზე საქმე აღიძრა და ყველა, მათ შორის, დარეჯანი და მისი მეგობარი ნანაც, დაიკითხა. მათ გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცეს. დაუმალავთ არც ის, რომ იმ ღამეს მათთან ერთად მამუკა კ-ც იყო, რომელმაც სახლი მათთან ერთად დატოვა. ანუ, მათ არ იცოდნენ, რომ მამუკა უკან გაბრუნდა. სწორედ ამიტომ, უკან გაბრუნების შესახებ, გამოძიებისას თავად მამუკა კ-საც არაფერი უთქვამს, რასაც ძალიან განიცდიდა. 

როგორც საქმიდან ჩანს, მომხდარის შემდეგ ნანა და მამუკა ძალიან დაახლოვდნენ და ერთმანეთს მამუკას სახლში ხვდებოდნენ. ერთ დღეს  მამუკასთან მისი მეგობარი, მალხაზი მივიდა, ბიჭებმა დალიეს და მამუკამ იმ ღამეს მომხდარის შესახებ ყველაფერი უამბო... სწორედ ამ მომენტში ნანა მამუკას სახლში იმყოფებოდა, რომელსაც მამუკას ვარაუდით, ეძინა, მაგრამ რეალურად, მან ყველაფერი მოისმინა, მესამე დღეს პოლიციაში გამოცხადდა და ჩვენება მისცა. ამის შემდეგ მამუკა კ. მკვლელობისთვის დააკავეს. გამოძიება ამბობდა, რომ 5 ათასი დოლარის გამო მან მეგობარზე შური იძია. თუმცა, ვერსია არ დადასტურდა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სიკვდილის მიზეზი ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, აწ გარდაცვლილის დავარდნა იყო. სიმართლის გარკვევის შემდეგ, მამუკა კ-ს გამოძიების შეცდომაში შეყვანის მუხლი წაუყენეს და მხოლოდ ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა, რაც შეეხება მალხაზ ს-ს, მას პირობით ერთი წელი ერგო.

скачать dle 11.3