როგორ მოკლა და შეჭამა 15 წლის ვამპირმა გოგონამ თავისი ტყუპისცალი და
– გააჩერე, აღარ შემიძლია მეტის მოთმენა, მაინც და მაინც უნდა გამეპაროს? – თქვა ქერათმიანმა ქალმა, რომელიც „ჟიგულის“ მძღოლს გვერდით ეჯდა.
– რა შარდვა აგიტყდა, ქალო, მიგიყვან სამშობიაროში და ტუალეტიც იქვეა. აქ სად გაგიჩერო, მშობიარობა რომ დაგეწყოს, რით გიშველო?
– გააჩერე! მეტი აღარ შემიძლია, თორემ აქვე გავუშვებ! – იკივლა ქალმა.
„ჟიგულმა“ თბილისის შესასვლელთან, სოფელ ფონიჭალასთან დაამუხრუჭა. მანქანიდან ფეხმძიმე ქალი გადმოვიდა და ტყეს მიაშურა.
– ფრთხილად, ქეთო, მალე ქენი! – მიაძახა მეუღლეს „ჟიგულის“ მძღოლმა, რომელსაც ცოლი სამშობიაროში მიჰყავდა, რადგან ქალს მოვლითი ტკივილები უკვე გამთენიისას დაეწყო.
– თამაზ, თამაზ, აქ მოდი! ჩქარა, მიშველე! – მოესმა კაცს ტყიდან მეუღლის ხმა. ის მაშინვე მანქანიდან გადახტა და ტყისკენ გაქანდა.
ქალი კუნძზე იყო მიყუდებული და მძიმედ სუნთქავდა, ხოლო იქვე, სისხლში მოსვრილი მოზრდილი ტომარა იდო, იქიდან კი ადამიანის მოკვეთილი თავი მოჩანდა.
– რა, გჭირს ქეთო? – იღრიალა თამაზმა, რომელმაც უცებ ვერ შეამჩნია სისხლიანი ტომარა.
– ეს გავხსენი, – უთხრა ქალმა და მეუღლეს ტომარაზე მიანიშნა, – შემეშინდა და ვმშობიარობ, მიშველე!
თამაზმა ცოლი იქვე, ტყეში ამშობიარა და თავისი ახალშობილი ვაჟი უზარმაზარ პირსახოცში გაახვია. შემდეგ ცოლ-შვილი „ჟიგულში“ ჩასხა და სამშობიაროსკენ გააქანა. მხოლოდ მას შემდეგ აუწყა მილიციას სისხლიანი ტომრის შესახებ, როდესაც ცოლ-შვილი პალატაში დააბინავა. შემდეგ, თავადაც შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, რომ მილიციელები ენახა.
სერიული მკვლელები
შეტყობინების მიღებისთანავე, სოფელ ფონიჭალაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ოთარ კიღურაძე გაემართა თავის ჯგუფთან ერთად.
სისხლიან ტომარაში ოცდაათიოდე წლის მამაკაცის დანაწევრებული სხეული იდო. მუცელგაფატრულს შიგნეულობა ჰქონდა ამოღებული, თვალები კი – დათხრილი.
– იგივე ხელწერაა, – თქვა მაიორმა კიღურაძემ, – ამ ორი კვირის წინ, მცხეთასთან რომ ტომარა აღმოაჩინა მემაწვნემ, იმ ბიჭსაც მუცელი ჰქონდა გაფატრული, შიგნეულობა ამოღებული და თვალები დათხრილი.
– ტიპური მანიაკი მოქმედებს, ამხანაგო მაიორო, – თქვა ნოე გოგუამ, რომელიც კიღურაძესთან სტაჟირებაზე იმყოფებოდა.
– სერიული მკვლელი რომაა, წყალი არ გაუვა, – თქვა კიღურაძემ, მაგრამ ტიპურ მანიაკზე საუბარი ნაადრევია. ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე მსგავსი საქმე მქონდა და შემიძლია ვთქვა, თითოეულში ჩვეულებრივი მანიაკები ფიგურირებდნენ. ეს ორი შემთხვევა კი, გარკვეულ ჩარჩოებს სცილდება და უფრო საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
– რას გულისხმობთ, ამხანაგო მაიორო? – დაინტერესდა გოგუა.
– იმას, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებს. ამას ტომრების ტრანსპორტირების მექანიზმი მაჩვენებს. ორივე მოკლული დაახლოებით 90 კილოგრამს იწონიდა და როგორც მოკვლევის შედეგები აჩვენებს, ტომრები ძირს კი არ არის ნათრევი, არამედ ხელში აწევითაა გადატანილი ერთი ადგილიდან მეორეზე. დავუშვათ, ის ერთმა კაცმა ასწია, მაშინ ტომრის ერთი მხარე იქნებოდა დაჭიმული. ჩვენს შემთხვევაში კი, ტომარა ორივე მხარესაა დაჭიმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ორმა ადამიანმა გადაიტანა.
– თვალებსა და შიგნეულობაზე რას იტყვით? – იკითხა გოგუამ.
– ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, სულ მალე ამასაც გავიგებთ, – თქვა მაიორმა.
ორ კვირაში კიდევ სამი მსგავსი ტომარა აღმოაჩინეს ხაშურთან, ცხინვალთან და გარდაბანთან. სამივე შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცი იყო მოკლული. თითოეულს მუცელი ჰქონდა გაფატრული და თვალები – დათხრილი.
შუშისთვლიანი ბეჭედი
სერიული მკვლელობების საქმეს ოთარ კიღურაძემ პირობითად „უჩინარი მფატრავი“ დაარქვა. ორი თვის განმავლობაში წინა ხუთ მკვლელობას კიდევ ორი დაემატა და გამოცდილ მაძებარს უამრავი თავსატეხი გაუჩნდა. ის ერთ-ერთ გაფართოებულ თათბირზე თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა შერისხა და დაემუქრა:
– საბჭოთა კავშირი ამერიკა არაა, რომ მანიაკებმა ითარეშონ. ან უმოკლეს დროში გახსნი ამ საქმეს და დამნაშავეს დააკავებ, ან ნაადრევად გახვალ პენსიაზე!
კიღურაძეს პასუხი არ გაუცია მინისტრის მუქარაზე და უხმოდ დატოვა თათბირი.
– ამხანაგო მაიორო, – უთხრა კაბინეტში დაბრუნებულ კიღურაძეს გოგუამ, – თქვენთან მოქალაქე სირაძეა და სასწრაფოდ შეხვედრას ითხოვს.
– ვინ სირაძე?
– აი, ის, ამხანაგო მაიორო, ხაშურში რომ სახლი გაუქურდეს და მისი ბინის ქურდი რომ „უხილავი მფატრავის“ მსხვერპლი გახდა.
– მოიყვანე!
შადიმან სირაძე ხაშურში ცხოვრობდა და მას ბინა გაუქურდეს. ბინის ქურდი მილიციამ მეორე დღესვე დააკავა, რომელიც ვინმე ომარ გაგლოევი იყო. გაგლოევმა თავისი თანამონაწილე ემზარ კისიევიც დაასახელა.
– უფროსო! – უთხრა დაკავებულმა გაგლოევმა ხაშურის მილიციის უფროსს, როგორც კი ბინა გავქურდეთ, მე და ემზარი ტრასაზე დავშორდით ერთმანეთს. ნაქურდალი მე წავიღე. ემზარი დღეს საღამოს მოვა ჩემთან და ნაქურდალი უნდა გავიყოთ.
მილიცია ამაოდ ელოდა კისიევს. ის თავის მეგობართან ნადავლის გასაყოფად არ მისულა. მეორე დღეს კი ის ხაშურთან ახლოს, ტყეში, ტომარაში დანაწევრებული იპოვეს გლეხებმა. კისიევი გაქურდული სირაძის მეზობელი იყო. ის დაზარალებულმაც ამოიცნო და გაგლოევმაც. გაგლოევისთვის ჩამორთმეულ ნივთებს მხოლოდ ერთი უბრალო ბეჭედი აკლდა. სირაძეს ნაქურდალი ნივთები რომ დაუბრუნეს, ის ბეჭედი არც გახსენებია.
გოგუამ სირაძე მაიორთან მიიყვანა და წავიდა.
– რამ შეგაწუხათ? – ჰკითხა კიღურაძემ სირაძეს.
– ამხანაგო მაიორო, შეიძლება, გიჟი გეგონოთ, მაგრამ თავი მოვალედ ჩავთვალე, ამ ამბის შესახებ თქვენთვის მეცნობებინა.
– რას გულისხმობთ?
– ამხანაგო მაიორო, მე დეზერტირების ბაზარში კარტოფილით ვვაჭრობ. ამ დილით ერთმა ქალმა ჩემგან 3 კილოგრამი კარტოფილი იყიდა. მან თავადვე აარჩია კარტოფილი და როდესაც ხელზე დავხედე, მარჯვენა შუა თითზე ჩემი თეთრთვლიანი ბეჭედი შევნიშნე.
– რა ბეჭედი, არაფერი მესმის.
– ამხანაგო მაიორო, როდესაც მილიციამ ჩემი ნვითები დამიბრუნა, მას სწორედ ის ბეჭედი აკლდა, დღეს რომ ბაზარში იმ უცნობ ქალს ეკეთა თითზე. ბეჭედს უბრალო შუშის თვალი აქვს, მაგრამ ყველას ბრილიანტი ეგონა. ამიტომ არ ვუთხარი მილიციას, რომ ის ბეჭედიც დაკარგული იყო. დღეს კი, რაღაც ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა და ვიფიქრე, რომ ჩემი ბინის ერთ-ერთი ქურდი, იმ ხალხმა მოკლა, უფრო სწორად, იმ ქალმა.
კიღურაძე ყურადღებით უსმენდა სირაძეს, შემდეგ საჩვენებელი თითი იტაცა საფეთქელზე, სირაძეს ზურგზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– შენ ვერ წარმოიდგენ, ჩემო კარგო, რა შეუფასებელი სამსახური შეგიძლია გაგვიწიო. გონება კარგად დაძაბე და ის ქალი აგვიწერე.
– ქალი საშუალოზე მაღალია, ცივი გამომეტყველებით. აქვს შავი თმა და ფერმკრთალი კანი. ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ არა – მიმზიდველი. ის რომ წავიდა, ჩემს მეზობელს ვთხოვე, კარტოფილისთვის მიეხედა და უკან ავედევნე. ქალმა მწვანილი იყიდა, ბაზრიდან გავიდა და ხაკისფერ „გრუზავიკში“ ჩაჯდა.
– ეჰ, ნომერი ვერ დაიმახსოვრე?
– ნომერიც დავიმახსოვრე და ეს რკინის მანეთიანიც მოგიტანეთ, – თქვა სირაძემ და მაიორს გაზეთის ნაგლეჯში გახვეული რკინის მანეთიანი დაუდო წინ, მანქანის ნომერიც უკარნახა და დაამატა, – ადრე იურისტი მინდოდა გამოვსულიყავი და იქიდან ვიცი, რომ რკინაზე თითის ანაბეჭდები რჩება, რომლითაც ადამიანის მოძებნა შეიძლება. აი, ეს მანეთიანი გადამიხადა ქალმა კარტოფილში და თქვენ მოგიტანეთ.
მაიორი კიღურაძე იმდენად გააოცა სირაძის სიტყვებმა, პირდაღებული უყურებდა და როდესაც მან საუბარი დაასრულა, უთხრა:
თქვენ ნამდვილი მაძებრის ალღო გაქვთ და სამწუხაროა, რომ იურიდიულზე ვერ მოეწყვეთ.
ვამპირის ნაამბობი
კიღურაძემ სირაძეს მადლობა გადაუხადა, მეორე დღისთვის დაიბარა და გააცილა. შემდეგ გოგუას უთხრა:
– სასწრაფოდ თავი მოუყარე ჩვენებს და აი, ამ „გაზ 51-ის“ მძღოლის შესახებ შეკრიბე ინფორმაცია. მე მგონი, მანიაკების კვალს მივაგენით.
მაიორმა და მისმა კოლეგებმა „გაზ 51-ის“ მძღოლის, 26 წლის კაკო ნასიძის დამუშავება დაიწყეს. მათ ნასიძეზე თვალთვალი დააწესეს, რადგან ის და მისი 35 წლის მეგობარი ქალი, ლია ჭუჭულაშვილი შვიდი ადამიანის სადისტურ მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. სირაძემ, რომელსაც კიღურაძემ ნასიძის მეგობრის ფოტოები უჩვენა, დაადასტურა, რომ კარტოფილი სწორედ იმ ქალმა იყიდა მისგან. ეჭვმიტანილ ჭუჭულაშვილს, მართალია, ბეჭედი უკვე აღარ ეკეთა, მაგრამ სირაძეს არ გასჭირვებია მისი ამოცნობა.
კაკო ნასიძე და ლია ჭუჭულაშვილი თითქმის მთელ დღეს ერთად ატარებდნენ და „გაზ 51-ით“ დაქროდნენ აღმა-დაღმა.
– როგორც ეტყობა, მორიგ მსხვერპლს ეძებენ, – თქვა მაიორმა, – სანამ საკბილოს იპოვიან, ჯობია, ჩვენი თანამშრომელი შევუგდოთ.
ამრიგად, გადაწყდა, რომ მანიაკის მსხვერპლის როლს სტაჟიორი ნოე გოგუა შეასრულებდა.
– აბა, შენ იცი, ნოე, – დამოძღვრა გოგუა კიღურაძემ, – იცოდე, რომ ჩვენი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იქნები, მაგრამ მაინც ძალიან ფხიზლად იყავი.
გოგუა იმავე დღეს თბილისი-რუსთავის ტრასაზე ჩაისვეს მანქანაში ნასიძემ და ჭუჭულაშვილმა. იმავე საღამოს კი კიუღრაძის ჯგუფმა ეჭვმიტანილები სწორედ იმ დროს დააკავა, დარეტიანებულ გოგუას რომ ბაწრავდნენ.
ჭუჭულაშვილის ბინის ჩხრეკისას მილიციამ სამართებელივით ალესილი დანები და ადამიანის შიგნეულობისგან დამზადებული, ეგრეთ წოდებული „ტუშონკები“ აღმოაჩინა.
– თვალებს რისთვის სთხრიდით მოკლულებს? – ჰკითხა კიღურაძემ დაკავებულებს.
– იმიტომ, რომ მათ თვალებში ჩვენი სახეები არ აღბეჭდილიყო, – უთხრა ჭუჭულაშვილმა, – წაკითხული მაქვს, რომ, როდესაც ადამიანი კვდება, მის თვალებში ბოლო კადრი სამუდამოდ იბეჭდება.
– არასწორი წარმოდგენაა, – თავი გააქნია მაიორმა, – თუმცა, ყველაფერს ძალიან გააზრებულად აკეთებდით და რომ არა ეგ შუშისთვლიანი ბეჭედი, ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს მოუღებდით ბოლოს. ბეჭედი ბრილიანტისთვლიანი გეგონათ და ხაშურში მოკლული მამაკაცის კუჭიდან ამოიღეთ, ხომ?
– მართალია, – თავი დააქნია ჭუჭულაშვილმა.
როგორც გაირკვა, როდესაც გაგლოევმა და კისიევმა ხაშურში სირაძის ბინა გაქურდეს, კისიევმა თავისი „პაძელნიკისგან“ მალულად ბეჭედი გადაყლაპა, რომელიც ბრილიანტისთვლიანი ეგონა.
– ადამიანის ხორცს რა გაჭმევდათ? – ზიზღით ჰკითხა მაიორმა.
– რომ იცოდეთ, რა გემრიელია, მაშინ თქვენც სიამოვნებით შეჭამდით, – გაეცინა ჭუჭულაშვილს და დაამატა, – ჩვენ გურჯაანში ვცხოვრობდით ოჯახთან ერთად. მე ტყუპისცალი და მყავდა, ლამარა. ერთხელ მარტონი ვიყავით სახლში. მაშინ 15 წლისანი ვიყავით. უეცრად ლამარას თითი გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. მე მის ჭრილობას წუწნა დავუწყე, რომ სისხლის დენა შემეჩერებინა, მაგრამ სისხლის გემომ დამათრო. მე ლამარა ტყეში გავიტყუე. შემდეგ გავფატრე და შიგნეულობა ამოვაცალე. ცხედარი ძველ ჭაში ჩავაგდე და ქვები დავაყარე. შიგნეულობა იმავე ღამეს შევწვი და შევჭამე... მას მერე ამ საქმით ვარ დაკავებული...
ჭუჭულაშვილს და ნასიძეს 14 ადამიანის სადისტური მკვლელობა დაუმტკიცდათ. უმაღლესმა სასამართლომ მათ სიკვდილით დასჯა გამოუტანა და ორივე ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს.