კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კიკოლაშვილი

კიკოლაშვილის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კიკოლა.

კიკო, კიკოლა, კიკოლიკო ქართულში გავრცელებული სახელებია და ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც გვხვდება.

1818 წელს სოფელ ფარცხისში მოიხსენიებიან ილია ისაკის ძე და დავით ბერიას ძე კიკოლაშვილები, ხოლო მიხეილ ზაქარიას ძე კიკოლაშვილი დიმიტრი ინაშვილის ქალიშვილის – სოფიას თავდები ყოფილა.

1873 წელს კიკოლაშვილთა რამდენიმე წარმომადგენელი დიდ ერგნეთში მართლმადიდებლად მოიხსენიება.

კიკოლაშვილების გვარი წარმომდგარია არსაკიძეთა გვარიდან. თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ფარცხისში, ერთი ძმა კიკოლაშვილია, მეორე კი – არსაკიძე.

აზნაურიშვილი კიკოლაშვილი მოიხსენიება 1721 წელს.

„ენაგეთელმა სვიმონ ივანეს ძე კიკოლაშვილმა მონათლა ვაჟი ივანე, მიმრქმელი იყო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე თიგიშვილი“.

კიკოლაშვილი ბერუკა, აბანოში მცხოვრები ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლეების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს.

საქართველოში 359 კიკოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 151, ყვარელში – 62, გარდაბანში – 35, სურამში – 10. არიან სხვაგანაც.

ტურაშვილი-ტურიშვილი-ტურავა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტურა.

„პაიჭაშვილის გიორგის ბიძაშვილი, ტურია, თიანეთში 1736 წელს, როგორც გააზატებული, მოხსენიებულია აზატობის განხილვის წიგნში, მიცემული თეიმურაზ მეორის მიერ გიორგი პაიჭაშვილისადმი“.

ამავე ძირისაა გვარები: ტურიაშვილი, ტურავა, ტურიშვილი, ტურიკაშვილი, ტურაშვილი.

საქართველოში 2 311 ტურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 587, გორში – 468, ყვარელში – 226; არიან სხვაგანაც.

ტურავა – 535.

ტურიშვილი – 37.

სვიმონიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სიმონი, რაც ებრაულად „შემსმენს”, „გამგონს” ნიშნავს.

სახელი სიმონის ძველი ფორმაა სვიმონ, კნინობითი კი: სიკო, სოსო, სიმონიკა, სიმონა.

სვიმონიშვილი არის, ასევე, აბაშიძეთა შტო-გვარი. ამავე ძირისაა სიმონმღვდლიშვილი.

საქართველოში 497 სვიმონიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 143, გურჯაანში – 91, თელავში – 70. არიან სხვაგანაც.

კეკელაშვილი-კეკელიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კეკელა, რომლის შემოკლებული ფორმაა კეკე. ეს სახელი ქართულია და ლამაზს, მშვენიერს ნიშნავს. ის ძველად როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის სახელად მოიხსენიებოდა.

ეს სახელი დაედო ფუძედ შემდეგ გვარებს: კეკელაშვილი, კეკელია, კეკელიძე.

„აბრამ კეკელიშვილი მოიხსენიება სოფელ საღარაშენში, 1873 წელს, კამერულ აღწერაში”.

წინწყაროელი კეკელაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები.

საქართველოში 252 კეკელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 125, გორში – 65, კასპში – 35. არიან სხვაგანაც.

123 კეკელიშვილი: თბილისში – 68, გორში – 39, ბოლნისში – 2. არიან სხვაგანაც.

სურამელი-სურამელაშვილი

გვარის ფუძე გამხდარა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქცა.

„როსტომ მეფის მიერ 1658 წელს, ენაგეთში თავის დისწულ არანბეგასთვის ნაბოძებ გლეხებს შორის მოიხსენიება დათუნა სურამაშვილი”.

სურამელები მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში დიდი ფეოდალური საგვარეულო იყო. საგვარეულოს სახელი მათი მამულის სახელიდან, კერძოდ, სურამიდან მომდინარეობს. უმეფობის ხანაში, როცა მონღოლებმა დუმნებად დაყვეს საქართველო (მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლებში), ქართლის დუმნისთავად გრიგოლ სურამელი დანიშნეს.

ამავე ძირისაა გვარები: სურამიშვილი, სურამელაშვილი, სურამლიშვილი.

„სურამელი ბეგა მეორე, საქართველოს მეფეების – დავით მეექვსე – ნარინის, დავით მეშვიდე – ულუს, დემეტრე მეორისა და დავით მერვე – ლარის მოხელე, ვაზირი და მსახურთუხუცესი, იყო გრიგოლ სურამლის ძე”.

საქართველოში 347 სურამელი ცხოვრობს: გორში – 275, თბილისში – 51, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც. 

200 – სურამელაშვილი.

ონიანი

შუა საუკუნეებში წარმოშობილი ცნობილი და გავრცელებული გვარია. ონიანების წინაპართა ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი იოვან, იოან, მათგან მიღებული მოფერებით სახელი ონა, ონია. ამ სახელიდანაა ნაწარმოები გვარები: ონაშვილი, ონაძე (დაფიქსირებულია 1664-1677 წლებში).

„პირსახელი ონია, მისგან ონიანი; ონიას ქვათახევის ელაგერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში ევალებოდა აღაპის გადახდა დედოფალ გულშარისთვის გრიგოლ ავგაროზისძის გარდაცვალების შემდეგ“... (1448 წელი).

ონიანების გვარი მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩანს, ასე მოიხსენიებენ გვაროლოგები – ბატონი ილია მაისურაძე და აკადემიკოსი ალექსანდრე ღლონტი.

ამავე ძირისაა გვარები: ონიაშვილი, ონიკაშვილი, ონიკაური, ონიკაძე.

ონიანი საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის 148-ე ადგილზეა.

საქართველოში 3 693 ონიანი ცხოვრობს: ლენტეხში – 1 365, ქუთაისში – 554, თბილისში – 549. არიან სხვაგანაც.

მგალობლიშვილი

„ესენი არიან მაყაანთ გვარნი, რომელნიც იყვნენ პირველ მგალობელნი მეფისა სახლისანი და აგრეთვე, ალავერდისაცა. ამისა გამო მგალობლის შვილობა გაუგვარდათ მათ მგალობლობისა გამო” (იოანე ბაგრატიონი).

„მგალობლიშვილი გიორგი იყო ალავერდის საყდრის აზნაურიშვილი, მოწმე ალავერდელი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილის მიერ დემეტრე გამსახურდასშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა” (1687 წელი).

მგალობლიშვილი პეტრე 1670-1688 წლებში უნდა ხლებოდა ერეკლე მეფეს რუსეთში, მაგრამ, გზაში დაუჭერიათ. შემდეგ ის ემსახურებოდა ერეკლეს კახეთსა და ისპაჰანში, ამის გამო ერეკლემ მას უწყალობა მდივნის სახელი (1675-1688 წლებში).

მგალობლიშვილები ასევე, შეტანილები არიან გურიის თავადთა, აზნაურთა წოდებას მიკუთვნებული ოჯახების სიაში, 1850 წლის 6 დეკემბერს, „ხავერდის წიგნში”.

საქართველოში 2 121 მგალობლიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 895, ჩოხატაურში – 191, გარდაბანში – 164. არიან სხვაგანაც.

პეტრიაშვილი

სახელი პეტრე ძველთაგანვე ცნობილია ქართულში. სახელი ნასესხებია ბერძნულიდან და იგივეა, რაც „კლდე”, „ლოდი”.

ქართულ ისტორიულ საბუთებში, მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, პეტრიაშვილები ჩანან შემდეგ სოფლებში: კლდისწყაროში; ხაშურის რაიონის სოფლების – ალისა და წაღვლის საგამგებლოში; ბიძინა პეტრიაშვილი მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. იქვე მოიხსენიებიან გიორგი, თამაზა, ქიტია პეტრიაშვილები. „საუფლისწულოს კლდისწყაროში ცხოვრობს მოყალნე კაცი თევდორე პეტრიაშვილი, ჰყავს ძმები: პაპუნა, იმედა, ბერუკა და მათი ნაშენი ხუთი ვაჟი” (მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგი).

პეტრიაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან სოფლებში: სკრა, ციხედიდი;

„პეტრე პეტრიაშვილი არის მოურავი, ერეკლე მეფემ მას უბოძა ჭალაანში დასახლებული და ალავერდის წმიდა გიორგისთვის შეწირული ათი კომლი კაცის მოურავობა” (1699 წელი).

პეტრიაშვილთა საგვარეულო, როგორც მებატონე-მემამულეებისა, შეტანილი გვაქვს წიგნში „ქართული გვარ-სახელები”. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, აზნაურიშვილ-პეტრიაშვილთა საგვარეულოს 176-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 4 039 პეტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 176, ადიგენში – 183, რუსთავში – 173. არიან სხვაგანაც.

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3