ვინ ძვრებოდა ტყავიდან სტალინისთვის და ვის ააწაპნა ბერიამ საიდუმლო დოკუმენტები ცეცხლგამძლე კარადიდან
სტალინის აგარაკის კომენდანტის, ორლოვის ჩანაწერებიდან: „სტალინი ღარიბი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაღალყელიანი ფეხსაცმელები დაუსკდა. ვერავინ უსაყვედურებს, რომ ფულებს უცხოეთის ბანკებში ინახავდაო. ქვეყანას არავინ ძარცვავდა. ის, სახელმწიფოს ყოველ კაპიკს უფრთხილდებოდა. ფული ჯიბეში არასოდეს ედო. ის ან ვლასიკს ჰქონდა, ან მე... სტალინს შემნახველი სალაროს წიგნაკში 9 000 მანეთი დარჩა. სტაროსტინმა ის სვეტლანას გადასცა... 1945 წლისთვის პირველ სართულზე ოთახების ასეთი განლაგება იყო: სულ 7 ოთახი, შემდეგ 5 გახდა. ოთხი ოთახი რეკონსტრუქციის დროს ლიკვიდირებული იქნა. მის ნაცვლად შეიქმნა დიდი დარბაზი, სადაც სტალინი მუშაობდა და ისვენებდა... სტალინი ამავე დარბაზში ატარებდა პოლიტბიუროს წევრთა სხდომებს. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მას ჟანგბადის უკმარისობა დაეწყო... 1949 წელს სტალინს აჩუქეს ცხენი. მან მხოლოდ ერთხელ იმგზავრა მარხილით, რომელსაც ბულგანინი მართავდა. სტალინს უკვე ჰიპერტონია ჰქონდა და მდივანი პოსკრებიშევი აბებს აძლევდა... ორ სართულზე დაახლოებით 10 პატარა ხალიჩა ეგო. ერთი, ვერცხლის ძაფით ნაქსოვი ხალიჩა, რომელიც სტალინს აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ქვეყანამ აჩუქა, ჩემთან, საწყობში ინახებოდა. სტლინის სიკვდილის შემდეგ, ის, ხელმძღვანელობიდან რომელიღაცამ, ხრუშჩოვმა ან მიქოიანმა, ან შესაძლოა, ბერიამ დაითრია... ყველაზე მეტად ვინ მლიქვნელობდა სტალინის წინაშე? მლიქვნელი, ფარისეველი და ცრუპენტელა იყო ხრუშჩოვი. ის სტალინის წინაშე ტყავიდან ძვრებოდა. ამხანაგი სტალინის სადღეგრძელოს გაჰყვიროდა. მას საჩუქრებს უძღვნიდა უკრაინელი ხალხის ხარჯზე. ხრუშჩოვს უკრაინიდან უამრავი ნესვი ჩამოჰქონდა. საადრეო საზამთროები, ქონიანი ძეხვი ორნამენტიანი კასრებით, დაშაშხული იხვები, ცოცხალი ბატები და ხოხბები, ზამთარში – მდინარის ქვიშაში ნადები საზამთროები. ბოლოს და ბოლოს, სტალინს მან კურსკის ბულბულების რაკრაკის ჩანაწერიც კი ჩამოუტანა. ბოლო დროს ამაში მას არც ბერია ჩამორჩებოდა. როცა ის სტალინთან მიდიოდა, თავისი სადილი მიჰქონდა, მერე ხრუშჩოვმაც მიჰბაძა... სტალინი პოლიტბიუროს წევრთა შორის ყველაზე განათლებული იყო ყველა სფეროში, ძალიან ბევრს კითხულობდა, კინოფილმებს ნახულობდა და თეატრებში სპექტაკლებს ესწრებოდა... სტალინს დიდი ნაკითხობა და ფენომენალური მეხსიერება იმის საშუალებას აძლევდა, თავისუფლად გარკვეულიყო არა მხოლოდ პროდუქტების დეტალებში, არამედ ყველა ხილ-კენკროვან კულტურაშიც... მან აჩვენა პოლიტბიუროს სხვა წევრებს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა შექმნილიყო დამხმარე მეურნეობები სახელმწიფო აგარაკებზე. 1931 წლიდან ყოველდღიურად ვადევნებდით რა თვალ-ყურს სტალინს სოჭში, ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ის უსაქმოდ დასვენების დროსაც ვერ ჩერდებოდა. ძირითადი სამუშაოს გარდა, სტალინი დიდ ყურადღებას უთმობდა მებაღეობის განვითარებას და ამ პლანტაციებზე მოსავლის აღებას. შავი ზღვის სანაპიროზე არანაკლებ 5 სახელმწიფო აგარაკი იყო, რომლებიც საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს ბალანსზე ირიცხებოდა. შავი ზღვის სანაპიროს აგარაკთა კომენდანტის თანაშემწის, აფანასიევის მოგონებებიდან: „სტალინი ჩემგან ყოველი ნაყოფიერი ხიდან მიღებული მოსავლის შესახებ სრულ ანგარიშს მოითხოვდა. ამ სახელმწიფო აგარაკებზე პოლიტბიუროს სხვა წევრებიც ისვენებდნენ. ამას გარდა, სტალინს უნდა სცოდნოდა, როგორ მაგრდებოდა შავი ზღვის ნაპირები სოჭიდან ბათუმამდე„... გენადი ბოჩკარიოვი გაზეთში აღნიშნავს: „აგარაკ „სელიონაიაში” ბანკეტები იმართებოდაო. ბანკეტები, ძირითადად, კრემლში ეწყობოდა. რაც შეეხებათ პოლიტბიუროს წევრებს, სხდომებზე ბანკეტები არ იმართებოდა.” ორლოვი იხსენებს: „სტალინთან არავითარი ქეიფები არ ყოფილა და იატაკზე არავინ ეგდო. სტალინს მთელი ომის განმავლობაში ბანკეტებისა და გართობებისთვის არ სცხელოდა. აგარაკზე, სუფრასთან იწვევდნენ მეცნიერებს, მაგრამ მათ არყის დალევა ეუხერხულებოდათ... ყველაზე მეტს პოსკრებიშევი სვამდა, მაგრამ დილით სამუშაოზე ისე აკურატულად ცხადდებოდა, თითქოს წინადღით არც დაელიოს. გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე სტალინმა პოსკრებიშევი პენსიაზე გაუშვა. ამაში გარკვეული როლი ბერიამ ითამაშა, რომელსაც პოსკრებიშევი ვერ ეწყობოდა. არის აზრი, რომ ბერიამ მას საიდუმლო დოკუმენტი ცეცხლგამძლე კარადიდან ააწაპნა. ასეა თუ ისე, სავარაუდოა, რომ პოსკრებიშევის გაუჩინარებაში ბერიას ხელი ერია. პოსკრებიშევი ინსულტით გარდაიცვალა, ან ქვეყნიდან ხრუშჩოვისგან შეურაცხყოფილი წავიდა. ხრუშჩოვმა ის, შეიძლება ითქვას გააგდო ცეკას პლენუმიდან და სტალინის ყურმოჭრილი ყმა უწოდა. სტალინის ყოფილ თანაშემწეს ამ ამბის გადაყლაპვა მოუხდა...
საბჭოთა კავშირში ეკონომიკას წარმართავდნენ სამნი: – სწორუპოვარი მეურნე, სოციალიზმის მშენებლობის ბრწყინვალე თეორეტიკოსი სტალინი, შესანიშნავი ეკონომისტი ვოზნესენსკი და ფინანსთა პატრიარქი ზვერევი. 30-იან წლებში საბჭოთა კავშირმა გიგანტური ნახტომი გააკეთა მშენებლობასა და ინდუსტრიალიზაციაში თუჯის გამოდნობის მხრივ. ეს იყო მშენებლობის დაჩქარებული ტემპი, რადგან სტალინს ესმოდა, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით კაპიტალისტურ გარემოცვაში და ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ის სავსებით სწორი აღმოჩნდა, როცა ფაშიზმის მხრიდან საშიშროებას წინასწარმეტყველებდა. სახელმწიფო მანქანის კოლოსალური დაძაბულობა, ოპერატიულობა, გეგმიანობა ხელს უწყობდა ფაბრიკების მუშებისთვის, მაღაროელებისთვის, მიწათმოქმედთათვის ხელფასების დროზე მიცემას. უბრალოდ საკვირველია, როგორ შეძლო სტალინმა ინდუსტრიის აშენება და ამავე დროს, ომის შემდეგ ხუთ წელიწადში ათასობით მიწასთან გასწორებული ქალაქის აღორძინება. თან, იმასაც ახერხებდა, რომ ყოველწლიურად შეემცირებინა ფასი პროდუქტებზე, უფასო გაეხადა განათლება, დასვენება, სამედიცინო დახმარება, წამლები და ბევრი სხვა რამ. გარადა ამისა, მოქალაქეები ბინისა და კომუნალური მომსახურებისთვის მცირე თანხას იხდიდნენ. კიდევ, შესაძლებელი გახდა კულტურის სასახლეებში ღონისძიებებზე უფასოდ დასწრება და წრეებში ინტერესების შესატყვისად უფასოდ სწავლა. სტალინი ამბობდა: „დაე, ხალხმა ჯერ კარგად ჭამოს და მერე არაყზე იფიქროს.” აი, ეს იყო ჭკვიანი, გეგმიანი სახელმწიფო პოლიტიკა როგორც ნედლეულის სფეროში, ისე ადამიანთა რეზერვების გათვალისწინებით. განა სტალინი საბჭოთა კავშირის პირობებში საბაზრო ეკონომიკაზე არ ფიქრობდა? მაგრამ, მას ესმოდა, რომ ეს ჯერ ძალიან ნაადრევი იყო. თანამედროვე რუსეთში საბაზრო ეკონომიკამ დაამუხრუჭა სახელმწიფოს წინსვლა. რუსეთს უხვად აღარ აქვს თავისი ხორცი, რძე, პური, კარაქი... ხალხის 70-მა პროცენტმა შეწყვიტა გაზეთების, რუს მწერალთა წიგნების კითხვა. დიდწილად შემცირდა ნაცნობებისა და ნათესავების მიმოწერა. პროდუქტების სიძვირის გამო, შემცირდა ერთმანეთთან სტუმრობა. ყოველივე ამან ადამიანები, მათი ნახევარზე მეტი მაინც უსულგულო გახადა. ფულმა ადამიანში ჩაკლა სინდისი, ბევრი მათგანი აქცია დამნაშავედ, სპეკულიანტად, წამგლეჯად. საწარმოების, მაღაზიების პრივატიზაციამ არაფერი მოგვცა. როგორც მანამდე, ახლაც დახლებში დგანან უკმეხი, ხეპრე ადამიანები. რუსეთში საბაზრო ეკონომიკა დამახინჯებულია. ზნეობრივ-მორალური სახე ადამიანების უმრავლესობისა, სადაც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, მეტისმეტად დაეცა. სამართალდამცავ ორგანოებზეც იგივე ითქმის. ეკონომიკის სფეროში უკონტროლობა იმდენად დიდია, რომ სახელმწიფოში იფურჩქნება სრული ანარქია ფასწარმოქმნაში... ხორცის სექციებში გამყიდველები კონტროლის გარეშე არიან. ისინი ამას ბოროტად იყენებენ და ხალხის ყვლეფის ხარჯზე მდიდრდებიან. საბაზრო ეკონომიკამ საზოგადოება უფსკრულის პირამდე მიიყვანა...”