რა არის ეკლესიურად ცოლ-ქმრის გაყრის ყველაზე ობიექტური მიზეზი და რა შემთხვევაში არ აქვთ სასულიერო პირებს მრევლისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევის უფლება
ძალადობა – ეს არის საკითხი, რომელიც დღეს (და‚ ალბათ‚ ყველა ეპოქაში) განსაკუთრებულად აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. დიდი ხანია‚ როგორც მთელი ქართული საზოგადოება, ასევე, ერთეული პიროვნებები, განვიცდიდით და განვიცდით ძალადობას როგორც სხვა სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, ჩვენივე ხელისუფლების წარმომადგენლების და, ხშირად, კონკრეტული, ცალკეული პირების მხრიდანაც. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების უფლებების დაცვაზე, ეს საკითხი ბევრში იწვევს აღშფოთებას და მთლიანად გმობენ ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელებიც, არათუ არ გმობენ ძალადობას, პირიქით, მას გარკვეულ გამართლებასაც უძებნიან. ამ საკითხის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მამა საბას (ბიკაშვილს):
– რამდენიმე საუკუნის წინ ამ თემას საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. რა თქმა უნდა‚ იმიტომ არა, რომ მაშინ არ არსებობდა ძალადობა. არსებობდა, ოღონდ, არა ასეთი დოზით. მაშინდელი საზოგადოება ამ საკითხს სხვაგვარად უდგებოდა. ამაზე მუშაობდნენ არა გარეგნულად, არამედ, ძველად თავად ოჯახში მიმდინარეობდა ამ საკითხზე ზრუნვა, მთელი აქცენტი გადასული იყო იმაზე‚ თუ როგორ უნდა აღეზარდათ შვილები, როგორ მაგალითზე იზრდებოდნენ ისინი. არც ადრე ყოფილა და არც დღეს არსებობს ოჯახები, სადაც სრული ჰარმონიაა მეუღლეებს შორის, რადგან, ყოფითი, სულიერი თუ ფსიქოლოგიური პრობლემები, ასე თუ ისე, თავს იჩენს ხოლმე ნებისმიერ ოჯახში. მაგრამ, ეს ადამიანები ცდილობდნენ‚ ერთმანეთთან ურთიერთობა დაელაგებინათ, ოღონდ, არა პატრულის, არა ვიღაც-ვიღაცეების ჩარევით, არამედ ერთმანეთთან ურთიერთგაგებით, რადგან, ეს მათი კავშირი სიყვარულზე იყო დაფუძნებული. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი ცდილობენ, ნებისმიერი პრობლემა ერთად მოაგვარონ. დღეს მშობლები ხშირად საყვედურობენ საკუთარ შვილებს, რომ ისინი არ არიან კარგები, ისეთები‚ როგორებიც თავად იყვნენ. რა თქმა უნდა‚ ეს საკითხისადმი არაჯანსაღი მიდგომაა, რადგან, მშობელი ფიქრობს, რომ შვილია ცუდი, თავად კი კარგია. მაგრამ, აქ ჩნდება ლოგიკური კითხვები: ვინ გაზარდა ეს ბავშვი, როგორ გარემოში იზრდებოდა და რა მაგალითებით? რა თქმა უნდა‚ ადამიანს შეუძლია, გამოსწორდეს, შეცვალოს თავისი ცხოვრება, მაგრამ, მთლიანობაში ის რჩება ისეთი, როგორიც არის, ანუ, მისი მსოფლმხედველობა, ფუნდამენტური თვისებები, რაც არასწორ გარემოში ჩამოუყალიბდა, იგივე რჩება. ამიტომ‚ როდესაც მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი არ ვარგა, ის უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ გარემოში გაზარდა შვილი, რის მაგალითს აძლევდა, როგორ ჩხუბობდნენ მისი თანდასწრებით ან ლანძღავდნენ სხვას...
– ხშირად‚ როდესაც ოჯახში ძალადობაა, ქალები, რატომღაც, სწორედ შვილების გამო ინარჩუნებენ ოჯახს, რადგან, ფიქრობენ, რომ, ჯობია‚ შვილი ორივე მშობელთან ერთად იზრდებოდეს. სინამდვილეში, ასეთ ბავშვებს ძალიან მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება და ეს მომავალში მათ პიროვნულ თვისებებზე, ცხოვრების წესზე აისახება.
– ჯვრისწერის საიდუმლოს დროს ორი ადამიანი ხდება ერთი ხორცი და, არა მხოლოდ ერთი ხორცი, არამედ, ერთი სული, განმსჭვალული ერთი იდეით, რომ მიხედავენ ოჯახს, გაზრდიან შვილებს და გამოადგებიან ქვეყანას. შვილიერება შედეგია ორი ადამიანის ურთიერთცხოვრების და არა აუცილებლობა. მაგრამ, მთავარი ის არის, ეს ორი ადამიანი როგორ საწინდარს დაუდებს მომავალ თაობას, როგორ იცხოვრებენ, როგორი ქრისტიანები იქნებიან. ძალადობა იქ არის, სადაც არ არის სიყვარული. ასეთი რუსული გამონათქვამი არსებობს: თუ ქმარი გცემს, ესე იგი, უყვარხარო. რა თქმა უნდა‚ ეს სისულელეა და არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. თუ ადამიანს უყვარხარ, ის არ ძალადობს შენზე, პირიქით ბევრ რამეს გპატიობს. თუმცა‚ ძნელია ისეთი რამე აპატიო მეუღლეს, რასაც მრუშობა, ღალატი ჰქვია. ეკლესიურადაც, ერთადერთი ობიექტური მიზეზი ცოლ-ქმრის გაყრისა, არის მრუშობა. თუმცა‚ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად უნდა გაუსწორდე და სიცოცხლე მოუსწრაფო. თუ კაცი ლოთია, მოდის სახლში და ძალადობს მეუღლეზე‚ შვილზე, როგორ შეიძლება, ეს გასამართლებელი იყოს?! მაგრამ‚ შეიძლება‚ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდეს და, ამ შემთხვევაში არ არის მართებული, ქალი წავიდეს ოჯახიდან, რადგან, როგორც მამაკაცია ვალდებული‚ მოითმინოს რაღაცეები, ასეა ვალდებული ქალიც, მაგრამ, თუ ძალადობა გრძელდება წლების განმავლობაში, თუ უკვე პათოლოგიაშია ურთიერთობა გადასული, აუცილებლად უნდა დაესვას ამას წერტილი. ბევრს მიაჩნია, რომ ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ოჯახი შეინარჩუნოს: რა მოხდა, გცემს? – უნდა მოითმინო... შეიძლება, ერთხელ მოითმინო, მაგრამ, როცა ამას სისტემატური ხასიათი აქვს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მოთმენა არასწორია. აი, რატომ უნდა დაშორდეს ეს ორი ადამიანი ერთმანეთს: პირველი – მათ შორის აღარ არსებობს ის კავშირი, რასაც სიყვარული ჰქვია და, როცა სიყვარული არ არსებობს, რა ურთიერთობაზეა საუბარი?! მეორე – ქალმა თავისი მოძალადე ქმარი უარეს მდგომარეობაში რომ არ ჩააგდოს (ეს, შეიძლება, იყოს მკვლელობა, რითაც ხშირად მთავრდება ასეთი ურთიერთობები), ჯობია‚ გაერიდოს, რათა ის უარეს ცოდვაში არ ჩააგდოს. რატომ უნდა უთხრას ვინმემ, თუნდაც სასულიერო პირმა თავის სულიერ შვილს, რომ მოითმინოს ისეთი რამ, რაც არ არის მოსათმენი?! ხშირად ცოლები მართლაც შვილების გამო ინარჩუნებენ ოჯახს. ეს გასაგებია და კარგია, მაგრამ, მთავარი შედეგია – რა მოჰყვება ყოველივე ამას. თუ ორი ადამიანის ურთიერთობა მათ შვილებს ტრავმას აყენებს, ეს რა ურთიერთობაა?! რატომ არ ფიქრობენ იმათზე, რომელებიც მათ ყოველდღე უყურებენ და ცუდ მაგალითს იღებენ? დიდი შანსია, რომ შვილები გაიზარდონ ტრავმირებულები. თუ შენ მართლა გიყვარს შენი შვილები, ჯობია‚ იქვე დაასრულო ასეთი ურთიერთობა და მერე დედამაც უნდა იზრუნოს ბავშვებზე და მამამაც. ასეთი ზრუნვა უფრო გამართლებული იქნება, წაადგება ბავშვებს, ვიდრე ის, რომ ერთად იყვნენ და ყოველდღე ერთმანეთს ხოცავდნენ.
– დღეს ხშირად საუბრობენ სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე, რაც, შეიძლება, არ იყოს ფიზიკური, მაგრამ იყოს ფსიქოლოგიური.
– როდესაც ეკლესიაზე ვსაუბრობთ, აქ მოიაზრებიან ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეკლესიური მსოფლმხედველობა, სწავლება, ანუ, ის დიდი მამები, რომლებიც საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ. მთავარი მოციქულთა, მამათა სწავლებაა და, თუ ჩვენ, სასულიერო პირები, ამას გადავუხვევთ, ვასწავლით ხალხს, რომ ერთი ადამიანის მეორეზე ძალადობა, ან ერთი ჯგუფის ძალადობა მეორეზე გამართლებულია ქრისტეს სახელით, რა თქმა უნდა‚ ეს არასწორია და საერთოდ სცილდება მართლმადიდებლურ სწავლებას. ძალადობა არ უსწავლებიათ არც მაცხოვარს, არც მის მოსწავლეებს და არც წმიდა მამებს. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პირველ მსოფლიო კრებაზე წმიდა ნიკოლოზმა არიოზს, ანუ მწვალებელს, კვერთხი ჩაარტყა, რის შედეგაც ის განაყენეს კრებიდან. მაგრამ, ღვთისმშობელის გამოცხადების შემდეგ მას დაუბრუნეს ჩინი და მსახურების უფლება. ეკლესიას ორი მთავარი ფუნქცია ჰქონდა ყოველთვის: ერთი – რომ ადამიანები დააყენოს ცხონების გზაზე, აცხონოს, ღმერთთან მიიყვანოს და, მეორე – მხილება, რომელიც დღეს თითქმის აღარ არის და, თუ სადმე წარმოჩინდება, ყოველთვის წარმოჩინდება არასწორი კუთხით, აღქმით. ეკლესიის პირველი და ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიტყვა და სახარებაც ზუსტად ასე იწყება, რომ ღმერთი არის სიტყვა. ასე რომ‚ ეკლესიას გააჩნია სიტყვის ძალაუფლება და არა მუშტის, სირბილის, „ტაბურეტკების“ ქნევის ძალაუფლება... ეკლესიამ სიტყვით, ზუსტად, სწორად უნდა ასწავლოს ადამიანებს. იოანე ოქროპირი ამბობს: თუ ადამიანი, ანუ, სასულიერო პირი, არ გასწავლის ღვთისას და გასწავლის თავისას, გაიქეცი მისგან. ისე გაიქეცი, რომ უკან აღარ მოიხედო. მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესია, ეკლესიური მსოფლმხედველობა ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული, როგორი ადამიანიც უნდა იყოს: ბოროტი, დამნაშავე თუ განსხვავებული ორიენტაციის. ასე რომ‚ ეკლესიაში ძალადობა მიუღებელია‚ რა სახითაც არ უნდა ხდებოდეს ის. ერთადერთი‚ შეიძლება ხმის ამოღება, ყვირილიც კი, თუ ეკლესიის დოგმატურ კანონებს ემუქრება საფრთხე მწვალებლობის, ცრუ სწავლების შემოტანით, ანუ, როცა ეკლესიის ერთობას ემუქრება საფრთხე, თუმცა, ამ დროს შეიძლება, ადამიანმა ამოიღოს ხმა, მაგრამ, მუშტები მაინც არ უნდა იქნიოს. როცა საქმე ეხება ინდივიდუალურ პირებს, სხვადასხვა ჯგუფს, რა თქმა უნდა‚ ძალადობა ყოვლად მიუღებელია. მე‚ როგორც სასულიერო პირი‚ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ ვინმე ამას აკეთებს, ის სასულიერო პირი არ არის, ან, მას ჯერ კიდევ ვერ გაუგია‚ რაში მდგომარეობს ქრისტიანული სწავლება და მისი აღქმა.