ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებს მიემადლებათ!
დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. ცეცხლმა, ნათელმა მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც – მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს, თუმცა ღამე იყო, მაგრამ ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს – გრძნობდა სულიერად“. წმიდა იოანე დამასკელი წერს: „პეტრე დადგა საფლავთან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა“.
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ მეოთხე საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. მეოთხე საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი, საღვთო ცეცხლი გარდამოავლო მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად, დიდ შაბათს, აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი წარდგებოდა ხოლმე.
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: „საზეიმო მწუხრის შემდეგ მართლმადიდებელმა არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვიკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კათოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს ჰკიცხავენ, რომ სურდათ, თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ“.
აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები. მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მათ მოისყიდეს მუსლიმანი არაბი, რომელთა მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი; შეასწრეს მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარი გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს. მათი სულიერი წინამძღოლი – პატრიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ, გაუცრუვდა იმედები – ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი კი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლისღვრით ლოცულობდა.
და აი, ამ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად, მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გამოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე, ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: „ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანთა“, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოჰკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.
მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას. ეს სვეტი კი დღესაც დგას – გაბზარული, მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად!
„საქართველო მეორედ მოსვლის წინ“