კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიქმნა ნაძალადევის რაიონი თბილისში და რომელი ცნობილი რევოლუციონერები მოღვაწეობდნენ იქ

ნაძალადევის რაიონი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მის სახელს არაერთი ისტორიული ფაქტი უკავშირდება. კერძოდ, საუბარია მეოცე საუკუნის დასაწყისის რევოლუციურ მოძრაობებზე, რომელთა ძირითადი შტაბ-ბინა სწორედ „ნახალოვკაში“ მდებარეობდა. ძველი უბნის ძველი ფოტოების დახმარებით თბილისის ამ კოლორიტული რაიონის ისტორიას გაგაცნობთ.

ნაძალადევი

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის გეგმებზე რკინიგზის გადაღმა დაიწყეს ძველი და ახალი ნაძალადევის აღნიშვნა, რომლებსაც ხუდადოვის ტყის მასივი ყოფდა. ძველი ნაძალადევის აღმოცენება დაიწყო 1870-იან წლებში, კერძოდ, 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ, რკინიგზის სადგურის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა. რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა და მიწათმფლობელთა დაუკითხავად, ნაძალადევად აშენებდნენ მცირე ზომის სახლებს. ოფიციალურმა ხელისუფლებამ ამ უბანს „ნაძალადევი” შეარქვა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტყის მეორე მხარეს ასეთივე დასახლება – „ახალი ნაძალადევი” აღმოცენდა. სტიქიურად აღმოცენებული მუშათა დასახლებები, ეგრეთ წოდებული „ნახალოვკები,” იმ დროის რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც წარმოიშვა. 

ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლად იქცა. აქ 1900 წლის ზაფხულში რევოლუციურად განწყობილი მუშის, აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საბრძოლო მოწოდებები და პროკლამაციები. 1905 წლის დეკემბერში, საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით „რესპუბლიკა” გახდა. მუშები იარაღდებოდნენ – გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა და რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარებმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. უთანასწორო ბრძოლაში მთავრობამ 1 000-მდე ჯარისკაცი გამოიყვანა. ისინი გამოიყენებდნენ ზარბაზნებსა და ტყვიამფრქვევებს, ხოლო აჯანყებულთა რაოდენობა ხუთას კაცს არ აღემატებოდა და აქედან მხოლოდ 200 იყო შეიარაღებული. შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო, რომელიც შემდგომ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ცნობილი ფაქტია, რომ შეტაკებაში დაიღუპა 9 მუშა, რომლებსაც სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „სხივის” 1906 წლის პირველი იანვრის ნომერი სახალხო მილიციელებად მოიხსენიებდა. მაშინდელმა მთავრობამ დაღუპულების დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესის მოწყობა აკრძალა და დაღუპული მუშები მათმა მეგობარმა რევოლუციონერებმა კუკიაზე, საძმო საფლავში დაკრძალეს. ცნობისთვის, კუკიაზე მდებარე 9 ძმის ქუჩას, სწორედ 9 დაღუპული რევოლუციონერის პატივსაცემად ეწოდა და ქუჩის სახელწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს ცხრა ძმა ხერხეულიძესთან. აჯანყებულთა განადგურების სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ სოციალ-დემოკრატებისადმი სიძულვილით ცნობილი, ქალაქის დროებითი გუბერნატორი და მისი მოადგილე, მონარქისტი გენერლები – ალიხანოვ-ავარსკი და გრიაზნოვი. მოგვიანებით, 1906 წელს, ორივე გენერალი მოკლეს. გენერალი გრიაზნოვი ბარიატინსკის (ამჟამინდელ გია ჭანტურიას) ქუჩაზე სასიკვდილოდ დაიჭრა აფეთქების შედეგად. ტერორისტული აქტის მომწყობად მაშინდელმა ტფილისის ჟანდარმერიამ დეპოს მუშა არსენა ჯორჯიაშვილი  დაასახელა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯიაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გრიაზნოვის მკვლელობასთან და არც რევოლუციური მოძრაობის წევრი იყო. 1921 წელს, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის დაკვეთით, ივანე პერესტიანმა გრიაზნოვის მკვლელობაზე გადაიღო ცნობილი პროპაგანდისტული ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი”, სადაც არსენას როლი სახელოვანმა ქართველმა კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ითამაშა. 

ნაძალადევში რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო სტალინმა. აქ რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდნენ და რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: მ. კალინინი, ბ. ბოჭორიძე, ზ. ჩოდრიშვილი, გ. თელია. ვ. სტურუა. პ. მონტინი და სხვა ცნობილი რევოლუციონერები. რკინიზგის სახელოსნოებში მუშაობდა და ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა თბილისში გარკვეული ხნით ჩამოსული ალექსეი პეშკოვი, იგივე მაქსიმ გორკი. სწორედ თბილისში, გაზეთ „კავკაზში” გამოიცა მისი პირველი მოთხრობა „მაკარ ჩუდრა”. 

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნაძალადევს ვლადიმირ ლენინის სახელობის რაიონი ეწოდა. უბნის კეთილმოწყობა და გაფართოება სწორედ საბჭოთა პერიოდს უკავშირდება. აქ დაიწყო ფუნქციონირება პლეხანოვის სახელობის კლუბმა (ამჟამინდელი თბილისის არტ-ჰოლი), რომლის შესასვლელთან  ლენინის ქანდაკება იდგა. ნაძალადევის რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე, რომელსაც საბჭოთა დროს ოქტომბრის ქუჩა ერქვა, ამჟამად კი ცოტნე დადიანის სახელს ატარებს, მოძრაობდა ტრამვაი, რომლის დემონტაჟი 2000-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა. ოქტომბრის ქუჩაზევე, 1966 წლის 11 იანვარს, მუშაობა დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მეტროსადგურმა „ოქტომბერმა” (ამჟამად „ნაძალადევმა”). ნაძალადევის რაიონშია ცნობილი ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში აბანოდ იყო გადაკეთებული. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მეექვსე საუკუნეში აუშენებიათ. ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა. შემდგომში ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა, მათ შორის, არაბების ბატონობის პერიოდში, თუმცა, მეფის რუსეთის დროს კვლავ აღუდგენიათ. გასაბჭოების შემდგომ წლებში, 1931 წელს, ეკლესია ბოლშევიკებმა აბანოდ გადააკეთეს. წლების განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა ეკლესიის არსებობის შესახებ. მოგვიანებით აბანო გაფართოვდა და საკურთხევლის ადგილას კი აბანოს ნომრები მოაწყვეს, ეკლესიის შენობაში ქიმწმენდის საამქროც კი ფუნქციონირებდა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში აბანოს ტერიტორია დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და აშენდა ახალი ეკლესია.

ხუდადოვის ტყე

ამ სახელწოდებით მოაღწია დღემდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე გაშენებულმა მწვანე მასივმა. 1893 წელს ქალაქის სათათბიროს წევრის, ექიმ ნიკო ხუდადოვის ინიციატივით, სახაზინო მიწაზე ტყის გაშენება დაიწყეს. თბილისის მცხოვრებლებმა ტყეს იმთავითვე ხუდადოვის სახელი შეარქვეს. ხუდადოვის ტყეში იყვნენ დასაფლავებული მაღალი რანგის ბოლშევიკები: ბოლშევიკების სასაფლაო ამჟამად გაპარტახებული და მიტოვებულია. 

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

скачать dle 11.3