იმერეთის დედოფლის სასიყვარულო ისტორია საპნის ოპერების შთაგონების წყარო იქნებოდა
სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი ქალის სიყვარულმა?! – წარმოიდგინეთ, რომ ომამდეც კი... ყოველ შემთხვევაში, მეჩვიდმეტე საუკუნეში, საქართვლეოში ცხოვრობდა ქალი, რომლის ხელში ჩასაგდებად სერიოზული ბრძოლები იმართებოდა – სისხლისმღვრელი და სასტიკი... აღარაფერს ვამბობთ ინტრიგებზე.
მუხრანბატონების შთამომავალი თამარი, სილამაზით სახელგანთქმული და დიდების მოყვარული ქალი იყო. მისი პირველი ქმარი გახლდათ ოდიშის მთავარი, ლევან მესამე დადიანი. 1663 წელს მას მეფე ბაგრატ მეოთხესთან მოუხდა ბრძოლა და ტყვედაც ჩავარდა. ბრძოლის ძირითადი მიზეზი ბაგრატ მეოთხის დადიანის ცოლისადმი სიყვარული და ინტერესი იყო. იმერეთის სამეფო კარზე დიდი ინტრიგა დატრიალდა. ბაგრატმა აშკარად ვერ გაბედა სხვისი ცოლის ცოლად შერთვა, ამიტომ ასეთ ხერხს მიმართა: ტყვე ლევან დადიანი მეფე ბაგრატის სასახლეში დააბინავეს. იმავე სასახლეში ცხოვრობდა მეფის განათხოვარი და – თინათინი. ერთ-ერთი ნადიმის შემდეგ, რომელზეც დადიანი საგანგებოდ დაათვრეს, ლევანს საწოლში თინათინი ჩაუწვინეს. დილაუთენია კი სცენარის მიხედვით, „საყვარლებს“ კარის დიდებულები „თავზე წამოადგნენ“. სამეგრელოს მთავარი იძულებული გახადეს, ცოლს – თამარს გაშორებოდა და მეფის დაზე, თინათინზე ოფიციალურად ექორწინა. თამარი თავისუფალი ქალი გახდა და ბაგრატ მეფემ ის ცოლად შეირთო... მაგრამ, სასიყვარულო წიაღსვლები საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთში ამით არ დამთავრებულა. თამარმა მეფე ბაგრატის ცოლის სტატუსით 22 წელი იცხოვრა, თუმცა, ისტორიული წყაროების თანახმად, ქმრის ერთგული არ ყოფილა. თავადების გარდა, დედოფლის საყვარლების სიაში ეპისკოპოსი გაენათელიც იყოო. იმერეთის დედოფლის სიყვარულმა მოსვენება დაუკარგა გურიის მთავარ გიორგი გურიელსაც.
მეფე ბაგრატი გურიელისთვის სერიოზული მეტოქე იყო, რომლის გზიდან ჩამოშორება ადვილი ნამდვილად არ გახლდათ. ბაგრატმაც შეამჩნია გიორგი გურიელის ცხოველი ინტერესი საკუთარი ცოლისადმი და შეყვარებულ მთავარს სასწრაფოდ მიათხოვა, თავისი და თამარის ქალიშვილი – დარეჯანი. თამარი გიორგის სიდედრი გახდა, მაგრამ ამით მისი სიყვარული ოდნავადაც არ განელებულა.
1681 წელს, ბაგრატ მეფე გარდაიცვალა თუ არა, გიორგი გურიელი ცოლს – დარეჯანს გაშორდა და სიდედრზე დაქორწინდა.
თამარი საკუთარი სიძის ცოლი გახდა, მაგრამ ცოტა ხნით. ლევან დადიანმა ყოფილი მეუღლის დაბრუნება მოინდომა. ჯარი შეჰყარა, გურიაში ჩავიდა და გურიელს შეებრძოლა. დაამარცხა და 25-წლიანი განშორების შემდეგ, ცოლი დაიბრუნა. სამი ქმარი და უცნობი რაოდენობის საყვარლები – სამწუხაროდ, ისტორიამ თამარ დედოფლის პორტრეტი არ შემოინახა...
ბასიანის ბრძოლაში გამარჯვება ქალური შურისძიება იყო
ეს არის საკმაოდ საინტერესო უცნობი ფაქტები თამარ მეფის შესახებ. რა შუაშია ქართველების ისტორიული გამარჯვება და ქალური შურისძიება ერთმანეთთან? არსებობს უცხოური, უცნობი ავტორის წყარო, რომელშიც საუბარია შემდეგზე:
წყაროს ვერსიით, სანამ თამარი დავით სოსლანს გაჰყვებოდა ცოლად, იყო იდეა, ის რუმის სულთან რუქნადინისთვის მიეთხოვებინათ, რაც მრავალწლიან მტრობას დაუსვამდა წერტილს და საქართველოს მშვიდობას მოუტანდა. იმ პერიოდში ასეთ შემთხვევებში იწვევდნენ კარის საუკეთესო მხატვრებს, რომლებიც ქალის პორტრეტს ხატავდნენ. სურათი სხვა სახელმწიფოს მმართველებთან მიჰქონდათ, რათა მას ქალის გარეგნობა შეეფასებინა და პასუხი ეთქვა ქორწინების თაობაზე. ამ შემთხვევაში, ალბათ, მხატვარს თუ დავაბრალებთ უნიჭობას, რადგან რუქნადინმა თამარის პორტრეტის ნახვისას ის დაიწუნა და მის ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა, რამაც, რასაკვირველია, სილამაზით განთქმული თამარის ქალურ თავმოყვარეობაზეც იმოქმედა. სულთანი სწორედ ამ ფაქტით იყო გათამამებული, როდესაც თამარს ყველასთვის ცნობილი წერილი მისწერა ბასიანის ბრძოლის გამართვამდე. ამიტომაც განარისხა მისმა საქციელმა ქართველი მეფე ასე ძლიერად და, წყაროს თუ დავუჯერებთ, ბრძოლაში გამარჯვებით, მან შელახული ქალური თავმოყვარეობის გამოც იძია შური რუქნადინზე.
თამარის სილამაზეზე ეჭვის გასაქარწყლებლად კიდევ ერთ ფაქტს გიამბობთ. საქართველოში, ჯერ კიდევ გიორგი მესამის დროს, თამარის ხელის სათხოვნელად ორი ოსი უფლისწული ჩამოვიდა, რომლებიც, რასაკვირველია, უარით გაისტუმრეს. წყაროს თქმით, უმცროს ძმას ერთი ნახვით შეუყვარდა თამარი და იმდენად განიცადა ქალის უარი, რომ ოსეთში დაბრუნებამდე გზაში დარდისგან გარდაიცვალა.
ამ წყაროს მიხედვით, თამარს არც დავით სოსლანი უყვარდა. არსებობს მეფის პირადი ჩანაწერები, რომლებშიც ის ვინმე ალექსის ახსენებს. ამ ადამიანის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ბერძენი იყო, თუმცა საქართველოში გაიზარდა სამეფო კარზე, თავად თამართან ერთად. ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ეს უცნობი პიროვნება მეფის მთელი ცხოვრების სიყვარული ყოფილა.