როდის არ უჩნდება მამაკაცს ღალატის შემდეგ ცოლის მიტოვების სურვილი
შეიძლება თუ არა, ისე იცხოვრო, ერთხელაც არ გამოსცადო ღალატის სიმწარე?! შეიძლება, ასეთი ადამიანები მართლაც არსებობენ, თუმცა ძნელი დასაჯერებელია. იყო მამაკაცთან, ბოლომდე გჯეროდეს მისი, ენდობოდე... და ეს ნდობა ერთხელაც არ გაგიცრუვდეს. „მე ვღალატობ ცოლს!“ – ამბობს კაცი და ქალების უმრავლესობა ფიქრობს: „ფუი, საზიზღარი, საერთოდ არ ჰქონია ნამუსი. როგორ რომ არ რცხვენია“. მამაკაცები უბრალოდ, გაჩუმდებიან და ამ ამბავს გაგებით მოეკიდებიან: „რას იზამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება!...“
დიახ, ცხოვრებაში, მართლაც, ყველაფერი ხდება და მგონი, აღარავის უკვირს ის, რომ ამ სიტყვების მერეც, კაცები მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას საკუთარი ცოლების გვერდით.
დიმიტრი (43 წლის): ამას რომ წაიკითხავენ, ვიღაც იტყვის – ეს კაცი სულ გაგიჟებულა ამ სოლიდურ ასაკშიო. მაგრამ ასეც არ არის საქმე. მამაკაცს ყველა ასაკში შეიძლება, დაემართოს ის, რაც მე დამემართა. ცოლი თხუთმეტი წლის წინ შევირთე და მასთან ძალიან ბედნიერი ვარ ახლაც. ღალატის მცდელობა არ მქონია, თუმცა სურვილი სხვა ქალთან ურთიერთობისა, გამკრავდა ხოლმე.
– ეგ როგორ?
– როგორ და, ჩვეულებრივად. ლამაზ ქალს რომ დაინახავ, დაელაპარაკები, ხვდები, რომ მზად არის შენთან ურთიერთობისთვის, მაგრამ შინაგანად მაინც რაღაც გაბრკოლებს. ანუ, „შინაგანი ბარიერები“ საკმაოდ კარგა ხანს „მიმუშავებდა“. ვერ ვიტყვი, რომ ცოლის მეშინოდა. ნამდვილად არ ყოფილა ასე.
– ეს იმას ნიშნავს, რომ მისი აზრი ამ საკითხზე, საერთოდ არ გაინტერესებთ?
– არც ასეა. მგონი, ვერ გაგებინებთ, რისი თქმა მინდა. ჩემს ცოლს ნამდვილად ვცემ პატივს და სწორედ იმიტომ, რომ არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა, ვემორჩილებოდი ჩემს შინაგან ბარიერებს. რთული ასახსნელია და მამაკაცები, ალბათ, გამიგებენ.
– ქალები ვერ გაგიგებენ, იმიტომ, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მომენტში ეროტიკული სურვილები სხვა მამაკაცის მიმართ. თუმცა, ეს აბსოლუტურად სხვანაირად აღიქმება. ხომ მართალია?
– გეთანხმებით. ქალის ეს სურვილები ნებისმიერი კაცისთვის მიუღებელია და ვიცი, რასაც მკითხავთ, – მაშ, რატომ უნდა იყოს მისაღები მსგავსი სიტუაცია ქალისთვისო? მართალიც იქნებით – არ არის მისაღები. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რასაც ჩვენ ვერაფრით გამოვრიცხავთ. სწორად გამიგეთ, შეეცადეთ, სიტუაციას ჩემი გადმოსახედიდან შეხედოთ. მე ვუღალატე ცოლს. თვითონვე ვიტანჯებოდი ამის გამო. მაწუხებდა ის შედეგები, რაც ამას მოჰყვა და რასაც დაემსგავსა ჩვენი ცხოვრება. ოჯახი ჩემთვის ძალიან ფასეული და ღირებულია. სამწუხაროდ, მარტო ჩემი ბრალეულობა არ არის ამაში. აღიარეთ, რომ თქვენც – ქალებიც არ რჩებით ქორწინებაში იმ ნაზ ნიმფებად, როგორებიც ქორწინებამდე ხართ.
– ანუ, ქალია დამნაშავე იმაში, რომ კაცი ღალატობს?
– მარტო ქალი არა, – ქალიც დამნაშავეა. პრობლემა მარტო დროში, შეჩვევასა და იმაში არ არის, რომ ქალი იცვლება – უჩნდება ნაოჭები... ცელულიტი... ისე აღარ გიზიდავს, როგორც ურთიერთობის პირველ წლებში. ესეც ხომ რეალობაა.
– ქალიც ხომ ზუსტად იგივეს გრძნობს და ნაოჭები კაცსაც უჩნდება. ამიტომ ქმარზე ახალგაზრდა უნდა ეძებოს და მერე თავი იმართლოს?
– არა, არა... უბრალოდ, ქალს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ვიცი, ჩემი არგუმენტები საკმაოდ სუსტია და ძნელი გასაგებია ისიც, როგორ შეიძლება, კაცს უყვარდეს ცოლი, უნდოდეს ოჯახი და წვებოდეს სხვა ქალთან... შევეცდები, აგიხსნათ.
ჩემს ცოლს ინსტიტუტიდან ვიცნობდი და საკმაოდ დიდი ხანი ვმეგობრობდით. როცა მივხვდი, რომ მიყვარდა და გავუზიარე ჩემი გრძნობა, მეშინოდა, რომ უარს მეტყოდა. სხვათა შორის, დიდხანს იყოყმანა. მე შენ ახლა პატივს გცემ და შენი იმედი ყველაფერში მაქვს. მეშინია, ქორწინებით ყველაფერი არ გავაფუჭოთ. მტრებად არ გადავეკიდოთ ერთმანეთსო, – ეს სიტყვები კარგად მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება. სხვათა შორის, სინდისიც ამის გამო უფრო მეტად მაწუხებს. ერთ ანეკდოტს მოგიყვებით: „ქმარს ეკითხება ცოლი, – ოცდახუთი წელია, ერთად ვართ და ნუთუ ერთხელაც არ გიღალატია ჩემთვისო. არ მიღალატიაო, – უპასუხა ქმარმა, – და ეჭვი, რატომ შეგეპარაო?! რა ვიცი, ადამიანებში ეგრე არ ხდებაო“. მიხვდით ამ ანეკდოტის შინაარსს?
– მივხვდი, მაგრამ ესეც ალიბის შესაქმნელად მოგონილი მგონია.
– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამას იტყოდით. სამწუხაროდ, ადამიანები შორს ვართ იდეალურობისგან. უამრავი ნაკლი გვაქვს და ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ცდუნებებს ვერ ვუძლებთ. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ როდისმე გაუაზრებლად გადამიდგამს რამე ნაბიჯი, მით უმეტეს, რაც დავოჯახდი. ანუ, გამოდის, ღალატიც გააზრებულად ჩამიდენია. არაფერი მაქვს სატრაბახო და არც ვტრაბახობ, პირიქით, მრცხვენია. მაგრამ, გადასაგდებად და გულში დანის გამოსასმელად ცოდო ვარ. ასეთიც არაფერი გამიფუჭებია. ჩემი ოჯახი ქვეყანას მირჩევნია. არაფერი მაქვს მასზე ძვირფასი.
– სახლიდან გაგდებენ?
– ჯერ არა, მაგრამ სიმშვიდე აღარ არის ოჯახში. ხმაც რომ არ ამოვიღოთ, ატმოსფეროა დაძაბული... თითქოს ჰაერიც დამძიმდა... ვწუხარ იმას, რომ ჩემს ცოლს არ დავაძალე ემუშავა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, მე შევთავაზე, გასულიყო სამსახურში. რად მინდაო, მითხრა. საკმარისზე მეტი შემოსავალი გვაქვს შენი დამსახურებით და რაღატომ უნდა ვიმუშაოო.
– ეს რა შუაშია ღალატთან?!
– გიყვებით. სახლში მუდმივად „ჩამჯდარი“ ქალის ხასიათი ყოველთვის უარესობისკენ იცვლება. ის ამას ვერ გრძნობს და ეს კიდევ უფრო ცუდია. აუტანელი საქმე მის ცხოვრებას მოსაწყენს ხდის. ნერვიულობს და ამის რეალურ მიზეზს ვერ ხვდება. ძალიან კრიტიკული და აბეზარი ხდება თავისი მუდმივი შენიშვნებით. მართალია, ოჯახის იდეალური მოდელია, როცა ქმარი შემომტანია, ქალი კი – ოჯახის სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე მზრუნველი, მაგრამ ქალების უმრავლესობა ოჯახში თავისი შინაგანი რესურსის რეალიზებას, გახარჯვას ვერ ახდენს. ეშვება, აღარაფერი აინტერესებს, პიროვნულად ვეღარ ვითარდება. წუწუნებს იმაზეც, რომ ქმარი მას ნაკლებ ყურადღებას უთმობს... ჩემი ცოლი ყოველთვის საიმედო ზურგი იყო ჩემთვის. სახლში იდეალური სისუფთავე; უგემრიელესი საკვები, თანაც, მრავალფეროვანი; ბავშვები მოვლილები... ჩემზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი – არანაირი ოჯახური საზრუნავი, ან პრობლემა მე არ მეხებოდა. ხუმრობით ვამბობდი, ჩემმა ცოლმა ოჯახურ ფრონტზე გამაოგნებელი კარიერა გაიკეთა-მეთქი... მაგრამ, რაც მოსალოდნელი იყო, ჩემს ცოლს ნელ-ნელა ხასიათი გაუფუჭდა.
– ასე, უმიზეზოდ?
– მიზეზებზე უკვე ვილაპარაკე. მე ვიზრდებოდი პროფესიულად. გავიკეთე კარიერა და წინ ძალიან წავიწიე. სხვა ინტერესები გამიჩნდა. სანაცნობო წრე გავაფართოვე და ხშირად ვიყავი ოჯახის გარეთ. შეხვედრები... წვეულებები... პრეზენტაციები... ზოგჯერ მეუღლეც მიმყავდა, მაგრამ... უცებ გადაწყვიტა, რომ შესაფერისი ტანსაცმელი არ ჰქონდა... კარგად აღარ გამოიყურებოდა... მოდას ჩამორჩა... ეჭვიანობაც დაიწყო. რაღაც სისულელეებს იგონებდა და მეჩხუბებოდა. საკუთარ მეგობრებს ჩამოშორდა. ჩემი შურთ და არც ერთს არ ვენდობიო, გამოაცხადა. მაგათ მე არ ვუყვარვარო. შემდეგი ახირება იყო ფიტნესი და საცურაო აუზი. თავიდან გამიხარდა. ვიფიქრე, ვარჯიში და წყალი ფორმაშიც ჩააყენებს და ტონუსსაც აუმაღლებს-მეთქი. პირიქით მოხდა. აუზიდან გაღიზიანებული ბრუნდებოდა და უმნიშვნელო წვრილმანზე მიშარდებოდა...
– არ სცადეთ, დალაპარაკებოდით?
– ვცადე. არაფერი გამომივიდა. არ მითხრა მიზეზი, რის გამოც ტეხდა სკანდალებს. მობილურიც დამიმტვრია – შენ ეს ნივთი, ჩემზე ძალიან გიყვარსო... დავიღალე, ადამიანურად დავიღალე... ყველაფრის სურვილი გამიქრა. ყველაფერში, ბუნებრივია, ინტიმურ ურთიერთობას ვგულისხმობ. თქვენ მოგინდებათ სექსი ადამიანთან, რომელიც სულ ჩხუბობს, გიბღვერს და გეკამათება? უფრო ხშირად – ყველა წვრილმანზე გეკიდება?! იმ ზომამდე მივედი, რომ ვთხოვე, ფსიქოლოგთან წადი-მეთქი. ამაზე სულ გადაირია, ბარემ საგიჟეთში წამიყვანეო... გეფიცებით, ძალიან მინდოდა მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ბევრად მეტ დროს ვუთმობდი. ბილეთებს ვყიდულობდი და თეატრში, პრემიერებზე ძალით დამყავდა. სამოგზაუროდაც მყავდა. საყვარელ კაბაში ვერ ჩაეტია და ისეთი ისტერიკა მოაწყო, რაღაც მომენტში ვიფიქრე, ამის გვერდით როგორ ვცხოვრობ-მეთქი. თუმცა, ამან სწრაფადვე გამიარა და შემრცხვა კიდეც, საკუთარი ფიქრის.
– და, მაინც უღალატეთ....
– ჰო, ასე გამოვიდა. ცხოვრებამ თითქოს მახე დამიგო და საყვარელი გავიჩინე. შეიძლება, გაღიმებული ქალის დანახვა მომენატრა და მომინდა; შეიძლება, იმ ქალის ვნებიანმა გარეგნობამ მიმიზიდა; შეიძლება, ქალთან ჩახუტება და ალერსი მომენატრა, ყოველგვარი ისტერიკებისა და შესავალი კინკლაობის გარეშე... მოკლედ, მოსახდენი მოხდა... იცით, როგორ გავიცანი? სკვერში შემთხვევით გავიგონე მისი გულწრფელი, ხმამაღალი კისკისი და ყურადღება მივაქციე. ისე შემომცინა, გული გამეხსნა და გამინათდა. მომინდა, დიდხანს მეყურებინა მისი გაბრწყინებული სახისთვის. ძალიან დიდი ხანი ვიყავი ცოლის ერთგული და საკმაოდ მძიმედ გადავიტანე ჩემი საქციელი. მაგრამ, მიუხედავად სინდისის ქენჯნისა, უარიც ვერ ვთქვი ამ პატარა ბედნიერებაზე. ახლა ყველაფერი რთულად არის. მეშინია, რომ ცოლი გაიგებს ამას. წარმოდგენაც არ მინდა იმის, რაც შეიძლება მოხდეს... მეშინია იმისაც, საყვარელმა ცოლობა არ მომთხოვოს... პრობლემები არ მაკლია. ოჯახის შენარჩუნება მინდა და ვწვალობ. ნამდვილად არ არის სახარბიელო ასეთი ცხოვრება.