ინტიმური საუბრები
ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ უნდა უყურო
დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა და ბოლოს მაინც გადავწყვიტე – ვფიქრობ, ეს ბევრს დაეხმარება, სწორად შეაფასოს თავისი მდგომარეობა და სათანადოდ მოიქცეს, რომ ჩემსავით ცხოვრება, არ აერიოს. მით უმეტეს, რომ თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში დღეს ძალიან ბევრია. რაღა ბევრი გავაგრძელო, დავიწყებ იმით, რომ 18 წლისას თავდავიწყებით შემიყვარდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბრმაც ხარ, ყრუც და შეურაცხადიც; როცა მის გარეშე, მთელი სამყარო ცარიელია შენთვის და რაც მთავარია, ვინც გიწონებს არჩევანს, შენი მოკეთეა, ხოლო, ვისაც ის არ მოსწონს, შენი დაუძინებელი მტერი ხდება. საკუთარი დედაც კი მოწინააღმდეგედ მიგაჩნია, თუ შენს არჩევანს აღტაცებით არ შეხვდა. ჰოდა, თავადაც მიხვდებით, როგორც დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არავის რჩევა და გაფრთხილება არ გავითვალისწინე და ჩემი მაინც გავიტანე – გავთხოვდი. არაფრად ჩავაგდე ის, რომ მატერიალურად უჭირდა, არ ჰქონდა ბინა, სამსახური, დამხმარე და ხელის წამკვრელი... სამაგიეროდ, იყო პერსპექტივა, დიდი ბიზნესის ზუსტი, წყალი რომ არ გაუვა, ისეთი გეგმები და ასე შემდეგ... მოკლედ, რეალური თითქმის არაფერი, მაგრამ იყო რომანტიკა, სიყვარული და იმის რწმენა, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტეოდა. თუმცა, ეს ყველაფერი სულ მალე, თქვენ წარმოიდგინეთ, ქორწილის მეორე დღიდანვე საპნის ბუშტივით გასკდა... პრობლემებმა ნელ-ნელა კი არა, ერთბაშად იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ ის ზღაპრული ქორწილი, რომლითაც მთელ ჩემს ნათესაობას მოაწონეს თავი და ყველა ერთხმად ამბობდა: რას ერჩით, რას უწუნებდით ამ ბიჭსო, სულ ვალებით გადაუხდიათ. ის უბადრუკი ბინაც კი, სადაც ვცხოვრობდით, ბანკში ჰქონიათ ჩადებული... მაგრამ ამ ყველაფერსაც კიდევ აიტანდა კაცი, ქმართან ურთიერთობა რომ ამეწყო და იმედგაცრუება ამ მხრივაც არ მეწვნია. მე რომ მეგონა, ვიცნობდი, თურმე სულ არ მცნობია – მე ვიყავი ალთას და ის იყო ბალთას, აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვადასხვანაირი შეხედულება გვქონია ყველაფერზე. არადა, აქამდე, მეგონა, ერთი მიმართულებით ვიყურებოდით და შესაბამისად, ასე შეხმატკბილებული გავატარებდით მთელ ცხოვრებას – რა პრობლემა დაგვიდგებოდა წინ?! თურმე, ასე არ ყოფილა და ეს სულ რაღაც ერთ კვირაში აღმოვაჩინე. ამას ისიც დაერთო, რომ არ ვფეხმძიმდებოდი. გავიდა ორი წელი და მატერიალურ თუ სულიერ გასაჭირს, იმის საყვედურებიც ემატებოდა, რომ უშვილო ხარ... ცოლად არ ვარგიხარ და ვერც დედა გახდებიო. ისე მომბეზრდა თავი, თვითმკვლელობაზეც კი დავიწყე ფიქრი. მაგრამ ჩემს მხსნელად სხვისი უბედურება იქცა, ჩემი დედამთილის ძმისშვილი ცოლშვილიანად ავარიაში მოჰყვა და მხოლოდ ჩვილი – 6 თვის ანანო გადარჩა. დედამთილის ძმაც და რძალიც ადრე გარდაიცვალნენ და გელას (დედამთილის ძმისშვილს) არც არავინ დარჩა ოჯახიდან. რა თქმა უნდა, ბავშვი ჩვენ წამოვიყვანეთ და მე და სანდრომ (ჩემმა ქმარმა) ვიშვილეთ.
თავიდან, ცოტა ხნით დედაჩემთან გადავედი. ყველანი ეიფორიაში ვიყავით – ბავშვს თავს დავკანკალებდით და მეც ამ ვარდისფერ ოცნებაში გახვეული, სამი თვის შემდეგ სრულიად უპრობლემოდ გადავედი ქმრის ოჯახში... და აი, იქ ყველაფერი თავიდან დაიწყო – მიძინებულმა პრობლემებმა ერთბაშად იჩინა თავი: რომ მეგონა, უსიამოვნების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვი არ გვყავდა, ასე არ აღმოჩნდა. პირიქით უფრო გამწვავდა სიტუაცია – საკმარისი არ იყო საკვები, პამპერსი, გადასახადებს ვერ ვიხდიდით და ამ ყველაფერს ემატებოდა გაუთავებელი კინკლაობა და კამათი, რომელიც შეიძლება სულ უბრალო მიზეზითაც დაწყებულიყო. ტელევიზორის გადართვაზეც კი შეიძლება ისე გვეჩხუბა, რომ ყოფილა შემთხვევა, გაცეცხლებული გარეთ რომ არ გამოვვარდნილიყავი, ალბათ, საკუთარ გულს შევასკდებოდი. ბოლოს სალაპარაკოც კი აღარაფერი გვქონდა, თითქოს ასი წლის ცოლ-ქმარი ვიყავით. ამ მდგომარეობამ ისე გამომფიტა, რომ ბავშვსაც ვეღარ ვუვლიდი წესიერად. თანდათან დავსუსტდი, ძალა გამომეცალა, მადა საერთოდ არ მქონდა, ძალიან გავხდი, ინტერესი დავკარგე ყველაფრის მიმართ, ბავშვის ტირილიც კი აღარ მოქმედებდა ჩემზე, ლოგინიდან წამოდგომა მიჭირდა... ბოლოს ისე წავიდა ჩემი საქმე, თვითმკვლელობის იდეა ისევ ამომიტივტივდა და რომ არა ფსიქიატრის დროული ჩარევა, არ ვიცი, როგორ იქნებოდა ჩემი საქმე... დიდხანს ვიმკურნალე, ფეხზე კი დავდექი, მაგრამ ნერვები დამისუსტდა, ყველაფრის მეშინია, როგორ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, არ ვიცი... იმ ოჯახიდან ხომ წამოვედი და ახლა ბავშვის ამბავია სადავო, რა უნდათ იმათ, ვერ ვიგებ – არც მატანენ და არც მართმევენ... ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს საქმე... ამ ყველაფერს კი იმიტომ გწერთ, სხვამ გაითვალისწინოს და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ნუ შეხედავენ. როცა არც ისე დიდი ხარ, რომ სწორად შეაფასო მოვლენები, ყური უნდა დაუგდო ახლობელთა რჩევას.
ხათუნა, 21 წლის.
რატომ წავიდა ასე ჩემი საქმე?!
ხუთი წელია, რაც საბერძნეთში ვარ. როგორც დანარჩენი ჩემი თანამემამულე, მეც ტურისტად წამოვედი და არალეგალად დავრჩი. რა თქმა უნდა, სანამ ამ ბებოსთან მოვხვდებოდი, ალბათ, ახალს არავერს ვიტყვი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორც ხდება – მრავალი ოჯახის გამოცვლა მომიწია. იყო საზიზღარი ბებერი ცოლ-ქმარი, ჩასაფრებული რომ იყვნენ, რა დაეწუნებინათ და შესაბამისად, შემდეგ საჭმელი აღარ მოეცათ ჩემთვის; იყო შიზოფრენიკი ბერიკაცი, რომელმაც კბილები ჩამიმტვრია; ისეთი შემთხვევაც იყო, რამდენიმე თვე ვუარე მოხუცს და რომ გარდაიცვალა, შვილებმა აქეთ მომდეს შარი, შენი ბრალია, კარგად არ მოუარეო და ანაზღაურებას ვინ ჩივის, კინაღამ ციხეში ამომაყოფინეს თავი. მოკლედ, ვაი-უშველებელით გავიარე დიდი გზა და უკვე ერთ წელზე მეტია, ამ ოჯახში ვარ. ძლივს შემხვდა ნორმალური ხალხი. ანაზღაურებასაც არა უშავს და პატივისცემითაც მეპყრობიან ბებოს შვილები. ახლა კი იმაზე მინდა, გიამბოთ, რატომ წამოვედი საბერძნეთში სამუშაოდ. ოჯახში ძალიან გვიჭირდა. მშობლები სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ, რომ იქნებ გაჭირვებიდან ამოვსულიყავით და სახლი რომ თავზე გვენგრეოდა, ცოტათი მაინც შეგვეკეთებინა. თუმცა, წასვლით კი წავიდნენ, მაგრამ დიდი ვერაფერი გააკეთეს. მხოლოდ იმას თუ ახერხებდნენ, რომ საარსებო თანხა გამოეგზავნათ. მე და ჩემს დას თავი ძლივს გაგვქონდა თვიდან თვემდე და ასე გავიდა 10 წელი. როგორც იქნა, მშობლები ჩამოვიდნენ, მაგრამ მამას გული დაუავადდა და ვეღარ მუშაობდა, დედამაც ხაჭაპურების ცხობით მხოლოდ ის მოახერხა, რომ სახლამდე ჩამოეღწიათ. რომ დაბრუნდნენ, იმისიც მადლობელი ვიყავით, ვინღა დაეძებდა ფულს. ამასობაში კი ისედაც დანგრევის პირას მისული სახლში, ერთხელაც, ქარიშხალი იყო და ჭერი თავზე ჩამოგვენგრა... სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე და მეც, უკვე გამოცდილი მეზობლებისა და ნაცნობ-მეგობრების რჩევით, ბედის საძებნელად საბერძნეთის გზას დავადექი. აქ რა წვალებითაც მოვაღწიე დღემდე, უკვე მოგახსენეთ. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვიყავი, რადგან იმდენი მოვახერხე ჩემი დანაზოგით, რომ ჩემებმა ახალი სახლიც ააშენეს და მოაწყვეს კიდეც. ის იყო, ვიფიქრე, ცოტას ჩემთვისაც გადავინახავ რამეს, მალე სახლშიც დავბრუნდები და პატარა ხომ აღარ ვარ, იქნებ საკუთარი ოჯახიც შევქმნა-მეთქი, რომ ახალი უბედურება დამატყდა თავს. მოულოდნელად, მამა გარდაიცვალა და მე დასაფლავებაზეც ვერ მივდივარ. რა ვქნა? ახლა რომ მივატოვო ყველაფერი და წამოვიდე, უკან ვეღარ დავბრუნდები, რადგან დღემდე არალეგალი ვარ. სულ რომ დავბრუნდე სახლში, ჩემს დას და დედას ახლა უფრო უნდათ მიხედვა. როგორ მოვიქცე არ ვიცი, არადა გული მეგლიჯება. მამაჩემი ჯერ 60 წლისაც არ იყო, გულმა უმტყუნა, უდროოდ გარდაიცვალა, მე კი უკანასკნელ გზაზე რომ გავაცილო, იმის საშუალებაც არ მაქვს. რატომ წავიდა ასე ჩემი საქმე, ნუთუ არასწორად მოვიქეცი?!
რუსიკო, 36 წლის.