„ჭამეთ, ბრიგადირებო“
ანუ წერეთელმა შეგვაწია
საქართველოს მონათმფლობელურ „შრომის კოდექსში“, როგორც იქნა, ცვლილებები შევიდა. მართალია, მთლად ისეთიც ვერა, საქართველოს დასაქმებული მოქალაქეების ქუჩაზე თბილი გაზაფხული მოეყვანა, მაგრამ ისეთიც აღარ არის, დამქირავებლებმა ბეჩავ გლადიატორებად გვაქციონ.
ერთი სიტყვით, ზეგანკვეთური სამუშაო განსხვავებულად უნდა ანაზღაურდეს, კვირაში მხოლოდ 40-საათით უნდა დაგვტვირთონ, გათავისუფლების შესახებ სამიოდე დღით ადრე უნდა გაგვანათლონ (ზედაც, მიზეზიც განგვიმარტონ) და ორი თვის ხელფასითაც გაგვამზითვონ უმუშევრობაზე.
არა მხოლოდ მებიზნესეები (ანუ დამქირავებლები), ზემოხსენებულ ცვლილებებს უმცირესობაც ეწინააღმდეგება (ეკონომიკა დასამარდება და ინვესტორებიც პანტა-პუნტით გაიქცევიანო). თუმცა, თავის მხრივ, ქართული პროფკავშირებიც არისხებენ განგაშის ზარებს (დაქირავებულები კვლავაც მონებად რჩებიანო). რაც შეეხება დაქირავებულებს: ჩუმად სხედან (იმ ანეკდოტის გმირივით, ციხეში აბუნტებულ თანასაკნელებს რომ ეჩურჩულება, გაჩუმდით, თქვენი ჭირიმე, თორემ აქედანაც გაგვყრიანო).
სავსებით, ბუნებრივია, რომ თავისი კომპეტენტური აზრი 1999 წლიდან და აგერ უკვე მეთოთხმეტე წელია, დეპუტატმა გიგი წერეთელმაც შეგვაწია – აღნიშნული ცვლილებები ხელს ვერ შეუწყობს ქართული ეკონომიკის აღმასვლასო (კერძოდ, ხალხის რჩეული ბრძანებს: „ხალხს, ვისაც სურვილი აქვს ადამიანები დაასაქმოს სჭირდებოდა სხვა მიდგომები, სხვა პირობები და სტანდარტები.“).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, თავად პოლიტიკურ ავანსცენაზე 1995 წელს გამოჩნდა – დედაქალაქის მერიაში და მას შემდეგ მისი კარიერა ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაშიც და მას შემდეგაც თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა და, ზედაც, დავამატებთ, რომ მისი სახელფასო ჯიბე წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, გამოდის, რომ ქართულ ეკონომიკას მხოლოდ ბ-ნი წერეთლის გარანტირებულად დასაქმებული წარსული და მომავალი (ამას თუ გულისხმობდა „სხვა მიდგომებსა და სხვა სტანდარტებში“) თუ განავითარებს, პრინციპით, „იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ, ბრიგადირებო“!