ნაცარშეყრილები
მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის ტერიტორიაზე მძიმე ნაცრისა და საცეცხლე წიდის იმპორტის დაშვების ინიციატივით მიმართა. ამ ინიციატივის რეალობად ქცევისთვის „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებია საჭირო. ცვლილებებიც მომზადებულია (ენერგეტიკის სამინისტროს ავტორობით), თუმცა, რატომღაც, საპარლამენტო უმცირესობას ის არ ეპიტნავა
ამ ცხვირაბზუების მიზეზი კი შემდეგნაირია (მომყავს ხალხის რჩეულ ბ-ნი წერეთლის ციტატა): „საქართველოში ნაცრის იმპორტი ის ბიზნესი არ არის, რომელიც მოსახლეობას დაასაქმებს და უკეთეს პირობებს შეუქმნის!“
თუმცა ხალხის რჩეული არ უარყოფს, რომ შესაძლოა, მავანს ჰქონდეს ნაცრის ბიზნესი ევროპასა ან სადმე სხვაგან („განადგურებული ნარჩენები ან ნაცარი რომ საქართველოში შემოიტანოს“), მაგრამ, რაკი ფიქრობს, რომ ნაცრის შემოტანა ბევრ სამუშაო ადგილს ვერ გააჩენს, ბუნებრივია, როგორც ქვეყნის ამაგდარი, წინააღმდეგია.
ჩვენ არ ვიცით, რას დაუშავებს ნაცარი ჩვენს ქვეყანას და არც ის, რატომ იქცა ეს მარტივი საკითხი აზრთა ფრქვევის მიზეზად, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აწ ნაცრის შემოტანაზე ცხვირაბზუებულთა საყვარელი საქმიანობა არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცრის შეყრა იყო, შესაძლოა, კონკურენტების მოძალებას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაცრის სხვა შემომტანებს) უფრთხოდნენ.