გუგულებივით მოგურგულენი
ანუ აღმართმოხნული
რაკი ჯერჯერობით უმრავლესობა-უმცირესობა (პრეზიდენტიანად) დაპირიპირისებულთა ერთიანობისა და ბრძოლის რეჟიმშია, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომები არ იმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით, ზედიზედ ორჯერ ჩატარდა (ერთი ისაა, პრემიერი მაინც ვერ მიიტყუა პრეზიდენტმა), პრინციპით: ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა, ბოლოს მოიგლიჯაო.
მოიგლიჯა თუ მხოლოდ იფხანს, ფაქტია, უშიშროების ბოლო საბჭოს სხდომაზე გადამწყდარა, რომ ამიერიდან (ოღონდ მთლად სამარადჟამოდაც ვერა) პრეზიდენტი თავის ყველა უცხოურ ვიზიტსა და ამ ვიზიტებზე განსახილველ საკითხებს მთავრობას შეუთანხმებს.
მეტიც, პირველი პირის ამ უცხოურ შეხვედრებს საქართველოს ელჩებიც დაესწრებიან. ჩვენთვის, საქართველოს მოკვდავი მოქალაქეებისთვის, უცნობია, რამ უბიძგა მხარეებს ამგვარი შეთანხმებისკენ (რომ გუგულებივით ეგურგულათ, თუ შინ ვერა, გარეთ მაინც).
საინტერესო კი ეს ამბავი იმიტომაა, რომ აქამომდე ცაში ფრინველმა და დედამიწაზე თვით ქვეწარმავალმაც კი არ უწყოდა, სად და რატომ დაფრინავდა ჩვენი პრეზიდენტი. თუმცა შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ან ძალამ აღმართი მოხნა, ან, სულაც, გამოცდილება მაშინ მოვიდა, როცა იგი თითქმის აღარავის სჭირდება.