ვინ არ გააჩერა ქორწილში ნახევარ საათზე მეტი ვერა ქობალია და რატომ არ ესმოდა მას საკუთარი დედის
14 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, ვერა ქობალიას და დავით კურცხალიას პატარა ანასტასია შეეძინათ. ვერას მეუღლე ისე კატეგორიულად არიდებს თავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას რომ მზად ვიყავი, დამესვა კითხვა: თქვენი გათხოვება მითია თუ რეალობა-მეთქი. მაგრამ, ინტერვიუზე სამივე ერთად მოვიდა და ჩემი ეჭვიც გაქარწყლდა. თუმცა, მაინც ვერ შევძელი ვერას მეუღლის დაყოლიება, ჩართულიყო ინტერვიუს პროცესში.
რა შეცვალა ვერა ქობალიაში ახალმა სიცოცხლემ და როგორ ართმევს თავს ბავშვის აღზრდას ძიძის გარეშე; რა სირთულეებს უმკლავდება და რა გრძნობებზე საუბრობს ის, ამას ინტერვიუში წაიკითხავთ.
– ვერა, გილოცავთ პატარა ანასტასიას გაჩენას. რა ემოციები გაქვთ?
– ყოველდღე ახალი და ახალი ემოცია მაქვს. თავიდან, პირველი ემოცია დაუჯერებლობის გრძნობაა, როდესაც ბავშვს გიწვენენ და ვერ აცნობიერებ, რომ დედა ხარ და ეს შენი შვილია. მაგრამ, შემდეგ უკვე ყოველ წუთს სხვადასხვა გრძნობა გიჩნდება. ყოველდღე სხვა რაღაცას გრძნობ და მეტი მიჯაჭვულობა ჩნდება.
– როგორი იყო შვილთან შეხების პირველი წუთები?
– თურმე, წესი ყოფილა, რომ ახალშობილს პირველად მკერდზე გაწვენენ. მაგრამ მე, რადგან საკეისროთი ვიმშობიარე, ეს არ შეიძლებოდა და პირველად მამას დაუწვინეს მკერდზე. დათომ თქვა, ერთი საათი იწვაო, მაგრამ მე მგონია, სულ 5 წუთი ეწვინა და ერთ საათად მოეჩვენა (იცინის).
– რა შეცვალა ბავშვმა შენში?
– მგონი, ყველაფერი შეცვალა და რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ ამას. მე უკვე აღარ ვარ დამოუკიდებელი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი მაბარია. ხვდები, რომ ვიღაცას ძალიან, ძალიან სჭირდები, ისე, როგორც არავის სხვას. უკვე სხვანაირი პასუხისმგებლობა ჩნდება, რომელიც ჯერ აქამდე არ გქონია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მესმოდა, თუ რამდენად რთულია დედობა. არ მესმოდა დედაჩემის, როცა ორ შვილს გვზრდიდა და არ მუშაობდა. ვფიქრობდი, რა პრობლემაა – თან იმუშაო, თან შვილები ზარდო, დიასახლისობა რა პროფესიაა. დედა ხარ და ვალდებული ხარ, რაღაცეები აკეთო-მეთქი. მაგრამ, ეს უფრო მეტია, ვიდრე ვალდებულება. არ ვიცი, როგორ ავხსნა ეს გრძნობა, მაგრამ პატარამ რადიკალურად შეცვალა ჩემში ბევრი რამ.
– ხომ არ ჭირვეულობს?
– საერთოდ არა. ტირის მხოლოდ მაშინ, როცა შია, ჩასვრილია და გამოცვლა უნდა. საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ კვებას. რაც არ უნდა მაღალი ხარისხის და წარმოების პროდუქტი მისცე, ბუნებრივ კვებას მაინც არაფერი ჯობია. როგორც წავიკითხე, ბავშვის ჭირვეულობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხელოვნური კვებაა.
– მშობიარობამდე სპეციალურ ლიტერატურას ეცნობოდი?
–კი. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ძალიან მწირი ინფორმაციაა ამ კუთხით, რაც ძალიან სამწუხაროა. აუცილებელია, ყველა დედა გაეცნოს შესაბამის ლიტერატურას. მით უმეტეს, როდესაც პირველი მშობიარობაა. ამიტომ „ამაზონიდან“ ვიწერდი წიგნებს და ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი ბავშვის მოვლასა და აღზრდასთან იყო დაკავშირებული.
– ძიძა არ გყავთ?
– არა. ძიძის აუცილებლობას ვერ ვხედავ და არც მაქვს სურვილი ამ ეტაპზე. მინდა, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო და მას დავუთმო. მოგვიანებით, როცა დეკრეტული შვებულება დამიმთავრდება და სამუშაო პროცესს დავუბრუნდები, მერეც ეყოფა ანასტასიას ძიძასთან ერთად ყოფნა. რეალურად, ჯერ არც მიჭირს, რადგან აქამდე ჩემი მშობლები იყვნენ ჩამოსულები კანადიდან და ისინი მეხმარებოდნენ. დათოს (ვერას მეუღლე – ავტორი) დედაც აქტიურად არის ჩართული. გასულ კვირას ქორწილში წავედით და ანასტასია მას დავუტოვეთ. თუმცა, ჩვენი ქორწილში ყოფნა ნახევარ საათს გაგრძელდა, რადგან მას მოშივდა (იცინის). დათო ხომ, საერთოდ, ერთი წუთით არ ადუნებს ყურადღებას. ასე რომ, ბავშვი სრულ ოჯახურ გარემოში იზრდება.
– დეკრეტული შვებულების გასვლის შემდეგ, რა გეგმები გაქვს?
– (იღიმება) პრინციპში, შეუძლებელია, ოთხი თვით ადრე, წინასწარ რამის განსაზღვრა, მით უმეტეს, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობ და შვებულება პირველ ოქტომბერს გიმთავრდება.
– ბავშვის სახელი რა პრინციპით შეარჩიეთ?
– ფეხმძიმობის პერიოდში მოცემულ ინტერვიუშიც გითხარით, რომ სახელი აუცილებლად საერთაშორისო უნდა ყოფილიყო, რომ უცხოელსაც არ გაუჭირდეს მისი დამახსოვრება ან წარმოთქმა. მაგრამ, წინასწარ გადაწყვეტილი არ გვქონდა. რატომღაც ვიცოდი, რომ დაბადებიდან სამი დღის განმავლობაში შეგვეძლო, მოგვეფიქრებინა სახელი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იმავე დღეს უნდა დაგვეფიქსირებინა და საბოლოოდ, ანასტასიაზე შევჯერდით.
– უკვე გესმის ბავშვის ენა, ანუ, რატომ წუხს, რა უნდა და ასე შემდეგ?
– სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ კანადაში ყოფნისას, ოპრა უინფრის ჰქონდა ვრცელი გადაცემა ამასთან დაკავშირებით და მახსოვს, ფსიქოლოგი საუბრობდა სწორედ ბავშვის ენასთან დაკავშირებით და გამიკვირდა: ნუთუ, ასე რთულია-მეთქი... მაგრამ, თან, ვფიქრობდი, როგორ უნდა გაიგო, რა დროს მუცელი სტკივა, რა დროს – ყური და საერთოდ, რას ნიშნავს ბავშვის ენა. მაგრამ, ახლა თითქმის ყველაფერს ვხვდები და რაც მთავარია, სრული ჭეშმარიტებაა, რომ ამბობენ, ბავშვი მუცლადყოფნიდან გრძნობს დედის წუხილსო და ასევე, პირიქით.
– რომ ამბობენ, ბავშვი 40 დღემდე ვერ ხედავსო, მგონი, ტყუილია, აგერ თვალი-თვალში აქვს გაყრილი და მიყურებს.
– ჰოო? მისთვის აშკარად ახალი სახე ხარ და გაკვირდება. ვერ გაიგო, ვინ ხარ და რა გინდა. ალბათ, ცდილობს, დაგიმახსოვროს (იცინის).
– ამ ზაფხულს ხომ არ აპირებ კანადაში გაასეირნო?
– სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ. ძალიან პატარაა და არ მინდა, ფრენით რაიმე დისკომფორტი შევუქმნა. სხვათა შორის, ჩემი მეგობრები სულ მეკითხებიან, რატომ კანადაში არ იმშობიარეო. მაგრამ, გარდა იმისა, რომ აქაური პირობები სავსებით მისაღები იყო ჩემთვის, გამოდის, რომ წასვლის შემთხვევაში, მინიმუმ, სამი თვე დათო ვერ გვნახავდა ვერც მე და ვერც ანასტასიას. თანაც, აქ მშობიარობის მიუხედავად, ბავშვი ავტომატურად გახდა კანადის მოქალაქე. ასეთი წესია, თუ ბავშვის რომელიმე მშობელი კანადის მოქალაქეა, მასაც ავტომატურად ენიჭება მოქალაქეობა.
– გამოდის, რომ ანასტასია უკვე ორმაგი მოქალაქეა?
– არა. ჯერ კანადური პასპორტის აღება გვიწევს და მერე შევიტანთ საქართველოს ორმაგ მოქალაქეობაზე საბუთებს. სხვათა შორის, ძალიან სასაცილო იყო, როდესაც პასპორტის სურათის გადასაღებად ფოტოსტუდიაში მივიყვანეთ. ფოტოგრაფი გაგიჟდა, ვერ გაიგო, რა ექნა, თან ანასტასიას პოზირება არ მოუნდა, მერე ჩაეძინა და რა თქმა უნდა, თვალებდახუჭული ფოტო არ შეიძლება, ამიტომ წამოვიყვანეთ სახლში. საბოლოო ჯამში, დამთავრდა იმით, რომ სახლში თეთრ ფონზე გადავიღე, როცა კარგ ხასიათზე იყო.
– ერთი თვისაა და კამერის წინ უკვე ორჯერ იპოზიორა – ერთი პასპორტისთვის და მეორედ – „თბილისელებისთვის“.
– ჰო. მეშინია, ორ თვეში ფოტომოდელობა არ მომთხოვოს (იცინის). სხვათა შორის, როცა სძინავს, ზოგჯერ ისე გადაიხარხარებს ხოლმე, სულ მიკვირს, ერთი თვის ბავშვს რა შეიძლება ესიზმრებოდეს, ასე გულიანად რომ იცინის.
– ნათლობა უკვე დაგეგმილი გაქვთ?
– ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, ერთ-ორ თვეში მოვინათლებით და ჭეშმარიტი ქრისტიანები გავხდებით.
– ნათლიები ვინ იქნებიან, უკვე შერჩეული გყავთ?
– ნათლიები ჯერ არ შეგვირჩევია, მაგრამ, სამაგიეროდ, კაბა უკვე გვაქვს, რომელსაც ნათლობაზე ჩავიცვამთ. ულამაზესი წითელი კაბა აჩუქეს ანასტასიას და ამ კაბის ჩაცმას ვაპირებთ.