ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი „როლან გაროსის” არსებობის ისტორიაში და რამდენჯერ იზეიმა გამარჯვება პარიზულ კორტებზე ესპანელმა რაფაელ ნადალმა
საფრანგეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში უდიდესი მოვლენაა მსოფლიო საჩოგბურთო სამყაროში. ტურნირი ამჟამად აქტიურ ფაზაშია შესული და სულ მალე, „როლან გაროსის” ახალი ჩემპიონის სახელი გახდება ცნობილი. მანამდე კი გავიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი და კაშკაშა ტრიუმფატორები.
„მუშკეტერები” (1922, 1924-1932)
1895-1904 წლების პერიოდში მსოფლიოს მოევლინა ფრანგი ჩოგბურთელების ოთხეული, რომლებიც მოგვიანებით ჩოგბურთის ისტორიის ნაწილი გახდნენ. 1895 წლის 11 მაისს დაიბადა ჟაკ ბრიუნონი, უბადლო მოთამაშე წყვილთა თანრიგში, რომელმაც „დიდი სლემის” 10 ტიტული მოიგო, მათ შორის „როლან გაროსი” ხუთჯერ – 1927, 1928, 1930, 1932 და 1934 წლებში. ანრი კოშე და ჟან ბოროტრა მოგვიანებით, 1898 წლის 13 აგვისტოს და 1901 წლის 14 დეკემბერს დაიბადნენ. ჟანი ორჯერ გახდა „როლან გაროსის” ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში – 1924 და 1931 წლებში. თუმცა, მას „დიდი სლემის” მხოლოდ ერთი ტიტული ეთვლება აქტივში, რადგან უცხოელი მოთამაშეები საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე მხოლოდ 1925 წლის შემდეგ დაუშვეს. „დიდი სლემის” ოფიციალური ათვლაც, სწორედ ამ წლიდან მიმდინარეობს. კოშე კი ოთხჯერ გახდა „როლან გაროსის” ტრიუმფატორი – 1926, 1928, 1930 და 1932 წლებში. 1904 წლის 2 ივლისს დაიბადა რენე ლაკოსტი, რომელმაც 1925, 1927 და 1929 წლებში გაიმარჯვა პარიზის კორტებზე. 1924-დან 1932 წლამდე „როლან გაროსზე” მხოლოდ ფრანგები იმარჯვებდნენ, რომელთაც მსოფლიომ „მუშკეტერები” უწოდა. ცნობისთვის, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, რენე ლაკოსტიმ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმა დააარსა, რომელსაც ჩვენ „ლაკოსტის“ სახელით ვიცნობთ.
როდ ლეივერი (1962, 1969)
ლეგენდარული როდ ლეივერი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც „დიდი სლემის” შეგროვება მოახერხა ერთეულთა თანრიგში. მან ორჯერ მოიგო „როლან გაროსი”, ისევე როგორც „დიდი სლემი”. 1962 წლის გამარჯვების შემდეგ როდი პროფესიულ ჩოგბურთში გადავიდა. მაშინდელი წესების თანახმად, „დიდი სლემის” ტურნირებზე მხოლოდ მოყვარულები დაიშვებოდნენ და მხოლოდ 1968 წელს, „საზღვრების” გახსნის შემდეგ დაბრუნდა როდი „როლან გაროსზე”, სადაც პირველივე ჯერზე გამარჯვება იზეიმა, ისევე, როგორც „დიდი სლემის” დანარჩენ სამ ტურნირზე.
ბიორნ ბორგი (1974, 1975, 1978-1981)
ბიორნ ბორგი პარიზული კორტის ნამდვილი ლეგენდაა. შვედმა პირველად 1973 წელს იასპარეზა „როლან გაროსზე”, 1974 წელს კი თავის მე-18 დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა. ბორგმა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო „როლან გაროსი” და ამ რეკორდის განმეორება მხოლოდ რაფაელ ნადალმა მოახერხა. სხვა მხრივ, ბორგის რეკორდი ჯერაც არავის მოუხსნია. მიუხედავად იმისა, რომ ბორგის კარიერა 1980-იან წლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა, იგი პარიზში აღარ დაბრუნებულა და ჩემპიონის რანგში დაასრულა კარიერა.
მატს ვილანდერი (1982, 1985, 1988)
უცნობია, გახდებოდა თუ არა მატს ვილანდერი „როლან გაროსის” ჩემპიონი, ბიორნ ბორგს კარიერა ნაადრევად რომ არ დაესრულებინა. 1982 წელს ვილანდერი 17 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი და საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ტურნირის არსებობის ისტორიაში. ვილანდერმა კიდევ ორჯერ გაიმარჯვა პარიზულ კორტებზე და მაშინდელი ჩოგბურთის ტიტანები – ჯონ მაკინროი და ივან ლენდლი დაამარცხა. გარდა ამისა, ვილანდერს ბრძოლა მოუწია ჯერ კიდევ უწვერულ, 18 წლის ანდრე აგასისთან, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა გზა საჩოგბურთო ოლიმპისკენ.
ივან ლენდლი (1984, 1986, 1987)
ლენდლი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ფინალების ყველაზე უიღბლო მონაწილედ. პირველ მოგებამდე მან ოთხჯერ იასპარეზა „დიდი სლემის” გათამაშების ფინალში, მათ შორის ერთხელ „როლან გაროსზე” და ოთხივეჯერ მარცხი განიცადა. ის ისე გახდა პირველი ჩოგანი, რომ მოგებული არ ჰქონდა არც ერთი დიდი ტიტული. მხოლოდ 1984 წელს მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. შემდგომში ლენდლმა კიდევ ორჯერ მოიგო „როლან გაროსი” და ქომაგებმა მას „ივანე მრისხანე” შეარქვეს.
მაიკლ ჩანგი (1989)
ამერიკელი მაიკლ ჩანგი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც მხოლოდ ერთი ტიტულის მოგება მოახერხა „დიდი სლემის” გათამაშებებიდან და მაინც მოახერხა ისტორიაში შესვლა. ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია ტურნირის არსებობის ისტორიაში. ფინალის მოგების დღეს ჩანგი 17 წლის და 110 დღის იყო. ჩანგი 1995 წელსაც გავიდა „როლან გაროსის” ფინალში, თუმცა თომას მუსტერთან გამკლავება ვერ მოახერხა და დამარცხდა.
ჯიმ კურიე (1991, 1992)
კარიერის განმავლობაში ამერიკელმა ჯიმ კურიემ არაერთ წარმატებას მიაღწია. ერთი წელი პირველი ჩოგანის ტიტულს ფლობდა, გაიმარჯვა „დიდი სლემის” ოთხ ტურნირზე, მათ შორის ორჯერ „როლან გაროსზე”. თუმცა საყოველთაო სიყვარულის მოპოვება კურიეს გაუჭირდა, რადგან პიტ სამპრასისა და ანდრე აგასის ეპოქაში ასპარეზობდა. კურიე მუდამ ამ ორი ჩოგბურთელის ჩრდილქვეშ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, უდიდესი სპორტსმენი გახლდათ.
ევგენი კაფელნიკოვი (1996)
ევგენი კაფლენიკოვი პირველი რუსი ჩოგბურთელია, რომელმაც მოახერხა „დიდი სლემის” ტურნირზე გამარჯვება. თავის ტრიუმფალურ წელს კაფელნიკოვმა არაერთი სახელოვანი ჩოგბურთელი გამოთიშა ტურნირიდან, მათ შორის მაშინ უძლეველი პიტ სამპრასი, ხოლო ფინალში ორსაათ-ნახევრიან დაპირისპირებაში, გერმანელი მიხაელ შტიხი დაამარცხა და სანუკვარ ჯილდოს დაეუფლა. კაფელნიკოვის შემდგომი მსვლელობა „როლან გაროსზე” კი ბრაზილიურ „კედელს“ შეეჯახა, სახელად გუსტავო კუერტენს.
გუსტავო კუერტენი (1997, 2000, 2001)
გუგა, როგორც მას ქომაგები უწოდებდნენ, ნამდვილი საჩოგბურთო გენია იყო. იგი 1997 წელს გამოჩნდა დიდ ჩოგბურთში და 20 წლის ასაკში მოახერხა გამარჯვება „დიდი სლემის” პარიზულ გათამაშებაში. კუერტენი ტოპ-50-ის წევრიც კი არ იყო, როდესაც „როლან გაროსის” სამი გამარჯვებული დაამარცხა – ევგენი კაფელნიკოვი, თომას მუსტერი და სერხი ბრუგერა. 2000 და 2001 წლებში კუერტენმა კიდევ ორჯერ მოიგო „როლან გაროსი” და საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ტურნირის ისტორიაში.
ანდრე აგასი (1999)
1995 წლისთვის ანდრე აგასის „დიდი სლემის” ყველა გათამაშება ჰქონდა მოგებული „როლან გაროსის” გარდა. მანამდე სამჯერ იყო ფინალში, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა. 1997 წელს აგასის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის მოახერხებდა, ფენიქსივით ფერფლიდან აღდგებოდა და პირველი ჩოგანის ტიტულს დაიბრუნებდა, მათ შორის „როლან გაროსზეც” გამარჯვებდა, მისთვის აუღებელი მწვერვალი რომ იყო. აგასი მეორე ჩოგბურთელი გახდა როდ ლეივერის შემდეგ, რომელმაც „დიდი სლემის” ყველა ტურნირის მოგება მოახერხა. ოცდამეერთე საუკუნეში ეს მიღწევა როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა გაიმეორეს.
რაფაელ ნადალი (2005-2008, 2009-2012)
რაფაელ ნადალისთვის „როლან გაროსის” გრუნტი მშობლიურია. მან ყველა გათამაშებაში გაიმარჯვა 2009 წლის გარდა და უმეტეს შემთხვევაში, მისი მეტოქე ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იყო. ფედერერი წელსაც ფავორიტად მიიჩნევა ტურნირზე.
როჯერ ფედერერი (2009)
ანდრე აგასის მსგავსად, როჯერ ფედერერისთვისაც „როლან გაროსი” აუღებელი ციხესიმაგრე იყო 2009 წლამდე. იმ წელს რაფაელ ნადალმა ვერ ივარგა და „მხიარულმა როჯერმა” შანსი გამოიყენა. როჯერი, რაფაელის მსგავსად, „დიდი სლემის“ გათამაშების ყველა ტურნირის გამარჯვებული და 2013 წლის „როლან გაროსის” ერთ-ერთი ფავორიტია.