როგორ დავაღწიოთ თავი უიღბლობის პიკს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასვლის წინ
ახლა ის პერიოდია, როცა ადამიანს ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა უმწვავდება, განსაკუთრებით გრძნობს გადაღლას, ცხოვრებისეული პრობლემები უფრო მძაფრდება და ერთი სიტყვით, დაღმავალი პერიოდია, რაც დისკომფორტს გვიქმნის. თუ როგორ ავირიდოთ თავიდან უსიამოვნებები, დავეხმაროთ საკუთარ თავს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში და რა მოვიმოქმედოთ ცხოვრების უკეთესად მოსაწყობად, ამ თემებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო რჩვევებს მოგვაწვდის, ეზოთერიკოსი, ბატონი ვარლამი, რომელიც წლებია, ამ სფეროში მოღვაწეობს და უამრავ კვლევას ატარებს.
ვარლამი: დროდადრო ვგრძნობთ ცხოვრებაში როგორ დგება ის პერიოდი, როცა ყველაფერი თავდაყირაა, საქმესა და პირად ცხოვრებაში ხელი გვეცარება და უბრალოდ, უიღბლობის პიკია. მადლობა ღმერთს, ეს ცოტა ხნით გრძელდება და სიტუაცია ნელ-ნელა, გარკვეული დროის შემდეგ კალაპოტში დგება.
– ამ პერიოდში ბევრი უჩივის დაავადებათა გამწვავებას. როგორ ვუშველოთ საკუთარ ორგანიზმს, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს?
– თუ ავადმყოფობა გაწუხებთ, აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ახალ მთვარეზე დამუხტული წყალი ჩაასხით მასში და ჩაწექით. დახუჭეთ თვალები, იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თან ვერცხლისფერი მონეტა მუჭში გქონდეთ. მაგალითად, ოცთეთრიანი ან ორმოცდაათთეთრიანი. აბაზანის შემდეგ, მონეტა ბალიშის ქვეშ დაიდეთ და დაწექით დასაძინებლად. ასე, თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნით უარყოფით ენერგიას და ავადმყოფობასაც ადვილად დაამარცხებთ. ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ, ვერც ავი თვალი და ვერც უარყოფითი ენერგია, ახლოს ვერ გაგეკარებათ. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით, რადგან მას წინააღმდეგობას კარგად უწევს მთვარის ენერგიებით დამუხტული თქვენი ორგანიზმი. ასევე, ხელს შეუშლის ორგანიზმში დაავადების გამწვავებას და დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე.
– სხვათა შორის, ეზოთერიკოსთა უმრავლესობა ამბობს, ადამიანმა უნდა ისწავლოს ფულის სწორად „მართვაო“. ეს რას გულისხმობს?
– დიახ, ეს მართალია და ფულის „მართვის“ რამდენიმე ხერხს, მეც გასწავლით. მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთს ყიდულობთ, ეცადეთ, წვრილი კუპიურებით გადაიხადოთ, რათა ამ მამულში ყოფილ მფლობელს თავისი მოთხოვნები არ დარჩეს. თუ ადამიანი დაჟინებით გიყურებთ, რომ არ გაგთვალოთ, საფულედან ამოიღეთ ხურდა ფული და გულში გაიფიქრეთ: „როგორც ამ ხურდას დავხარჯავ სწრაფად, ასევე სწრაფად ავიცილებ შენი მზერისგან წამოსულ უარყოფით ენერგიას”. ასევე, როცა ტანსაცმელს იცვლით, ეცადეთ, არ მიმოფანტოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათში ბოროტი სულები იბუდებენ და ეს თქვენს კარიერასა და შემოსავლებზეც ცუდად აისახება. ასევე, კატეგორიულად იკრძალება მაგიდაზე საფულის და ქუდის დადება. ორშაბათობით ნუ გაასესხებთ ფულს, რადგან გამსესხებელი ხეირს ვერ ნახავს მთელი კვირის განმავლობაში, მსესხებელს კი ყველაფერში გაუმართლებს. კარგია, თუ ფულს სავსემთვარეობაზე ისესხებთ. პარასკევს ნუ დაალაგებთ სახლს სველი წესით, თორემ საცხოვრებლისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა მოგიწევთ. თუ სახლიდან გასულს შემობრუნება გიწევთ, სახლში შესვლისას აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში, შემდეგ საფულე გახსენით, ფული გადათვალეთ და ისე გადით გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გელით. ცოცხი კი ყოველთვის თავდაყირა, ტარით ქვევით დადეთ. ასე, ბარაქას და მატერიალურ კეთილდღეობას დაიბედებთ.
– ქალებს, ხშირად გვიჩნდება სურვილი, ვიცოდეთ მომავალი დღის შესაძლო პროგნოზი. რამდენად გაგვიმართლებს, მიზანს მივაღწევთ თუ არა, ან უბრალოდ, წარმატებული დღე თუ იქნება. ამის გასაგებად, რაიმე ეზოთერული ხრიკი არსებობს?
– (იცინის). რატომ გგონიათ, რომ ასეთი სურვილი, მხოლოდ ქალებს გიჩნდებათ? მამაკაცებიც ასევე ვაზროვნებთ და ჩვენც გვაინტერესებს მომავალი დღის შესაძლო ამბები. უბრალოდ, არ ვაღიარებთ. მოკლედ, გაგანდობთ ბრინჯით მკითხაობის მეთოდს, რომელიც ძალიან ადვილია და ის მომავალ დღეზე უტყუარ ინფორმაციას მოგცემთ. აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა განიერი პირით და ჩაასხით მასში ახალ მთვარეზე აღებული ონკანის წყალი. ის შეგიძლიათ შეინახოთ და მაშინ გამოიყენოთ, როცა სურვილი გექნებათ იმკითხაოთ. მაგიდას თეთრი ქსოვილი გადააფარეთ, დადგით მასზე წყლით სავსე ჭიქა. აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, დადექით მაგიდასთან, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ იმაზე, რისი გაგებაც გსურთ მომავალ დღეს. ეს უნდა გააკეთოთ საღამოს საათებში, სიწყნარეში, ანუ ოთახში, სადაც მარტო იქნებით და არავინ შეგაწუხებთ. მოკლედ, ჩაიფიქრეთ, მაგალითად, მოგემართებათ თუ არა ხელი ამა თუ იმ საქმეში; დადებითად ჩაივლის თუ არა ამა თუ იმ პიროვნებასთან მოლაპარაკება; მოგიტანთ თუ არა დადებით შედეგს სადმე წასვლა და ასე შემდეგ. ამ დროს, როცა ამ კითხვაზე ფიქრობთ, მუჭში ბრინჯი კარგად გაათბეთ, შეიგრძენით ის თქვენს ხელში, შემდეგ გაახილეთ თვალი, ბრინჯი ჩაყარეთ წყლიან ჭიქაში და კარგად დააკვირდით, როგორ მიმოიფანტება ბრინჯი ჭიქის ძირზე. თუ ის აქეთ-იქით მიმოიფანტა მთელ ფსკერზე, ესე იგი, თქვენს კითხვაზე უარყოფითი პასუხია, თუ ერთად მოგროვდა ჭიქის ფსკერზე – მაშინ დადებითი. ასე რომ, თუ სამომავლოდ რამის გაკეთება გსურთ და პასუხი წინასწარ გაინტერესებთ, ბრინჯი ამაში დაგეხმარებათ. ასევე, დააკვირდით ტანსაცმელზე მიკერებულ ღილებს, როცა რაიმე მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხართ. ტანსაცმელზე ღილები აუცილებლად წყვილად უნდა ეკეროს, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ; ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი აზრი დაფიქსირდეს; გარშემო მყოფებთან ნდობით ისარგებლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შესამჩნევი და სასურველი იყოთ. მოკლედ, თუ გინდათ, პირად ცხოვრებასა და კარიერაში ხელი მოგემართოთ, ტანსაცმელზე ღილები ლუწი რაოდენობით უნდა ეკეროს. თუ ადამიანს ტანსაცმელზე კენტი რაოდენობის ღილი აკერია, იმ დღეს ის ხელმოცარული იქნება. ამიტომ, გირჩევთ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხს მეტად წინდახედულად და ყურადღებით მიუდგეთ. ჯობია, ზედმეტი ღილი ააჭრათ ტანსაცმელს და ასე, იოლად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები. გეტყვით იმასაც, რომ, თუ საპასუხისმგებლო საქმეზე ან მოლაპარაკებაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელზეც ღია ფერის ღილებია დაკერებული. მაგრამ, თუ საქმის გასარჩევად, ვალის დასაბრუნებლად ან საჩხუბრად მიდიხართ, მაშინ, მუქღილებიანი სამოსი გამოგადგებათ. ამას მიაქციეთ ყურადღება და, მერწმუნეთ, ცხოვრებაში წარმატება და იღბალი გარანტირებული გექნებათ.