ვისი სახელის ხსენებაზე წაიღეს ხელი რევოლვერებისკენ ნიშნიანიძეების სტუმრებმა და როგორ გახდა ადოლფ ჰიტლერი გიზო ნიშნიანიძის ოჯახის წევრი
„ჩემი ფანტაზია ახლა ფანტვაზეა, სიყრმით მოგატარე მთელი ევრაზია! თუ არც ჭურში ზიხარ და არც პანტაზეა – მთელი ევრაზია აგერ, ვერაზეა!“ დიახ! აბა, სხვაგან სად შეხვდებით იმდენ ნაღდ თბილისელ „ბიჭს” თავთავიანთი საინტერესო ამბებით, რამდენსაც გიზო ნიშნიანიძის „პაემანი ვერაზე” მოუყრია თავი. მაგალითად: „...დაიჯერებთ, გოგი ცაბაძეს – ვერაზე „ვერისუბნის მელოდიებით” მოსულ ცალფეხა კაცს, 14 წლამდე როიალი თვალით არ ენახა და პიანინოზე თითი არ ჰქონდა დაკარებული. ვინ მიგვასუნინებდა ახლოს, არადა რა იქნებოდა თბილისი ამ სიმღერების გარეშე?! ვიცი, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ასეთს? იცით, გოგი ცაბაძის კომპოზიტორობა რით დაიწყო?.. 14 წლის ბიჭს „კიროჩნზე” ტრამვაიმ ფეხი გადააჭრა. ქალაქის ტრანსპორტის მესვეურებმა საავადმყოფოში მოინახულეს და ჰკითხეს, რით აგინაზღაუროთ ზარალიო – მან გაუბედავად თქვა: თუ შეიძლება, პიანინო მიყიდეთო. მერე ადგა და ქალაქისგან მიყენებული სიმწარე სიტკბოდ დაუბრუნა ქალაქს. ასე დაიწყო ცაბაძის სამოთხე... ჩვენი ოპერა და კონსერვატორია თბილისის ქუჩები იყო – სადაც გვემღერებოდა, იქ ვმღეროდით...”
თბილისმა, ვერისუბანმა და ამ ურთიერთობებმა დაწერეს გიზო ნიშნიანიძის ცხოვრების დღიურები. ამბობენ გრიშაშვილის მერე თბილისს და თბილისელებს ასე არავინ მოფერებიაო. „ჩემი დაბადების დროა განწმენდის – სარწყუნისის თვე. მე დავიბადე ორჯერ და ორივეჯერ ერთსა და იმავე ადგილზე – ვერაზე: ფილარმონიის გვერდით – სამშობიაროში და სამშობიაროს გვერდით – ფილარმონიაში! ერთხელ ფიზიკურად 1928 წლის 13 თებერვალს და მეორედ – მეტაფიზიკურად 1981 წლის 28 დეკემბერს! დიახ, ეს იყო ჩემი „პაემანი ვერაზე!.. გააჩნია ვინ და სად გეკითხება, სადაური ხარო. მოსკოვში თუ მკითხეს, ვეტყვი, რომ ქართველი ვარ! საქართველოში თუ მკითხეს, ვეტყვი – თბილისელი!.. თბილისში თუ მკითხეს, ვეტყვი – ვერელი! ვერაზეც თუ მკითხეს – ვეტყვი, რომ ჩემი გვარის ძირი ოკრიბაა... მართალია, ჩვენ ბავშვობა ხელიდან გამოგვაცალეს, პურისა თუ ნავთის რიგებში უდროოდ და უმოწყალოდ დავკაცდით, მაგრამ დაკარგულ თაობად, ნურას უკაცრავად, თავს ვერ ჩავთვლით: ჩვენ გაჭირვებამ დალხინების ფასი გვაჩვენა. ჩვენ ის საერთო ძარღვი შევინარჩუნეთ, რომლის ერის შუბლზე გაწყვეტასაც ასე უფრთხოდა დიდი ილია... იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგრამ იარაღს სიცილით მკურნალობა და „დასჯა” ვარჩიე... ერთხელ ქუჩაში გამოსული კაცი ვიღაცას დაველაპარაკე, ვიღაცას ვეხუმრე, ვიღაცამ კაცად ჩამთვალა... ერთხელ სიცილით პირგახეული ხალხის შუაში მდგარი რომ დამინახა იოსებ ნონეშვილმა, „ნიანგში” შემაგდო – ხუმრობაში ჩვენ ფულს ვიძლევითო. გავკეთდი-მეთქი, ვიფიქრე და წავყევი... გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ სულ არ მეგონა, მწერალი თუ გავხდებოდი, სადოქტოროს თუ დავიცავდი და უამრავ მეგობარს თუ გავიჩენდი. ერთი იოლი კაცი ვარ. ვარ სიკეთისთვის, მაგრამ არა ქედმაღლობისთვის, სიგლახისთვის. გულით მინდა ვიყო ადამიანი, რომელსაც კაცთან კი არა, ღმერთთანაც მიესვლება... ერთხელ იმ დონემდეც კი მივედი, რომ თვითმკვლელობა ვცადე, მაგრამ ლექსმა მიშველა. პოეტს ლექსებს ხომ ღმერთი აწერინებს, ჰოდა მეც ღმერთმა დამაწერინა და გადამარჩინა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება იმის უფლებასაც კი არ გვაძლევს, საკუთარი სიცოცხლე განვკარგოთ. ყველაფერი უფლის ნებაა და ჩვენც მის ნებას უნდა დავემორჩილოთ... ხშირად მიფიქრია, ნეტა, ცხოვრება ისე იყოს მოწყობილი, ცუდით იწყებოდეს და კარგით მთავრდებოდეს-მეთქი. სიკვდილი ბოლო საიდუმლოა...”
რევაზ მიშველაძე: „...მე ოცი წლის ბიჭი გახლდით, თბილისის“ სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, გიზო – გაზეთ „თბილისის” ინფორმაციის განყოფილების გამგე – ოცდაათი წლის იქნებოდა. რა მინდოდა „თბილისში”? სტიპენდია არ მყოფნიდა და ვიფიქრე, გაზეთში შიგადაშიგ, წავიწკიპურტებ, იქნებ ორი კაპიკი გავაკეთო-მეთქი. სამდივნოში გიზოსთან მიმასწავლეს. საინფორმაციოში წრეზე დაწყობილ მაგიდებს ჟურნალისტები უსხდნენ და ხითხითებდნენ. ფანჯარასთან, სიმპათიურ ახალგაზრდა კაცს ხელში ფოტო ეჭირა და წარწერას ხმამაღლა კითხულობდა: „კავრაზეა ბუგრილოვას ორი ლოვი და ლომპასს ჭამებენ!” სწორედ ამ წარწერაზე იხოცებოდნენ სიცილით ჟურნალისტები. რა გინდაო, მკითხა კუთხის მაგიდასთან მჯდომმა (როგორც მერე შევიტყვე ოთარ გაგუა იყო). გიზო ნიშნიანიძე მინდა-მეთქი. მოიტანე რამეო? არა, პირველად ვარ-მეთქი. გიზო, შენთან არიანო – ოთარმა. გიზომ კითხვა შეწყვიტა, დასერიოზულდა. ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ, რაიმე დავალებას ხომ არ მომცემთ-მეთქი. კიო, თვალებში ეშმაკები ჩაუსახლდა, გავალებ, კარგად ისწავლეო. ისევ ხითხითი... გიზო თვითონვე მიხვდა, რომ ეს „დავალება” ჩემთვის ვერაფერი ნუგეში იყო და ფოტო გამომიწოდა. დაჯექი და თუ შეგიძლია ჩვენი ფოტოგრაფის ეს წარწერა ისე გაასწორე, დასაბეჭდად ვარგოდესო. 10 წუთში გავასწორე. „ფარდაგზე ხედავთ ბუგრიმოვას, რომელიც ორ ლომს მომპასს აჭმევს.” წაიკითხა გიზომ ხმამაღლა: – „აჭმევს” არ ვარგა... „მომპასით კვებავს” ჯობია! – დაიძახა ვიღაცამ. მოკლედ, ატყდა აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლა. ბოლოს, გიზო ნიშნიანიძის ნებით, წარწერამ ასეთი სახე მიიღო: „ბუგრიმოვა ლომებს, შიგადაშიგ, მომპასითაც ანებივრებს.” მართალია, ჩემი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ დარჩა, მაგრამ... წარწერის ჰონორარს შენ გამოგიწერთო, გიზომ და სიხარულით ცას ვეწიე. საერთოდ, როცა მოიცალო, შემოიარე ჩვენთან და რამეს დაგავალებთო, კაი თვალით შემომხედა განყოფილების გამგემ. ის იყო გასვლას ვაპირებდი, რომ კარებში ორი კაცი შემოვიდა. ქუჩიდან ორივეს კარგად ვიცნობდი: ერთი იყო ტვიდის ჭადრაკულ პიჯაკში გამოწყობილი ნიაზ დიასამიძე, მეორე – წაწვეტებულცხვიროსანი, კეპჩამოფხატული, სიმპათიური ქართლოს კასრაძე. სადღა წავიდოდი?! კუთხეში მივდექი და სმენად ვიქეცი... შენა, აბა, ერთი ეს წაიკითხე, ოღონდაც „არაგაზეთჩიკურად”, ძმურად. გამიგე? – ორად გაკეცილი ხელნაწერი დააძრო ნიაზმა. გიზომ გამოართვა და კითხვას შეუდგა. ჩაამთავრა, დაკეცა და უჯრაში ჩადო. – მაიტა, მაიტა! რაკი არ გაგეცინა, შენ ამის დამბეჭდავი არ ხარ – ხელი გაუწოდა ნიაზმა. – დაბეჭვდით დავბეჭდავ, მაგრამ რამდენჯერ გითხარი, არ გინდა-მეთქი ეს გატყლარჭული სტილი. როგორც ლაპარაკობ, ისე წერე. ქართლოს, შენ რა მოიტანე? – ამჯერად არაფერი. რაც მოვიტანე, იმისი რა მადლობელი ხართ?! – ქართლოს, ცოტა უნდა მაცადო. მეც გამიგე, რა, თუ ძმა ხარ, ჯაშს მომენტი უნდა შევურჩიო – თავი მოისაწყლა გიზომ. შენ იცი „ჯაში” რას ნიშნავს მეგრულად? – ჰკითხა ნიაზმა. არა! – მიუგო გიზომ. – „ჯა” არის ხე, ხოლო ჯაში „ხისას” ანუ ხის კაცს ნიშნავს. ხვდები, რისი თქმა მინდა? ნიაზმა და ქართლოსმა გადაიხარხარეს. ერთხანს გიზოც აჰყვა, მაგრამ მალევე მოისხიპა სიცილი – რას მერჩით ძმაო, პროვოკაციას მიწყობთ? ეს ერთი ადგილი გაქვთ, სადაც მოგესვლებათ და ესეც გინდათ, მოიშალოთ?! აღარ უნდა დასერიოზულდეთ? დილიდან საღამომდე მტერმა იღადავა. ა, აგერ, პატარა ბიჭი მოვიდა, ჟურნალისტიკაზე სწავლობს – ჩემზე მიუთითა – გოქაძის წარწერა გავასწორებინეთ. ორივემ მე შემომხედა. შენ რას გასწავლიან უნივერსიტეტში? – მცირე პაუზის შემდეგ მკითხა ნიაზმა. ბევრ რამეს. – მაინც? – რეპორტაჟს, ნარკვევს, ინტერვიუს... ნეკროლოგს თუ სწავლობთ? – ჯერ არა. ისწავლეთ, დაგჭირდებათ. ნეკროლოგი მთავარია, არა, ქართლოს? ქართლოსმა ქუდი ჩამოიფხატა... ჩემი განსწავლის თემა ამით ამოწურეს და ლუდზე გეპატიჟებითო უთხრეს გიზოს. გიზომ ჯიბე მოიჩხრიკა – იცოდა, რასაც ნიშნავდა მათი დაპატიჟება. რედაქციიდან ერთად გამოვედით... დავძმაკაცდით გიზო ნიშნიანიძე, ნოდარ დუმბაძე, ნოდარ ჩხეიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რიჩო გაგუა, ზაურ ბოლქვაძე, გურამ ფანჯიკიძე და მე – მათი უმცროსი თანამეინახე. ჩვენი შეხვედრები, ჯერ, დღის ბოლოს, საჰონორარო სარკმელთან თავმოყრით იწყებოდა და მერე სალობიე-სახინკლის დალაშქვრით მთავრდებოდა. ჩვენი ძმობა ბოლომდე გაგრძელდა...”
***
„შიშიანობაში და ვაიუშველებელ დროში გათხოვდა ჩემი უფროსი და – ნაზიკო ნიშნიანიძე, რომელმაც ჯვარი დაიწერა (თუმცა სად იყო მაშინ ჯვრისწერა!), უფრო ზუსტად, ხელი მოაწერა ერთ თბილისელ კაცთან რომელსაც, იმ დროისთვის, ერთობ ფეთქებად საშიში სახელი – ადოლფი ერქვა! გვარად კი... მოგეცა ლხენა – ხუროძე იყო! ერთხელ, სულგანათლებული ნიკოლოზ სტურუას სიტყვა მივუტანე ადოლფს: ამ კაი კაცს ვინ დაარქვა ჰიტლერის სახელიო? – ბატონ კოლიას გადაეცი ჩემგან, რომ ბოლშევიკებს არც ნიკოლოზზე ამოგდით დიდი მზე და მთვარეო, – დამაბარა ვარლამიჩმა!.. ჩემი დის ქორწინების დღეს პატარა სუფრა გაიმართა, რომელზეც დაპატიჟებული იყვნენ დედაჩემის, ვარდოსანიძეების მხრიდან, უახლოესი ნათესავი – ქალაქის სამხედრო კომისარი, იმ დროისათვის ლეგენდარული, ნაომარ-ნაფრონტალ-ნახიშტარი შალიკო ჩინჩალაძე და მისი მოადგილე ცქიტიშვილი! ნეფის სახელი – ადოლფი რომ ვუხსენეთ, კინაღამ რევოლვერებისკენ წაიღეს ხელი და მადა დაეკარგათ! სტუმრები და სიძე, ჩემი დიანად რომ გავისტუმრეთ, ეტყობა, რაღაც მორიგი სისულელე ჩავიდინე და „ფეჩთან” მიფიცხებულმა მამაჩემმა სინანულით თქვა ერთი სიტყვა, რომელიც მთლად გველის ნაკბენივით არა, მაგრამ... კაი ალიყურივით მახსოვს: აფსუს! ვინ წავიდა და ვინ დაგვრჩაო!.. გამგები გაიგებს რა წამსვლელ-დამრჩენზე იყო ლაპარაკი! ჩემი სიძის სახელის მაშინდელმა უხერხულობამ, ერთ დროს, საქართველოს თავკაც, გენერალ მჟავანაძემდეც კი მიაღწია, რომელმაც სიცილით ჰკითხა ადოლფს იმ ომისდროინდელი ტელეგრამის შესახებ, რომელმაც, ლამის უკრაინის ფრონტის სტრატეგია შეცვალა. ომის დროს, ადოლფს, თურმე მოსკოვიდან თბილისში ვიღაცისთვის უდეპეშებია: ორ კვირაში კიევში ვიქნებიო! ჰოდა, ისეთი ამბავი ამტყდარა... შეშინებული ძაღლი მთვარეს უყეფდაო!...”– იხსენებს ბატონი გიზო.
ირაკლი მირიანაშვილი: „მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ინახება, გიზო ნიშნიანიძეს უკავშირდება... ერთმანეთით ვცხოვრობდით და ერთი დარდი და სიხარული გვქონდა... ხშირად მხოლოდ ორი ბოთლი ღვინის ამარა ვიყავით, მაგრამ ვალოდია მებურიშვილმა იცოდა, როგორ უნდა გაგვეშალა სუფრა ისე, რომ ჩიტის რძეც არ ჰკლებოდა. ჩავიდოდით „გემოში” და დავსხდებოდით ცარიელ სუფრასთან. ვარჩევდით ისეთ მესუფრეებს, რომლებსაც მდიდრული მაგიდა ჰქონდათ გაშლილი და ვუგზავნიდით საჩუქრად ამ ორ ბოთლს ღვინოს. იქიდან, პატივისცემის საპასუხოდ, მოდიოდა ორი იმდენი ღვინო და პურმარილი. ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ჩვენს სუფრას იმიტომ, რომ უნაკლოდ და მომნუსხველად მღეროდნენ გიზო, ვალოდია და ომანი, მათი წყალობით, თანდათან, „გემოში” ყველა სუფრა ჩვენს სუფრას უერთდებოდა და დილამდე გრძელდებოდა ქეიფი. ერთხელ, მე გიზო, ვალოდია და ომანი მეგობართან წავედით სამტრედიაში, საქეიფოდ. რა თქმა უნდა, საკმარისი ფული არასოდეს გვქონდა და ამჯერადაც, ვერაფრით ვახერხებდით თბილისში დაბრუნებას. იმ პერიოდში ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი იყო მეტად პატივსაცემი პიროვნება გრიგოლ კიკნაძე. გიზომ მოიფიქრა, რომ კიკნაძის შვილად გაცნობოდა მატარებლის გამცილებელს. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოგვიყვეს ცარიელი კუპე და მთელი გზა, სამტრედიიდან თბილისამდე, თავს გვევლებოდნენ. თბილისს რომ მოვუახლოვდით, ისევ გიზოს მოაფიქრდა, რომ შესაძლოა, გამცილებელს თბილისში, სადგურის ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა ასეთი საპატიო კაცის „შვილის” მგზავრობის შესახებ და ყველაფერს ფარდა ახდოდა, ამიტომ ყველანი „დიდუბის” სადგურში ჩამოვხტით მატარებლიდან. გამცილებელმა მიმავალი მატარებლიდან მოგვაძახა, არ გრცხვენიათო, ჩვენც პასუხი არ დავუგვიანეთ: არა!
მახსოვს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს მართავდა ედი როზნერის ჯაზი. ამ ჯგუფში მღეროდა ლოტარ ლამპელი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი სიმღერა „მერილუ”. გიზომ, უბადლო მუსიკალური ნიჭის მქონემ და საოცრად ინტერესიანმა, ორი მოსმენით ისწავლა ეს სიმღერა და გადაწყვიტა, უნივერსიტეტში გამართულ კონცერტზე ემღერა. როგორც მოგეხსენებათ, გიზო ხელმოკლე ოჯახის შვილი იყო. დედამისი, ქალბატონი ლიდა, ხშირად იმეორებდა: ნემსის წვერზე გავზარდე შვილებიო. ჰოდა, კონცერტის დღეს, გიზო მისულა დედაჩემთან იმ დროს, როცა მე სახლში არ ვიყავი (იმ საღამოს ერთ წვეულებაზე ვიყავი მიპატიჟებული და სალონში წავედი) და უთქვამს: დეიდა კატო, ირაკლის უკვე შევუთანხმდი და მისი პიჯაკი უნდა გამატანოთ, კონცერტზე გამოვდივარო. დედაჩემმაც გაატანა ჩემი ერთადერთი პიჯაკი. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, მაგრამ რა უნდა მექნა? წვეულებაზე ვეღარ წავედი და ისევ უნივერსიტეტისკენ გავწიე. შევედი დარბაზში და ვხედავ: გიზო დგას სცენაზე ჩემი პიჯაკით და თავდავიწყებით მღერის „მერილუს”...