რა სახელით იყო ცნობილი სავაჭროების რიგი სადგურის ქუჩაზე თბილისში და სად მდებარეობდა სომეხი მეწარმის, ენფიაჯიანცის თამბაქოს ქარხანა
პირველი მატარებელი თბილისიდან ფოთში მეცხრამეტე საუკუნეში გავიდა და იმ პერიოდიდან იღებს სათავეს თბილისის რკინიგზის სადგურის ისტორიაც. სადგური და მისი მიმდებარე ქუჩები თბილისის განუყოფელი ნაწილია და დღევანდელ ნომერში, ძველი ფოტოების დახმარებით, ვეცდებით, გავაცოცხლოთ რკინიგზის სადგურის შექმნისა და განვითარების ისტორია.
თბილისის რკინიგზის სადგური
პირველი ცენტრალური სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა, საიდანაც მატარებლები შავი ზღვის პორტის – ფოთის მიმართულებით მოძრაობდნენ. პირველი მატარებელი თბილისიდან ფოთში 1872 წლის 10 ოქტომბერს ჩავიდა და ეს დღეა საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღე”. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სადგურის ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის პროექტით აშენდა ახალი სადგური, რომელიც „სტალინური არქიტექტურის” სტილში აიგო 1940-იან წლებში. 1982 წელს ქალაქის მაშინდელმა მთავრობამ ახალი, უფრო თანამედროვე სადგურის აშენება გადაწყვიტა და ძველი სადგურის დემონტაჟი დაიწყო. ძველ შენობას იმდენად მყარი საძირკველი აღმოაჩნდა, რომ მისი აფეთქება გახდა აუცილებელი. ბრუტალური არქიტექტურის სტილში აგებული სადგურის არქიტექტორები: ყავლაშვილი, ბაირამაშვილი, შავდია და ჯიბლაძე იყვნენ. შენობის საზეიმო გახსნა 1987 წელს შედგა, თუმცა მისი საბოლოოდ დასრულება ვერ მოხერხდა. საბჭოთა კავშირის დანგრევამ და საომარმა კონფლიქტებმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დამოუკიდებელი საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დასრულებისთვის არავის ეცალა. ამასთან, სადგურის შენობაში 1992-1993 წლებში დასახლდნენ აფხაზეთიდან დევნილები, რომელთაც მხოლოდ 2008 წელს დატოვეს შენობა, მას შემდეგ, რაც რკინიგზის სადგურში ბინა დაიდო „თბილისი ცენტრალმა”, მრავალფუნქციურმა სავაჭრო და გასართობმა ცენტრმა. ამჟამად მიმდინარეობს რკინიგზის სადგურის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ხოლო თბილისის რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სადგურის შენობა მთლიანად შეიცვლის პროფილს. სადგურთან ახლოს მდებარეობს „ბორჯომის სადგურის” სახელით ცნობილი რკინიგზის პლატფორმა, რომელიც 1979 წელს აშენდა და ელექტრომატარებლებს ემსახურებოდა. „ბორჯომის სადგურმა” უკანასკნელი მატარებელი 2011 წლის თებერვალში მიიღო და ამჟამად დღის წესრიგში მისი სრული დემონტაჟი განიხილება. სადგურის მოედანზევე მდებარეობს არქიტექტორ ჩხიკვაძის მიერ აგებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მეტროსადგურ „სადგურის მოედანსა” და რკინიგზის სადგურს უყურებს.
თამარ მეფის ქუჩა და ხიდი
ამჟამინდელ თამარ მეფის ქუჩას წარსულში სადგურის ქუჩა ერქვა და ის ძალიან ვიწრო გახლდათ. ქუჩაზე მდებარეობდა სომეხი მეცენატისა და მეწარმის, ენფიაჯიანცის თამბაქოს ქარხანა და თავად მეწარმის საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად „პროკრედიტ ბანკის” ოფისია განთავსებული. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დაიწყო თბილისის გეგმური სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომელიც განსაკუთრებით ფართო მასშტაბით გაიშალა 1930-იანი წლებიდან. გაფართოვდა და კეთილმოეწყო ახლანდელი თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი რკინიგზის სადგურიდან დავით აღმაშენებლის პროსპექტამდე. 1935 წელს აიგო „ჩელუსკინელების” სახელობის ხიდი, რომელიც 1989 წლიდან თამარ მეფის სახელს ატარებს. 1934 წელს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში საბჭოთა თბომავალი „ჩელუსკინი” ჩაიძირა. ექსპედიციის მონაწილეთა გადარჩენას საბჭოურმა პროპაგანდამ გმირული ეპოპეის სახე მისცა და ამიტომაც თბილისში, არქიტექტორ სევეროვისა და ინჟინრების – ზავროვისა და სლავინსკის აგებულ ახალ ხიდს „ჩელუსკინელების” სახელი ეწოდა.„პასაჟ კროშკა”
1925 წლამდე სადგურის ქუჩა (თამარ მეფის ქუჩა) მხოლოდ ყოფილი კლარა ცეტკინისა და ამჟამინდელ მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე აღწევდა. სადგურის ქუჩა გაგრძელდა ყოფილი პლეხანოვის, აწინდელი დავით აღმაშენებლის გამზირამდე ვიწრო შესახვევის გაფართოების ხარჯზე, სადაც სავაჭრო რიგები იყო მოთავსებული. ამის გამო უწოდეს მას თბილისელებმა „პასაჟ კროშკა”.
გაბრიელ ტერ-მიქელოვი
თბილისის რკინიგზის ძველი სადგურის არქიტექტორი გაბრიელ (გაბო) ტერ-მიქელოვი 1874 წლის 16 აპრილს დაიბადა სტავროპოლში, სადაც იმ პერიოდში მამამისი მსახურობდა. საშუალო განათლება გაბო ტერ-მიქელოვმა თბილისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო არქიტექტორის დიპლომი 1899 წელს – სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინრების ინსტიტუტში. ტერ-მიქელოვი სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მის სახელს არაერთი ცნობილი თბილისური შენობის აგება უკავშირდება: სასტუმრო „მაჟესტიკი” ამჟამინდელი „მარიოტი” რუსთაველის გამზირზე; რკინიგზელთა სახლი აღმაშენებლის გამზირზე; ყოფილი რკინიგზის ტექნიკუმის შენობა, წარსულში მეწარმე მელიქ-დადაიანცის საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის გამზირზე. გაბრიელ ტერ-მიქელოვი თბილისის ხელოვნების აკადემიაში 1949 წლამდე პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა. ის 1949 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა და დაკრძალულია ვერის სომხურ სასაფლაოზე.