რა მნიშვნელობა აქვს ამაღლების დღესასწაულს და რატომ არის 40 დღე ქრისტიანის ცხოვრებაში საკრალური
არა მხოლოდ ამაღლება, არამედ, თორმეტივე საუფლო დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მაცხოვრის შობას, აღდგომას და ამაღლებას – ყველა მნიშვნელოვანია და‚ რაც მთავარია‚ ყველა დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რა თქმა უნდა‚ მაცხოვრის აღდგომა, ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული, ყველაზე ამაღლებული დღე, მაგრამ‚ თუ კარგად დავუკვირდებით მამათა მოძღვრებას, გადმოცემას, მაშინ ძალიან ადვილი მისახვედრი გახდება, რომ მაცხოვრის შობას, მის ამაღლებას, არანაკლები მნიშვნელობა აქვს. თუ არ იქნებოდა შობა, თავისთავად‚ ვერ იქნებოდა აღდგომა და თუ აღდგომა არ იქნებოდა, ვერ მოხდებოდა მაცხოვრის ამაღლება. წელს ამაღლების დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 13 ივნისს იზეიმებს. თუ როგორია ამ დღის მნიშვნელობა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მამაო, როგორც ცნობილია, აღდგომის შემდეგ კვლავ გრძელდება სადღესასწაულო დღეები. ძველად მთელი 40 დღის განმავლობაში ერთმანეთს ასე ესალმებოდნენ: „ქრისტე აღდგა“. როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა ეს დღეები, რადგან ხშირად აღდგომას საოცარი ენთუზიაზმით ხვდებიან, ჰპირდებიან საკუთარ თავს, ღმერთს, რომ განსხვავებულ ცხოვრებას დაიწყებენ, თუმცა, ამაღლებამდე, ზოგჯერ უფრო ადრეც, ეს დაპირება ავიწყდებათ და ჩვეულ ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან.
– სანამ უშუალოდ ამაღლების დღესასწაულზე ვისაუბრებდეთ, მინდა‚ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ნებისმიერი საქციელი მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ, ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. თუ ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, ის პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი. ეკლესია ადამიანებს აღდგომიდან ამაღლებამდე ქრისტეს აღდგომის ხარებით ესალმება და, როგორ შეიძლება, ეს სიხარული ერთ დღეში დასრულდეს? ყოველი კვირა აღდგომის თანასწორია, განმეორებაა. ამიტომ, ეს ყველას უნდა ახსოვდეს არა მხოლოდ ორმოცი დღის განმავლობაში, არამედ, მანამ, სანამ ამ ცისქვეშეთში უწევს ცხოვრება.
– ყველა აღვნიშნავთ ამაღლების დღესასწაულს, მაგრამ, გვიჭირს მისი გააზრება, დაჯერება.
– „მრწამსში,“ ანუ, სარწმუნოების სიმბოლოში, წერია მაცხოვრის ამაღლების შესახებ: „და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა“. წმიდა ეკლესიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა უწყვეტი მოგონება იმ წმიდა მოვლენებისა, რა მოვლენებიც განვითარდა ქვეყნიერებაზე მოსული განკაცებული ღმერთის ხორციელი ცხოვრების ჟამს: შობა, აღდგომა, ამაღლება. მაცხოვრის ამაღლება არის დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს გვაუწყებს. ის მოიცავს როგორც ონტოლოგიურ (მოძღვრებას ყოფიერების შესახებ), ასევე, ესქატოლოგიურ (სწავლება უკანასკნელი ჟამის შესახებ) სწავლებას. მაცხოვარი აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა – ეს არის მისტიკური ციფრი. 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა ებრაელი ერი უდაბნოში, 40 დღე იმარხულა მაცხოვარმა, 40 დღე იმარხულა მოსემ. ეს არის ჩვენი სულიერი გამოცდისა და განსწავლის ციფრი. აღდგომიდან 40 დღის შემდეგ გაიყვანა მაცხოვარმა მოციქულები ზეთისხილის მთაზე. მისი ამაღლება მაინცდამაინც ელეონის მთიდან ხდება, იმ მთიდან, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ ილოცა მთელი კაცობრიობისთვის და, ასევე, საკუთარი თავისთვისაც – ის შესთხოვს უფალს, თუკი შესაძლებელია‚ მას ეს სასმისი ააცილოს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ მაცხოვარს ეშინია – ის ხომ ბუნებითი ღმერთი იყო, წმიდა სამების მეორე პირი, განკაცებული. როდესაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, ის ნელ-ნელა ავიდა მიწიდან ზეცაში, მამის წიაღისკენ და ამით მთელ კაცობრიობას აჩვენა მთავარი მაგალითი: ადამიანის ზეაღსვლა, ანუ სწრაფვა ზეცისკენ, მისი გარდაქმნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი საშუალებით. მაცხოვარი ამაღლებამდე ლოცულობს, აკურთხებს მოციქულებს, დალოცავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ამაღლებას. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ მაშინ მაღლდება, ანუ, სულიერი ცხოვრებით განიცდის ამაღლებას, ფერისცვალებას, როდესაც ის სულიერ მოღვაწეობას იწყებს ლოცვითა და კურთხევით. ამის გარეშე არაფერი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მაცხოვარმა აღდგომით გამოიხსნა ადამიანები, მაგრამ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, უფალთან ბოლომდე შერიგება, კაცობრიობის სულიერი განვითარება მხოლოდ ამაღლების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამიტომ‚ მაცხოვარმა თავისი ამაღლებით აღდგომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოიმოქმედა: რომ არა მაცხოვრის ამაღლება, მოციქულებისთვის დაპირებული კაცობრიობის ნუგეშისცემა, მაშინ ადამიანების გამოხსნის საქმეც არ იქნებოდა დაგვირგვინებული, ბოლომდე მიყვანილი. გავიხსენოთ ძველი აღთქმის წმიდანი ილია თეზბიტელი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ, მისი ამაღლება მაცხოვრის ამაღლებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა – მას ამაღლებაში ეხმარებოდნენ ქერუბიმები და სერაფიმები, რომლებიც უფალმა მოუვლინა, ხოლო მაცხოვარი თავისი ღვთაებრივი ძალით, ენერგიებით იწყებს ამაღლებას. ამით უფალმა დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი ლოცვით, სწორი სულიერი ცხოვრებით, მაცხოვართან ერთად იწყებს ამაღლებას. როგორც მაცხოვარი ამაღლდა, ისევე ამაღლდება ადამიანიც.
– და, სწორედ ამ დღეს მიანიჭა მაცხოვარმა მოციქულებს სამღვდელო მადლი.
– დიახ, როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ანუ, ცოდვის მიტევება-არმიტევების ხელმწიფება იესო ქრისტემ მისცა მოციქულებს, სამოციქულო ეკლესიის წიაღს და ამით არის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმატებული ყველა სხვა ეკლესიასა და კონფესიაზე. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან, ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას. როდესაც მაცხოვარი ელეონის მთაზე ამაღლდა, მოციქულები უყურებდნენ ქვევიდან ზევით და მათ ეჩვენათ ორი ადამიანი სპეტაკი სამოსით. ბუნებრივია, აქ ლაპარაკია ანგელოზების სიწმიდეზე, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რატომ იყურებით ზეცად? ეს არის იესო, რომელიც ამაღლდა თქვენდა და რომელსაც ასევე იხილავთ ზეცად მომავალს“. როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე, მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა ქრისტესმტყუვრის სახით. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“; გამოვლენ ტელევიზიით, პრესით, საჯარო თავშეყრის ადგილებში და მრავალ ადამიანს აცდუნებენ. ამიტომ გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას.