უფლის სასწაულები
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე, რაც ყოველწლიურად აღესრულება აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს, დიდ შაბათს, არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია, მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება ხოლმე, როცა უფლის საფლავზე აღმართულ სალოცავში მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს – დიდ შაბათს ძველი სტილით – მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა – ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება. და აი, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგი უსაზღვრო სიხარულით აღსავსე, ანთებული სანთლებით გამოდის მორწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადაეცემა, ამასთან, სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება.
თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი
ამ შემთხვევაშიც, უფლის ფერისცვალების დღეს, კვლავაც ძველი – მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათელით გაბრწყინდა იქ, ღრუბელი დაადგა თავს, რადგან ამ საღვთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს – პეტრეს, იაკობსა და იოანეს.
მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი
კანადაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ ათონის წმიდა მთიდან გადასვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხელთაგან.
მირონის დენა წყდებოდა მხოლოდ ვნების კვირაში (ეს სასწაულიც აღესრულებოდა ისევ და ისევ ძველი სტილით – იულიანური კალენდრის მიხედვით) და აღდგომის შემდეგ კვლავ განახლდებოდა (1997 წელს ამ ხატის მცველი იოსებ მუნიოსი მოკლეს და თვით ხატი გაიტაცეს).
წმიდა ჯვრის გამოცხადება
ათენის მახლობლად, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 1925 წლის 14 სექტემბერს (იულიანური კალენდრით) ცაზე მოხდა წმიდა ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადება.
„საქართველო მეორედ მოსვლის წინ“