როგორ დაიკარგა აფხაზეთში ლაშქრობისას 28 წლის ქალი და დაკარგვის რა ვერსია აქვს მის დას
26 წლის ანა სერგეის ასული პიტიმიროვა ეძებს 28 წლის ალექსანდრა სერგეის ასულ პიტიმიროვას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ღვიძლ დას, 28 წლის ალექსანდრა სერგეის ასულ პიტიმიროვას. ამა წლის აპრილის ბოლოს ის და მისი მეგობრები რუსეთიდან, ქალაქ კრასნოდარიდან ლაშქრობაში აფხაზეთში გაემგზავრნენ და იქიდან აღარ დაბრუნებულა. მისი პოვნის იმედს დღემდე არ ვკარგავთ. მივმართეთ ყველა ღონეს, რომ ალექსანდრა მოგვეძებნა. დიდი იმედი გვაქვს, თქვენი რუბრიკის, რომლის საშუალებითაც არაერთმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ დის პოვნაში. გიგზავნით მის ფოტოს. ამგვარად გამოიყურება ჩემი და და თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია მის შესახებ, ძალიან გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ.
– მაინც, რა მოხდა აფხაზეთში? გვიამბე დაწვრილებით შენი დის დაკარგვის ისტორია.
– ჩემი და – ალექსანდრა სერგეის ასული პიტიმიროვა, მეგობრებთან ერთად აფხაზეთში ბუნების დასათვალიერებლად გაემგზავრა. მას და მის მეგობრებს დაგეგმილი ჰქონდათ ლაშქრობა. ჩემს დას ყოველთვის უყვარდა ლამაზი ადგილებისა და ბუნების მონახულება და დიდი სიხარულით გაემგზავრა აფხაზეთში, რადგან მთები ძალიან უყვარს. მათი ლაშქრობა შედგა 2013 წლის აპრილის ბოლოს. როგორც მისი მეგობრებისგან ვიცით, ისინი გადადიოდნენ რაღაც მდინარეს (სახელწოდება დაზუსტებით არ მახსოვს), თუ არ ვცდები – ბავიუს. ამ მდინარეზე გადადიოდნენ 2 მაისს. ჩემი და წყალმა გაიტაცა. სამი მაისიდან მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, მაგრამ უშედეგოდ. ნაპოვნია მხოლოდ მისი ნივთები, თვითონ ალექსანდრა კი დღემდე ვერ იპოვეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოცხალია და, სავარაუდოდ, იქაურ მოსახლეებთან იმყოფება. შესაძლებელია, მდინარემ რომ გაიტაცა აღარაფერი ახსოვს. ბუნებრივია, არანაირი საბუთიც არ გააჩნია თან და ამის გამო, ვერ პოულობენ. ძალიან მინდა, ჩემი ვერსია გამართლდეს და ალექსანდრა ვიპოვოთ. გიგზავნით მის ბოლო ფოტოს. იმედი მაქვს, ვინმე იცნობს და გამოგვეხმაურება.
– მაინც რატომ გგონია, რომ შენი და აფხაზეთში ვინმეს ოჯახშია?
– სიმართლე გითხრათ, უპირველესად, ინტუიცია მკარნახობს, რომ ჩემი დაიკო ცოცხალია. მით უმეტეს, თუკი ანგარიშს გავუწევთ იმ ფაქტს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ იპოვეს. მოგეხსენებათ, ჩაძირულ ადამიანს მალევე პოულობენ, ხშირად ის წყალსვე გამოაქვს ნაპირზე ან მაღლა ამოაგდებს. ჩემი ალექსანდრა ცოცხალი მგონია. მით უმეტეს, რომ ის მდინარე ღრმა არ ყოფილა, უბრალოდ, ჩქარა მიედინებოდა.
– ამ ლაშქრობაში მხოლოდ შენი და დაზარალდა თუ კიდევ ვინმე?
– არა, ყველა მისი მეგობარი ჩამოვიდა სახლში. მხოლოდ ალექსანდრა დაზარალდა. მისი მეგობრებიც ასევე განიცდიან ამ ამბავს და რითაც შეუძლიათ, გვერდში გვიდგანან ოჯახს.
– ღმერთმა ქნას და შენი და ვიპოვოთ, ეს მართლაც სასწაული იქნება. მთავარია, ჩვენი სტატია სასურველმა მკითხველმა წაიკითხოს და დააკვირდეს ალექსანდრას ფოტოს.
– დიახ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს დას ფოტოზე იცნობენ. მას ელოდება დედა, მამა და და. საუბარი აღარ მაქვს მის მეგობრებზე, რომლებსაც ამ ინციდენტის მერე, ყველაფრის ხალისი აქვთ დაკარგული. თუკი ჩემს დას ვიპოვი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად არ იქნება. ჩვენ, მისი ოჯახი, იმედს არ ვკარგავთ, რომ ის საღსალამათი დაგვიბრუნდება.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.